"არ მსურს მკაცრი ვჩანდე, მაგრამ უგემოვნობა იგრძნობა. სტილის შეგრძნება დავკარგეთ" - კვირის პალიტრა

"არ მსურს მკაცრი ვჩანდე, მაგრამ უგემოვნობა იგრძნობა. სტილის შეგრძნება დავკარგეთ"

"ქალმა სარკეში ჩახედვისას არასოდეს უნდა თქვას, - ფუ, რას ვგავარ"

ანუკა მურვანიძემ განათლება ევროპაში მიიღო და წლებია, ვიზაჟისტის პროფესიას ემსახურება. ამბობს, რომ "გემოვნების ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გარემო და საზოგადოება ე.წ. თინეიჯერულ პერიოდში, თორემ როცა უკვე ჩამოყალიბებულია პიროვნება, რთულია სტერეოტიპი დაუნგრიო და სხვა რელსებზე გადაიყვანო".

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მახსოვს ბებიაჩემი, მედიკო ჩახავა ამბობდა, უნდა იპოვო შენი სტილი, ჩაცმის ხასიათიო... გიჟდებოდა, დახეულ ჯინსებში რომ მხედავდა. 80-იან წლებში უკვე მოდაში იყო დახეული ჯინსები და მამაჩემიც არანაკლებ ღელავდა, - ეს რა თაობაა, როცა მოდაშია ეს ყველაფერიო... ახლა ისევ დაბრუნდა მაშინდელი ტენდენციები და აღარავის უკვირს. ჩემი ოჯახის წევრებს დახეული ჯინსი ხომ არ მოსწონდათ, მაგრამ არც მიშლიდნენ. ბავშვი თავისას ეძებს და არ უნდა დაუშალო, რომ მოვიდეს თავის სტილამდე..."

"ის, რაც მე რომში ვნახე, სულ სხვაა... ტაქსის მძღოლიდან დაწყებული, ქვეითით დამთავრებული, ყველა გამორჩეულია! უყვართ გამოპრანჭვა და ქუჩაში ჩვეულებრივი მოდის კვირეულია... სხვაგან დავდივარ როგორც ტურისტი და აბსოლუტურად არ მადარდებს, რა მაცვია, მთავარია კომფორტულად ვიყო, მაგრამ იტალიაში ამის უფლებას ვერ ვაძლევ თავს; მეც ისე უნდა მეცვას, როგორც მათ..."

"ნინო რამიშვილი იყო ჩვენთვის მოდის და სტილის დედოფალი... მას ჩამოჰქონდა სიახლეები. როგორც საფრანგეთში იცვამდნენ, ის ტენდენციები გადმოიტანა საბჭოთა კავშირში... გამორჩეულად გემოვნებიანთა შორის დავასახელებ ლია ელიავას! საოცრად ჩაცმული იყო, ჰოლივუდი უკან ჰქონდა მოტოვებული..."

"არ მსურს მკაცრი ვჩანდე, მაგრამ უგემოვნობა იგრძნობა. დღევანდელი მოდა ინდივიდუალურია, მაგრამ სტილის შეგრძნება დავკარგეთ. მეც ხანდახან, რაც ხელში მომხვდება, ვიცვამ და გავდივარ, რადგან არ არის სხვანაირის მოთხოვნა. მერე ჩემს თავს ვეკითხები, ასე ჩაცმული ქუჩაში როგორ გავედი, ბებიაჩემი ხომ ამას არაფრით დაუშვებდა, არც დედაჩემი-მეთქი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 14 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე