"გარდაცვალების დღეს, მამა ტელეფონზე შეუჩერებლად მირეკავდა, მე კი არ ვპასუხობდი" - კვირის პალიტრა

"გარდაცვალების დღეს, მამა ტელეფონზე შეუჩერებლად მირეკავდა, მე კი არ ვპასუხობდი"

"საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს კულტურის სამინისტრო. აქ ყველაფერი კლანებად არის დაყოფილი, ყველა ერთმანეთს ებრძვის... დღეს ყველა "დიზაინერია" - წარუმატებელი მოდელი თუ მკერავი. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა "პროფესიონალი" და "ყველაფრის მცოდნეა", რაც აბსოლუტური მარაზმია", - გვითხრა საზღვარგარეთ ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა შორენა მარცვალაძემ, რომელსაც უცხოელები "შერონ მარის" ფსევდონიმით იცნობენ.

- საქართველოში გიცნობენ როგორც დიზაინერს, რომელიც პორტუგალიაში აქტიურად მუშაობს. იქ როგორ მოხვდით?

- დიახ, ნამდვილად ასეა. პროფესიით დიზაინერი ვარ. იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო აკადემია დავამთავრე. პარალელურად, 4 წელი აკადემიის ლექტორთან - ია ფიცხელაურთან მოდელირებაში ვემზადებოდი. ქალბატონი ია ტყავზე მუშაობის სპეციალისტი გახლავთ. ჩემი წარმატება დიდწილად მისი დამსახურებაა, რადგან მან ის უნარ-ჩვევები ჩამომიყალიბა, რამაც პროფესიონალ დიზაინერად მაქცია. ამისთვის მისი მადლიერი ვარ. პორტუგალიას რაც შეეხება, ექსკლუზიურად გეტყვით (იღიმის): პორტუგალიელი შეყვარებული მყავდა. მასთან პირველი მე ჩავფრინდი, წარმოგიდგენიათ? არც კი შემშინებია (იცინის)... პორტუგალიაში ჩემი ცხოვრება ასე დაიწყო. იქ დამატებითი მცირე სასწავლო კურსები გავიარე და ჩემი კარიერა ასე განვავითარე, თუმცა წლების შემდეგ მე და ჩემი შეყვარებული ერთმანეთს დავშორდით... მერე უკეთესი კონტრაქტები მქონდა, ამიტომ პორტუგალიაში კარიერა დავასრულე, თუმცა იქ, ლისაბონსა და პორტოში მომხმარებელი დღემდე მყავს.

- პანდემიამ მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელებაში ხელი ხომ არ შეგიშალათ?

- პანდემიამ კატასტროფულად დამხია უკან, მით უმეტეს - შემოსავალს უცხოეთიდან ვიღებ: მსოფლიო გაჩერდა, ყველა საწარმო, მაღაზია დაიხურა. შესაბამისად, ამ დრომდე შეკვეთებს ვერ ვიღებდი. ახლა საქმე ცოტათი დაიძრა, თუმცა კრიზისი საგრძნობლად დამეტყო. დავაკონკრეტებ, რომ ვთანამშრომლობ გამყიდველებთან, რომლებიც ჩემგან როგორც ექსკლუზიურ სამოსს, ასევე ესკიზს ყიდულობენ.

- საქართველოში ყოფნისას ხომ არ გაგიჩნდათ სურვილი, ნამუშევრები ქართული ბაზრისთვისაც შეგექმნათ?

- საქართველოში, ტაბიძის ქუჩაზე, 10 კვადრატულ მეტრში გაკეთებული პატარა ლამაზი ატელიე მქონდა. იქ ყველა დეტალი ჩემი ხელით იყო შექმნილი. რემონტიც კი საკუთარი ხელით გავაკეთე, მაგრამ სამწუხაროდ, დაახლოებით ორი წლის შემდეგ იძულებული გავხდი, დამეხურა. სხვა მიზეზებთან ერთად, იყო თავდასხმის შემთხვევები - გამიზნულად დამიზიანეს ბანერი, მწერდნენ, რომ "საპოჟნიკის ბუდე" მაქვს და ა.შ. ამ მხრივ ცოტათი გამოუცდელი ვიყავი - საქართველოში რამდენი წარუმატებელი ადამიანია, ვინც არაფერს აკეთებს და სხვას აკრიტიკებს!.. შემდეგ, რომის მოდის კვირეულის ვიცე-პრეზიდენტობის შესახებ კონტრაქტი შემომთავაზეს და გარკვეული ხნით იტალიაში გავემგზავრე... ჩემს ფრანგ მეგობართან ერთად ბრენდი - LUKA MAR შევქმენი, რომელიც ქართული და საერთაშორისო ბაზრისთვისაცაა გათვლილი. ფასები ძალიან დაბალია, მაგრამ გემოვნებიანი პროდუქციაა.

- საერთოდ, დიზაინერობის სურვილი როდის და როგორ გაგიჩნდათ?

