"დმანისი კიდევ ბევრ აღმოჩენას გვპირდება" - კვირის პალიტრა

"დმანისი კიდევ ბევრ აღმოჩენას გვპირდება"

საიდან მოვდივართ და ვინ ვართ, ვინ დააბიჯებდა ჩვენს მიწაზე ჩვენამდე, როგორები იყვნენ ისინი და რა მოუვიდათ? ეს ის კითხვებია, რომლებიც მუდამ აფორიაქებს ჩვენს გონებას. რაც უნდა ხდებოდეს ჩვენ გარშემო, როგორ ეპოქაშიც უნდა ვცხოვრობდეთ, წარსულისადმი ინტერესი არ ქრება. ასეა ჩვენს უძველეს წინაპრებთან, ანუ პირველ ევროპელებთან დაკავშირებითაც, რომლებიც მცხუნვარე აფრიკიდან 1 800 000 წლის წინ მოვიდნენ დღევანდელი დმანისის ტერიტორიაზე. როგორ შეძლეს ან რატომ გააკეთეს ეს, ცხადია, ქრონოლოგიურად ზუსტად ვერ აღიწერება, თუმცა მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით ამ გზის წარმოსახვა შეიძლება. აფრიკიდან დაძრულ პირველ ევროპელებს მეცნიერებმა ჰომო გეორგიკუსი უწოდეს, მათი კვალის აღმოჩენა მსოფლიოს უდიდეს აღმოჩენათა სიაში ტყუილად როდი მოხვდა. ამ ფაქტმა გადაწერა მსოფლიოს განსახლების ისტორია და საქართველო პირველი ევროპელის სამშობლოდ აქცია.

დმანისში, სოფელ ოროზმანთან, ახლახან კვლავ გამოჩნდა ჰომო გეორგიკუსის ქვის იარაღი და გიგანტური ხმალკბილა ვეფხვის ჩონჩხი, რომელსაც ჰომო გეორგიკუსი 1 800 000 წლის წინაც კი უფრო გონიერებით ამარცხებდა, ვიდრე - ძალით: ის ხომ პირველი არსება იყო, რომელმაც იარაღი გამოიგონა. როგორები იყვნენ უძველესი დმანისელები და როგორ უმკლავდებოდნენ სირთულეებს? ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი თეონა შელია გვესაუბრება.

- პირველი ევროპელების კვალი საქართველოში 1991 წელს დადასტურდა და მას შემდეგ არაერთი ქართულ-უცხოური სამეცნიერო შრომა გამოქვეყნდა, ჩვენმა საზოგადოებამ კი მათ შესახებ ცოტა რამ იცის, მაგალითად, რატომ წამოვიდნენ ისინი აფრიკიდან, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენთან და ა.შ.

- ეს რთული საკითხები დღესაც ინტენსიური კვლევის საგანია, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეს ძალიან დიდი მიგრაცია იყო, რომელსაც მხოლოდ ერთი თაობა ვერ განახორციელებდა. ამ უზარმაზარ გზას დედამიწის პირველი ჰომოების უამრავი თაობა დაადგა და ჩვენამდე მოაღწია. რატომ? თუ თეორიულად ვიმსჯელებთ, ცხადია, იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ახალი ტერიტორიების ათვისების სურვილი, შესაძლებლობა და სძლევდათ ცნობისმოყვარეობა. საზოგადოდ, მიგრაციაში კლიმატსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. როგორი იყო ამ მხრივ დღევანდელი დმანისი? კვლევები ადასატურებს, რომ მაშინდელი კლიმატი ახლანდლისგან მაინცდამაინც არ განსხვავდებოდა. ამ ტერიტორიას სეზონურობა ახასიათებდა და ზომიერი სარტყლის ეკოსისტემა იყო, რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა აფრიკული სავანეებისაგან.E ესე იგი, პირველი დმანისელები დმანისში კლიმატურ პირობებსაც კი უნდა შეჰგუებოდნენ, რაც ადვილი არ იქნებოდა, თუმცა მათ თავიანთი ევოლუციის საწყის ეტაპზე ახალ ბუნებრივ პირობებთან შეგუება და გადარჩენა მშვენივარად მოახერხეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო. მან დედამიწის ევოლუციის შესახებ მოსაზრებები კარდინალურად შეცვალა.

