"ხშირად მესმის სხვადასხვა ინფორმაცია ჩემზე, თითქოს დავქორწინდი, ოჯახი მყავს..."
"ხშირად მესმის სხვადასხვა ინფორმაცია ჩემზე, თითქოს დავქორწინდი, ოჯახი მყავს..."
"მადლობას ვეუბნები მშობლებს, რომლებმაც ამდენი რამის შესწავლის საშუალება მომცეს. ვფიქრობ, სწორად განვვითარდი"
მას შემდეგ, რაც 15 წლის ასაკში უცებ გახდა პოპულარული სიმღერით "ჩვენ ახლა ერთურთს", დიდი ხანი გავიდა. მარიამ ელიეშვილი ახლა 24 წლისაა, პროფესიით ფინანსისტია და მუშაობს კიდეც ამ სფეროში, თუმცა მუსიკას კვლავაც დიდი როლი აქვს მის ცხოვრებაში. ოქტომბრის დასაწყისში კოლეგებთან ერთად დაგეგმილი აქვს გასტროლი ავსტრიასა და ბელგიაში.

- 2016 წელს ჩავწერე პირველი საავტორო ალბომი. ამ წლების განმავლობაში ვმონაწილეობდი სხვადასხვა
ღონისძიებაში, ხშირად მქონდა კონცერტი საზღვარგარეთ, ერთხანს ტელევიზიაშიც მიმყავდა მუსიკალური გადაცემა, რომელიც ხელს უწყობდა ხალხური სიმღერის, მომღერლების წარმოჩენას და იმედი მაქვს, კვლავ გაგრძელდება ეს პროექტი. პირველი სიმღერა - "ჩვენ ახლა ერთურთს" იმდენად პოპულარული იყო, რომ დღემდე ყველას ამ სიმღერით ვახსოვარ, თუმცა ამ 10 წლის განმავლობაში ჩემი
რეპერტუარი საკმაოდ განვავრცე არა მარტო ფოლკლორული, არამედ სხვა ჟანრისა და სხვადასხვაენოვანი სიმღერით.

- ამ სიმღერამ მართლაც უცებ გაგხადა პოპულარული. 15 წლის გოგონასთვის ეს მოვლენა იყო. როგორ გაიხსენებ იმ დროს?
- ეს იყო პირველი სტუდიური ჩანაწერი, რომელიც ვირუსივით მოედო საზოგადოებას. მახსოვს, ქუჩაში რომ გავდიოდი, ყოველი მეორე მანქანიდან ეს სიმღერა მესმოდა. რაღაცნაირად მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი - ინტერნეტში ნანახი ვიდეოთი დაინტერესდნენ, შემდეგ სტუდიური ვერსია გაკეთდა, ძალიან მალე ტელევიზიიდანაც დამიკავშირდნენ. ეს სიმღერა ყველაზე ტკბილ მოგონებებთან ასოცირდება, რადგან აბსოლუტურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მუსიკალური თვალსაზრისითაც ძალიან მრავალფეროვანი გახადა და ხალხის უსაზღვრო, უანგარო სიყვარულიც მომიტანა. მიხარია, რომ ეს სიყვარული დღემდე არ ნელდება. მეუბნებოდნენ, რომ როგორიც რეალურად ვარ - უშუალო და ბუნებრივი, - კლიპშიც ასეთივე ვიყავი. ვფიქრობ, არ შევცვლილვარ და თუ შევიცვალე, მხოლოდ უკეთესობისკენ. ხალხის სიყვარულმა მიმახვედრა, რომ ამ გზას უნდა გავყოლოდი, მომცა ერთგვარი სტიმული და კიდევ უფრო შემაყვარა სიმღერა. ადამიანების სიყვარული ჩემთვის დიდი საჩუქარია და ვეცდები, მთელი ცხოვრება შევინარჩუნო. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ წარმატების უკან ბევრი გათენებული ღამე და თავდაუზოგავი შრომაა, რამაც შედეგი გამოიღო. ალოიზ მიზანდარის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე, ფორტეპიანოს განხრით. ვსწავლობდი ბრიტანულ სკოლაში, დავდიოდი ცეკვაზე, ვთამაშობდი ჭადრაკს, შესაბამისად, ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა გასართობად, მაგრამ მიხარია, რომ რაც მაშინ ვისწავლე, ყოველთვის მადგება და ამის გამო მადლობას ვეუბნები მშობლებს, რომლებმაც ამდენი რამის შესწავლის საშუალება მომცეს. ვფიქრობ, სწორად განვვითარდი. ვცდილობ, მეტი გავაკეთო და მრავალფეროვანი რეპერტუარი შევთავაზო მსმენელს.
- ხალხური სიმღერისა და საკრავების მიმართ ინტერესიც მშობლების დამსახურებაა?
- ვცეკვავდი ახალგაზრდულ ანსამბლ "რუსთავში". ერთ-ერთი გასტროლისთვის გადაწყდა, წარმოგვედგინა მუსიკალური პროგრამაც. "ურმულის" ხელმძღვანელი, ბატონი დავით ქავთარაძე მუშაობდა ამაზე. იცოდნენ, რომ ვმღეროდი, თუმცა ხალხურ სიმღერასთან მანამდე არ მქონია შეხება. მივედი ანსამბლში, მალე სოლისტიც გავხდი, შემდეგ თვითონაც დავინტერესდი და შემიყვარდა. სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი, ოქროს მედალზე დავამთავრე და თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავაბარე. ამჟამად ვმუშაობ ჩემი პროფესიით, ფინანსისტი ვარ, პარალელურად სტუდიაშიც ვმუშაობ ახალ რეპერტუარზე. მეორადი პროფესიაც მაქვს, ჩინური ენა ვისწავლე, რაშიც სხვათა შორის, ძალიან დამეხმარა სმენა: ჩინურში გამოთქმისას სხვადასხვა ტონით ნათქვამი ერთი სიტყვა შეიძლება სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს. საერთოდ, ენები ძალიან მიყვარს და ვგეგმავ, რომელიმე სხვა ევროპული ენაც შევისწავლო.

