"წარმოდგენაც არ მინდა, თბილისში 4-5-ბალიანი მიწისძვრა რას დაატრიალებს..." - კვირის პალიტრა

"წარმოდგენაც არ მინდა, თბილისში 4-5-ბალიანი მიწისძვრა რას დაატრიალებს..."

"საქართველოს დიდ ქალაქებში კატასტროფული მდგომარეობაა, ხალხი დენთის კასრზე ცხოვრობს, დროის ამბავია ვინ როდის აფეთქდება", - ამბობს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი და დასძენს, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ექსპლუატაციაგასულ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს. ავარიული შენობები უახლოეს მომავალში ნგრევას დაიწყებს, 4 ან 5-ბალიანი მიწისძვრა კი ქალაქს მიწასთან გაასწორებს. ვინ არის პასუხისმგებელი ამ სახიფათო რეალობაზე და სად არის გამოსავალი, ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" ირაკლი როსტომაშვილი ესაუბრება:

- თბილისსა და ბათუმში სამშენებლო ფონდი სამ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში შედის XVIII-ის მიწურულსა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში აგებული ისტორიული შენობები; მეორე ნაწილი შედგება ადრე საბჭოთა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ და 80-იანი წლების ბოლომდე აშენებული შენობებისგან; მესამეა 90-იანი წლებიდან დაწყებული დეველოპერული კომპანიების აშენებული კორპუსები.

ისტორიული შენობები უკიდურესად დაზიანებულია. თუმცა მიზეზი მხოლოდ სიძველე არ არის, ხალხის დაუდევრობამაც გავლენა იქონია. თბილისის ძველ უბნებში: სოლოლაკში, ვერაზე, მთაწმინდაზე, ჩუღურეთში ძირითადად მდიდრების ორ-სამსართულიანი სახლები იდგა. როგორც იცით, რევოლუციის შემდეგ ისინი განაკულაკეს და თითო ოჯახისთვის განკუთვნილ სახლებში 12-დან 18-მდე ოჯახი მაინც შეასახლეს. ამ ოჯახებმა თვითნებურად, ქაოსურად გადააკეთეს ოთახები, ინდივიდუალურად მოიწყვეს სველი წერტილები. არაერთი სახლის ხის გადახურვაზე ბეტონია დასხმული და სველი წერტილია. ამან არა მარტო სახე შეუცვალა ისტორიულ შენობებს, ხარისხობრივადაც დააზიანა.

საბჭოთა პერიოდში საქართველოში ძალზე უხარისხო მშენებლობა მიმდინარეობდა. ჩვეულებრივი ამბავი იყო სამშენებლო მასალების დატაცება.

- ესე იგი, გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ახალ კორპუსებში ცხოვრებას ისევ კომუნისტების აშენებული სჯობს, სიმართლეს არ შეესაბამება? - რას ამბობთ, ეს იგივეა "მოსკვიჩი" და "მერსედესი" რომ შეადაროთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 1992 წლამდე მშენებლობის სხვა სტანდარტი და ნორმა იყო - სეისმიკა 7 ბალზე ანგარიშდებოდა. სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ თბილისში საანგარიშო მაჩვენებელი 8 ბალი გახდა.

1992 წლამდე აშენებული კორპუსები ძალიან ხარისხიანადაც რომ იყოს ნაგები, არანაირი ბზარი, მიშენება ან მოშენება არ ჰქონდეს, მაინც ავარიულად ითვლება, რადგან თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგმა ბუხრის მილი აიყვანა, ზოგმა კედლები გამოანგრია და ზოგმაც ლოჯიები მოაშენა, შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. ზოგან ლიფტის შახტები და კიბის უჯრედებიც ამოშენებულია.

ახალაშენებულ კორპუსებზე ამას ვერ ვიტყვით, რადგან ძირითადად რკინა-ბეტონის კარკასით არის ნაშენი, ანუ ერთი მთლიანი ჩონჩხია. ასეთი შენობის ჩამონგრევა გამორიცხულია.

