ყველა პატარა ბიჭის "ძმაკაცის" თავგადასავალი - კვირის პალიტრა

ყველა პატარა ბიჭის "ძმაკაცის" თავგადასავალი

"ტომ სოიერის თავგადასავალი"! წიგნი, როგორიც აღარასოდეს დაიწერება იმიტომ, რომ მასში არის: ამერიკა, რომელიც "გათავდა"! ბავშვობა, რომელიც აღარ განმეორდება!

მანამ ამ წერილის წერას შევუდგებოდი, რედაქციაში კოლეგასთან ვსაუბრობდი "50 წიგნის" პროექტზე, შემდეგ, ზოგადად, ლიტერატურაზე გადავედით და ბევრი დავა-კამათი არ დაგვჭირვებია, რომ შევთანხმებულიყავით - ანტიკურ და შუა საუკუნეების ლიტერატურას თუ არ ჩავთვლით, ანუ, ასე, XVII-XVIII საუკუნის შემდეგ, მარკ ტვენი უეჭველად შევა საუკეთესო მწერალთა ხუთეულში. დრო აღარ გვქონდა, რომ საუბარი გაგვეგრძელებინა, თორემ მინიმუმ "საპრიზო სამეულშიც" "შევიყვანდით"...

კაცმა რომ თქვას, ამ ნახევრად ხუმრობაში, ალბათ ის "ნახევარიც" არ არის ხუმრობა - თუ არა და, პირდაპირ ვიკითხავ: აბა თქვით, ვინ არის მარკ ტვენზე უკეთესი მწერალი?!

ჩაფიქრდით, ხომ? ბევრი რომ იფიქროთ, იქნებ, მაინც ჩამოთვალოთ (თუმცა, ეჭვითა და ყოყმანით) ათიოდე ან ცოტა მეტი მწერალი, მაგრამ, მგონი, მაინც გაგიჭირდებათ...

მაშ ასე - მარკ ტვენი და "ტომ სოიერის თავგადასავალი"! წიგნი, როგორიც აღარასოდეს დაიწერება იმიტომ, რომ მასში არის:

ამერიკა, რომელიც "გათავდა"! ბავშვობა, რომელიც აღარ განმეორდება! ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი, რომლებთან "ძმაკაცობაზეც" ყველა ნორმალური ბიჭი იოცნებებს, მაგრამ აღარ არიან!..

ჰოდა, რა იყო ნეტავ ეს, - ავტორის უსაზღვრო ნიჭიერების გამოვლინება? ის, რომ მარკ ტვენი "ხუთეულში" შევიყვანეთ მე და ჩემმა კოლეგამ? ალბათ, ესეც, მაგრამ არა მხოლოდ ეს - მარკ ტვენმა, ესოდენ წარმატებული "ტომ სოიერის თავგადასავლისა" და "ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის" შემდეგ ხომ დაწერა "ჰეკი და ტომი ინდიელებს შორის", "ტომ სოიერი - დეტექტივი", "ტომ სოიერი საზღვარგარეთ", "ტომ სოიერის შეთქმულება"... ყველამ შეიძლება არც იცით ეს ნაწარმოებები და, მკრეხელობად ნურავინ ჩამითვლის, მაგრამ, სხვათა შორის, ბევრიც არაფერი დაგიკარგავთ.

მაშ, რაშია საიდუმლო - შედევრების შემდეგ ნიჭი "შემოაკლდა" ავტორს? ვფიქრობ, აქ პასუხის გაცემა უადვილესია: "ტომ სოიერის თავგადასავალში" და "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალში" მარკ ტვენი საკუთარი თვალით ნანახსა და განცდილს წერდა, მას თავადაც ზუსტად ისე უსჯიდნენ მესრის შეთეთრებას, როგორც ტომს და თვითონაც ზუსტად ისევე ეწეოდა მოპარულ თამბაქოს, როგორ ჰეკი; ის "პირადად იცნობდა" დეიდა პოლისაც, მოსამართლესაც, ლოთ მეფ პოტერსაც და, ცხადია, ბეკი ტეთჩერიც მისი შეყვარებული იყო; სამაგიეროდ, მას არასოდეს უნახავს ტომ სოიერი საზღვარგარეთ ან ინდიელებს შორის. საინტერესო სიმართლე კი ყოველთვის სჯობს საინტერესო გამონაგონს. მით უმეტეს, თუკი მას გენიალური მთხრობელი ჰყვება...

სიმართლე კი, სიმართლე მისი ცხოვრების (ყოველ შემთხვევაში მისი ბავშვობის) შესახებ, მართლაც ამ წიგნშია - ყველა და ყველაფერი აქ არის, ჩვენ კი შეგვიძლია, ახლავე წავიკითხოთ ყველაფერი, საიდანაც მარკ ტვენმა "ტომ სოიერის" თავგადასავალი "გადაწერა":

1835 წლის 10 ნოემბერს პატარა ქალაქ ფლორიდაში დაიბადა, ოღონდ ამ ქალაქს არაფერი ჰქონდა საერთო ფლორიდის შტატთან - "ყვავილების ქვეყანასთან", ის იქიდან ძალიან შორს, მისურის შტატში მდებარეობდა...

