თუ გველს დაინახავთ... - კვირის პალიტრა

თუ გველს დაინახავთ...

"არ დაიჯეროთ მითი, რომ  გიურზას ნაკბენი 15 წუთში კლავს"

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გველებმა  სამი ადამიანი დაკბინეს. არის თუ არა პანიკის საფუძველი?

თბილისში გველები მომრავლდნენ. მათ ნახულობენ ხალხმრავალ ადგილებში- საბურთალოს სასაფლაოს ასახვევში   ყვავილებით მოვაჭრეებთან, ცენტრალურ ქუჩებზე, ეზოებში და საცხოვრებელ ბინებშიც კი. რა განაპირობებს გველების მომრავლებას და როგორ უნდა დავიცვათ თავი?

მანანა შანიძე, თბილისი

ქვეწარმავლის ნაკბენით თვენახევრის წინ სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გველმა თბილისში ათი წლის გოგონაც დაკბინა. ლალი სუბელიანს სამგორის დასახლებაში, კაიროს ქუჩაზე, რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლისას გველმა ფეხზე უკბინა. ივნისის მიწურულს ამავე მიზეზით თბილისის საავადმყოფოებში კიდევ ორი პაციენტი მიიყვანეს. ერთი მათგანი გიურზამ დაკბინა.

მომრავლდნენ თუ არა გველები და როგორ ავიცილოთ დაკბენის საფრთხე|? გვესაუბრება  თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის კურატორი და ქვეწარმავალთა კონტროლის სამსახურის წარმომადგენელი გურამ წიკლაური:

-  შეუძლებელია,  გველი კანალიზაციის მილებს ან წყლის ონკანს გამოჰყვეს. ასევე შეუძლებელია, კედელსა და აივანზე აცოცდეს, თუ კედელს ვაზი არ მიჰყვება. შესაძლოა, სადარბაზოდან შევიდეს და შემდეგ ღია კარით  ბინაში შეძვრეს. გვქონია  შემთხვევა, როცა გველი მეცხრე სართულზე ვნახეთ. აღმოჩნდა, რომ კახეთიდან ყუთით ჩამოტანილ ყურძენს ჩამოჰყვა.

- ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გველებმა  სამი ადამიანი დაკბინეს. არის თუ არა პანიკის საფუძველი?

-  განსაკუთრებული არაფერი ხდება. ყოველ წელს ერთი და იგივე სურათი გვაქვს.  წელს  შემთხვევები უფრო ნაკლებია, ვიდრე შარშან და შარშანწინ. არ დაიჯეროთ მითი, რომ  გიურზას ნაკბენი  15 წუთში კლავს. გააჩნია კბენის ადგილსაც. თავში ნაკბენი, რაც იშვიათია, უფრო სახიფათოა და სწრაფად უნდა მიხვიდეთ ექიმთან, მაგრამ კიდურების დაკბენის შემთხვევაში თითქმის ათი საათის განმავლობაში გადარჩენა შესაძლებელია.

თუ შხამიანმა გველმა გიკბინათ, 5-10 წუთში ნაკბენთან გეწყებათ აუტანელი ტკივილი და შეშუპება. თუ ათი წუთის შემდეგ ცვლილება არ შეინიშნება,  საშიში არაფერია. წაისვით სპირტი, იოდი და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. თუ შხამიანი გველი გიკბენთ, არავითარ შემთხვევაში ნაკბენ ადგილზე არაფერი გადაიჭიროთ. მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე და, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ  საავადმყოფოს მიაშურეთ.

ძალიან ხშირად უბედურება უვიცობის გამო ხდება. სამი წლის წინ  მარნეულში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც გიურზამ უკბინა. მოკვდა იმიტომ, რომ ვიღაცამ უთხრა, ექიმთან შენს წასვლას აზრი არ აქვს, რადგან  სულ ერთი საათი გაქვს დრო, თანაც, შრატიც არ ექნებათო. ამ სულელური რჩევის გამო ქალმა 12 საათი იწვალა და წამებით გარდაიცვალა.

- ამბობენ, თითქოს ბოლო დროს თბილისში გიურზაც გამოჩნდა.