- მაგრამ ასეთი ფაქტები ცნობილია. სოციალურ ქსელში გადაყირავებული კორპუსიც გვინახავს. - 1%-იანი შანსიც არ არსებობს იმისა, რომ რკინა-ბეტონის კარკასით აშენებული კორპუსი ჩამოინგრეს, შეიძლება გადაყირავდეს, თუ საძირკველი უხარისხოდ არის ჩაყრილი. ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება სინკარებით აშენებულ კორპუსებს. ბათუმში სწორედ ასეთი ფილებით ნაშენი სახლი დაინგრა.

კომუნისტების დროს აშენებულ სახლებში კიდევ ერთი დიდი პრობლემაა - ლიფტები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა 1995-1996-2000 წლებში ამოეწურა. როგორც მანქანას სჭირდება ზეთის გამოცვლა, ასევე სჭირდება ლიფტის ძრავასაც შეკეთება.

- გამოსავალი რაშია? - ერთი შეხედვით ჩანს, რომ კორპუსი ავარიულია, მაგრამ მაინც პასპორტიზაცია და შესწავლა სჭირდება. 20 წელია ამას ვამბობ, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს.

- კორპუსში, სადაც მე ვცხოვრობ, თითქმის ყოველ წელს რემონტდება ესა თუ ის ბინა, ტომრებით გააქვთ ნანგრევები. ზოგიერთმა კედლებიც მოშალა და ოთახების წყობა შეცვალა. ასეთი ფაქტები ცხადყოფს, რომ საზოგადოების ცნობიერებაშია პრობლემა. - რა თქმა უნდა. ასეთ ფაქტს რომ შეესწრებით, აუცილებლად უნდა დარეკოთ ზედამხედველობის სამსახურში. სხვა გამოსავალი არ არსებობს.

- დიახ, მაგრამ ამას არავინ აკეთებს. - სწორედ ეს არის პრობლემა, რომ არავინ არაფერს აკეთებს, არავინ არაფერში ერევა. ყველას უნდა "კარგი ტიპი" იყოს, ამასობაში კი ქვეყანა თავზე გვექცევა. ხმა არავინ ამოიღო და დაინგრა ბათუმში სახლი, ბავშვები დაიხოცნენ! როდესაც უპასუხისმგებლო ადამიანი ბინაში კედელს ანგრევს და მეზობელი ხმას არ იღებს იმიტომ, რომ არ უნდა ინტრიგანი დაერქვას, სად არის აქ ლოგიკა?! რა უნდა ქნას ზედამხედველობის სამსახურმა, სათითაოდ შევარდეს ოჯახებში და ოთახები ათვალიეროს?!

ზოგი მერიას სთხოვს სახლების გარემონტებას. მე რომ მანქანა დამიძველდება, მერიას ვთხოვო მისი გარემონტება ან ახლის ყიდვა?! ეს სახლები უკვე მობინადრეთა კერძო საკუთრებაა. ბინებს რომ ყიდიან, მერიას აძლევენ წილს? დამთავრდა საბჭოთა დრო, მთავრობას აღარ უნდა ვუყუროთ ხელებში. საბჭოთა დროს, ბინას ვერ გაყიდდი, სახელმწიფოს საკუთრება იყო და ის უვლიდა კიდეც. ახლა შენია და შენ უნდა მოუარო. ყველამ თავის ქონებას მიხედოს!

- რა საფრთხის წინაშე დგას ახლა დიდი ქალაქების მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ვადაგასულ და ამორტიზირებულ კორპუსებში ცხოვრობს? - საფრთხე წარმოუდგენლად დიდია. კაცმა არ იცის, როდის იქნება მიწისძვრა. ჩვეულებრივ, 4,5-ბალიან მიწისძვრაზე კარგად ნაშენი ქალაქები ოდნავ შექანდებიან და ეგ იქნება. წარმოდგენაც არ მინდა, თბილისში 4-5-ბალიანი მიწისძვრა რას დაატრიალებს.

