"ეს არის რელიგიის, სამყაროს, სიცოცხლის ჩემეული ხედვა" - კვირის პალიტრა

"ეს არის რელიგიის, სამყაროს, სიცოცხლის ჩემეული ხედვა"

ელდარ რუხაძეს, 79 წლის ქართველ მხატვარს, შუა აზიაში უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე სამშობლოში, რასაც თვითონ ბედის უკუღმართობით ხსნის. ამბობს, რომ არაერთი ტკივილი იწვნია როგორც შემოქმედმა და როგორც ადამიანმა. პროფესიით მხატვარ-კონსტრუქტორია. 25 წლის იყო, როდესაც ტაჯიკეთში, ქალაქ დუშანბეში წავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. სიურრეალისტი მხატვრის ნახატებშიც ჭარბობს რელიგიური თემა, ადამიანის არაცნობიერი სამყარო და სულიერი მდგომარეობა. მიიჩნევს, რომ ნახატებით სინამდვილეში თავის ბიოგრაფიას წერს.

- მძიმე მოსასმენია ამბავი ადამიანისა, რომელსაც არ უმართლებს. დავიბადე კახეთში, ველისციხეში, მაგრამ გავიზარდე თბილისში, დიდუბეში. ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობდით ჩემი და, დედა და მე, სულ რაღაც 12 კვადრატულ ოთახში. მშობლები გაშორდნენ. მამა ბაქოში ცხოვრობდა, მასთან ურთიერთობა საერთოდ არ გვქონდა. იშვიათად ჩამოდიოდა ნათესავების დაკრძალვაზე იმერეთში. ერთხელ ვერც კი მიცნო, ისე ჩამიარა გვერდით. ჩემი თავის დამცველი და პატრონი თვითონ ვიყავი. გვიჭირდა, დედა მუშაობდა, მაგრამ მისი ხელფასი არ გვყოფნიდა.

ხატვა ბავშვობიდანვე მიყვარდა, სულ ფანქარი და ფურცელი მეჭირა ხელში და მეზობლებმა "პატარა მხატვარიც" კი შემარქვეს. განსაკუთრებით ირაკლი თოიძის "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები მომწონდა და ხშირად ვიხატავდი. სკოლაში ყველა კლასის საორგანიზაციო კუთხეს მე მახატვინებდნენ. მერე რკინიგზელთა სახლში ძერწვის წრეზე მივედი. გადავწყვიტე, სამხატვრო აკადემიაში გამეგრძელებინა სწავლა... შევისწავლე ჭედურობა, კერამიკა. ვიფიქრე, ნამუშევრებს სალონში ჩავაბარებ და დედას ცოტათი მაინც შევეშველები-მეთქი. ამის ნება რომ დაერთოთ, ჯერ მხატვართა საბჭოში უნდა წარგედგინა ნამუშევრები. ტრაბახი არ მიყვარს, მაგრამ გიორგი ოჩიაურის, კობა გურულისა და სხვა რამდენიმე კაცის გვერდით მეც ვიყავი, თუმცა ამ ამბავმა ბევრი მტერიც შემძინა. მხატვართა საბჭომ რატომღაც დაიწუნა ყველა ჭედურობა, არადა, ამის შემდეგ მალევე მოსკოვიდან ჩამოვიდა მიმღები კომისია, რომელმაც ის დაწუნებული ნამუშევრები შეარჩია ჩილეში, მსოფლიოს გამოფენაზე წასაღებად. მეორე თუ მესამე კურსზე ვიყავი. მხოლოდ ერთზე შეიკავეს თავი, რადგან გაუგებრად მოეჩვენათ სახელწოდება: "თებრონე მიდის წყალზედა". იმ ნამუშევრების ბედი ჩემთვის დღემდე უცნობია. მაშინ მსოფლიოს გამოფენაზე მოხვედრა უბრალო ამბავი არ იყო.

სწავლის დამთავრების შემდეგ მალევე წავედი ტაჯიკეთში და 15 წელი ვიცხოვრე დუშანბეში. ამის გამო ჩემს შემოქმედებას აქ არავინ იცნობს, გარდა ჩემი უახლოესი მეგობრებისა და კურსელებისა. სხვათა შორის, რაკი მონუმენტები ძალიან მიყვარდა, აკადემიაში თანაკურსელები "პატარა მიქელანჯელოს" მეძახდნენ.

- წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- თოიძეში ვმუშაობდი პედაგოგად, მაგრამ მივხვდი, არ იყო ჩემი საქმე. გარდა ამისა, კვლავ მომიხდა შეჯახება მხატვართა საბჭოსთან. მაშიIნ რამდენიმე ადამიანი განაგებდა ამ სფეროს, შეკვეთებს და ა.შ., ნიჭიერი ხალხი კი გვერდზე რჩებოდა. საბჭოდან, სადაც პროექტებს ამტკიცებდნენ, ზოგი მხატვარი დიდ შეკვეთებს ასრულებდა და კარგი გასამრჯელოც ჰქონდა, მე კი ძალიან მიჭირდა. კოკა იგნატოვს ვთხოვე, ერთი ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკისთვის ეთქვა (არ მინდა დავასახელო), რომ ჩემი ნამუშევრებიც ენახა, იქნებ დაინტერესებულიყო. მოიტანე ესკიზები და შევხვდეთო, მითხრა კოკამ. რომ მივუტანე, შეხედა და, შეყარე "შკაფის" თავზეო, მითხრა... არ გავჩერდი, 100 თეფში გამოვჭედე სახლში, ძალიან მძიმე პირობებში, და სამხატვრო კომბინატში ჩავაბარე. საერთოდ, ალუმინი იჟანგება ჭვარტლით და იმდენი ვყლაპე, მთელი სამი თვე ფილტვებიდან შავი ნახველი ამომდიოდა... ბუღალტერიიდან დამირეკეს, ხელფასია გამოწერილი და მოდიო. ბუღალტერმა უწყისი რომ მომაწოდა, დავინახე, რომ რეალური ღირებულებაც ეწერა. რომ გითხრათ, გაგიკვირდებათ, იმდენი იყო - 60.000 მანეთი, საიდანაც მხოლოდ 2.850 მანეთი იყო ჩემს სახელზე გამოწერილი. ბევრი ასეთი უსამართლობა შემხვდა. იყო სხვა გულისტკივილიც...

- და მაინცდამაინც შუა აზიაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- ქსოვილების განყოფილებაზე სწავლობდა ერთი ბიჭი, დუშანბეში იყო დაბადებული, მშობლები იქ ჰყავდა. დიპლომი რომ ავიღე, შემომთავაზა, წავიდეთ, იქ გვექნება შესაძლებლობა, საკუთარი ნიჭი გამოვაჩინოთო. ბოლოს თვითონ უარი თქვა, მე კი აღარ გადავიფიქრე. აღმასკომში დავიწყე მუშაობა - ერთმა კარგმა ქართველმა შემიწყო ხელი, ტაჯიკეთში გზების სამმართველოს უფროსი იყო, გერვასი კეკენაძე. შემომთავაზეს ქალაქის მთავარი მხატვრის თანამდებობა, გერვასი მთავარ არქიტექტორთანაც მიმყვა, მაგრამ ამის გამო იქაურმა მხატვრებმა დიდი ამბავი ატეხეს. საერთოდ, მხატვრების წრეში ანტაგონიზმია გამეფებული, ყველა ყველას ებრძვის. დაბრკოლებების მიუხედავად, მაინც დავიწყე მუშაობა, გავაკეთე კოლმეურნეობისა და მეურნეობების შესასვლელები, სხვა არქიტექტურული ძეგლებიც, მაგალითად, უზბეკეთის ქალაქ ტერმეზში დავდგი 28-მეტრიანი სიმბოლო საბჭოთა და ავღანელი ხალხის მეგობრობის ნიშნად.

- როგორც ვიცი, იქ ყოფნისას დაოჯახდით კიდეც. თქვენი ოჯახის შესახებაც მიამბეთ.

