"აქედან ვიბრძოლებ, რომ მიშას თუ სხვას, ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელს, ქვეყანა არ ავარევინო" - კვირის პალიტრა

"აქედან ვიბრძოლებ, რომ მიშას თუ სხვას, ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელს, ქვეყანა არ ავარევინო"

საქართველოს ყველაზე ტკივილიანმა ნაწილმა, ემიგრანტებმა, მართლაც თავგანწირვის ფასად გადაარჩინეს ოჯახები და ქვეყანა. ამიტომ ბუნებრივია, სამშობლოში განვითარებული მოვლენები ზოგჯერ მათზე უფრო მძაფრად მოქმედებს, ვიდრე ჩვენზე, ვისაც სამშობლო არ დაგვიტოვებია, მაგრამ ქვეყნის სიმშვიდესა და კეთილდღეობას ვერ ვეღირსეთ. ამის გამო, ცხადია, ემიგრანტების დაბრუნებაც ფერხდება. ბევრ მათგანს შვილები წლების განმავლობაში არ უნახავს, თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებამ, ზოგიერთ ემიგრანტს დაუყოვნებლივ გადააწყვეტინა სამშობლოში დაბრუნება და ექსპრეზიდენტის მხარდაჭერა. ემიგრანტების ნაწილისთვის კი სააკაშვილი და მისი რეჟიმი მიუღებელია... ამ და სხვა მოვლენებთან დაკავშირებით იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტს, ნიაზ ბლიაძეს ვესაუბრეთ.

- დიდი დაკვირვება არ უნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ემიგრანტების უმძაფრეს რეაქციას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი მძიმე სამუშაოს გამო სახლიდან ვერც გამოდის, მათი აღშფოთება ჩვენამდე მაინც აღწევს.

- წლებს მძიმე მუშაობაში რომ ვატარებთ, სხვების შვილებს და დედ-მამას რომ ვუვლით და საკუთარი მიტოვებული გვყავს, სულს რომ კბილით ვიჭერთ სამშობლოში დაბრუნებამდე, იმიტომაც გვაქვს ასეთი რეაქცია ყველაფერზე.

წლები გადის. ეს წლები ჩვენ გვაკლდება, სულ უფრო ნაკლები შანსი გვრჩება სამშობლოში, ოჯახთან ყოფნის ბედნიერების, ქვეყანა კი სულ არეულია. რომ გვგონია, აგერ, ახლა დალაგდება და დაბრუნება გვეღირსებაო, მაშინ ატყდება მიტინგები და უბედურება. როდისღა უნდა გავიხაროთ ან ჩვენ, ან მანდ დარჩენილმა ჩვენმა ოჯახებმა? რისთვის გადავიტანეთ ამდენი ტანჯვა-წამება, თუ საშველი არ იქნებოდა?! როდისღა? ამ კითხვაზე პასუხი არსებობს?!

- მე ამ კითხვის პასუხი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ქვეყანაში დარჩენილებიც რომ ქვეყნის დალაგებას ვერ ვეღირსეთ, ცხადია. პირიქით, უფრო და უფრო მეტი ხალხი მიდის უცხოეთში სამუშაოდ. - სირცხვილი საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებას: მიშასაც და ბიძინასაც! ხალხის ბრალი არ არის, ქვეყნის დალაგებას რომ ვერ ვეღირსეთ. ხალხმა რა ქნას?! ფულიც და ძალაუფლებაც ხელისუფლების ხელშია და როგორც საჭიროა, როგორც სხვა ქვეყნებში აკეთებენ, საქმით მიხედოს ამ ბაკქანალიას და არა - წინა ხელისუფლების ლანძღვითა და ლაქლაქით.

მიშა სააკაშვილმა ქვეყანას რაც დამართა, უმრავლესობამ ისედაც ვიცით, ამიტომაც სწორედ შესაფერის ადგილას არის - საპყრობილეში. ემიგრატების უდიდესი ნაწილი სწორედ მაგის დროს გამოვიქეცით ქვეყნიდან, სამაჩაბლოელები სწორედ მაგის გამო ვხეხავთ ახლა სხვის ტუალეტებს. დანარჩენები ბიძინას ხელისუფლებამ გამოგვყარა უსახსრობითა და ულუკმაპურობით. მიშას ლანძღვა დაანაყრებს ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომლებსაც პური ისე გაუძვირეს, ვეღარც იყიდიდნენ, იტალიიდან ფულს რომ არ ვუგზავნიდე?! სხვებმა რა ქნან, მაღაზიებში რომ შედიან და ცარიელი ხელებით გამოდიან აცრემლებულები?! იცით, რამდენჯერ დამიპირებია ხმამაღლა ვიყვირო, აქ ჩემთვის, ოთხ კედელში გამოკეტილმა, ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო-მეთქი?!

ეგებ, გული მაინც მოვიოხო, მაგრამ ხმის ამოღებას რომ დავაპირებ, ყელში ბურთი მეჩხირება და ხმა მიწყდება, იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა, ტკივილამდე მიყვარს. მის დაწყნარება-დალაგებას ყოველდღე ყელში ბურთგაჩრილი ველი. ამიტომაც აქედან ვიბრძოლებ, რომ მიშას თუ სხვას, ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელს, ქვეყანა არ ავარევინო.

- მაგრამ არაერთი ემიგრანტი გამოთქვამს სააკაშვილის მხარდასაჭერად დაბრუნებისა და აქციებში მონაწილეობის სურვილს. - არ ვიცი, გაუგებარია. მხოლოდ ის არის გასაგები, რომ ამ ხელისუფლებამ საკუთარი უნიათობით მიგვიყვანა აქამდე. მიშაც და გრიშაც დანაშაულისთვის უნდა დასაჯონ, ქვეყანა დაამშვიდონ, ჩვენ კი შინ დაბრუნების საშუალება მოგვცენ.

ემიგრანტებს კი ვეტყვი: ხალხო, რა გემიშავებათ, ან რა გებიძინებათ, როდესაც თქვენი შვილები და შვილიშვილები უთქვენოდ იზრდებიან, როდესაც თქვენ სხვისი ტუალეტის ხეხვასა და პამპერსების საცვლელად გამოგყარეს უცხოეთში. მიშას მხარდამჭერ ემიგრანტებს კარგად ვიცნობ, ვიცი, რომ ბევრს საკუთარ ოჯახებში აქვს პრობლემები, შვილები და შვილიშვილები წლებია არ უნახავთ, თუმცა მიშას მხარდასაჭერად სამშობლოში ჩასვლას ახერხებენ. ეს ჩემთვის აუხსნელი ფენომენია.