რატომ თქვა უარი ქართველმა მსახიობმა ჰოლივუდში ვარსკვლავის გახსნაზე - კვირის პალიტრა

რატომ თქვა უარი ქართველმა მსახიობმა ჰოლივუდში ვარსკვლავის გახსნაზე

მსახიობი გიორგი დარჩიაშვილი უკვე ოც წელზე მეტია ამერიკაში ცხოვრობს... მას არაერთ ქართულ თუ უცხოურ ფილმში მოუხდა მონაწილეობა, ჰოლივუდშიც გადაიღეს, მაგრამ საქმიანობა მხოლოდ მისი პროფესიის მიხედვით არ უწევს. წარმატებით გაიარა FBI-ს საოფიცრო კურსი და ბევერლი-ჰილზის საიუველირო მაღაზიის დაცვის უფროსი გახდა. მას მიანდვეს ოთხი ქუჩა და სამი მილიარდი დოლარის ღირებულების საიუველირო ნაწარმი, ასევე ბროდვეის ქუჩის უსაფრთხოება... სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ერთადერთი ქართველი მსახიობია, რომელსაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს, რაც მსახიობს ძალიან აღიზიანებს და სურს საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, სინამდვილეში რაც მოხდა.

- ლოს-ანჯელესში "ბედის ლატარიაში" მივიღე მონაწილეობა. ბილეთი სულ რაღაც 50 დოლარი ღირდა, თავისუფალი დრო მქონდა და ბედი ვცადე. ისე მოხდა, რომ 8 ათას კაცს შორის გამარჯვება მხვდა წილად და მოგებისთანავე ჩემი სახელობის ვარსკვლავი, "გიორგი დარჩი" გაიხსნა. თუმცა ვარსკვლავზე კატეგორიული უარი განვაცხადე, ამათი აფერისტული ვარსკვლავი რად მინდოდა?! იმიტომ მიხსნიდნენ, რომ თვეში 2 ათასი დოლარი წაერთმიათ, სანამ 30 ათას დოლარს არ დავფარავდი. ფულის მახე იყო და მერე კრიტიკაც გავიგე, გიორგი დარჩიაშვილს ფული დაენანა დიდების ხეივნის ვარსკვლავისთვისო. ამან ძალიან გამაბრაზა - იმდენი არაფერი გამიკეთებია ჰოლივუდში, ვარსკვლავი რომ მქონდეს, დასაცინად კი თავს არასდროს გავიხდი! სწორედ ჩემი უარის შემდეგ დაიწყეს ცარიელ ვარსკვლავებზე ხუთ დოლარად ნებისმიერი სახელისა და გვარის აწყობა. ასე დაიძვრინეს თავი, სხვანაირად ვერ გაამართლეს ჩემი უარი. მიწიერმა ნივთმა არ უნდა შეგაცდინოს! საქართველოზე დიდი ვარსკვლავი, მაცხოვრის შემდეგ, არ არსებობს ჩემთვის...

- რატომ დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება მსახიობის პროფესიას?

- ჩემი ბავშვობის ეპიზოდური ცხოვრება უნდა გიამბოთ: სოფელი კავთისხევში მქონდა და ერთხელ, პატარაობაში, ასე, ოთხი წლის ვიქნებოდი, დაკრძალვაზე წამიყვანეს. ჩვენებმა ერთ მოხუცს მიმაბარეს, აქ იყავი, სანამ დავბრუნდებითო, მე კი მოხუცს გავეპარე, ავტობუსში ავედი და სასაფლაომდე გავყევი. იქ კი ვნახე, თოკზე ჩაბმული მიცვალებული როგორ ამოტრიალდა, შემდეგ ისევ ჩასვეს სასახლეში და მიწა წააყარეს. გავგიჟდი, მშობლებთან მივვარდი, რა მოხდა, გამაგებინეთ-მეთქი. რომ მითხრეს, ღმერთმა ცაში წაიყვანაო, ვეჩხუბე, ღმერთმა თუ ცაში წაიყვანა, მიწაში რატომ ჩასვეს-მეთქი. ახლა ვერ აგიხსნით და რომ გაიზრდები, გეტყვითო. ვამბობდი, აღარ მინდა გაზრდა და სიცოცხლე, თუ ოდესმე მეც ეგრე მიწაში უნდა ჩამდონ-მეთქი...

იმდენად დიდი სტრესი მივიღე, 7 წლამდე გამყვა. ნევროზი დამემართა, მთელი ღამეები არ მეძინა, მეგონა, მოვკვდებოდი. ახლაც ცრემლები მომდის, რომ მახსენდება...

ერთ დღეს მამამ მთხოვა, კინოში წამოდი, იქნებ ცოტა გაერთოო. მამას ერთადერთი შვილი ვყავდი, იფიქრა, დარდით არ მომიკვდესო, და საუკეთესო გამოსავალი გამონახაა: ფრანგული ფილმები მაჩვენა.

ვნახე, ერთ ფილმში კაცი გარდაიცვალა, მეორეში კი იგივე კაცი ცოცხალი გამოჩნდა. გავოგნდი, მამაჩემს ვეკითხებოდი, ეს როგორ ხდება-მეთქი, მამამ კი მშვიდად მითხრა, შვილო, მსახიობის პროფესია ეგ არის, კიდევ ბევრჯერ მოკვდება და გაცოცხლდებაო. ამ სიტყვებმა იმდენად შემომაბრუნა, სიკვდილს შევებრძოლე, ვარჯიში დავიწყე და ახლაც, 63 წლის ასაკში, ვვარჯიშობ, სიცოცხლე მიხარია... მამაჩემის ნათქვამის შემდეგ დავიჯერე, რომ სიკვდილი არაფერია და როცა იქნება, დაე მოვიდეს! ცხონებული მამაჩემის გამჭრიახობა რომ არა, შეიძლებოდა ათ წლამდეც ვერ მიმეღწია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის მსახიობობა და როდესაც ჩემი პროფესიის გარეშე ცხოვრება მიწევს, მტკივნეულად განვიცდი.

5 წელია წერა დავიწყე: ვწერ ლექსებს, პოემებს, ხუთი სცენარი მაქვს გამზადებული. სამშობლოსგან მოწყვეტილს ის მაცოცხლებს, რომ ამ წიგნებით შემიძლია ჩემს ხალხთან ვიყო! ჩემს მიწა-წყალზე უკეთესი ამქვეყნად არაფერია! ერთი კაცი ლამის ვცემე, რომელიც ამერიკაში 4 წლის წინ ჩამოვიდა და ვითომ ქართული დაავიწყდა, სულ ინგლისურ სიტყვებს ურევს... აკაკი წერეთლის "ღამურა" ხომ გვახსოვს, აი, მასეთებს ვერაფრით ვურიგდები! მთელი ცხოვრება ვკითხულობ ვაჟას, ილიას, აკაკის და ჩემს უკვე გარდაცვლილ მეგობარს, გოდერძი ჩოხელს, მათ გვერდით ვაყენებ. მისმა ნაწერებმა გამაცოცხლა და მის სტილში არაერთი პოემა დავწერე.

- ვიცი, რომ ჰოლივუდმა ფილმში გადაგიღოთ...

- დიახ... 2019 წელს მივიღე მონაწილეობა რეჟისორ აზიზ ტაზის ფილმში "Night wolk", სადაც ციხის ზედამხედველი განვასახიერე. ეს იყო პირველი ნაბიჯი ჰოლივუდში. რეჟისორი დამპირდა, შემდეგი ფილმისთვის კასტინგზე აუცილებლად გამოგიძახებო. ახლა ფილმი ავსტრალიისა და გერმანიის ფესტივალებზეა მიწვეული. სამი ჯილდო უკვე მიიღო. მთავარ როლებს მიკი რურკი და ერიკ რობერტსი თამაშობენ.

უამრავი ლექსი და პოემა დავწერე საქართველოს მონატრებაზე. წიგნად უკვე გამოიცა და პრეზენტაცია მწერალთა კავშირში გაიმართა. რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა დავით შემომქმედელმა ამ საზოგადოების წევრი გამხადა და დაბეჭდილი ბრძანებაც გადმომცა. განუზომელი იყო ის სიხარული, რაც იმ საღამოს განვიცადე! წიგნი უკვე იყიდება საქართველოში. ასი ეგზემპლარი ემიგრანტებმა შეისყიდეს. უკვე ვამთავრებ ლექსებისა და პოემების მეორე წიგნსაც და ვეცდები მომავალი წლისთვის გამოვცე. ვწერ რომანსაც.

სულ 13 ფილმში გადამიღეს, აქედან 6 მთავარი როლია. ბოლივუდის ორ ფილმშიც ("შავი უფლისწული აჯუბა" და "ბაღდადელი ქურდის დაბრუნება") ვითამაშე, რეჟისორი რაში კაპური იყო. "მოსფილმშიც" გადამიღეს რეჟისორ ვლადიმირ მოტილის ფილმში "დავშორდეთ, სანამ კარგად ვართ"; მერე იყო ტაჯიკი რეჟისორის ისლამ კაზიევის "შამილი", რეჟისორ აზიზმაევის "საკონტროლო ხაზი". ვითამაშე რეჟისორ ალინა აბაშმაძის ფილმში "ქართლოსიანთა საკურთხეველზე", მერაბ თავაძის "ხვეული კიბით", ნიკოლოზ სანიშვილის "მევლუდში"...

როცა 1990 წელს ინდოეთში, რაჯ კაპურის სტუდიაში ფილმის "შავი უფლისწული აჯუბას" გადაღებაზე მიმიწვიეს, პირველი ქართველი მსახიობი გახლდით, ვინც როლზე დამამტკიცეს კაპიტალისტურ ქვეყანაში საბჭოეთიდან. ფილმში მონაწილეობდნენ არიადნა შენგელაია, ზურაბ ქაფიანიძე, აბესალომ ლორია და ირაკლი ხიზანიშვილი. ინდოეთში ფილმი ძალიან ცნობილი გახდა, რადგან ინდოელი აღიარებული და ძვირად ღირებული მსახიობები თამაშობდნენ. შეიძლება ითქვას, ეს ფილმი "ზოროს" ინდური ვარიანტია.