"მისი ფოტო ანსამბლის აფიშაზე ვნახე, დანახვისთანავე ვიფიქრე, რა ბედნიერება იქნებოდა, ასეთი­ სილამაზის ქალი მყავდეს-მეთქი" - კვირის პალიტრა

"მისი ფოტო ანსამბლის აფიშაზე ვნახე, დანახვისთანავე ვიფიქრე, რა ბედნიერება იქნებოდა, ასეთი­ სილამაზის ქალი მყავდეს-მეთქი"

რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს. საყვარელ საქმეს აკეთებს და რაც მთავარია, ქართველი (და არა მარტო) ახალგაზრდების სპორტულ განათლებასა და შემდგომში წარმატებაზეც ზრუნავს. მას შემდეგ, რაც ტოკიოს ოლიმპიადის პროგრამაში კარატეც შეიტანეს, მისი დამსახურებით 2020 წლის ქართულ ოლიმპიურ დელეგაციაში რამდენიმეგზის ჩემპიონი გოგიტა არქანიაც მოხვდა, რომლის მწვრთნელი ნიკა წურწუმია იყო და სპორტსმენს გვერდიდან არ მოშორებია. მას გერმანიაში საკუთარი კლუბი აქვს და გერმანელ ბავშვებს ქართული ხალხური მუსიკის თანხლებით ავარჯიშებს, თუმცა კარატეს მწვრთნელი ჩვენი ინტერესის საგანი მხოლოდ ამ შედეგების გამო არ გამხდარა - მისი ტკივილიანი წარსული შეიძლება დრამის სიუჟეტად გამხდარიყო.

- წლების განმავლობაში გერმანიაში ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, მთავარი ნაკრებისთვის 10 კარატისტს ვამზადებდი. იმავდროულად, დრეზდენის კლუბში ვმუშაობდი, გამოცდილების ქართველებისთვის გაზიარება ყოველთვის მსურდა და ეს ავიხდინე. გერმანიაში მომუშავე მწვრთნელისთვის თვალში საცემია ქართველების დისციპლინის მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ როდესაც საქმე მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატანას ეხება, ბევრად მეტად ინდომებენ, რაც ძალიან საამაყოა.

- გერმანიაში როგორ აღმოჩნდით? - ჩემი კარიერა უკრაინაში დაიწყო და იქ მიღწეული წარმატების შემდეგ გერმანიაში წასვლა გადავწყვიტე. მაშინ ქართველი ემიგრანტები ასე ადვილად ვერ მიდიოდნენ ევროპაში. თუ წავიდოდნენ, წარმატების მისაღწევად რთული გზის გავლა უწევდათ - დიდი შრომის შემდეგ კარატეში გერმანიისა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე.

ჩემი თაობის ახალგაზრდებს ძალიან რთული ცხოვრების გავლამ მოგვიწია. ბავშვობა არც მქონია - ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულში ომები ერთმანეთს გადაება, რასაც პრობლემები მოჰყვა. სპორტი ბავშვობიდან მიყვარდა და იმ მძიმე წლებშიც ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემთვის სპორტული დარბაზი იყო. მამა ცდილობდა ჩემთვის სტიმული მოეცა და მუდმივად მგულშემატკივრობდა. პირველი შეჯიბრება საქართველოს შიდარეგიონული ჩემპიონატი იყო, რომელიც წავაგე, მაგრამ იმედი არ დამიკარგავს, პირიქით, ბრძოლის ჟინი მომემატა. შემდეგ, როცა ზედიზედ რამდენიმე შეჯიბრება მოვიგე, მივხვდი, საქართველოში ბევრს ვერაფერს მივაღწევდი და უკრაინაში წასვლა გადავწყვიტე. მაშინ 15 წლის ვიყავი. კარატეს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არც უკრაინაში ყოფილა, ვინაიდან ოლიმპიური სპორტის სახეობად არ ითვლებოდა, თუმცა იქ ვარჯიშისთვის ბევრად უკეთესი პირობები იყო, მეგობრებიც მყავდა... კიევში გამართულ შეჯიბრებაზე პირველად რომ გავედი, კარატეს ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვალერი გალანმა შემამჩნია და ვარჯიშის გაგრძელება პატარა ქალაქ ჩერნოვციში შემომთავაზა. ეს უკრაინის 18 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში ჩარიცხვას ნიშნავდა. სპორტსმენები მეგობრული ხალხი ვართ და ერთმანეთის წარმატება გვიხარია. ჩემ მიმართ ყველა კეთილგანწყობილი იყო, მეხმარებოდნენ...