- მას ჯერ კიდევ მაშინ ვიცნობდი, სკოლაში რომ დადიოდა. წარმოშობით რუსი იყო. 12 წლით უფროსი ვიყავი. ოჯახი შევქმენით, მაგრამ როდესაც ჩემი ქალიშვილი 11 წლის იყო, დავშორდით. შრომატევადი სამუშაო კი მქონდა, თითქმის 18 საათს ვმუშაობდი, მაგრამ კარგადაც მიხდიდნენ. შევძელი და ვიყიდე სამოთახიანი ბინა, კარგადაც მოვაწყვე, მაგრამ განქორწინების შემდეგ ცოლსა და შვილს დავუტოვე, მე კი საქართველოში დავბრუნდი. ერთი წლის შემდეგ შვილიც ჩამოვიყვანე. ორი წელი აქ დადიოდა სკოლაში, ქართულად ლაპარაკობდა, ძალიან უყვარდა აქაურობა. ერთხელ ვიღაცას ცუდად უხსენებია საქართველო და ქართველები და მიყვებოდა, როგორ ეჩხუბა. ხშირად ვეუბნებოდი, იცოდე, რომ შენ ქართველი ხარ-მეთქი! ერთხელ ბებიამისს მოჰყავდა ტროლეიბუსით და თურმე მათ წინ მჯდომ ტაჯიკს რამდენჯერმე ამაყად გაუმეორა, იცით, მე ქართველი ვარო! პატარა იყო მაშინ და ყველას სიცილი დაუწყია... ტაჯიკებს რუსები არ უყვარდათ, სულ ჩხუბობდნენ მათთან, ქართველებს კი არაფერს ერჩოდნენ, თუმცა მაშინ სულ თითზე ჩამოსათვლელი ქართველი ცხოვრობდა იქ.

ორი წლის შემდეგ ჩემმა ყოფილმა ცოლმა ჩამოაკითხა შვილს, ზაფხულის არდადეგებზე წავიყვანო, მაგრამ მომატყუა და აღარ გამოუშვა. თვითონ გათხოვდა და თავის ახალ ქმართან ერთად ჩემს ბინაში ცხოვრობდა. მერე ამერიკაში წავიდნენ, უფრო სწორად, ისე გაიპარნენ, არაფერი ვიცოდი. თან გავბრაზდი და თან გამიკვირდა, ბავშვი ჩემი თანხმობის გარეშე როგორ წაიყვანა-მეთქი. თურმე საბუთებში მკვდრად გამოვუცხადებივარ. ამის შესახებ მხოლოდ წლების შემდეგ შევიტყვე...

ამჟამად ჩემი ქალიშვილი და შვილიშვილი კვლავაც ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობენ. შვილიშვილი სამედიცინოზე სწავლობს. ერთადერთხელ ვნახე, როცა 6 წლის იყო, ისიც - რამდენიმე საათით. ეს დიდი ტკივილია ჩემთვის. ხშირად მითქვამს, რომ ჩემი ცხოვრება ერთი დიდი დრამაა. სამწუხაროდ, ჩემს შვილსაც დაენგრა ოჯახი... კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა და ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბანკში, გამოცდილ ფინანსისტებთან ერთად მუშაობდა. ყველაზე პატარა იყო და შვილივით ზრუნავდნენ მასზე. სწორედ მისმა დირექტორმა მოინდომა, გამოეშვათ ჩემი ნახატების ალბომი და მოეწყოთ გამოფენა ამერიკაში. რამდენიმე პატარა ნახატი უნახავს და დაინტერესებულა, ვინ იყო ავტორი. როდესაც გაიგო ჩემ შესახებ, ითხოვა, სხვა ტილოებიც გამეგზავნა... ჩემი შვილი რომ ჩამოვიდა, 16 ნახატი გავატანე, მაგრამ რა ვიცოდი, თუ საბუთების მიხედვით, რომლითაც ამერიკაში ჩავიდნენ, მკვდარი ვიყავი ეს საღ-სალამათი კაცი... ამან ბევრ რამეში დამხია უკან, ხელი შემიშალა.

ერთი ასეთი ამბავი მოხდა: როდესაც ჩემი ქალიშვილი ნახატებიანად უკან ბრუნდებოდა, მოსკოვიდან მიფრინავდა. აეროპორტში სათითაოდ გააშლევინეს ყველა ნახატი. უეცრად ვიღაც მგზავრი მისულა მასთან და დახმარება შეუთავაზებია, თან უთქვამს, რომ ყველა ნახატს იყიდდა. ამ ნახატებს ნიუ-იორკში ელოდებიანო, უპასუხია ჩემს გოგოს. თუ გაყიდვას გადაწყვეტთ, მე დამიკავშირდით პირველადო, სავიზიტო ბარათი მიუცია იმ კაცს, რომელიც ცნობილი დილერი აღმოჩნდა, უმდიდრესი ადამიანი. ეს ამბავიც ჩაიშალა. სხვათა შორის, ჩემი ნახატები ნახა ამერიკის კულტურის ატაშემაც და აღფრთოვანდა. გამოფენის მოწყობის სურვილი გამოთქვა ნიუ-იორკში გაეროს სამეფო აკადემიის პრეზიდენტმა ალექსანდრე საკალენსკიმაც. ეს არის რომანოვების დაარსებული "როიალ აკადემია", რომელმაც აკადემიკოსისა და საპატიო დოქტორის წოდება მომანიჭა.