- ძალიან ჭკვიანმა, განათლებულმა, მაგარმა დედამ გამზარდა. ჩემს ნათესავებს შორის ბევრი მხატვარია. მახსოვს, მამიდა როგორ ხატავდა და სულ მას ვბაძავდი. ჩვენთან სახლში მამიდა და მისი მეგობრები დიპლომზე მუშაობდნენ. როცა იძინებდნენ, მათ ნახატებს ვიპარავდი და ჩუმად ვაკოპირებდი (იცინის). მერე მათ ნახატებს ადგილზე ვაბრუნებდი, ჩემსას არავის ვაჩვენებდი. ხატვა 12 წლისამ დავიწყე. გჯერათ, რომ 6 წლამდე დალტონიკი ვიყავი?!. ამას დედაც ადასტურებს. მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, მაგრამ როგორც ხედავთ, მხატვარი გამოვედი (იღიმის)... მანამდე ჩოგბურთზე, ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე და ქორეოგრაფიულ სტუდიაშიც დავდიოდი. რეჟისორობა მინდოდა, მაგრამ ბოლო წუთს მოდელირება-კოსტიუმების მხატვრობა გადავწყვიტე. მახსოვს, "ნიკოლაძეში" დიპლომის დაცვაზე 60-70-იანი წლების ქალების სამოსი წარმოვადგინე - ტყავი და ბეწვი ნაქსოვში. ბეწვი ჩემი ხელით დავამუშავე. თეატრალურ ინსტიტუტში ლექტორი - ნინო გუნავა დედას ეხვეწებოდა, თეატრალურში კოსტიუმების მხატვრობის მიმართულებით ჩამებარებინა, რადგან ჩემმა ნახატებმა, შექმნილმა კოსტიუმებმა, მათმა ფერებმა დიდი ხმაური გამოიწვია. ვნანობ, რომ უარი ვთქვი...

- თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან კარიერულ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- საკმაოდ ცნობილმა იტალიელმა მოდის კვირეულების ფოტოგრაფმა - ანტონიო ტაკონემ აღმომაჩინა. მასთან მასტერკლასები გავიარე, შემდეგ კი ჩემ მიერ შექმნილი კოსტიუმებით სპეციალური ფოტოსესია მოაწყო (იტალიაში). ჩემთვის ეს დიდი წარმატება და მიღწევა იყო. ეს ფოტოგრაფი "დიორის", "ვერსაჩეს" და ბევრი სხვა წამყვანი დიზაინერის, ბრენდის შემოქმედებას აშუქებს. მან მასწავლა, როგორ ვიმუშაო მოდელებთან, ფოტოგრაფებთან... მეორე მნიშვნელოვან მიღწევად იმას მივიჩნევ, რომ ნიუ-იორკის მოდის კვირეულმა - Uptown Fashion Week - ჩემი კოსტიუმი ქავერის სარეკლამო ფოტოზე გამოიყენა.

- თქვენი აზრით, რა მკვეთრი მახასიათებელი აქვს თქვენს ნამუშევრებს?

- დეტალები! თარგი ყოველთვის ერთია - მას ვერ "დაანგრევ", გამორიცხულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოსს კომფორტულად ვერ გამოიყენებ. სწორედ ჩემ მიერ შექმნილ დეტალებშია ის მახასიათებელი, რაც აშკარად იგრძნობა; კიდევ - ფერებით თამაში: ყველა სტანდარტს ვანგრევ. როცა ჩვენებისთვის ვემზადები, ბუნებრივია, მოდელების კასტინგს ვმართავთ. ჩემი დევიზია: "მკაცრი პარამეტრებით გათვლილი მოდელი არ მჭირდება. ვირჩევ "ტიპაჟს", რომელიც ჩემს კოლექციას ისე წარმოაჩენს, როგორც იდეაში მაქვს წარმოდგენილი". სირთულე მიყვარს. ყველა დეტალს საკუთარი ხელით ვამუშავებ... ჩემი საქმე ძალიან მიყვარს!

- თქვენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული ზეგავლენა ვინ, რამ მოახდინა?

- მაინც ვიტყვი, რომ გემოვნებიანი ან იბადები, ან - არა. გემოვნებიანი შინაგანად უნდა იყო. ფერთა გამას რაც შეეხება, ამის შეგრძნება დედამ ჩამომიყალიბა. როცა ჩემს ბავშვობას იხსენებენ, ამბობენ, - სულ გემოვნებით და გამორჩეულად გეცვათ შენც და შენს დასაცო. გემოვნების ჩამოყალიბებაში ჩემმა პედაგოგმა - ია ფიცხელაურმაც დიდი როლი ითამაშა. ადრეულ ასაკში მასწავლა "ფერზე თამაში", ქსოვილზე მუშაობა - რა ქსოვილზე რა უნდა "დასვა". მაგალითად, მძიმე თექის სარჩული შიფონის თხელ ქსოვილზე ხომ წარმოუდგენელია? მე ეს გავაკეთე და სიცილიაში კონკურსზე გავიმარჯვე.

