"დედაჩემი გაოცებული იყო, ლობიო ფესტივალზე როგორ გაიტანეო" - კვირის პალიტრა

"დედაჩემი გაოცებული იყო, ლობიო ფესტივალზე როგორ გაიტანეო"

"მაგდასთან" - პარიზის პატარა ქუჩის ქართველი მზარეული

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტისას ქართველმა მაგდა გეგენავამ უმასპინძლა. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და პარიზში მისი კვების ობიექტი პრეზიდენტთან ერთად უამრავ ცნობილ პირს მასპინძლობს. ქართველს, რომელმაც საქართველო მრავალ უცხოელს გააცნო, თავად ქართველი საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ოთხი შვილის დედა მაგდა გეგენავა გვესაუბრა, თუ როგორ მიაღწია ამხელა წარმატებას.

- პროფესიით სტომატოლოგი ვარ, ჩვენს ოჯახს კლინიკა ჰქონდა. ერთ ღამეს ბულდოზერით მიადგნენ და გაანადგურეს იმ მიზეზით, თითქოს უსახურ შენობებს ებრძოდნენ. შემდეგ ქვეყნის დატოვება მოგვიხდა მთელ ოჯახს და საცხოვრებლად უკრაინა ავირჩიეთ. გვეგონა, ცხოვრებას იქ ავაწყობდით და თან სამშობლოდან შორს არ ვიქნებოდით. ბედის ირონია ის იყო, რომ ძალიან მალე უკრაინიდანაც მოგვიხდა წასვლა და გეზი საფრანგეთისკენ ავიღეთ. თავდაპირველად, დედა და ბავშვები გავგზავნეთ, რომ ენახათ, იქაურობას როგორ შევეგუებოდით. მალე ჩვენც ჩავედით პარიზში და ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით დევნილის სტატუსი მაშინვე მოგვცეს.

- მუშაობა დაიწყეთ? - როდესაც ლტოლვილის სტატუსი მოგვცეს, სოციალებთან გვიწევდა ურთიერთობა და ერთმა მათგანმა ძალიან საინტერესო წინადადება შემომთავაზა - ვინაიდან იცოდა ქართული კულტურის, სამზარეულოს შესახებ, ქართველი ქალების უმეტესობა რომ ძალიან კარგი მზარეულია, მითხრა, სხვადასხვა ქვეყნის ლტოლვილების რეცეპტების წიგნს გამოვცემთ და შენც მოგვაწოდეო. წიგნში ჩახოხბილისა და ხაჭაპურის ჩემი რეცეპტები შეიტანეს ძალიან კარგი ილუსტრაციებით. მეტად წარმატებული პროექტი გამოვიდა. ამის შემდეგ პატარა წვეულებების გამართვა შემომთავაზეს, რომელმაც ასევე გაამართლა.

შემდეგ ლტოლვილების ფესტივალზე შემომთავაზეს მონაწილეობა. ამით ცდილობენ მოახდინონ ლტოლვილების ადაპტაცია და ინტეგრაცია, ოღონდ არა მარტო პროფესიონალი შეფმზარეულების, არამედ სხვადასხვა მიმართულებით. დამწყებ შეფებს ცნობილ ფრანგ შეფებს აკავშირებენ, შემდეგ ერთობლივად იმართება საღამოები, მენიუს ადგენენ, კერძებს ერთმანეთს უხამებენ - ქართულ-ფრანგულს, ავღანურ-ფრანგულს, ირანულ-ფრანგულს... პირველად 2017 წელს მივიღე მონაწილეობა, შემდეგ 2018 წელს. ბევრი სხვადასხვანაირი კერძი მოვამზადე და დედაჩემი გაოცებული იყო, ლობიო ფესტივალზე როგორ გაიტანეო, არადა, სწორედ ლობიომ დაიმსახურა დიდი მოწონება.

- ამ მხრივ პროფესიული განათლება გაქვთ მიღებული? - არანაირი განათლება არ მიმიღია... ყველაფერს ისე ვამზადებ, როგორც სახლში ვისწავლე. დედა სამეგრელოდან არის და ბრწყინვალე კულინარია. საერთოდ, ოჯახი სოხუმიდან ვართ. ბებია სოხუმში ისტორიის მასწავლებელი იყო, მამა - ვირუსოლოგი. თავად მოსკოვში დავიბადე და თბილისში გავიზარდე.

- როგორ მიაღწიეთ საფრანგეთში ამხელა წარმატებას?

- უარს არანაირ სამუშაოზე არ ვამბობდი. ჩვენ პირველები ვართ, რომლებმაც ქართული სამზარეულო, ასე ვთქვათ, სთრით-ფუდად გადავაქციეთ. სრულ ქართულ გასტრონომიას ვთავაზობთ მომხმარებელს, 14-15 სახეობის კერძი გვაქვს მენიუში.

- ეს თქვენი ოჯახური ბიზნესია? - არა, მე და ჩემი მეგობარი ვართ ბოსებიც, მზარეულებიც და ყველაფერი... ჩემი მეგობარი, ჩემი შვილის ნათლიაა - ანასტასია ბოკუჩავა.

2019 წელს დიდი ფესტივალი გაიმართა. როგორც "ოსკარით" დაჯილდოება არის კინემატოგრაფიაში, ისეთივე დაჯილდოება არსებობს გასტრონომიაში, სახელწოდებით "მსოფლიო რესტავრატორების დაჯილდოება". სხვადასხვა ნომინაციაა: "საუკეთესო რესტორანი", "საუკეთესო მზარეული", "საუკეთესო კერძი", "საუკეთესო ივენთი" და ასე შემდეგ. ჩვენ არც ვიცოდით, ისე ვიყავით ნომინირებული ნომინაციაზე "წლის საუკეთესო ივენთი", მაშინ გაგვაგებინეს, როდესაც ოცეულში მოვხვდით. დაჯილდოების ცერემონიალი 2019 წლის დეკემბერში გაიმართა. ხუთ ძალიან სერიოზულ, "მიშლენის" ვარსკვლავის მფლობელ შეფებთან ერთად ვიყავით წარდგენილი მე და სირიელი შეფი. ჩვენ გავიმარჯვეთ ნომინაციაში "წლის საუკეთესო ივენთი". ლამის გულის შეტევა დამემართა სიხარულით, ამხელა რანგის ჯილდო რომ მერგო.

- საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც უმასპინძლეთ...

- დიახ, არაერთხელ ვუმასპინძლეთ. ჩვენს უბანში ცხოვრობს ძალიან ცნობილი პიროვნება, მხატვარი და მსახიობი ანრი მაჭავარიანი. სწორედ მას ესტუმრა პრეზიდენტი. ბატონი ანრიმ ჩვენ შესახებ თავდაპირველად საფრანგეთის ცნობილ გაზეთებში ნახა. რამდენიმე ტელევიზიამაც მიგვიწვია. 14 კრიტიკოსი გვყავდა ამ პატარა ქუჩის კვების ობიექტში. როდესაც ქართული საელჩო გადავიდა სხვა უბანში და საელჩოზე აღმართეს ქართული დროშა, ახალ უბანში გადასვლის და გაცნობის წვეულება ჩვენ მოგვანდვეს. წვეულებაზე იყვნენ უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, უბნის მერი, ფრანგი მაღალჩინოსნები. მეორე მნიშვნელოვანი წვეულება გვქონდა, როდესაც თეა წულუკიანი ჩამოვიდა ლევილის ტერიტორიის ოფიციალურ გადაცემაზე. გარდა ამისა, ჩვენ გავმართეთ საფრანგეთის დიდი ფარმაცევტული და ფიჭური კომპანიების, ასევე ცნობილი ბანკების ივენთები.

- ივენთებს მხოლოდ ორი მზარეული აუდიხართ? - ორი მზარეული კერძებს ვაკეთებთ, მაგრამ სერვირებაზე გვეხმარებიან ძვირად ღირებული ულტრაპროფესიონალები. ჩვენთვის გამაოგნებელია, ამხელა პოპულარობა რომ მოვიხვეჭეთ.

რამდენჯერ ადრე მოსულან კლიენტები, ჯერ არაფერი გვქონია მზად და უთქვამთ, გვირჩევნია დაგელოდოთ, ვიდრე სხვაგან უხარისხო საკვები ვჭამოთო. ჩვენს ობიექტს ჰქვია"მაგდასთან". საფრანგეთში არის ცნობარი, თუ სად შეიძლება გემრიელად მიირთვა და ჩვენი ობიექტი ცნობარში უკვე წლებია შეტანილია.

- პროდუქტი საქართველოდან მიგაქვთ?

- მხოლოდ სუნელები მიგვაქვს. ხაჭაპურისთვის აქ ჭყინტ ყველს, ცხადია, ვერ ვიშოვიდით და გამოსავალი მოვძებნეთ: მომწოდებლებისგან ვიღებთ მშრალ მოცარელას, მარილის ნაცვლად ვკაზმავთ თხისა და ცხვრის ფეტით, მასის შესაკვრელად კი კვერცხს ვამატებთ და უგემრიელესი ხაჭაპური გამოდის.

საფრანგეთში "კულინარიული ატლასი" რომ გამოუშვეს პურის შესახებ, ჩვენი ხაჭაპურიც შეიტანეს. ცნობილ შეფებს არა აქვთ ამდენი გამოხმაურება, რაც ჩვენ გვქონდა აქ ხანმოკლე პერიოდში.

ჩვენ საქართველო უამრავ უცხოელს გავაცანით და შევაყვარეთ, ჩვენი სახელი მთელ პარიზს მოედო. ყველას გავაგებინეთ, რომ მსოფლიოში პირველი ღვინის მწარმოებლები ვართ და განსაცვიფრებელი სამზარეულო გვაქვს. ბევრი რჩევას გვეკითხება, სად ჯობს საქართველოში მოგზაურობა, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა!