ყარაბაღში მოგზაურობამდე - კვირის პალიტრა

ყარაბაღში მოგზაურობამდე

აქ ნამდვილად არ მიუღიათ გია თორთლაძის "თავისუფლების ქარტიის" მსგავსი საკანონმდებლო პაკეტი და შესაბამისად, არც საბჭოთა წარსულს ებრძვიან

თბილისში 10.00 საათია, ჯგუფის ყველა წევრი დათქმულ ადგილას უჩვეულო პუნქტუალობით ვიკრიბებით. ზურგჩანთებს, კომპიუტერებს საბარგულში ვაწყობთ, კიდევ ერთხელ ვამოწმებთ, გვაქვს თუ არა პასპორტები... მანქანაც დაიქოქა. მძღოლი ბატონი მიშაა, თბილისელი სომეხი, ამ გზას უკვე მერამდენედ გადის, ამიტომაც საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ტრასაზე გიდობასაც ითავსებს. მრავალწლიანმა გამოცდილებამ თავისი გააკეთა და ბატონი მიშაც ორი ტელეფონითა და რამდენიმე სიმბარათით არის "აღჭურვილი":

ზუსტად იცის, სად რომელი კომპანიის ბარათით შეძლებს დარეკვას. ბოლოდროინდელი ცხელ-ცხელი ამბებისა და შერონის თუ შერონას თბილისური ვოიაჟის შემდეგ სულ ახალი ინფორმაციის გაგება მოგვინდა, მძღოლ-გიდიც რადიო "პალიტრას" რთავს (არადა, ჯერ სულ არ იცის, რომ ამ ჰოლდინგის ჟურნალისტი ვარ, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ჩვენი გუნდის მიერ მომზადებულ ახალ ამბებს ენდობა).

თელეთის ახალი ბაზრობა, სადახლო, საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტიც გამოჩნდა და სულ სამიოდ წუთში სომხეთში ვართ. ბატონი მიშა წუხს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ბიუროკრატიული სამსახურის გავლით უწევს ქვეყანაში მიმოსვლის უფლების მიღება.

"არადა, რამდენი ხანია, აქ დავდივარ. ეს ერთი ბეჭედიო, ეს მეორეო, აი, მესამეც ჩაურტყამთ, ქაღალდი რა..." - წუხილსაც ღიმილით გამოთქვამს და სომხურ მინერალურ წყალ "ბჟნის" სვამს.

KvirisPalitra.Geმდინარე დებედას ხეობაში მოსახლეობა ცოტაა, სახლები აქა-იქ მოჩანს. გზები დაზიანებულია, გვირაბებიც - მოუწესრიგებელი, მაგრამ ბუნებაა ისეთი, უამრავი ფოტოს გადაღება მოგინდება.

სულ უფრო ვუახლოვდებით ერევანს, თუმცა მანამდე ვანაძორს გავდივართ. 1935 წელს, კიროვის გარდაცვალების შემდეგ, მის პატივსაცემად კიროვაკანი დაურქმევიათ, მანამდე კი ქალაქს ყარაქილისად (თურქულად "შავი ეკლესია") მოიხსენიებდნენ. ახლა კი სპიტაკში შევდივართ. ქალაქს ეტყობა, ახალაღდგენილია, სახურავები პრაქტიკულად ერთნაირია, იშვიათად თუ ნახავთ იმ მასშტაბური მიწისძვრის კვალს, რომელმაც, ოფიციალური ინფორმაციით, 20 ათასი კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კიდევ პატარ-პატარა, სოფლის ტიპის დასახლებებია, ღარიბული, სადაც მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობით ირჩენს თავს. ასეთი სახლები და გომურები ჯავახეთში, სომხებით დასახლებულ სოფელ სამსარში მინახავს, სადაც ზამთარში გასათბობად ნაკელს ჭრიან ბელტებად და მზეზე ახმობენ.

"თბილისში ჩამოსული ქურთების ნაწილი ამ სოფლებიდან არის", - აგრძელებს გიდობას ბატონი მიშა, რომელსაც უკვე მოუსწრია სომხეთში მოქმედი სიმბარათის ჩადება და ერევანში მეგობრებთან შეხმიანება. არ ჩქარობს, იცის, რომ საგზაო პოლიცია მცირე გადაცდომასაც არ აპატიებს და მერე“ხელის მოუთბობლად ვერ გააგრძელებს გზას.

შორიდან მაღალ შენობებს ვხედავთ, კიდევ რამდენიმე კილომეტრი და ერევანში ვართ.

დედაქალაქსა და იმ რეგიონებს შორის, რომლებიც გავიარეთ, კონტრასტი იმდენად დიდია, რომ განსაზღვრების პოვნა გაჭირდება კიდეც: მოწესრიგებული გზებით, მაღალსართულიანი შენობებით, სკვერებითა და გასართობი ადგილების სიმრავლით ერევანი ევროპულ ქალაქს ჰგავს, მაგრამ არის რაღაც, რაც მას "ერთ თარგზე“მოჭრილ" დედაქალაქად წარმოაჩენს: ეს არის არქიტექტურა, მკაცრი, თითქმის ერთფეროვანი.

სასტუმრო "ევროპასაც" მივადექით, სადაც  ყარაბაღში გამგზავრებამდე ვჩერდებით. წარწერები, სომხურთან ერთად, ფრანგულ ენაზეა. სასტუმრო მყუდრო ქუჩაზე, ქალაქის ცენტრთან ახლოს, მართლაც ევროპულ გარემოს შეგვიქმნიდა, რომ არა მის გვერდით ლამის დანგრევის პირას მისული საცხოვრებელი სახლები და თავღია სანაგვე ურნები... თუმცა თბილისის შემხედვარე, ეს პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა.

