"მასწავლებელი თვითონ თუ არ არის თავისუფალი, თავისუფალი ადამიანის აღზრდას როგორ შეძლებს?" - კვირის პალიტრა

"მასწავლებელი თვითონ თუ არ არის თავისუფალი, თავისუფალი ადამიანის აღზრდას როგორ შეძლებს?"

"ერთხელ ბავშვებს ვთხოვე სკოლაზე დაეწერათ რამე და ჩემმა მეცხრეკლასელმა მოსწავლემ ასეთი რამ დამიწერა: "ყველაზე კარგი სკოლა ისაა, რომელიც ბავშვს არა მარტო ესაუბრება თავისუფლებაზე, არამედ ამ თავისუფლებას ანიჭებს მას". დიახ, სკოლა თვითონ უნდა განასახიერებდეს იმ ღირებულებებს, რომელთა გადაცემასაც ცდილობს ბავშვებისთვის, აი, მაშინ დაგვიჯერებენ... რასაც ჩვენ ბავშვებს ვასწავლით, ხშირად ისინი დიამეტრულად საწინააღმდეგო მაგალითებს ხედავენ ჩვენს საზოგადოებასა და ცხოვრებაში. მუდმივად უნდა ვუსვამდეთ კითხვებს ერთმანეთს, - ვის ვზრდით, რა გამოწვევებს უნდა უპასუხოს მან, რა უნდა გააკეთოს ჩვენმა თაობამ, რომ ამ გამოწვევებს მომავალი თაობა ღირსეულად შეხვდეს და კონკურენციის არ ეშინოდეს. არადა, კონკურენცია 21-ე საუკუნეში უსასტიკესი იქნება", - გვეუბნება ფილოლოგი, სკოლა "ლოგოსის" დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი გია მურღულია, რომლის აზრითაც, ამის გასაღები განათლების სფეროშია.

- დაიწყო სწავლა და ბავშვები ონლაინსწავლებიდან სასკოლო ცხოვრებას დაუბრუნდნენ. რა უარყოფითი ზეგავლენა შეეძლო მათზე ამას მოეხდინა?

- დისტანციური განათლება ჩვენთან რომ ახალია, იმას არ ნიშნავს, რომ სამყარო უარყოფს ამ ფორმატს. ის მსოფლიოში კარგა ხანია დამკვიდრებულია - არსებობს ვირტუალური უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლები და ეს ჩვეულებრივი საგანმანათლებლო სისტემაა. პრობლემას ბადებს ის, რომ ამ სისტემას კარგად მომზადება, გააზრება, შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები სჭირდება. რასაკვირველია, სკოლა არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც მოსწავლე მხოლოდ რაღაც ინფორმაციას და ცოდნას იძენს, ამის გარდა, არის უნარ-ჩვევები, ურთიერთობები, სკოლა სოციალიზაციის ადგილია. აქ უფრო რთულად გვაქვს საქმე - განათლების და ცოდნის შეძენის საკითხი შეიძლება დისტანციურად მარტივად გადაწყდეს, მაგრამ ბავშვის აღზრდის, მოქალაქის ცნობიერების ჩამოყალიბების პრობლემა ძალზე მნიშვნელოვანია და აქ შეიძლება სირთულეები იყოს.

სკოლა 3 მთავარ მიზანს ემსახურება: 1. საგანთა სწავლება; 2. გარკვეული უნარების ჩამოყალიბება, რის გარეშეც ადამიანი წარმატებას ვერ აღწევს ცხოვრებაში და რაც კომუნიკაციის უფრო მაღალ ხარისხს ითხოვს, ვიდრე ეს შეიძლება დისტანციურად ხდებოდეს; 3. ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბება. სკოლამ და ოჯახმა უნდა გაზარდოს კარგი ადამიანები. მეორე და მესამე თემებთან დაკავშირებით, დისტანციურ სწავლებას ცოტა უჭირს, თუმცა მასწავლებლის კვალიფიკაცია ამ პრობლემებს მეტ-ნაკლებად ანეიტრალებს.

