"საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, რატომ არ უნდა წავიდე იქო?!" - რას ამბობენ გორში მოკლული, 28 წლის ტურისტის ოჯახის წევრები? - კვირის პალიტრა

"საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, რატომ არ უნდა წავიდე იქო?!" - რას ამბობენ გორში მოკლული, 28 წლის ტურისტის ოჯახის წევრები?

28 წლის ბრიტანელი მუსიკოსი, ტომას კენედი კიდევ ერთი ტურისტია, რომელიც საქართველოში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში, 7 ოქტომბერს, რამდენიმე პირი ტომასს ფიზიკურად გაუსწორდა და უგონო მდგომარეობაში მყოფი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მტკვარში გადააგდო. გარდაცვლილის ცხედარი მდინარემ სოფელ ქვახვრელთან, 8 ოქტომბერს გამორიყა.

თემას აქტიურად აშუქებს ბრიტანული მედია. მომხდარის შესახებ წერენ The Guardian, The Times, The Sun და სხვები.

ირლანდიური გამოცემა The Irish Sun-ის ცნობით, ტომას კენედის ოჯახი სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია.

"28 წლის ნიჭიერი მუსიკოსი და კომპოზიტორი შვებულებას საქართველოში ატარებდა, როდესაც მამაკაცების ჯგუფმა ის სასმელზე მიიწვია. შემდეგ კი ტომასის ცხედარი, გორის მახლობლად, მდინარე მტკვარში იპოვეს.

ბრალდებულები სასამართლოზე უარყოფენ ტურისტის მკვლელობას, თუმცა აღიარებენ მის გაძარცვას. კენედი მანჩესტერში დაიბადა, მაგრამ მთელი ცხოვრება ირლანდიაში, ბაბუასთან ცხოვრობდა", - წერს The Sun.

"თქვა, - საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, ულამაზესი ხედებით, რატომ არ უნდა წავიდე იქო?!"

გარდაცვლილის ბიძაშვილი, ოლივია ბარეტი ამბობს, რომ ტომასს უყვარდა მოგზაურობა, ლამაზი ხედები. მოხიბლული იყო საქართველოთი და სწორედ ამიტომ, შვებულების გატარება საქართველოში გადაწყვიტა.

"ის იყო თვითნასწავლი მუსიკოსი, ძალიან ნიჭიერი მომღერალი, კომპოზიტორი, გიტარისტი, უკრავდა ასევე ვიოლინოზე და სხვა საკრავებზე. იყო საოცრად კეთილი, მხიარული, ბუზსაც კი არ ავნებდა. ტომს ძალიან უყვარდა მოგზაურობა, წაიღებდა გიტარას და სხვა ქვეყნების ქუჩებში უკრავდა. უყვარდა მთებში ხეტიალი, ულამაზესი ხედების ნახვა, იზიდავდა ისტორია. თქვა, - საქართველო არის ულამაზესი ქვეყანა, ულამაზესი ხედებით, რატომ არ უნდა წავიდე იქო?! ძალიან გულნატკენები ვართ მისი სიკვდილით, მაგრამ, ამავდროულად, ძლიერი ოჯახი გვაქვს და ამ განსაცდელს გავუმკლავდებით. იმედია, სამართლიანობა იზეიმებს და ჩვენ შევძლებთ სასამართლო პროცესზე წასვლას და იმ ადამიანების დანახვას", - ამბობს ოლივია ბარეტი ირლანდიურ Sun-თან საუბრისას.

ხუჭუჭა ბიჭი, რომელიც მუდამ იღიმოდა და მზად იყო, გარშემომყოფებისთვის სასიამოვნო სიტყვები ეთქვა. გააგრძელეთ კითხვა