KvirisPalitra.Geერევანში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ძეგლებია: საზოგადო მოღვაწეების, ეროვნული გმირების, ისტორიული პირების, კომპოზიტორების, მწერლების, კომუნისტების... აქ ნამდვილად არ მიუღიათ გია თორთლაძის "თავისუფლების ქარტიის" მსგავსი საკანონმდებლო პაკეტი და, შესაბამისად, არც საბჭოთა წარსულს ებრძვიან: ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ალექსანდრე მიასნიკოვის (მიასნიკიანი) ძეგლი დგას, იქვე კი საბჭოთა მფრინავის ბიუსტთან პატარებს ასეირნებენ ბებია-ბაბუები... საბჭოთა და თანამედროვე არქიტექტურის ეკლექტიკა იმდენად თვალსაჩინოა, რომ თითქოს დროში მოგზაურობ:

ერთგან კიდევ ერთი კომუნისტისა და რევოლუციონერის ძეგლია, გვერდით კი ბანკის თანამედროვე შენობა ბრჭყვიალა კოშკით, პროკურატურა და საზოგადოებრივ ტუალეტად ქცეული გადამწვარი შენობა.

ჩრდილოეთის პროსპექტი მანქანებისთვის აკრძალული ზონაა: თანამედროვე ტანსაცმლის მაღაზიებით, საიუველირო სალონებით სავსე პროსპექტზე საღამოობით ასობით ადამიანი დასეირნობს, მაგრამ ადვილად შეამჩნევთ, რომ კომერციულ ფართებს შენობების მხოლოდ პირველი სართულები აქვთ დაკავებული.

"იმხელა ფასი დაადეს აქ საცხოვრებელ ფართებს, რომ პრაქტიკულად არც ერთი ოჯახი არ ცხოვრობს... ვინმე იყიდის ამხელა ფასად ბინას?!", - ამბობს ერთ-ერთი ჩვენი სომეხი კოლეგა.

დედაქალაქს ეტყობა, დიდ პატივს მიაგებს ქვეყნის გამოჩენილ ადამიანებს. არნო ბაბაჯანიანის ორიგინალურად შესრულებული ძეგლი  თავისებურ კოლორიტს ქმნის, მის გვერდზე ყვავილებით მორთული როიალია, რომელთან პოზირება და ფოტოების გადაღება ერევნის სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი გასართობია.

გზის გაკვლევა ადვილია: თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ორენოვანი წარწერაა, პოლიციის მანქანები ამერიკელი რეინჯერების მანქანებს მოგაგონებთ. მათი გადაღება პრობლემა არ არის. აი, რუსეთის საელჩოს გადაღების უფლება არ მოგვცეს, სანაცვლოდ გადავიღეთ ბანერი, სადაც მადლიერი სომხები მოძმე რუსებს სამშობლოს დღეს ულოცავენ წარწერით - "დღესასწაულს გილოცავთ, დიდო ქვეყანავ!"

ჯიპები, შადრევნები, ბარ-რესტორნების სიმრავლე - ამით მართლა ჰგავს ერთმანეთს თბილისი და ერევანი. როგორც ჩანს, აქაც პოპულარულია ჯიპები, მათი სიმრავლე თვალში საცემია, არც იქიდან აჟღერებული მუსიკა განსხვავდება თბილისური “სამანქანო მელოდიებისგან - აღმოსავლური რიტმებით გაჯერებული ქალაქური, დარდიმანდული, უდარდელი მუსიკა... ეგ არის, ჯერ თბილისში ჯიპებით ისე არ ტაქსაობენ, როგორც ერევანში. სპეციალური მომსახურების ბიუროც კი შექმნილა: ავტოპარკში მარტო თეთრი ვეებერთელა ჯიპები ჰყავთ...“დარდიმანდული და უდარდელი მუსიკა”ტყუილად არ მიხსენებია: ერევანში შეგიძლიათ “ტაქსიში” ნინო ჩხეიძეს მოუსმინოთ... "თუ გინდათ, ქართულ თინეიჯერულ მუსიკასაც მოგასმენინებთ", - გვითხრა ტაქსის მძღოლმა და უცებ ჩხეიძის "სააშიკო" რეპერტუარიდან ჩემი ბავშვობის დროინდელი ჯგუფ "სახის" სიმღერაზე გადართო.

შადრევნები... უფრო სწორად, შადრევანი... რადგან ქალაქის სრულფასოვნად დათვალიერების არც საშუალება გვაქვს და არც დრო, ამიტომაც მხოლოდ ერთი "მოცეკვავე შადრევანი"  ვნახეთ, ისიც რესპუბლიკის მოედანზე, ხელოვნებისა და ისტორიის ეროვნული მუზეუმის წინ. არამ ხაჩატურიანის კლასიკურ მუსიკაზე წყლის ჭავლი საღამოს იწყებს“ცეკვას და თითქმის 12 საათამდე ართობს დედაქალაქის სტუმრებს.

ბარ-რესტორნები... გგონია, მათი რიგი არასდროს დამთავრდება, არც კლიენტები აკლიათ. აი, ფასებს რაც შეეხება, თითქმის ისეთივეა, როგორიც თბილისში.

ხვალ გეზს მთიანი ყარაბაღისკენ ავიღებთ. ვისთვის ეს სომხების მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა, ვისთვის - კონფლიქტის ზონა, ზოგისთვის უსაფრთხოების ზონა, ზოგისთვის კი ტერიტორია, რომელსაც სომხეთის სამხედრო შენაერთები აკონტროლებენ.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

მალხაზ ჭკადუა, ინტერპრესნიუსი,

თბილისი-ერევანი