სამხრეთ კავკასიის მრავალგანზომილებიანი საფრთხეები საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

სამხრეთ კავკასიის მრავალგანზომილებიანი საფრთხეები საქართველოსთვის

ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობის დაძაბვას ამ ქვეყნების საზღვრის ახლოს უპრეცედენტო მასშტაბის ირანული სამხედრო წვრთნები მოჰყვა, რასაც ასევე სამხედრო გზით უპასუხეს აზერბაიჯანმა და მისმა მოკავშირე თურქეთმა. რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესებს და როგორ აისახება რეგიონში გავლენისთვის ბრძოლა საქართველოზე, რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი გვესაუბრა.

- ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაში კრიზისი ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ დაიწყო, როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანისა და თურქეთის სასარგებლოდ ძალთა ბალანსი შეიცვალა. ეს ირანმა მისთვის სახიფათოდ ჩათვალა. ასევე სახიფათოა მისთვის ისრაელის გაძლიერება, ვინაიდან ისრაელის დრონებს ფართოდ იყენებდნენ ყარაბაღის მეორე ომში. ამასთან, აზერბაიჯანმა დაიკავა ის ტერიტორია, რომელიც ადრე სომხების იყო. ამ დაპირისპირებას წინ უძღოდა ორი ირანელი სატვირთო ავტომობილის მძღოლის დაკავება სომხეთ-ირანის დამაკავშირებელ სახმელეთო გზის იმ მონაკვეთზე, რომელსაც აზერბაიჯანი ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ აკონტროლებს. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, ირანელ მძღოლებს სეპარატისტულ მთიან ყარაბაღთან არალეგალური ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული. ის ირანისა და სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელსაც თეირანი, შავ ზღვასა და ევროპასთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო არტერიად და ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის, რუსეთ-ირანის დამაკავშირებელ სასიცოცხლო მონაკვეთად განიხილავს. ამას დაემატა აზერბაიჯანისა და თურქეთის, სამხრეთ სომხეთის ტერიტორიის გავლით თურქეთ-ნახიჩევან-დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზების გახსნის მოთხოვნა, რასაც შარშან ხელმოწერილი რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო შეთანხმებაც ითვალისწინებს, მაგრამ ოფიციალური ერევანი დღემდე არ თანხმდება. აზერბაიჯანის პოლიტიკურ წრეებში დაიწყო მინიშნებები, რომ სომხეთის სამხრეთი ნაწილი ძირძველი აზერბაიჯანული ტერიტორიაა, რომელიც მეზობელი ქვეყნის შემადგენლობაში ისტორიული "ბედუკუღმართობით" მოხვდა. პრეზიდენტ ალიევის განცხადებით, თუ სომხეთი ნებით არ დათანხმდება კორიდორის გახსნას, აზერბაიჯანი ძალის გამოყენებით გააკეთებს. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ირანს მხოლოდ სომხეთი, საქართველო, რუსეთი, შავი ზღვა-ევროპასთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზები კი არ ჩაეკეტებოდა, გარშემო თურქულ-აზერბაიჯანული წრე შეეკვრებოდა. ამ შემთხვევაში კი არ არის გამორიცხული, ჩრდილოეთ ირანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებში ნაციონალისტური განწყობა გაღვივდეს.

ყოველივე ეს თეირანში საფრთხედ ჩათვალეს და სამხედრო წვრთნები გამართეს, რასაც აზერბაიჯანმა თურქულ-აზერბაიჯანული წვრთნებით უპასუხა.

- რამდენად მოსალოდნელია, რომ დაპირისპირება სამხედრო აგრესიაში გადაიზარდოს და რა საფრთხე ემუქრება საქართველოს? - იმედია, სამხედრო დაპირისპირება არ იქნება, თუმცა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება - შარშან ვერავინ იფიქრებდა, რომ ყარაბაღში მეორე ომი დაიწყებოდა, მაგრამ დაიწყო და 44 დღეს გაგრძელდა.

არც ერთ მხარეს არ აწყობს სამხედრო მოქმედებები, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ რუსეთში იმყოფებოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს. ერთმანეთს შეხვდნენ პუტინი და ერდოღანიც, პუტინი ალიევსაც შეხვდა... თუ ვითარება დეესკალაციისკენ წავიდა, ისინი რაღაცაზე შეთანხმდნენ, თუ ვითარება გამწვავდა, ესე იგი, კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. თუმცა, როგორც უნდა დასრულდეს ეს ამბავი, დაპირისპირება მაინც გრძელვადიანი იქნება.

ამ დაძაბულობაში ბევრს აინტერესებს, რომელი მხარე უფრო ძლიერია. ირანი სამხედრო ძალებით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა, აზერბაიჯანი - 63-ზე (შედარებისთვის, საქართველო 92-ეზეა...) თურქეთი სიაში მე-11 ადგილზეა. ბაქოში იმედი აქვთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ის მოძმე აზერბაიჯანს დაეხმარება. ამასთან, ზოგიერთ სეგმენტში, მაგალითად, თანამედროვე დრონებში, ბაქოს თეირანთან შედარებით უპირატესობაც აქვს.

