განვადებით ნაყიდი მიწის ნაკვეთი მუხურში და მეუღლის მიერ 472 400 ევროდ შეძენილი ბინა საფრანგეთში - რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია? - კვირის პალიტრა

განვადებით ნაყიდი მიწის ნაკვეთი მუხურში და მეუღლის მიერ 472 400 ევროდ შეძენილი ბინა საფრანგეთში - რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია?

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ, საჯარო მოხელის რანგში ქონებრივი დეკლარაცია, ბოლოს 2021 წლის 18 აპრილს შეავსო, რომელშიც მოხსენიებული ჰყავს მეუღლე მარიკა ფანცულაია და შვილი ანნა.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარიას ოჯახი თბილისში ბინას არ ფლობს. ექსპრემიერს 2020 წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ მუხურში 25 000 ლარად, განვადებით შეუძენია 2290 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, ხოლო მის მეუღლეს იმავე წელს საფრანგეთში, Le Perreux sur marne - ში 472400 ევროდ უყიდია 94170, 83 კვ.მ ფართობის ბინა. ოჯახის ეს გასავალი ასეა განმარტებული, რომ ბინის შეძენა მოხდა ოჯახის იმ დანაზოგი თანხით, რომელიც დეკლარირებულია 30.05.2017 - 30.05.2020 წლებში გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციებში.

მარიკა ფანცულაია ასევე ფლობს 2016 წელს, 22 000 დოლარად შეძენილ ავტომობილს Toyota RAV 4 -ს.

გიორგი გახარიას და მისი მეუღლის სახელზე რამდენიმე საბანკო ანგარიშია გახსნილი, დეკრალაციის შევსების მომენტში გახარიას სახელფასო ანგარიშზე ირიცხებოდა 17, 59 ლარი, ხოლო მისი მეუღლის საბარათე ანგარიშზე იყო 189,14 ლარი. ასევე ექსპრემიერს გახსნილი აქვს მულტისავალუტო ანგარიში, სადაც პრიორიტეტი ქართული ვალუტაა. ამ ანგარიშზე იმჟამად ირიცხებოდა 14 242,19 ლარი.

2020 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიამ გამოიმუშავა 41 004 ლარი. მისმა მეუღლემ კი, იმავე პერიოდში, “ავერსის“ ცენტრალურ კლინიკაში, ექიმი - ბაქტერიოლოგის პოზიციაზე ხელფასის სახით მიიღო 11084,24 ლარი.  იხილეთ სრულად