- საქართველოში არ გქონიათ გამოფენა? - არა, ამიტომაც არ მიცნობს ბევრი. არც ინტერვიუებზე ვთანხმდებოდი. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ტელევიზიით გავიდა პატარა სიუჟეტი; ერთხელ არქიტექტურულ ჟურნალში დაიბეჭდა ჩემზე - ეს იყო და ეს.

ბოლო წლებში მთლიანად კოსმოგონიურ თემატიკაზე გადავერთე. კოსმოგონია არის მოძღვრება სამყაროს წარმოშობის შესახებ. ამჟამად 100-ზე მეტი ნახატი დამიგროვდა და მათ შორის 50-მდე რელიგიურ თემაზეა შექმნილი. ნამუშევრებს არ ვყიდი, ერთადერთხელ გავყიდე სამი ნახატი. ერთმა ცნობილმა ბიზნესმენმა შეიძინა. ძალიან მოეწონა ჩემი ნამუშევრები და მითხრა, მისი ოფისისთვის შემექმნა რამე. გზას გაგიკვალავო, დამპირდა, მაგრამ თვითონ გახდა საშველი - წინა ხელისუფლებასთან კონფლიქტის გამო ქვეყნიდან გაიქცა და ახლაც მოსკოვში ცხოვრობს. შემდეგ ხმა მომივიდა, რომ იმ ნახატებიდან ერთ-ერთი ძალიან ძვირად გაიყიდა.

- რატომ გინდათ, თქვენი ტილოები ამერიკელებს აჩუქოთ და იქაურ მუზეუმში იყოს დაცული? - უამრავი ესკიზი მაქვს დამუშავებული გრაფიკულად. ამჟამად 40 დიდი ტილოს ესკიზი თითქმის ბოლომდე მაქვს მიყვანილი. თემატიკა კვლავაც კოსმოგონიაა. მაქვს პატარა ნამუშევრებიც, თუმცა, ძირითადად, დიდ ტილოებზე ვმუშაობ - 12 მეტრი 6 მეტრზე. გამოფენის მოწყობას სჭირდება ფინანსები და ორგანიზება, ასევე - ადგილი, სადაც გამოფენის შემდეგ ნახატებს შევინახავ. ახლა მიტოვებულ საწყობში ვმუშაობ, ნახატების ნაწილი სახლში მაქვს, ნაწილი საწყობში, მაგრამ გამოფენის დასრულების შემდეგ ჩემს ერთი ბეწო, ავარიულ ბინაში როგორ შევძლებ მათ მოთავსებას? ამიტომაც ვეძებ პატრონს და ზუსტად ვიცი, საქართველო მათ ვერ უპატრონებს...

- ყველა შემოქმედს აქვს თავისი სათქმელი. თქვენ რისი თქმა გინდათ ამ ნახატებით? - ჩემს ბიოგრაფიას ვწერ. ეს არის რელიგიის, სამყაროს, სიცოცხლის ჩემეული ხედვა. აი, ამ ნახატს უყურებთ? მაცხოვარს ხელზე მდოგვის მარცვალი უდევს. მდოგვისმარცვალი - არის ასეთი თომას სახარების ოშოსეული განმარტება და ამავე დროს საუკეთესო წიგნი ქრისტეზე. ქრისტეს ეკითხებიან: "რა არის სამყარო?""სამყარო არის მდოგვის მარცვალი, რომელიც ისეთი პატარაა, ხელზე ძლივს ჩანს, მაგრამ თუ კარგ ნიადაგში მოხვდა, იმხელა ხე გაიზრდება, მთელ ნიადაგს გადაფარავსო, პასუხობს. აი, ამ ნახატს კი "უსიტყვო დიალოგი" ჰქვია ქრისტესთან - რომ იცოდეთ, რამდენი რამ მაქვს სათქმელი ღმერთისთვის...

ნინო ჯავახიშვილი