- თბილისში არის ასევე 5-სართულიანი "ხრუშჩოვკები", რომლებსაც სამი და ოთხი სართული აქვთ დაშენებული. მიშენებულ ლოჯიებზე აღარაფერს ვამბობ. - დიახ, ასეთი პრობლემაც დგას. საარჩევნო ხმების გამო ხან "რაც შენია შენია" პროგრამა მოიგონეს, ხან სამშენებლო ამნისტია გამოაცხადეს... ხალხმა იცის, თუ მოასწრებს და რაღაცას მიაშენებს, წინასაარჩევნოდ აღარავინ ედავება. ჩემს უფლებამოსილებაში რომ შედიოდეს, სულ ცოტა, 50 კორპუსს დღესვე მივაყენებდი მძიმე ტექნიკას და დემონტაჟს დავიწყებდი. მე, როგორც სპეციალისტი, ვამბობ, რომ ეს ლოჯიები უახლოეს 10 წელიწადში დაინგრევა. დღეს მე ყურს არავინ მათხოვებს, ხვალ-ზეგ ნგრევა რომ დაიწყება, მერე დაიწყებენ ვაი-ვიშს.

გუშინ ბათუმში დატრიალდა ტრაგედია, ორი წლის წინ ბახტრიონზე ჩამოინგრა, მანამდე ნაძალადევში. მალე თვეში ერთხელ დაინგრევა, მერე კვირაში ერთხელ და ა.შ. ეს ლოჯიები ძირითადად მათ მიაშენეს, ვინც 90-იან წლებში კოლმეურნეობების დაშლის შემდეგ ულუკმაპუროდ დარჩნენ და ქალაქში სამსახურის საშოვნელად წამოვიდნენ. "ჩემმა მეზობელმა სვარკა იცის", - აი, ამ დონეზე შენდებოდა ლოჯიები. არადა, შედუღების კვანძები ყველაზე მოწყვლადია - ერთიც რომ დაიშალოს, მთელი სახლი კარტივით ჩამოიშლება. პრობლემას ისიც ართულებს, რომ 30-35 წელია გასული. კორპუსების რკინის კონსტრუქციები უკვე იჟანგება.

- ესე იგი, დენთის კასრზე ვცხოვრობთ. - სწორედაც, მაგრამ ამას რომ ვამბობ, ყველა მლანძღავს, ჰგონიათ, ძალიან მაგარ სახლებში ცხოვრობენ.

- თქვენ სად ცხოვრობთ? - მე თავად ავიშენე სახლი.

- თქვენ ამბობთ, რომ ახალი კორპუსები უფრო საიმედოა, მაგრამ თავად ტერიტორია რამდენად სწორად არის შერჩეული მშენებლობისთვის? - ეს ცალკე პრობლემაა. მაგალითად ზემელზე, გაბაანთხევზე ააშენეს კორპუსები.

მთავარი არქიტექტორი რომ ვიყავი, ჩემმა კურსელმა ხუთჯერ შემომიტანა პროექტი დასამტკიცებლად. ხუთჯერვე უარი ვუთხარი. ახლა მისცეს ნებართვა. ამ ხევის უკან 2000 წელს მეწყერი ჩამოწვა და ავტოგასამართი სადგური მიწაში ჩაიტანა. ორი კაცი უკვალოდ დაიკარგა.

- ბათუმის სანაპირო ზოლთან მიმდინარე მშენებლობაზე რას იტყვით? - იქ არანაირი პრობლემა არ არსებობს. ბათუმს შესანიშნავი გეოლოგია აქვს, სეისმიკაც ძალიან კარგია. ეს კორპუსები ბევრ შენობა-ნაგებობას მოინელებს. ერთია ვიზუალური მხარე, მაგრამ ხარისხს წუნს ნამდვილად ვერ დავდებთ.

ხათუნა ბახტურიძე