დმანისის ნამარხი ნაშთები უნიკალურ სიმდიდრედ იქცა მეცნიერებისთვის. მსგავსი უნიკალური კოლექცია არც ერთ იმ კონტინენტზე არ მოიპოვება, სადაც ჰომოების სამშობლოა. ეს არის: უძველეს ადამიანთა ხუთი თავის ქალა, ოთხი ქვედა ყბა და ჩონჩხის 60-მდე ძვალი. სიმრავლით, მრავალფეროვნებით, ასაკითა და შემონახულობის ხარისხით მას ვერც ერთი მსგავსი კოლექცია ვერ შეედრება.

- უძველეს ადამიანს კი, ალბათ, მოხერხებულობით ვერ შეედრება მისი თანამედროვე დედამიწის ვერც ერთი ცოცხალი არსება. - შეიძლება ასეც ვივარაუდოთ. წარმოიდგინოთ დმანისის პირველი მკვიდრნი: სიმაღლე - 1.5 მეტრი, წონა - 40-50 კილოგრამი, ტვინი - თანამედროვე ადამიანის ტვინის მესამედი, გარშემორტყმულნი ბევრი საშიში მტაცებლით: ხმალკბილა ვეფხვებით, გიგანტური აფთრებით, ავაზებით, დათვებით,\ ირმებითა და ანტილოპებით, გიგანტური სპილოებით, მარტორქებით, გიგანტური სირაქლემებით... წარმოიდგინეთ, როგორ სირთულეებთან უხდებოდათ მათ გამკლავება. ეს გიგანტური არსებები ხომ დმანისის ტერიტორიაზე მათთან ერთად ცხოვრობდნენ და თავსაც ესხმოდნენ. თუმცა უძველესმა დმანისელმა ყველა ფიზიკური ნაკლოვანების კომპენსირება იარაღით შეძლო - მან შექმნა ქვის იარაღი. დმანისში, ადამიანისა და ცხოველის ნაშთებთან ერთად, 16 ათასზე მეტი იარაღია აღმოჩენილი.

- თუ მათი "გაცოცხლებული" თავის ქალებით ვიმსჯელებთ, უძველეს დმანისელებს ძლიერი კბილები ჰქონდათ. ისე კი, უნდა ვაღიაროთ, რომ არცთუ ლამაზები იყვნენ. "ზეზვამ" და "მზიამ", ცოტა არ იყოს, იმედი გაუცრუეს ქართველებს. - მეცნიერული მტკიცებულებებით, ყველა ცოცხალი არსების გარეგნობა, გარკვეულწილად, დამოკიდებულია გარემოზე, რომელშიც ცხოვრობს. ამ ცნობილი წყვილის შემდეგ კიდევ ერთი უძველესი დმანისელის მულაჟი გაკეთდა, რომელსაც "დმანისელი თინეიჯერი" უწოდეს. კვლევების მიხედვით, მისი ასაკი 12-13 წელია. აქ მიაკვლიეს 25-40 წლის ასაკის უძველესი ადამიანის თავის ქალასაც, რომელსაც კბილები საერთოდ არ ჰქონდა. გაჩნდა კითხვა: მაშ, როგორ იკვებებოდა ეს ადამიანი? Dდა იქვე პასუხიც: მას სხვები ეხმარებოდნენ. ის თანამოძმეების დახმარებით ცოცხლობდა.

- ესე იგი, აქ ადამიანური თანაგრძნობის ერთ-ერთი უძველეს ფაქტიც აღმოჩნდა... - რა თქმა უნდა. როდესაც დმანისის და, ზოგადად, ამ აღმოჩენების შესახებ გესმის, სიამაყეს გრძნობ, მით უფრო, რომ დმანისის კვლევა გრძელდება და კიდევ ბევრ აღმოჩენას გვპირდება.