- განათლების სისტემაში ხშირად ცხადდება რეფორმების ახალი ტალღა. რა გახსენდებათ კარგი, რაც ამ ტალღებმა მოიტანა? - ძალიან კრიტიკულად ვუყურებ იმ ამბავს, რომ საქართველოში ხშირად ცხადდება ხოლმე რეფორმების ახალი ტალღა.

ყველა ახალი ხელმძღვანელის მოსვლის შემდეგ ვიგებთ, რომ თურმე ძველი არ ვარგოდა. ათასი პრეზენტაცია მოგვისმენია, ამას ვიზამთ, იმასო, და მერე წინა რეფორმა ახლით ისე იცვლება, შეუფასებელი რჩება, რა გადაწყვეტილებები იყო მიღებული, რამდენად შორს წავედით ამ გზაზე, რა შედეგები მოიტანა და ა.შ. ჩემი აზრით, კარგი ამასობაში ერთი ის იყო, რომ ქართულ განათლების სისტემას ჰქონდა მცდელობა საგანმანათლებლო საზოგადოებაში დაემკვიდრებინა თავისუფალი შემოქმედებითი პედაგოგიკის განვითარების ხაზი.

თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამან კარდინალური ნაყოფი გამოიღო. ბევრი ტრენინგი ჩატარდა და ხშირად მასწავლებლებს ესაუბრებოდნენ იმაზე, რომ მათი ხედვა აღარაა ისეთი შეზღუდული გარკვეული დოგმებით (მაგალითად, საბჭოური თუ საერთაშორისო დოგმებით), მაგრამ რასაც ვუყურებ,

როგორც სკოლის დირექტორები, ისე მასწავლებლები ხშირად ინიციატივას ვერ იჩენენ, თითქოს ეშინიათ, ვინაიდან ეს დაკავშირებულია პასუხისმგებლობასთან. ამას სჭირდება მასშტაბური და ღრმა კვლევა, რისი კულტურაც, სამწუხაროდ, არა გვაქვს.

რაც შეეხება აღზრდის, ხასიათისა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, ამის მცდელობები არის, მაგრამ ხომ არის საინტერესო, რეალურად რა შედეგებს ვიღებთ? ეს შედეგები, რომლებიც კვლევებს უნდა ეფუძნებოდეს, საზოგადოებისთვის უცნობია. ბავშვის ადამიანად ფორმირება სკოლის უმთავრესი ამოცანაა და ამას განსაზღვრავს საქართველოში ერთი დოკუმენტი, რომელიც მიღებულია 2004 წელს და მას ჰქვია "ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები" და მასში ჩამოყალიბებულია 8 მთავარი მიზანი, დაკვეთა, რაც საზოგადოებამ მისცა სკოლას და ყველა შემთხვევაში უნდა შეასრულოს. ხშირად გაიგონებთ კითხვას, სად მივიყვანო შვილი, რომელი სკოლაა კარგი, რაზეც ჩემი პასუხია: კარგი სკოლა ისაა, ვინც აღწევს ამ 8 მიზანს გონივრულად და სისტემურად. ერთ-ერთი ამოცანა, რაც ამ დოკუმენტში წერია, არის ის, რომ სკოლამ პატრიოტი უნდა გაზარდოს. რა ადვილი ჩასაწერია ეს ერთი წინადადება და რა ურთულესია გავიაზროთ, რომ მშობლები მათთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს, 6 წლის ბავშვს რომ მოგვიყვანენ, რა ვუთხრათ 12 წლის შემდეგ, ვის ჩავაბარებთ მას? რა პროცესები იქნება ჩვენს სკოლაში და რა ხარისხს მივაღწევთ, პირველ რიგში ეს აინტერესებს მშობელს. ამ ყველაფერს ყველაზე უკეთესად რამდენიმე საგნის მასწავლებელი აკეთებს: ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ხელოვნებისა და ზოგ სკოლაში ფილოსოფიის შესავლის. რასაკვირველია, აქ ის პროგრამებია მნიშვნელოვანი, რომელთაც სკოლა თავის მოსწავლეებს შესთავაზებს. ჩვენს "ლოგოსში" ჰუმანიტარების კათედრებს რამდენიმე პროექტი შევთავაზე და დავიწყეთ მათი განხორციელება. მაგალითად, არის ასეთი პროექტი "მცირე პროზა", რომლის ელექტრონული ვერსია ასეულობით მასწავლებელს გადავუგზავნე და ნეტავ ვინმე განახორციელებდეს. შევარჩიე რამდენიმე გენიოსი: აკუტაგავა, სელინჯერი, ჰემინგუეი, ბორხესი, გუერა, მარკესი, უმბერტო ეკო და სხვები. მათი პატარა ტექსტები, მოთხრობები და მინიატიურები შევთავაზე მოსწავლეებს, რომელთა წაკითხვა და განხილვაც ერთ გაკვეთილზე შეიძლება, ანუ ადგილზე იწყებ და ამთავრებ პროცესს. ზოგან ისეა საკითხი დასმული, შეიძლება მთელი კვირა იკამათო ამაზე. შეიძლება სკოლას ზოგადსაგანმანათლებლო ვუწოდოთ და ისე დაამთავრონ 12 წელი, რომ ბავშვებს ამ ადამიანებზე წარმოდგენა არ შეექმნათ? ამ მოთხრობებს თან ახლავს პატარა გზამკვლევი, რაც კარის შეხსნაა ამა თუ იმ ნაწარმოების სამყაროში.