კარატეს გარდა, სპორტის სხვა სახეობითაც ვიყავი დაინტერესებული - კიკბოქსინგში უკრაინის ჩემპიონი გავხდი. ასეთი დატვირთვა დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალას მოითხოვდა, მაგრამ ჩემი მატერიალური უზრუნველყოფისთვის მჭირდებოდა. მერე გერმანიაში წასვლა გადავწყვიტე. ეს მეორე უცხო ქვეყანა იყო, სადაც ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო. პირველ ხანებში ლამის ქუჩაში ვცხოვრობდი, საჭმელი და ღამის გასათევიც არ მქონდა. ენაც არ ვიცოდი, მაგრამ მაინც მჯეროდა, რომ მიზანს მივაღწევდი. ისევ უკრაინელმა მეგობრებმა მიშველეს - ერთ კაცს, რომელიც უკრაინელებთან მეგობრობდა, გერმანიაში ბიზნესი ჰქონდა, ჩეხეთის საზღვარზე, პატარა ქალაქში, და საიმედო ადამიანი, დაცვა სჭირდებოდა. მან საკუთარი შვილივით მიმიღო. რამდენიმე ხანს იქ ვიცხოვრე და ვიმუშავე, გერმანულიც ვისწავლე, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ სპორტულ ცხოვრებას, ჩემი ცხოვრების მთავარ გზას მოვწყდი და ერთ დღესაც კიოლნში წასვლა გადავწყვიტე. იქ გამვლელებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს ვეკითხებოდი, აქ ახლოს სპორტული კლუბი თუ არის-მეთქი? მერე ერთ-ერთ კლუბში შევედი და მივხვდი, რომ სპორტი უზომოდ მომნატრებია.

კლუბში დაახლოებით 60 წლის კაცი დამხვდა, მე-6 დანის ოსტატი ფრითერმ მეისონი, რომელმაც საცდელად რაღაცის შესრულება დამავალა, მაგრამ მისი ნათქვამი სწორად ვერ გავიგე, მეგონა, უნდა მეჩხუბა და პირდაპირ ჯინსის შარვლით შევვარდი ტატამზე. არადა, რამდენიმე თვე არც მივარჯიშია, მაგრამ ქართველებს ხომ უკან დახევა გვეთაკილება. ერთი სიტყვით, ალბანელ სპორტსმენს, ევროპის აბსოლუტურ ჩემპიონ აფრემ ლატიფს ვეცი. მაშინ არც ვიცოდი, ვინ იყო. ეს იყო კონტაქტური ბრძოლა და ფიზიკურ მომზადებას თავი რომ დავანებოთ, წონითაც ჩემზე დიდი იყო. მწვრთნელმა ძლივს გაგვაშველა. საბედნიეროდ, კარგი თვალით შემომხედა, ჩათვალა, რომ რისკიანი მებრძოლი ვიყავი და მერე დიდხანს ხუმრობდა, ამ ქართველმა დარბაზში შემოსვლისთანავე ჩხუბი დაიწყოო. გამიმართლა და თავის კლუბში ამიყვანა. საბუთების მოგვარებაშიც დამეხმარა...

