"აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია საგანგაშოა" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია საგანგაშოა"

მდგომარეობის გარკვეულწილად დასტაბილურების შემდეგ, კვლავ შეინიშნება კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ზრდა, სიტუაცია საგანგაშოა, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ე.წ. ოპერატიული შტაბის სხდომაზე განაცხადა.

სხდომას "ჯანდაცვის მინისტრი" ედუარდ ბუთბაც ესწრებოდა, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ რეგიონში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია.

"ბოლო დროს ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს. 12 დეკემბერს დღიური დაინფიცირების ანტირეკორდი - 235 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოვლენილი შემთხვევების დაახლოებით 85-90% "დელტა" ვარიანტზე მოდის,"- აღნიშნა ე.წ. "მინისტრმა".

მისივე თქმით, იზრდება ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა და საავადმყოფოებში კოვიდ განყოფილებები გადავსებულია. ასევე მატულობს დაავადების გართულების შემთხვევები.

ცნობისათვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დღემდე, საერთო ჯამში, 29 496 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან ვირუსს 430 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.