- სხვა რა გატაცება გაქვს?
- მოგზაურობა მიყვარს, კონცერტების გამო ბევრ ქვეყანაში ვიყავი. პანდემიის დროს ვეცადე, საქართველო საფუძვლიანად დამეთვალიერებინა. ისეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს, ნამდვილად ღირს. რაჭაში მანამდეც რამდენჯერმე ვიყავი, მაგრამ ბევრი რამ არ მქონდა ნანახი. მომხიბლა იქაურობამ. წარმოშობით გურული ვარ, ბავშვობაში ბახმაროში ვისვენებდი ხოლმე. ახლაც გურიაში ვარ, მაგრამ ყოველ წელს ახალი ემოციებით ვივსები. პანდემიის დაწყებამდე ისრაელში ვიყავი, იქ ვნახე ულამაზესი კანიონი, ქართულად ალბათ "წითელი კანიონი" ეწოდება. აქამდე მსგავსი რამ არ მენახა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ყველა ქვეყანას აქვს თავისი დამახასიათებელი სილამაზე - ზოგი კულტურით გხიბლავს, ზოგი - არქიტექტურით, ზოგი - ბუნებით.

- მარიამ, გურული სიფიცხე თუ გახასიათებს?
- მე მგონი, არა. საკმაოდ მშვიდი ვარ, თუმცა, როგორც გურულების უმეტესობას, მეც ძალიან მიყვარს იუმორი. ძალიან უნდა გამაბრაზოს ვინმემ, რომ ემოციები გამოვხატო. მოკლედ, ფიცხი გურული ქალი არ ვარ.
- ესე იგი, დავამშვიდოთ სასიძოები და სადედამთილოები, ხომ?
- (იცინის) სხვათა შორის, ხშირად მესმის სხვადასხვა ინფორმაცია ჩემზე, თითქოს დავქორწინდი, ოჯახი მყავს, მაგრამ ამჟამად საინტერესო არაფერი ხდება.

- წუნია ხომ არ ხარ?
- წუნია არა, უბრალოდ მაქსიმალურად ორიენტირებული ვარ კარიერასა და სწავლაზე... არც მომთხოვნი ვარ. ვცდილობ, ადამიანები მივიღო ისეთები, როგორიც არიან და პირიქით, მოვერგო მათ. არასდროს ვცდილობ ვინმეს გაკიცხვას, მე მათ ვიღებ თავიანთი პლუს-მინუსებით.

- რისი პატიება გიჭირს?
- ტყუილი არის ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ვაპატიებ ადამიანებს. რაც უნდა უწყინარი იყოს, შელამაზებული ტყუილის თქმას ყოველთვის მირჩევნია, სიმართლე ვიცოდე. თავად ძალიან გულწრფელი ვარ ურთიერთობებში, თუმცა მგონია, რომ ეს ჩემი ნაკლიც არის. ზოგჯერ საჭირო არ არის ზედმეტი გულწრფელობა, ბევრჯერ მინანია კიდეც, მაგრამ არა უშავს, შეცდომებზე ვსწავლობთ.

- შეყვარებული მარიამი როგორია?
- შეყვარებული ვარ ცხოვრებაზე, ჩემს პროფესიაზე. რა გითხრათ, სიყვარული მაკეთილშობილებს, ასეთ დროს სულ მოღიმარი ვარ...

ნინო ჯავახიშვილი
ჟურნალი "გზა"

მკითხველის კომენტარი (2)
ცირა
14 ოქტომბერი 2021 09:15
აი, ასეთი გოგონებია საუკეთესო, ლამაზი, მშვენიერი, ზრდილი,მიზანსწრაფული, შრომისა და განათლებისმოყვარე, ნიჭიერი, ,თავშეკავებული, ყველაფრით შემკული, ნამდვილი ქართველი გოგონა და არა ისეთი, ქაჯებივით რომ არიან და "არამკითხე მოამბესავით" უცხოებს ძალადობით მიკროფონით მანქანაში რონ უხტებიან! კარგ ბედს და დიდ წარმატებებს ვუსურვებ მარიამს!
რატი
13 ოქტომბერი 2021 16:55
ლამაზი და საყვარელი.

რუბრიკის სხვა სიახლეები