"ხშირად მეკითხებიან, რატომ არის განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობა დაბალიო..." - როგორ ებრძვის ისრაელი "კოვიდს" - კვირის პალიტრა

"ხშირად მეკითხებიან, რატომ არის განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობა დაბალიო..." - როგორ ებრძვის ისრაელი "კოვიდს"

როგორ მართავენ კოვიდპანდემიას ისრაელში, სადაც მოსახლეობის 65%-ზე მეტი აცრილია, მაგრამ ინფიცირების შემთხვევები მაინც არის, ოღონდ სიკვდილიანობა ძალიან დაბალია, ისრაელის ქალაქ აშკელონიდან Barzilai Medical Center‎‎-ის ექიმი ვასილ ხაჩიაშვილი გვესაუბრა.

- საქართველოში პანდემიასა და მის კვალდაკვალ მიმდინარე პროცესებს თვალყურს ვადევნებ. ჩემი აზრით, საქართველოში მეხუთე ტალღა უკვე დაწყებულია, რაც, სავარაუდოდ, ბაღებისა და სკოლების გახსნამ განაპირობა. 4 ოქტომბერს გაიხსნა სკოლები და ბაღები, ერთი კვირის თავზე კი უმძიმესი ვითარება მივიღეთ.

ვაქცინაციის შენელებაზე, დიდი ალბათობით, წინასაარჩევნო პროცესებმაც მოახდინა გავლენა. სავარაუდოდ, მთავრობას არ სურს იმ კონტინგენტის განაწყენება და დაკარგვა, ვინც ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

სახელმწიფომ თავის დროზე დასახა გეგმა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაეხსნა, თუ ინფიცირების მაჩვენებელი 4% დადებითობის მაჩვენებელი ექნებოდა. ეს ნიშნული არასდროს გვქონია, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებები მაინც გახსნეს დაახლოებით 7%-იან მაჩვენებელზე.

კიდევ ერთი მცდარი ნაბიჯი, კოვიდჯარიმების ჩამოწერა იყო. ახლა მოქალაქეებს აღარ ეშინიათ, რომ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის გადახდა მოუწევთ. შესაბამისად, რეგულაციებს არ იცავენ. ნიღბის ტარების მაჩვენებელი 40%-ია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში. აცრის პუნქტების გახსნა კარგია, მაგრამ დიდ რეგიონებში წარმოებული კამპანია არ კმარა. მხოლოდ მოწოდება, აიცერითო, საკმარისი არ არის. აუცილებელია უფრო აქტიური კამპანია.

მობილურმა სამედიცინო ბრიგადებმა სოფელ-სოფელ უნდა იარონ, ხალხს სახლებში მიაკითხონ და აცრის სარგებლობაზე ესაუბრონ. ვიცი, რომ არის სოფლები, სადაც აცრის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაცია აქვთ, სამაგიეროდ, კარგად მუშაობენ ანტივაქსერები. გასათვალისწინებელია ტრანსპორტირების პრობლემაც სოფლებსა და რეგიონებში, ზოგჯერ ხალხს ერთი პუნქტიდან მეორეში გადაადგილების საშუალება არა აქვს.

ორჯერადი აცრის დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ყველაფერი ახლა დაიწყო. დელტა-შტამის კვალდაკვალ სეზონური გრიპებიც იფეთქებს.

- ანუ მეხუთე ტალღისთვის ყველა წინა პირობაა? - დიახ, არაერთი. იგივე სურათი განმეორდება, რაც აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში გვქონდა. უკვე ლაპარაკია მოსალოდნელ ტვინდემიაზე. ამიტომ, თუ ვაქცინაციის ტემპი არ მოიმატებს, კიდევ არაერთი ტალღა გვექნება. იმედია, მეხუთე ტალღა შედარებით სუსტი იქნება, რადგან თუნდაც ინფიცირების შემთხვევაში ვაქცინირებული მოსახლეობის ნაწილი მსუბუქად გადაიტანს ვირუსს და ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ნაკლები იქნება.

- ისრაელში რა ვითარებაა პანდემიის მართვის მხრივ?.. - ისრაელში ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. იმ 60 პროცენტს, რომელზეც ამდენი ხანია საქართველოში ამბობენ, რომ ქვეყნის გადარჩენაა დამოკიდებული, ისრაელმა ძალიან სწრაფად მიაღწია. მთელი ქვეყანა ელოდებოდა აცრის დოზებს. განსაკუთრებული რეგულაციები და ზეწოლა არც გამხდარა საჭირო, რომ ეს მაჩვენებელი მიეღოთ. ძალიან სწრაფად და ორგანიზებულად გახსნეს უამრავი მობილური პუნქტი.

ხალხი ქუჩაშიც იცრებოდა, დღეში 150 ათასამდე კაცი. 60 და ზემოთ ასაკის მოქალაქეთა 70 პროცენტზე მეტი აცრილია. თუმცა აქაურ საზოგადოებაშიც არიან ფენები, რომელთა რწმენის თუ ცხოვრების წესის გამო ვაქცინაცია ვერ მოხერხდა. არ იცრებიან რუსი საზოგადოების წევრებიც, რომლებზეც სავარაუდოდ, რუსეთის პროპაგანდა მოქმედებს.