თუმცა, მეტაფორა რომ ვიხმაროთ, მისი ბიოგრაფია მის დაბადებამდე დაიწყო: მამამისის გაკოტრების გამო ფერმერობას, უკეთეს შემთხვევაში - პლანტატორობას გადაურჩა, რადგან რომ არა  XIX საუკუნის 30-იანი წლების ფინანსური კრიზისი, მამამისი ჯონ კლემენსი მაშინ ჯერ კიდევ მიყრუებული ტენესის შტატის კიდევ უფრო მიყრუებული და ველური კუთხის 100 ათას აკრზე (ეს 40 ათას ჰექტარზე მეტია!) გადაჭიმული ველების, ტყეებისა და წყალსატევების მფლობელად დარჩებოდა და მისი ვაჟებიც, ალბათ, ჯერ კარგი კოვბოები და შემდეგ მდიდარი პლანტატორები გახდებოდნენ და მარკ ტვენის (რაღა მარკ ტვენის, მაშინ ხომ მხოლოდ სემუელ კლემენსად დარჩებოდა) "მწერლობაც" მამულის ანგარიშების შედგენით შემოიფარგლებოდა...

მაშ, ასე, ჯონ კლემენსმა მიწა ვერც მოიხმარა, ვერც გაყიდა, ოჯახიანად აიყარა და ქალაქს მიაშურა. როგორც ვთქვით, სწორედ იქ დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი. თუმცა არც ფლორიდაში გაუმართლა. უფრო სწორად, როგორც მარკ ტვენი თავის ბიოგრაფიაში წერს: "იქ მამაჩემს მხოლოდ ჩემს დაბადებაში გაუმართლა" და იქიდანაც წავიდნენ. წავიდნენ და მისისიპის ნაპირზე მდებარე ქალაქ ჰანიბალში დასახლდნენ. სემი - მომავალი მწერალი, მაშინ მხოლოდ 4 წლისა იყო და, ცხადია, ჰანიბალმა სამუდამოდ დაიმკვიდრა მარკ ტვენის მშობლიური ქალაქის სახელი.

როგორც ყოველთვის, გაზეთში არც ახლა გვაქვს იმის ადგილი, რომ მარკ ტვენის ბიოგრაფიის დეტალებზე ვისაუბროთ, მაგრამ ის კი აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ როგორც დიდი ამერიკელი მწერლების უმრავლესობამ, მანაც ჟურნალისტობით დაიწყო, თუმცა წერა მას "გვერდით შემოსავლად" სჭირდებოდა, რადგან სამდინარო ნაოსნობაზე ოცნებობდა - ორი წელი იცურა კიდეც, მაგრამ როდესაც საბოლოოდ გადაწყვიტა მწერლობა, ბავშვობისა და სიჭაბუკის ოცნებას ხარკი იმით გადაუხადა, რომ სემუელ ლენგჰორნ კლემენსი მარკ ტვენად იქცა, მარკ ტვენი კი სამდინარო ნაოსნობაში ძალზე ორიგინალური ტერმინი იყო: BY  THE  MAAA-ARK, TWAIN! - ასეთი საგანგაშო შეძახილი ისმოდა გემზე, როდესაც სიღრმის გაზომვისას, მანძილი გემის ძირსა და მდინარის ფსკერს შორის სახიფათო - ორფუტიან ნიშნულს გასცდებოდა...

...აღარც მარკ ტვენის სხვა წიგნებზე ვისაუბრებ და აღარც იმაზე, რომ ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ მისი ვეებერთელა ავტობიოგრაფიის იმ ნაწილს, რომლის გამომზეურებაც გარდაცვალებიდან 100 წლის მერე დაიბარა ანდერძად (100 წელი კი  შარშან შესრულდა). მხოლოდ ისევ "ტომ სოიერის" ცხოვრებისეულ სინამდვილეზე ვიტყვი: დეიდა პოლი - მარკ ტვენის დედა, ჯეინ კლემენსი,  ღრმა სიბერემდე შვილის საუკეთესო მეგობარი იყო; ჰანიბალი - ის პატარა ამერიკული სანკტ-პეტერბურგია; ტომის მეზობლის მონა ზანგი - კლემენსების მონა ზანგი სენდია; ბიძამისის ფერმა "ჰეკლბერი ფინის თავგადასავლიდან" მართლა ბიძამისის ფერმაა; ტომის მომაბეზრებელი სკოლა და მასწავლებლებიც ნამდვილია, რომელზეც ბიოგრაფიაში წერს: "ყოველთვის ვცდილობდი, რომ სკოლაში მეცადინეობას ხელი არ შეეშალა განათლებაში!"... ჰოდა, მისი ბიოგრაფიაც ეს არის, ყოველ შემთხვევაში, მისი ცხოვრების მთავარი პერიოდი...

ჰო, დიდხანს იცოცხლა, ძალიან ბევრი რამ დაწერა, ძალიან ბევრი ფული იშოვა. ერთ ლექციაში იმაზე მეტს უხდიდნენ, ვიდრე სხვას მთელ რომანში, მაგრამ ის მაინც ტომ სოიერის ავტორად დარჩა.

ადრე ჟურნალ "გზაში" ვწერდით  და თქვენის ნებართვით, გავიმეორებ: ას წელზე მეტი გავიდა, ბევრჯერ ასი კიდევ გაივლის და ჩვენი შთამომავლები, როგორი ტექნოლოგიური მიღწევებითაც უნდა სარგებლობდნენ, მაინც ამ პატარა ბიჭების თავგადასავლებიდან ისწავლიან მეგობრობას, ურთიერთგატანას, სიმამაცესა და სიყვარულს...