მაქვს ასეთი პროგრამაც, რომელსაც ჰქვია "ფილმმი" (ეს აბრევიატურაა: ფილოსოფია, ისტორია, ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა, იერარქია ანუ ღირებულებათა სისტემა). ბავშვებს დაახლოებით 10-12 თემას ვაძლევ, რომლებიც ჩვენი ცხოვრების საზრისს შეადგენს. რა მთავარი სიტყვები გვახსენდება ჩვენი ცხოვრების გააზრებისას: სიყვარული, სამართლიანობა, მეგობრობა, სამშობლო, ადამიანი და ა.შ., და თითოეული ეს თემა გახსნილია კომპლექსურად. რომ ავიღოთ სიტყვა "სამართლიანობა", ვუხსნით, რა შეიძლება ამ თემაზე ვუთხრათ მათ ისტორიიდან, ფილოსოფიიდან, კინემატოგრაფიიდან და ა.შ. მესამე პროექტია "ფიქრი-ფიქრზე". აქაც არის შეთავაზებული თემატურად საკითხები. მაგალითად, არის ციტატა ან ამონარიდი რომელიმე ტექსტიდან, მერე ჩემი მინაწერია, რათა ბავშვმა კარგად გაიაზროს და ბოლოს, ცარიელი ადგილია დატოვებული იმის ჩასაწერად, თვითონ ბავშვი რას ფიქრობს ამაზე. როცა ბავშვი ყველა საკითხზე თავის აზრს დაწერს, ბოლოს აღმოაჩენს, რომ წიგნი დაუწერია, ავტორი გამხდარა. ეს ძალიან მოსწონთ ბავშვებს.

ამას გარდა, გვაქვს პროგრამები ისტორიაში, რათა ბავშვმა გაიაზროს, რომ ისტორია არ არის მხოლოდ ფაქტების გროვა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვცდილობთ გავიაზროთ და დავამკვიდროთ ჰუმანიტარული განათლების ახალი პარადიგმა საქართველოს განათლების სფეროში.

- ადამიანის სწორი ფორმირებისთვის გარემოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს... - ერთხელ ბავშვებს ვთხოვე სკოლაზე დაეწერათ რამე და ჩემმა მეცხრეკლასელმა მოსწავლემ ასეთი რამ დამიწერა: "ყველაზე კარგი სკოლა ისაა, რომელიც ბავშვს არა მარტო ესაუბრება თავისუფლებაზე, არამედ ამ თავისუფლებას ანიჭებს მას (ახლაც საკლასო ოთახის კედელზე მაქვს გამოკრული)". დიახ, სკოლა თვითონ უნდა განასახიერებდეს იმ ღირებულებებს, რომელთა გადაცემასაც ცდილობს ბავშვებისთვის. აი, მაშინ დაგვიჯერებენ. რასაც ჩვენ ბავშვებს ვასწავლით, ხშირად ისინი ამის დიამეტრულად საწინააღმდეგო მაგალითებს ხედავენ ცხოვრებაში.

მუდმივად უნდა იყოს ლაპარაკი, მსჯელობა, შეფასება ტელევიზიით, პრესის ფურცლებზე, ელექტრონულ მედიაში და მუდმივად უნდა ვუსვამდეთ კითხვებს ერთმანეთს: ვის ვზრდით, რა გამოწვევებს უნდა უპასუხოს მან, რა უნდა გააკეთოს ჩვენმა თაობამ, რომ ამ გამოწვევებს მომავალი თაობა ღირსეულად შეხვდეს და კონკურენციის არ ეშინოდეს, კონკურენცია კი 21-ე საუკუნეში უსასტიკესი იქნება.

მართალია, ეს საუკუნე ჯერარნახულ შესაძლებლობებსაც მისცემს თაობებს, მაგრამ კონკურენცია იქნება დაუნდობელი, ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, რომ კონკურენციისათვის მოემზადონ.

იცით, კიდევ რა არის პრობლემა? ადამიანებს ურთიერთობები დაავიწყდათ. ამ ყველაფერს კომუნიკაციის კულტურა სჭირდება. ახლახან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის დროსაც ხანდაზმულებს ჰკითხეს, თქვენ იცხოვრეთ, გამოცდილება შეიძინეთ და როგორ ფიქრობთ, რა დაგაკლეს სკოლაში, რას ისურვებდით, თქვენთვის უკეთესად ესწავლებინათო და დაახლოებით 70%-მა უპასუხა, ვისურვებდით ჩვენთვის უკეთესად ესწავლებინათ კომუნიკაცია. მართლაც, წარმატების დიდი ნაწილი განსაზღვრულია ურთიერთობის კულტურით. ჩვენთან ურთიერთობა კი არა, ხანდახან ოჯახის წევრები ერთმანეთს "ფეისბუკით" ელაპარაკებიან, ურთიერთობის სისტემა მოიშალა. ტელეეკრანებიდან მუდმივად ერთმანეთის ლანძღვისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის დრო არ უნდა დავკარგოთ. ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ეს ძალზე არასაჭიროა. ცხადია, პოლიტიკური კულტურა უნდა ამაღლდეს. ამაღლდება კიდეც ნელ-ნელა, მაგრამ თავისით არა, ამის საფუძველი განათლების სფეროში, სკოლაში, მასწავლებელშია.

- "ფიქრმა მეტი იცის ჩვენზე, მხოლოდ მას შეუძლია შეგვცვალოსო", ამბობთ. როგორ შეუძლია ფიქრს შეცვალოს ადამიანის ზნე და ფერი, მით უფრო ასეთ მტრულ და აგრესიით სავსე რეალობაში? - ძალიან ხშირად ვუმეორებ ჩემს ბავშვებს ბობ დილანის ძალზე საინტერესო ფრაზას: - "თუ ყოველდღე არ იბადები, ე.ი. მთელი ცხოვრება კვდები". მუდმივად ახალი და კარგი უნდა შესძინო შენს თავს. მასწავლებელი თვითონ თუ არ არის თავისუფალი, თავისუფალი ადამიანის აღზრდას როგორ შეძლებს? განათლების პოლიტიკას თუ დავუბრუნდებით, სკოლებს მეტი თავისუფლება, მეტი ავტონომიურობა სჭირდებათ... საქართველოს ბევრი სამუშაო აქვს, რათა ღირსეული თაობა აღზარდოს და ღირსეული სახელმწიფოც შექმნას.