იგეგმება თუ არა სკოლებისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება? - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე? - კვირის პალიტრა

იგეგმება თუ არა სკოლებისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება? - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე?

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, სკოლებისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება. როგორც მან განმარტა, სკოლებში უკვე არსებული რეგულაციების პაკეტი საკმაოდ ეფექტურია და ცვლილებებს არ საჭიროებს.

"სკოლებში რეგულაციები, ის რაც არის დაწესებული, ზედმიწევნით ზუსტად უნდა შესრულდეს. ეს პაკეტი არის საკმაოდ ეფექტური, დამატებით რეგულაციებს სკოლებისთვის ჩვენ არ ვგეგმავთ. რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, აქაც ისევ მთავარი დაცვა არის წესების დაცვა და პერსონალის ვაქცინაცია, ვინც ბავშვებთან მუშაობს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ბაგა-ბაღი დაიკეტა იმის გამო, რომ იქ დისტანციური მუშაობა აბსურდია, ვერ ვლაპარაკობთ ამაზე. სკოლები კი გააგრძელებენ ჩვეულებრივად ფუნქციონირებას იმ რეჟიმით, რაც არის,"- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, ამჟამად ჰოსპიტალურ სექტორში 9 ათასამდე საწოლია მობილიზებული.

"დღევანდელი მდგომარეობით, 4616 პაციენტი იმყოფება კლინიკებში, რეანიმაციაში არის 255 პირი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 1042 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება ვაქცინაციის სტატუსს, დღევანდელი მდგომარეობით ერთი დოზით აცრილია ერთ მილიონზე მეტი მოქალაქე, ორივე დოზა სრულად ჩატარებული აქვს 879 630 მოქალაქეს, რაც არის დაახლოებით მოზრდილი მოსახლეობის 30%, იმ მაჩვენებლის, რომლის მოცვასაც ვფიქრობთ.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას, არის "ბუსტერ" დოზის დაშვება 6 თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე იმ პირებში, ვისაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის ორგანოგადანერგილი პირები, სხვადასხვა იმუნური სისტემის შესუსტებით მიმდინარე დაავადებები. იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ 2 დოზა ნებისმიერი ვაქცინით, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში შეუძლიათ ჩაიტარონ ე.წ. ბუსტერ დოზა", - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ თუ ადამიანი ვაქცინირებულია, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მცირდება ჰოსპიტალიზაცის საჭიროება და პრაქტიკულად არ არის გარდაცვალების შემთხვევები.

"ყოველდღიურად დამატებითი კვლევები, რომელიც ვრცელდება, კიდევ უფრო მეტად აძლიერებს იმ სარგებელს, რაც ვაქცინებს უკავშირდება, როგორც ჰოსპიტალიზაციის შემცირების, ასევე სიკვდილიანობის შემცირების კუთხით, განსაკუთრებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფში. სწორედ ამიტომ არის დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით პრობლემური ის, რომ 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. თუნდაც ქალაქებში ვაქცინაციის განაწილებას რომ შევხედოთ, ნახავთ, რომ თბილისში საკმაოდ კარგია ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელი სხვა რეგიონებთან შედარებით.

თბილისში დღეს მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით, ინფიცირების შემთხვევები შედარებით დაბალია სხვა რეგიონებთან მიმართებით, სამაგიეროდ, გაიზარდა იმერეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი არის დაბალი. იგივე შემიძლია ვთქვა ასაკობრივ ჯგუფებზეც, 60 წლის ზემოთ, სადაც არის ვაქცინირებული პირი, მცირდება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და პრაქტიკულად არ არის გარდაცვალების შემთხვევები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ვაქცინაცია რეალურად იცავს მძიმე ფორმებისგან, ვირუსის გადაცემისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან. მეტი არგუმენტი რა უნდა გვჭირდებოდეს იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ", - განაცხადა გაბუნიამ.