"ჩემს ცრემლს ვე­ღარ გა­ვა­ჩე­რებ. დამ­რჩა ერთი ბიჭი და ეგ მაძ­ლევს სტი­მულს" - რას ჰყვება რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმის ტრაგედიისას ოჯახის 4 წევრი დაკარგა - კვირის პალიტრა

"ჩემს ცრემლს ვე­ღარ გა­ვა­ჩე­რებ. დამ­რჩა ერთი ბიჭი და ეგ მაძ­ლევს სტი­მულს" - რას ჰყვება რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმის ტრაგედიისას ოჯახის 4 წევრი დაკარგა

რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმის ტრაგედიის დროს ოჯახის 4 წევრი დაკარგა, მომხდარს იხსენებს. ამბობს, რომ იმ დღეს მახინჯაურში იმყოფებოდა, როდესაც მეზობელმა დაურეკა და ნგრევის შესახებ უთხრა.

"დილას გამოვედი, ინგამ ბავშვს ჩააცვა, წაიყვანა ბაღში, მოვიდა ინგა და შემდეგ მე წავედი საქმეზე. 12-ის წუთებზე დამირეკეს, რომ რაღაც მოხდაო. დავურეკე, ინგას, ჩემს ძმას და ბავშვს და არავინ იღებდა ყურმილს. ვიყავი მახინჯაურში და როგორ ჩამოვედი არც მახსოვს.

ჩემზე მეტი ბედნიერი ადამიანი არ მეგონა. ალბათ ასეთია ღვთის ნება და ასეთია განგება. დამენგრა ცხოვრება. ჩემს ცრემლს ვეღარ გავაჩერებ. დამრჩა ერთი ბიჭი და ეგ მაძლევს სტიმულს" - ამბობს დავლაძე.

რაც შეეხება პირველ სართულზე მიმდინარე მშენებლობას, დავლაძის თქმით, ის პირველ ოქტომბერს იმყოფებოდა ადგილზე, თუმცა კითხვის ნიშნები არ გასჩენია, რაიმე საფრთხესთან დაკავშირებით.

როგორც მედიასთან საუბარში ამბობს, მზიდი კედლები მაშინ ადგილზე იყო.

"ქვემოთ აკეთებდნენ რაღაცას, უკაკუნებდნენ, მაგრამ მე კარგა ხანს არ მქონდა ნანახი. არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო. დაველოდოთ გამოძიებას. მე ვიყავი პირველ რიცხვში იქ და ვუთხარი მუშებს, რომ მზიდი კედლებია და ამას ხელი არ მოკიდოთთქო. მე რომ შევედი ოროთახიან ბინაში, დიდი სივრცე იყო, არც კედელი ჰქონდა და არაფერი.

თუმცა იქ რაღაც დანგრეული, რასაც კითხვის ნიშნები შეიძლებოდა გამოეწვია, არ იყო. მზიდი კედლები ადგილზე იყო. ეს გეუბნებით პირველ რიცხვში. კითხვები მეც მაქვს, ოჯახი გამინადგურდა, გავღატაკდი. თუმცა არავის ცილს არ ვწამებ. შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ და იმის მიხედვით ნათელი უნდა იყოს ყველაფერი" - აღნიშნა დავლაძემ.

შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნგრევისას 9 ადამიანი გარდაიცვალა. რამაზ დავლაძემ ტრაგედიის დროს 2 მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და ძმა დაკარგა.

Ambebi.ge