რა ქონებას ფლობს მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ქალი ლიზა იასკო? - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ქალი ლიზა იასკო?

არავისთვის არაა დამალული, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ქალბატონების შუაგულში ტრიალებდა, ან პირიქით, ქალები ტრიალებდნენ მის ირგვლივ და ბუზივით ეხვეოდნენ. ასე იყო საქართველოში, მისი პრეზიდენტობის დროს (მიუხედავად იმისა, რომ მას კანონიერი მეუღლე ჰყავდა, გვერდზეც ხშირად იხედებოდა ხოლმე), იგივე მეორდება უკრაინაშიც; ჯერ ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე ქალები კიევიდან და მოსკოვიდან "გამოიწერა“, შემდეგ კი - უკვე კიევში, პოლიტიკურ ელიტაში მიიხედ-მოიხედა და მის მზერაში მოექცა ახალგაზრდა დეპუტატი ელიზავეტა (ლიზა) იასკო.

ლიზა იასკო 1990 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა კიევში. ლიზას მამა ალექსი ანდრეევიჩი ცნობილი უკრაინელი მევიოლინეა, ეროვნული ანსამბლის "კიევის კამერატას“ დირექტორი, უკრაინის სახალხო არტისტი და მრავალი პრემიის ლაურეატი. საინტერესოა, რომ ლიზას დედის შესახებ მასალები თითქმის არ მოიპოვება, დედის ვინაობა არცერთ მის ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული არ არის. შემთხვევითია თუ არა ეს, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტში ცნობები მისი დედ-მამის შესახებ ძალიან მწირია. გარდა ამისა, უცნობია, ჰყავს თუ არა და-ძმები.

საინტერესოა, რომ 2019 წელს უკრაინული მედია ლიზა იასკოს მამას ადანაშაულებდა რუსეთთან კავშირში და წერდა, რომ ის არის დამფუძნებელი ფონდისა: "რუსული მუსიკა და კულტურა". ამ თემაზე დასმულ შეკითხვას დეპუტატმა უპასუხა, - ეს ფონდი მამამისმა დააარსა 2008 წელს, როდესაც უკრაინაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი ყირიმის ანექსიას მოახდენდაო...

ლიზას კარგი მუსიკალური განათლება აქვს მიღებული და საკმაოდ კარგადაც მღერის, რისი ამსახველი არაერთი ვიდეოჩანაწერი იძებნება.

ლიზა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა, რომელიც პოლიტოლოგის მაგისტრის წოდებით დაასრულა. ბევრმა არ იცის, რომ იგი მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც სწავლობდა ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამით - 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით.

შემდეგ ლიზამ სწავლის გაგრძელება დასავლეთშიც მოისურვა და ბედი ერთდროულად მსოფლიოში ცნობილ სამ უმაღლეს სასწავლებელში სცადა - დოკუმენტები გაგზავნა კემბრიჯში, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში და ოქსფორდში. საბოლოოდ ოქსფორდი აირჩია - მისი პრიორიტეტი იყო მაღალი დონის ცოდნის მიღება. სწავლა, რა თქმა უნდა, ოქსფორდში იაფი არ იყო (80 ათასი დოლარი წელიწადში), მაგრამ ლიზას ეს ნაკლებად ადარდებდა - ოქსფორდის უნივერსიტეტში პირველი უკრაინელი ქალიშვილის სწავლას უკრაინელი მილიარდერისა და ფილანტროპის ვიქტორ პინჩუკის ფონდი აფინანსებდა.

მოკლედ, ლიზას მშვენიერი პორტფოლიო აქვს - იგი ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლისას აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ ყველა ახალგაზრდულ ღონისძიებებში. 2013 წლის ნოემბერში ლიზა იასკომ ოქსფორდში თვითონ ჩამოაყალიბა იმ სტუდენტთა ჯგუფი, რომლებსაც უკრაინისადმი დახმარების გაწევა სურდათ. სწორედ იმ დროს გამოავლინა მან კარგი ორგანიზატორული თვისებები.