ისრაელში ახლაც ყველანაირი გზით ცდილობენ ვაქცინაციის გაპიარებას. "იუთუბის" ჩართვის დროსაც კი ვაქცინაციის რეკლამა ამოდის, სადაც სპეციალისტები დეტალურად ხსნიან მის სასიცოცხლო მნიშვნელობას. ყველა არხზე, თითქმის ყველა გადაცემას თან სდევს აცრაზე მსჯელობა, ქუჩებში ბანერებია აცრის მოწოდებით. ახლა წინა ტალღებთან შედარებით, ინფიცირების ბევრად მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ მძიმე პაციენტების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. მძიმე პაციენტების 80% აუცრელია, ნაწილობრივ აცრილებზე კი დაახლოებით 15%-ია. სრულად აცრილი პაციენტების მხოლოდ 2-5%-ს გადააქვს ვირუსი შედარებით მძიმედ.

წინა ტალღების დროს, იმ ქალაქში, სადაც ვმუშაობ, სამი დეპარტამენტი სრული დატვირთვით მუშაობდა, დღე-ღამეში 150-200 მძიმე პაციენტი გვყავდა, ახლა ორი დეპარტამენტი მუშაობს და ორივე სანახევროდ ცარიელია. ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად აჭარბებს საქართველოს შემთხვევებს, მაგრამ სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი 15-20 კაცს არ გასცდენია. ფატალური შემთხვევები თითქმის ყოველთვის აუცრელი პაციენტის შემთხვევებში გვხვდება. ასევე მათში, ვინც ნაწილობრივ არის აცრილი ან აცრას ვადა გაუვიდა და მესამე დოზა სჭირდება.

- თუკი მოსახლეობის უმეტესობა ორჯერ აცრილია, მაშ, რა იწვევს ასეთ მასშტაბურ გავრცელებას? - გავრცელებას იწვევს აუცრელი და ნაწილობრივ აცრილი მოსახლეობა, ასევე დელტა-შტამის გავრცელების თავისებურება. სამჯერ აცრილებში ვირუსის გავრცელება მინიმუმამდე მცირდება. ასევე, მძიმე დაავადებისგან დაცვის თვალსაზრისით ეფექტიანობა 90%-მდეა.

ხშირად მეკითხებიან, რატომ არის განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობა დაბალიო. იმიტომ, რომ აცრილების რაოდენობა მაღალია. ეს არის მიზეზი, თორემ ინფიცირებულების მკურნალობის პროტოკოლი მთელ მსოფლიოში თითქმის ერთნაირია, მხოლოდ მცირე განსხვავებებით მიმდინარეობს. მთლიან სურათს მკურნალობის კურსი კი არა აცრილების რაოდენობა ცვლის.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ განვითარებულ ქვეყნებს სხვა შესაძლებლობები აქვთ. მაღალი დონის ხელოვნური სუნთქვის "ეკმოს" აპარატი, რომელიც საჭიროა სისხლის ჟანგბადით გაჯერებისა და ორგანიზმში დასაბრუნებლად, საქართველოს სულ ხუთი აქვს და როგორც ვიცი, მხოლოდ მძიმე ქირურგიული პაციენტებისთვის. ისრაელს კი 100-მდე ასეთი აპარატი აქვს და მას მძიმე პაციენტებისთვის ვიყენებთ.

ამას წინათ ჩვენს კლინიკაში ფეხმძიმე გოგონა მოიყვანეს, რომლის მდგომარეობაც "კოვიდის" გამო ძალიან დამძიმდა. ასეთი პაციენტი საქართველოში ერთ საათში გარდაიცვლებოდა, ჩვენს საავადმყოფოში კი "ეკმოს" აპარატზე შევაერთეთ. მძიმე ფაზა გადაიტანა და ორი კვირის შემდეგ დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა.

- რა ინფორმაცია გაქვთ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატზე? - ახლახან ისრაელმა მკურნალობის პოლიტიკა შეცვალა - ჩვენ კონკრეტულ პაციენტებში ბარისითინების გამოყენება დავიწყეთ. პანაცეა არ არის, მაგრამ სხვა პრეპარატებთან შედარებით დამაიმედებელი შედეგი აქვს.

ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური მაინც აცრა, პირბადე და დისტანციის დაცვაა. ვაქცინაცია 90%-ით გვიცავს სიკვდილისგან. შეიძლება "კოვიდი" დაგემართოთ, მაგრამ არ მოგიწევთ რეანიმაციაში ყოფნა და იმ საშინელების ნახვა, რის ყურებაც ჩვენ ყოველდღე გვიწევდა.

- ახლა საქართველოში განიხილება მოზარდების აცრაც. - თუ გვინდა პანდემია შევაჩეროთ, ეს მოზარდების აცრის გარეშე შეუძლებელია. სახელმწიფო კამპანია ბევრად აქტიური უნდა გახდეს, ვიდრე წინა თვეებში იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებში ვირუსის გავრცელების წყარო 80%-ში მშობლები და სხვა ოჯახური კონტაქტებია.