- თბილისის მოდის კვირეულებში რატომ არ მონაწილეობთ?

- ამ შეკითხვას ხშირად მისვამენ. როდესაც დიზაინერები კონკრეტულ მოდის კვირეულში ვმონაწილეობთ, რა თქმა უნდა, რეგისტრაციის საფასურის გადახდა სავსებით ნორმალურია. საფასურში შედის ასისტენტის მომსახურება, სამოსის დაუთოება, მოდელები, კასტინგები, ფოტო და ვიდეომასალა. რა თქმა უნდა, ბილეთი და სასტუმრო ცალკე ხარჯია, მაგრამ გიღირს დიზაინერს, რადგან წამყვან ბაერებს - გადამყიდველებს გახვედრებენ. ასევე, პრესა ყველა დიზაინერის შემოქმედებას ცალ-ცალკე აშუქებს, რაც საქართველოში პირიქით ხდება: აქ ყველაფერი კლანებადაა დაყოფილი. თუ კულუარებში ვინმეს მეგობარი ან საერთო მეგობარი მაინც ხარ, ჩათვალე, მოდელს ტანზე ქსოვილი რომ შემოახვიო, მეორე დღეს ვარსკვლავად იღვიძებ (იცინის). ჩემთვის ეს მიუღებელია. აქ პროფესიონალი არ სჭირდებათ - ნაცნობობაა "სავიზიტო ბარათი". მირჩევნია, მოდის კვირეულში საზღვარგარეთ წელიწადში ერთხელ ვმონაწილეობდე, ვიდრე აქ გადავიხადო თანხა და არაფერი მივიღო. გულწრფელობისთვის მაპატიეთ, მაგრამ იმ თანხით, რაც აქ რეგისტრაციაში უნდა გადავიხადო, მირჩევნია, თუნდაც დახურული, სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის მოვაწყო პერსონალური, გაცნობითი ხასიათის ჩვენება. მით უმეტეს, რომ ჯორჯო არმანის კოსმეტიკური ბრენდის ვიზაჟისტებთან ვმეგობრობ. სონია სანჯიორჯიო საქართველოში ერთხელ უკვე მყავდა მოწვეული.

- თქვენს წარსულ ცხოვრებაში თუ არის ეპიზოდი, რომლის შეცვლასაც ისურვებდით?

- შანსი მქონდა, დედა ვყოფილიყავი, მაგრამ ეს შანსი არ გამოვიყენე. მაშინ პატარა ასაკისაც ვიყავი და ალბათ, პასუხისმგებლობის შემეშინდა. თან, კარიერაზე გავაკეთე არჩევანი... მეორე, რასაც ჩემს წარსულში შევცვლიდი, ისაა, რომ მამასთან, მის დაღუპვამდე პატარა კამათი მომივიდა (როგორც ხდება ხოლმე მამა-შვილს შორის). სამწუხაროდ, მას დაუმსახურებელი საყვედური ვერ ვაპატიე და გავებუტე. ზუსტად გარდაცვალების დღეს, ტელეფონზე შეუჩერებლად მირეკავდა, მე კი მის ზარს არ ვპასუხობდი. 2008 წლის ნოემბერში მამა მოსკოვში დაიღუპა. მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას 5 დღე ველოდით: აგვისტოს ომის გამო, ბუნებრივია, საზღვრები ჩაკეტილი იყო... ჩემს საქციელს საკუთარ თავს ვერ ვპატიობ. რომ შემეძლოს, ცხოვრების ამ ეპიზოდს შევცვლიდი, თუმცა ეს შეუძლებელია...

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- დიდი გეგმები მაქვს. ონლაინრეჟიმში მოდის კრიტიკოსის მასტერკლასები გავიარე. ვფიქრობ, მხოლოდ დიპლომი საკმარისი არ არის - კვალიფიკაცია, ნაშრომები უნდა გქონდეს. ისე არ ხდება, რომ ვიღაცამ სადღაც ისწავლოს და მოდის კრიტიკოსად დაჯდეს. ვინ აღიარა კრიტიკოსად, რა ნაშრომი წარადგინა, რა მიღწევები აქვს - ეს ყველაფერი კონტროლდება... ჰოდა, ფინალში გავედი და სერტიფიკატს ველი. იმედია, მომავალში, საქართველოში მოდის კრიტიკოსის ამპლუაში მომიწვევენ (იცინის)... ჩემი კოლექციის დახურული ჩვენება პრესისა და სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის უნდა მომეწყო, მაგრამ პანდემიამ პარალიზებული გაგვხადა. იმედია, გაისად ყველაფერი კარგად იქნება. მასტერკლასების ჩატარებას ვაპირებ - თურქეთსა და საფრანგეთში, კონტრაქტები უკვე გავაფორმე. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ გაისად საქართველოში ჯორჯო არმანის კოსმეტიკის ბრენდის ვიზაჟისტი ჩამომყავს, რომელიც პროფესიულ მასტერკლასებს ჩაატარებს. გპირდებით, თქვენც მოგიწვევთ (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"