ლიზა მონაწილეობდა "მაიდნის“ მოვლენებშიც - პოპულარული გახდა ფოტოსურათი, როცა სახალხო გამოსვლების დროს იგი მოედანზე, სცენაზე დადგმულ ფორტეპიანოზე უკრავდა.

"ხალხის მსახურის" პარტიაში იგი 2019 წელს მოხვდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი და დედამისი პირადად 2020 წელს გაიცნო.

ლიზა იასკო ამჟამად უკრაინის პარლამენტის აქტიური დეპუტატია, არის მრავალი ჯგუფისა და კომისიის წევრი, 2019 წლის 17 სექტემბრიდან 2021 წლის 11 იანვრამდე იყო უკრაინის მუდმივი დელეგაციის თავმჯდომარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

რადგანაც იგი განათლებული და აქტიური ადამიანია, შესაბამისად, ხშირად გამოდის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, წერს სტატიებსაც. მაგალითად, ცნობილია მისი პუბლიკაცია აშშ-ის "ატლანტური საბჭოს“ (Atlantic Council) ვებგვერდზე, 2021 წლის 11 მაისით დათარიღებული, სათაურით: "ვლადიმერ პუტინის შეკავების ერთადერთი გზა უკრაინის შეიარაღებაა“. ახალგაზრდა დეპუტატი ლიზა ამერიკას მოუწოდებს, რომ უკრაინას მეტი იარაღი მისცეს რუსეთთან "თავდაცვითი ომის“ საწარმოებლად. მისი აზრით, რუსეთს - როგორც აგრესორ ქვეყანას - უკრაინისათვის მთელი სამხრეთის წართმევა შეუძლია.

ელექტრონული დეკლარაცია შემოსავლების თაობაზე ლიზა იასკომ 2021 წლის 7 აპრილს წარადგინა.

მასში დეპუტატმა მიუთითა, რომ დარეგისტრირებულია კიევის ოლქის ქალაქ ვორზელში, მაგრამ დედაქალაქში ცხოვრობს. ვორზელში სახალხო დეპუტატს აქვს 38,8 კვ.მეტრის ფართობის ბინა, რომელიც 145 455 გრივნად არის შეფასებული. კიევში ლიზას ასევე დაქირავებული აქვს 147 კვადრატული მეტრის ბინა. სხვათა შორის, ბინა ეკუთვნის გრიგორი სმიტიუკს, რომლის სახელი, გვარი და მამის სახელი მთლიანად ემთხვევა ვერხოვნა რადას მე-5 და მე-6 მოწვევის ყოფილი დეპუტატის, რეგიონების პარტიის წარმომადგენლის სახელს. ეს ადამიანი ცნობილია იმით, რომ 2013 წლის 15 დეკემბრის სახელისუფლებო მიტინგზე მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ უკრაინისთვის დახმარება გაეწია. ჯერჯერობით დაუდგენელია "ხალხის მსახურის“ ლიზა იასკოს რაიმე კავშირი ბინის მფლობელ "ოპოზიციონერთან“.

როგორც დეკლარაციაშია ნაჩვენები, ლიზა იასკოს საკუთრებაში აქვს ავტომობილი SUZUKI VITARA, 470 ათას გრივნად შეფასებული. "ვერხოვნა რადაში" ერთი წლის მუშაობის განმავლობაში ლიზა იასკომ ხელფასის სახით 477 808 გრივნა აიღო, კიდევ 504 480 გრივნა - დეპუტატის უფლებამოსილების შესრულებისთვის, ხოლო 90 ათასი გრივნა - "უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის“.

ლიზა იასკოს ნარღდი ფულის სახით დეკლარაციის შევსებისას ჰქონდა 5 ათას დოლარი, 2660 ევრო და 40 ათას გრივნა. აქვს რამდენიმე ანგარიში უკრაინის "პრივატბანკში“, რომლებზეც იმჟამად ერიცხებოდა: 40 557 გრივნა, 1414 ევრო და 4109 დოლარი. აღებული აქვს კრედიტი 2 მილიონ 23 ათასი გრივნის ოდენობით.

იხილეთ ფოტოგალერეა