- თბილისში შხამიანი გველი არ არის. რაღა თქმა უნდა, არც გიურზა. თბილისში  გავრცელებულია გველხოკერა. არის, ასევე, ანკარა, მცურავი  და კატისებრთა. შხამიანი არც ერთი არ არის.  გველი   მხოლოდ მაშინ კბენს ადამიანს, თუ ფეხი დაადგი, ან  ატკინე, ან თუ წასასვლელს არ უტოვებ. ის ამ დროს თავს იცავს.

საქართველოში სულ სამი-ოთხი სახეობის შხამიანი გველი ბინადრობს, მათ შორის - გიურზა და ორი-სამი სახეობის გველგესლა, მაგრამ გველგესლას შხამის შედარებაც არ შეიძლება გიურზას შხამთან, თუმცა, ცხადია, გველგესლას ნაკბენიც სახიფათოა. კავკასიური გველგესლა ძირითადად ბინადრობს დასავლეთ საქართველოში. გიურზა გვხვდება რუსთავსა და მთელ კახეთში.

თბილისში მისი ყოფნა გამორიცხულია. ზოოგეოგრაფიას თავისი კანონები აქვს. რუსთავისა და თბილისის კლიმატი განსხვავდება ერთმანეთისგან. თბილისში გიურზას საცხოვრებელი პირობები არ არის. თბილისის ზღვაზე ბინადრობს საქართველოში გავრცელებული ერთადერთი სახეობის მახრჩობელა. იგი ძალიან პატარა იზრდება. კლიმატის გამო მას ვერ ნახავთ, მაგალითად, კრწანისში. ადამიანებს იმდენად ეშინიათ გველების, რომ შეეძლოთ, სულ გაწყვეტდნენ, რაც კატასტროფას გამოიწვევდა. კახეთში გიურზა რომ არ იყოს, დაიღუპება რეგიონი. ის ანადგურებს  მილიონობით მღრღნელს, რომელთა  გამრავლების შემთხვევაში მარცვლეულს და ყურძენს  ვერ მიიღებდა გლეხი.

მთავარია, დავიცვათ სანიტარიული ნორმები, რომ მღრღნელები არ მომრავლდნენ, თორემ სადაც მღრღნელია, იქ აუცილებლად გაჩნდება გველიც. ასევე, აუცილებელია, ქალაქებში ბალახი გაითიბოს. ეს  შეამცირებს კონკრეტულ ადგილებში გველების რაოდენობას.

- წელს გველების საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებში გამოჩენის შემთხვევები დაფიქსირდა?

-  ზოგჯერ, როდესაც ადრე იწყება გაზაფხული, შესაძლოა, გველები აპრილშიც გამოჩნდნენ. ბოლო ორი თვის განმავლობაში 200-მდე გამოძახება იყო. ვარკეთილში  25 წლის კაცმა, რომელიც ნასვამი იყო, ქუჩაში დაინახა გველი და გადაწყვიტა, მოეკლა. ფეხი დააბიჯა და იმანაც უკბინა. კაცი შეშინდა. იგი რეანიმაციაში გადაიყვანეს, თუმცა მისი ადგილი იქ არ იყო, რადგან უშხამო გველმა დაკბინა. გახსოვდეთ, თუ გველს დაინახავთ, გაერიდეთ.

პატარ-პატარა ამბები

აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში გიგანტური გველები - პითონები წმინდა ცხოველებად მიიჩნევიან. აგებენ სპეციალურ ტაძრებს, სადაც თაყვანს სცემენ მათ.

გველების გარკვეული კატეგორია, თავდაცვის მიზნით, საფრთხის შემთხვევაში თავს იმკვდარუნებს - ამოტრიალდება მუცელზე და ენას გადმოაგდებს. ასეთი თავის მომკვდარუნების დიდოსტატია აფრიკული საყელოიანი კობრა. მსგავსი რამ ახასიათებს საქართველოში გავრცელებულ ჩვეულებრივ ანკარასაც.

გველს დიდი მოწიწებით ექცეოდნენ სვანეთში. სახლში დაბინავებულ ქვეწარმავალს ფუძის გველს უწოდებდნენ და იკრძალებოდა მისი მოკვლა. ამბობდნენ, თუ ფუძის გველს მოკლავ, დაგწყევლის და ოჯახი ვერასდროს გაიხარებსო.