"ვერასდროს წარმომედგინა, რომ შევძლებდი იმ ბიჭის პოვნას, რომელიც თითქმის 80 წლის წინ გაუჩინარდა" - კვირის პალიტრა

"ვერასდროს წარმომედგინა, რომ შევძლებდი იმ ბიჭის პოვნას, რომელიც თითქმის 80 წლის წინ გაუჩინარდა"

მეგი სტემპენი ჩვენი თანამემამულეა, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. ის "მზის ბიჭებს" ოჯახის პოვნაში ეხმარება. "მზის ბიჭები" უწოდა მან მეორე მსოფლიო ომის დროს ბრძოლის ველიდან სხვადასხვა მიზეზით გაუჩინარებულ ბიჭებს, რომელთა საფლავების ადგილსამყოფელი დღემდე არ იცის

ასიათასობით ოჯახმა.

- გიამბობთ დავით გაბრიაძეზე... მისი შვილი მერი ცოცხალია. ეს საქმე იმით არის განსაკუთრებული, რომ დავითი დაჯილდოებულია საბჭოთა ორდენით მამაცობისთვის. დაღუპული და დასაფლავებულია პოლონეთში, თუმცა ოჯახმა ეს არ იცოდა. მე დამიკავშირდა მისი შვილიშვილი და მთხოვა, დავხმარებოდი. ვუთხარი, როგორ უნდა მოქცეულიყო, სად ეძებნა სიმართლე და ჩვენდა გასაოცრად, მან კა-გე-ბეს არქივში აღმოაჩინა ინფორმაცია, რომ თურმე დავით გაბრიაძე არაერთგზის ყოფილა დაჯილდოებული ბრძოლის ველზე გამოჩენილი მამაცობისთვის, ტყვედ არასდროს ჩავარდნილა, ბრძოლისას დაიღუპა და დასაფლავებულია პოლონეთში. დარჩა ქალიშვილი, რომელიც ახალდაბადებული იყო, როდესაც დავითი ომში წავიდა.

გამაკვირვა ამ ამბავმა. არაერთხელ დაჯილდოებული საბჭოთა მებრძოლის შესახებ ოჯახს არაფერი უთხრეს! ვფიქრობ, გულგრილობა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება გამოიჩინეს.

ბევრი ოჯახია, რომელმაც თავისიანის შესახებ ცნობა ვერ მიიღო. გვარში თუნდაც ერთი ასო რომ ყოფილიყო არასწორად დაწერილი, ცნობა ადრესატამდე არ მიდიოდა, არადა, წარმოიდგინეთ, როგორი დასაწერია რუსის ან გერმანელისთვის, მაგალითად, ტყეშელაშვილი...

მაქვს კიდევ ერთი სინტერესო ამბავი, რომელიც თბილისელ, მთაწმინდელ, 22 წლის ნოე ხვედელიანს ეხება. ნოე ტყვედ იყო ლუკენვალდში. საბუთის მიხედვით, ეს ტყვე გესტაპოს გადაეცა და ამის შემდეგ კვალიც ირევა... ჩემი პოსტის შემდეგ გამოჩნდა ნოე ხვედელიანის დისშვილი, ქალბატონი ქეთი და ჩვენ ერთად შევუდექით ნოეს ცხოვრების ბოლო წლების კვლევას. გერმანიის წითელ ჯვარს მივაკითხეთ, არაერთი არქივი გადავქექეთ... ყველა გვეუბნებოდა, რომ გესტაპოს გადაეცა, მერე კი აღარაფერი იცოდნენ... გამოსავლის ძიებაში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა კარგი იდეა მომაწოდა - კა-გე-ბეს არქივში შევამოწმოთო. სწორედ იქ აღმოჩნდა საბუთი ნოეს შესახებ.

- რა გაიგეთ ამ შემოწმების შედეგად?

- ნოე ხვედელიანი წაიყვანა გესტაპომ, მოამზადა, როგორც დესანტი და გამოუშვა საქართველოში.

- როგორც გერმანიის სასარგებლოდ მომუშავე აგენტი?

- დიახ, მაგრამ ნოე არ იყო მოღალატე, უბრალოდ, სხვაგვარად ვერ ჩამოაღწია საქართველოში. როგორც კი ჩამოვიდა, მაშინვე მივიდა კომისარიატში და ყველაფერი აღიარა: ესა და ესა ვარ, ასე და ასე მოხდა და გთხოვთ, უკან, ფრონტზე გამგზავნოთო. იმედი ჰქონდა, გულახდილობას დაუფასებდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად ნოე ხვედელიანი დახვრიტეს, როგორც ქვეყნის მოღალატე. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, კა-გე-ბეს არქივში ნოეზე სამტომეული მასალა უნდა იყოს.

- ოჯახმა რა იცოდა?

- ოჯახმა იცოდა, რომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ახლა მე და ქალბატონი ქეთევანი ვაპირებთ, შსს-ს არქივიდან გამოვითხოვოთ ნოე ხვედელიანის საქმის სამტომეული და ძირფესვიანად შევისწავლოთ, რათა გავიგოთ, როგორი იყო მისი ცხოვრების ბოლო პერიოდი. ქალბატონი ქეთის ოცნებაა, ყველამ გაიგოს, რომ მისი ბიძა არ იყო მოღალატე და სამშობლო უზომოდ უყვარდა.

დავით გაბრიაძე

თეო ლაფერაძე, დავით გაბრიაძის შვილთაშვილი: "ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ვერასდროს წარმომედგინა, რომ შევძლებდი იმ ბიჭის პოვნას, რომელიც თითქმის 80 წლის წინ გაუჩინარდა. ერთხელაც გადაცემის ანონსი ვნახე, სადაც ჩემსავით მეოცნებე გოგო დიდი ბაბუის საფლავს ეძებდა. არ მახსოვს, როგორ დავუკავშირდი მეგის და როგორ დავიწყეთ საუბარი. მან დამაკვალიანა, სად უნდა დამეწყო ძებნა და ვისთვის მიმემართა. და აი, ამდენი ლოდინის, ოცნებისა და ოჯახში დაღვრილი ცრემლების შემდეგ მე ის ვიპოვე. ოფიციალური წერილის მიღების შემდეგ (სადაც დავითის შესახებ იყო უტყუარი ინფორმაცია, სად დაიღუპა და სად არის დაკრძალული), თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი, როცა ყუთის ფორმის ფერად ჩანთაზე, ფუშფუშა კაბასა და ომში დაკარგული წინაპრის ამბის გაგებაზე ვოცნებობდი. ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს იმ მომენტს, როდესაც ბებოსთან მივირბინე და ათსტროფიანი წერილი ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. კარალიოკის კუნძზე ჩამომჯდარი და ატირებული ბებო რომ დავინახე, მეგონა, ახალგარდაცვლილ მამას დასტიროდა, მამას, რომელიც არასდროს უნახავს... მეამაყება, რომ ამ ოჯახის შვილი ვარ. მიხარია, რომ შევძელი და მცირედი წვლილი შევიტანე დავითის შესახებ სიმართლის დადგენაში. იხილეთ სრულად