"ზვიადი რომ მოკლეს, ძალიან ვინანე, გვერდით რატომ არ დავუდექი" - კვირის პალიტრა

"ზვიადი რომ მოკლეს, ძალიან ვინანე, გვერდით რატომ არ დავუდექი"

"ყიზლარში დაახლოებით 20 კონცერტი მქონდა და იქ გადასახლებაში მყოფი ზვიად გამსახურდია ყველა კონცერტს ესწრებოდა... სულ ერთად ვიყავით, ყველგან ერთად დავდიოდით. ყველაზე ამაღელვებელი სანახავი იყო, თუ როგორ ხვდებოდნენ მწყემსები", - ამბობს ცნობილი მომღერალი თემურ ცაგურია. ის ყიზლარში ზვიად გამსახურდიასთან ერთად გატარებულ დროს თავისი ცხოვრების განსაკუთრებულ პერიოდად მიიჩნევს.

- ადრე ფილარმონიის პროგრამით ძალიან ხშირად გასვლითი კონცერტები იმართებოდა. ერთ წელიწადს ყიზლარში გაგვგზავნეს, სადაც იმ პერიოდში გადასახლებაში ზვიად გამსახურდია იმყოფებოდა. ზამთრის საძოვრებზე მწყემსები ცხვრებს მწყემსავდნენ. ახლაც თვალწინ მიდგას მათი ძაღლები, ლამაზი, ქართული ნაგაზები... მწყემსებს დაახლოებით 30 ბინა ჰქონდათ. გრიშა ონიანი ყიზლარის ზამთრის საძოვრების გაერთიანების თავმჯდომარე გახლდათ, გივი წიკლაური - ყიზლარის ზამთრის საძოვრების კულტურის განყოფილების გამგე.

როდესაც ჩავედით და პირველ კონცერტზე წავედით, დავინახე, ზვიად გამსახურდია ავტობუსში იყო და კონცერტზე დასასწრებად მოდიოდა. გვერდიგვერდ დავსხედით, ერთმანეთი გავიცანით და მთელი გზა ძალიან თბილად საქართველოს ბედზე, პიროვნების თავისუფლებაზე მესაუბრებოდა, თუ როგორი ესახებოდა ჩვენი სამშობლოს მომავალი, ყოველი დღე...

ზვიადი ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო. მისგან არასოდეს მიგრძნია, რომ გმირი, თავდადებული პიროვნება იყო და მე კი არაფერი. ყველასთან ასეთი იყო, ძალიან კეთილშობილი... თავიდან თქვენობით ვესაუბრებოდით ერთმანეთს, მაგრამ ოთხი-ხუთი შეხვედრის შემდეგ ძალიან დავახლოვდით. სულ ერთად ვიყავით, ყველგან ერთად დავდიოდით. ამაღელვებელი სანახავი იყო, თუ როგორ ხვდებოდნენ მწყემსები, რამდენად დიდ სიხარულს გამოხატავდნენ. მხოლოდ მწყემსების კი არა, მთელი საქართველოს კერპი იყო მერაბ კოსტავასთან ერთად.

მწყემსები მის პატივსაცემად სუფრას შლიდნენ, თავს ევლებოდნენ და ხარობდნენ მისი ნახვით. თვითონაც ძალიან დიდ სითბოს უბრუნებდა. როდესაც თამადობას სთავაზობდნენ, ამბობდა, ყველა მწყემსი ჩემზე გონიერია, თქვენ ითამადეთ, თემური იმღერებს და მე მოვისმენო...

მანანას სიარული არ უყვარდა. სამაგიეროდ, სახლში დაბრუნებულებს არაჩვეულებრივად გვიმასპინძლდებოდა. მე და მანანა იქ დავმეგობრდით. ზვიადი ხშირად მთხოვდა, თემურ, თუ ძმა ხარ, ის სიმღერა, "მივალ, მივყვები" მიმღერეო. ეს მზია დიაკვნიშვილის მუსიკაა, ლექსი ჩემია. ტექსტიც და მუსიკაც ზვიადისთვის ძალიან ძვირფასი იყო...

- ეს სიმღერა უმეტესობას ხალხური ჰგონია... - დიახ, ხალხური ჰგონიათ და ეგ ძალიან მახარებს, მაგას რა სჯობია?! უაღრესად დიდი პატივისცემაა, როდესაც ხალხი რამეს ისე მიიღებს, როგორც ხალხურს!

- ყიზლარის შემდეგ მეგობრობა აღარ გააგრძელეთ?

- ზვიადმა ყიზლარში რამდენჯერმე მითხრა, ჩემ გვერდით მინდა გხედავდეო. ჩემი ცხოვრების გზა სიმღერა, გიტარა, ხელოვნებაა-მეთქი. მართალი ხარ, შენი სიმღერით უფრო მეტს გააკეთებ, ვიდრე მიტინგებზე დგომით, თუნდაც მაგ სიმღერით რამდენ ადამიანს გაუღვივებ პატრიოტულ გრძნობას, რამდენ ახალგაზრდასო.

არასოდეს მინანია, პოლიტიკას რომ არ გავყევი. აქ რომ ომი დაიწყო, ამერიკაში წავედი, ოჯახი რომ შიმშილით და სიცივით არ დამღუპოდა.

ზვიადი რომ მოკლეს, ძალიან ვინანე, გვერდით რატომ არ დავუდექი, იქნებ სიკვდილს გადამერჩინა-მეთქი. თუმცა მე რას ვუშველიდი, როცა ზვიადი კა-გე-ბესგან იყო განწირული და მოკლა კიდეც!

ზვიადმა ერთი ლექსი მომცა, რომელიც მისი მეგონა, მაგრამ ახლახან მანანამ მითხრა, ზვიადის ლექსი არ არისო. მაინც ვეჭვობ რომ მისია, რადგან არც ერთ ხალხურ წყაროში არ არის... "სიკვდილმა ჩამოიარა"- ასე ჰქვია ლექსს და სიმღერა დავწერე, რომელიც, ალბათ, გამორჩეული იქნება ჩემს შემოქმედებაში!