- გამორჩეულად მძიმე ბრძოლა გახსოვთ? - დიახ, 2005 წელს ფინალში შევხვდი თურქს, გამოცდილ სპორტსმენს, მაგრამ დავამარცხე და გერმანიის აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი. იმავე წელს გერმანიის სახელით გამოვედი ჩიკაგოში, სადაც გავიმარჯვე, 2007-ში კი გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრი გავხდი. მას შემდეგ წლების განმავლობაში ამ ქვეყნის სახელით გამოვდიოდი. შემდეგ ვიასპარეზე ამერიკაში და "შოტოკანის" სახეობაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი. 2014 წლის შემდეგ აღარ ვასპარეზობ. ქალაქ გუმერსბახში ვცხოვრობ. მაქვს კლუბი, სადაც მწვრთნელად ვმუშაობ. გარდა ამისა, ჩემს მოსწავლესაც აქვს კიოლნის ახლოს კარატეს დიდი კლუბი, სადაც მთავარი მწვრთნელი ვარ. 2014 წელს გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდა, მეუღლეს შევპირდი, თუ გავიმარჯვებ, ასპარეზობას შევწყვეტ-მეთქი და ასეც მოვიქეცი.

მეუღლე 2007 წელს გავიცანი. მისი ფოტო ერთ-ერთი ანსამბლის აფიშაზე ვნახე, კიოლნში საგასტროლოდ იყვნენ ჩამოსული. ის სოლისტი იყო. დანახვისთანავე ვიფიქრე, რა ბედნიერება იქნებოდა, ასეთი სილამაზის ქალი მყავდეს-მეთქი. შემდეგ გავიცანი და ერთმანეთი შეგვიყვარდა. ჩვენ ორი მონათესავე სული ვიყავით სხვადასხვა სხეულში. შვიდი წელი ვიცხოვრეთ ერთად და ნინო ყოველდღე მაოცებდა თავისი დიდსულოვნებით, ხალისით, სამართლიანობით. ვფიქრობდი, რომ ამდენი წვალებისა და ბრძოლის შემდეგ უფალმა მისი სახით საჩუქარი გამომიგზავნა... ერთხელაც ქართველ მეგობრებთან ერთად ამსტერდამში წავიდა. მეორე დღეს გერმანიაში ერთად უნდა გვესადილა. ჩამოვიდა, მაგრამ მოულოდნელად, ცუდად გახდა. საავადმყოფოში ანევრიზმა დაუდგინეს. 11 დღე გათიშული იყო. ამ ხნის განმავლობაში მის სასთუმალთან ვიჯექი და ველაპარაკებოდი. ვგრძნობდი, ჩემი ხმა ესმოდა, მაგრამ პასუხის გაცემა არ შეეძლო და ცრემლი სდიოდა... ყველაფერი გავაკეთე, რომ გადამერჩინა. ვფიქრობდი, იქნებ უფალი ჩვენი სიყვარულის სიმტკიცეს ცდის-მეთქი. არც მეგობრები მცილდებოდნენ გვერდიდან, მაგრამ სიკვდილი ვერ დავამარცხეთ. თუმცა სიკვდილმა ვერ შეძლო და სიყვარული ვერ წამართვა, ის სულ ჩემთან არის.

- თქვენს მოსწავლეებს ქართული ფოლკლორის ფონზე ავარჯიშებდით... - დიახ, საქართველო პატარა, მაგრამ დიდი წარსულისა და კულტურის ქვეყანაა და მინდა ეს ყველამ გაიგოს. უზომოდ მიყვარს ქართული ფოლკლორი. 2005 წელს ერთი თვით ჩავედი საქართველოში. ჩემს მეზობლად ერთ-ერთი ანსამბლის სოლისტი ცხოვრობდა და ვთხოვე, ცეკვა მასწავლე-მეთქი. ყოველდღე 3 საათი ვვარჯიშობდი და რაღაც დონეზე ვისწავლე. გერმანიაში ჩამოსულმა მოსწავლეებს ქართული ცეკვის ილეთები შევასწავლე. გერმანელებსაც ძალიან მოეწონათ. ყოველი ვარჯიშის წინ მთხოვენ, ქართული მუსიკა ჩაგვირთეო. ბევრმა პირველად გაიგო საქართველოს შესახებ. მათ სულ ჩავჩიჩინებ: შეიძლება ყველა მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდეს, მაგრამ ადამიანობაში თითოეული თქვენგანი უნდა იყოს ჩემპიონი-მეთქი.