რაც შეეხება საქართველოს, როდესაც სამეზობლოში ცეცხლი ანთია, დიდია ალბათობა, რომ შენს ტერიტორიაზეც გავრცელდეს. ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა ვადევნებდეთ თვალს ყველაფერს. რაც უფრო ცხელი და ხანგრძლივი იქნება კონფლიქტი, მეტია საფრთხე, რომ საქართველოზე ცუდად აისახოს. ამ დაპირისპირებას სხვადასხვა განზომილება აქვს. თუ მხარეებმა ღია ცეცხლი არ გახსნეს, მაშინ მიზანში ამოიღებენ გაზსადენს, რკინიგზას, ნავთობსადენებს, რასაც ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

თუნდაც გეოპოლიტიკურად ეს საერთაშორისო საზოგადოებრიობაში უდიდეს მნიშვნელობას სძენს. თუმცა თითქოს ეს ყველაფერი არ გვეხება და მხოლოდ შიდა კინკლაობაა ჩვენი მთავარი პრობლემა. გარეთ რა ხდება, ამის გასააზრებლად არ გვცალია. თითქმის მოშლილია უსაფრთხოების სისტემაც, მხოლოდ შიდა მოსმენებზეა გადართული. არადა, როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონზეა ლაპარაკი, ცხადია, იგულისხმება რუსეთიც, რომელიც შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან კონტროლის არეალის გასაფართოებლად. როგორც სჩვევია ჩუმად არის, პროცესებს აკვირდება და შემდეგ გადადის მოქმედებაზე. სწორედ ისე, როგორც ყარაბაღის ომისწინა პერიოდში - დიდი ხნის განმავლობაში ვითომ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, ბოლოს კი გამოჩნდა, რომ ყველაფრის მონაწილე ყოფილა და ყველაზე მოგებული თავად დარჩა.

- პროცესები ახლაც ამ სცენარით ვითარდება?

- მოსკოვში ოფიციალური განცხადება არავის გაუკეთებია, მაგრამ სამხედრო-სატრანსპორტო Ил-76-ებით დამატებითი სამხედრო ტექნიკა და შესაძლოა ცოცხალი ძალაც გადაჰყავს სომხეთისკენ, დიდი ალბათობით იმისთვის, რომ წინასწარ გაწერილი გეგმა, ბოლოს და ბოლოს, შეასრულოს.

- ვიცი, რომ ყარაბაღის იმ ნაწილის დათვალიერების შესაძლებლობა მოგეცათ, რომელიც მეორე ომის შემდეგ გადავიდა აზერბაიჯანის კონტროლქვეშ. რა პროცესები მიმდინარეობს იქ? - დაძაბულობაა. ჩვენს ჩასვლამდე ორი დღით ადრე სროლისას ორი კაცი დაშავდა. ცხოვრების ნორმალურ ვითარებაში დაბრუნებამდე შორი გზა აქვთ გასავლელი. ყარაბაღში შესვლისთანავე თვალში მომხვდა განაღმვითი სამუშაოები, ყოფილ ფრონტის ხაზთან სანგრებისა და ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გრანდიოზული სისტემები, რომელთა სიგრძე 200 კმ-მდეა და ზოგან ყოფილ ფრონტის ხაზს 8-12 ასეთი პარალელური ხაზი მიჰყვება. ეს ადგილები დანაღმულია როგორც ტანკ-, ისე ფეხოსნების საწინააღმდეგო ნაღმებით. არის აუფეთქებელი ჭურვებიც, რაც ასევე საფრთხის შემცველია. დანაღმულია ამ ხაზების უკანა ტერიტორიებიც. მაგალითად, მხოლოდ აღდამის რაიონში 98 000 ნაღმია მიწაში ჩადებული. ვარაუდობენ, რომ საერთო ჯამში ყარაბაღის ცხრა რაიონში მილიონამდე ნაღმია ჩადებული. მის სრულად გაწმენდას ათ წელზე მეტი დასჭირდება. აღდამში მხოლოდ გზებია განაღმული და გზიდან გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი შეიძლება ვინმეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. მხოლოდ აღდამში ომის შემდეგ 42 კაცი შეეწირა ნაღმებს. ამიტომ ყოფილი ფრონტის ხაზის გადაკვეთის უფლებას რიგით მოქალაქეებს არ აძლევენ. ამისთვის მოწყობილია სპეციალური საკონტროლო-გამშვები პუნქტები. ათიათასობით დანგრეული სახლის ყურება უემოციოდ ძნელია. არადა, იქ თაობები ცხოვრობდნენ და ყველას თავისი ისტორია ჰქონდა. დანგრეულია გზებიც. ზოგან საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი ასფალტის კვალია, ზოგან კი გამქრალია ძველი გზები. განადგურებულია ინფრასტრუქტურაც: არ არის ელექტროენერგია, გაზი, არ მუშაობს მობილური კავშირგაბმულობა. გამნაღმველებს კვალდაკვალ მიჰყვებიან გზის მშენებლები. ქალაქ შუშაში ძალზე სწრაფად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ვნახეთ ნაქალაქარი აღდამი, რომლისგანაც მხოლოდ ქვების გროვაა დარჩენილი, მაგრამ ახალი ქალაქის აშენება იგეგმება. ასევე ნაქალაქარ ფიზულში სუპერთანამედროვე აეროპორტის აშენება სრულდება, საცდელი ფრენებიც ჩატარდა. როგორც აზერბაიჯანის მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა გვითხრა, ერთმანეთს შეხვდნენ ქართველი და აზერბაიჯანელი ეკონომიკის მინისტრები, რადგან აზერბაიჯანს სურს ქართველი მშენებლები აღდგენით სამუშაოებში ჩაერთონ.

საბჭოთა წლებში აღდამის რაიონში მევენახეობა-მეღვინეობა იყო განვითარებული, თუმცა ომის შედეგად განადგურდა. აღდამის აღდგენაში შესაძლოა ქართულმა მხარემ მიიღოს მონაწილეობა.

- ეს სომხეთთან ხომ არ გაართულებს ურთიერთობას? - არა, ის ტერიტორიები საერთაშორისო თანამეგობრობამ აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარა. გარდა ამისა, ქალაქი აღდამი ყარაბაღის გარეთ არსებული ტერიტორიაა.

სხვათა შორის, აზერბაიჯანში ძალიან ემადლიერებიან საქართველოს, რომლის შუამავლობითაც სომხურმა მხარემ მათ დანაღმული ველების რუკები გადასცა - ზაფხულში ის სომეხ სამხედრო ტყვეებში გაცვალეს, მაგრამ ხშირად ის რუკები არაზუსტია, ვინაიდან ძალიან ბევრი ახალი ნაღმი სპონტანურად ჩაიდო სომხური მხარის უკან დახევის დროს და ბუნებრივია, ისინი არსადაა აღნუსხული.

- სამშვიდობოებს თუ შეხვდით? - არა, ისინი სომხეთისა და ყარაბაღის დამაკავშირებელ ლაჩინის კორიდორს აკონტროლებენ, დგანან ყარაბაღის სომხურ სოფლებშიც, იქ, სადაც ეს სოფლები ახლოსაა აზერბაიჯანულ პოზიციებთან. დგანან შუშის შესასვლელში, სადაც სომხეთ-ლაჩინის კორიდორი-სტეპანაკერტის დამაკავშირებელი გზაა. საკმარისია, რუსებმა 2 მეტრით გადმოიწიონ, რისი "სპეციალისტებიც" არიან, აზერბაიჯანელებს შეუწყდებათ სახმელეთო კავშირი შუშასთან. არც აზერბაიჯანელები სხედან გულხელდაკრეფილი. ასეთი შემთხვევისთვის მომზადებული აქვთ "საშინაო დავალებაც". ასე რომ, მუდმივად ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა. არავინ იცის, როდის რა მოუვლით კრემლში და რას იზამენ კავკასიაში. ბაქოსა და მოსკოვს კეთილგანწყობილი ურთიერთობა რომ არა აქვთ, ეს იმითაც ჩანს, რომ ახლახან რუსებმა "სამშვიდობო ძალების" ახალ სარდლად დანიშნეს გენერალ-მაიორი მიხაილ კოსობოკოვი, რომელიც მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზას მეთაურობდა. ეს აზერბაიჯანისთვის მკაფიო სიგნალია, რაც გვითხრეს კიდეც აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსნებმა...

- ზოგიერთი ექსპერტი სამხრეთ კავკასიის საკითხზე დასავლეთის ინტერესის შემცირებაზე საუბრობს. - არა მგონია, ასე იყოს. დასავლეთი ძალის პოლიტიკას კი არა, "რბილ ძალას" მიმართავს. სამხრეთ კავკასიაში შექმნილ მყიფე სიტუაციაში საქართველოს ძალიან სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანას რომელიმე კონკრეტული პარტიის გამარჯვება და ხელისუფლებაში ყოფნა კი არა, დემოკრატიული ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება.

P.S. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ 3++3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა ძალიან გაჭირდება ოკუპანტ ქვეყანასთან, თუმცა საქართველო ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში რაღაც ფორმით უნდა ჩაერთოს, რათა ქვეყანამ თავისი ფუნქცია არ დაკარგოს, თუმცა არა სახელმწიფო ინტერესებისა და ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე: "საქართველოსთვის წითელი ხაზია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აუცილებელია, არ ჩამოვრჩეთ იმ პროცესებს, რაც რეგიონში ვითარდება... თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტი პოზიცია გვქონდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდეს".