"მთელი პანდემიის პერიოდში, ლამის "მამას" ვეძახდით" - კვირის პალიტრა

"მთელი პანდემიის პერიოდში, ლამის "მამას" ვეძახდით"

"თუ სიყვარულით არ მოძრაობ, სავარაუდოდ, შენი ნაბიჯებიც მცდარია. როცა გიყვარს, ლაღად თავაწეული მიდიხარ"

სახელი, გვარი: მაკა ძაგანია.

ასაკი: 41 წლის.

განათლება: დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: მონაწილეობს სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში". ასევე აქვს საბავშვო თეატრალური სტუდია.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: ლუდის წრუპვა.

ცხოვრების დევიზი: "რასაც დასთეს იმას მოიმკი"; "თუ ვინმემ შეძლო, ე.ი. შენც შეგიძლია".

- მაკა, როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- ცოტათი პანიკიორ, ცოტათი მშიშარა და კარგად დამთმობ ადამიანს.

- ყველაზე მეტად რა გაშინებთ?

- ბევრი ფობია მაქვს, მაგრამ საბოლოოდ, ეს ყველაფერი სიკვდილის შიშამდე მიდის. სავარაუდოდ, ჩემი ყველა ფობია სიკვდილის შიშს უკავშირდება. მაგალითად, ახალ ლიფტებში მარტო ვერ შევდივარ, რადგან როცა რკინის კარი იკეტება, მგონია, ვაკუუმი იქმნება და რომ გავიჭედო, ჰაერი არ მეყოფა, მოვკვდები. ძველ ლიფტებში შესვლის არ მეშინია: ვფიქრობ, რომ გავიჭედო, ჰაერი მაინც მოძრაობს და არ გავიგუდები.

- თქვენს ცხოვრებაში რამე ისეთი მოხდა, რამაც ლიფტთან დაკავშირებული შიში განაპირობა?

- ერთ ზაფხულს, ერთ-ერთი კვების ობიექტში, ერთი სართულიდან მეორეზე ასვლა ლიფტით მომიხდა. ლიფტში ვენტილაცია არ იყო. ზაფხულის სიცხეში ლიფტში შესულსაც ჩახუთულობა რომ დამხვდა, იმ 2 წამში მეგონა, რომ ვერ გადავრჩებოდი. ლიფტებში შესვლა მანამდეც არ მსიამოვნებდა. სადაც ფეხით ასვლა შემიძლია, ფეხით ავდივარ... კიდევ, ნისლის დროს, როცა ხილვადობა ჭირს, მგონია, რომ ვერ ვსუნთქავ - ასეთი შეგრძნება მეუფლება. შინაგანი შფოთვა მეწყება - ვაი და ჰაერი არ მეყოს-მეთქი (იღიმის)?..

- სიკვდილის არსებობა როდის გააცნობიერეთ?

- ასაკი არ მახსოვს, მაგრამ ადამიანის გარდაცვალებას ყოველთვის მძაფრად განვიცდიდი. ჩემმა მეგობრებმა, გარშემო მყოფებმა იციან, რომ პანაშვიდებზე ვერ დავდივარ. შეიძლება, მივიდე და ეზოში გავჩერდე - შიგნით ვერ შევდივარ, რადგან ცუდად ვხდები. შორეული ბავშვობიდან მოყოლებული, ვინმეს გარდაცვალების გაგება ყოველთვის მთრგუნავდა.

- თქვენთვის ცუდი განწყობის უებარი წამალი რა არის?

- ალბათ, ჩემს ახლობლებთან, გარშემო მყოფებთან კომუნიკაციას "გამოვყავარ". შეიძლება, უცბად რაღაცის გამო გავბრაზდე, მეწყინოს, ვიტირო, მაგრამ შვილებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ჩახუტება, მოფერება მშველის.

- ამ მხრივ, პანდემიის დროს ძალიან გაგიჭირდათ?

- ჩახუტება, კოცნა, მოფერება ყველას გვაკლია. საერთოდ, ქართველები ასეთი გულთბილი ადამიანები ვართ - სულ ჩახუტება გვინდა (იღიმის). სავარაუდოდ, პანდემიამ ყველაზე იმოქმედა, მათ შორის - ჩემზეც, რა თქმა უნდა.

- რას ნიშნავს თქვენთვის სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები"?

- ჩემი ცხოვრების ნაწილია. "სამსახურსაც" ვერ ვარქმევ, რადგან როცა 11 წლის განმავლობაში, ერთსა და იმავეს აკეთებ, რაღაცნაირად, შენი ნაწილი ხდება. შეიძლება, სადმე ბუღალტრად იმუშაო, მაგრამ ფურცლები შვილივით ვერ გეყვარება, ხომ? მსახიობი როლს რომ ქმნი, ის შენთვის ბავშვივით სათუთი ხდება, რომელსაც გააჩენ, უვლი, ზრდი... 11 წელია, ჩემს პერსონაჟს ვუვლი. როგორ შეიძლება, ჩემი ცხოვრების ნაწილი არ იყოს?..

- დაასახელეთ ის, რასაც ყოველ შემოდგომას აკეთებთ...

- ახალ წელს ზუსტად ვიცი, რომ საცივს ვაკეთებ (იცინის). შემოდგომაზე, გაზაფხულზე, ზაფხულში რამე საქმე ან გართობის წესი არ მაქვს. ზაფხულში, 1 კვირით დასვენებაც ჩემთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. როგორც მოხერხდება, ისე ვიქცევი. ერთადერთი, რაც ყოველ შემოდგომას მაქვს, ცოტათი სევდიანი ხასიათია, რადგან ისევ და ისევ, შემოდგომა ჩემთვის მიძინებასთან ასოცირდება, რაც ჩემს ხასიათზე მოქმედებს, გაზაფხული კი პირიქით - დაბადებასთან, რაღაცის დასაწყისთან...

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავით?

- ნორმალური. რომ გითხრათ, - არიქა, ვარსკვლავებს ვწყვეტდი-მეთქი, მართალი არ ვიქნები. თან, ქორეოგრაფიულში ვსწავლობდი და მთელი ჩემი მონდომება იქით იყო მიმართული.

- ბევრი თაყვანისმცემელი გყავდათ?

- ნორმალურად, დამაკმაყოფილებლად (იცინის)...

- თქვენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავდნენ?

- ზოგი - როგორ, ზოგი - როგორ... ჩემთვის უჩხუბიათ კიდეც - რატომ არ მოგწონვარო (იცინის)?..

- რომელი ცნობილი ქართველი გეამაყებათ ყველაზე მეტად?

- გია ყანჩელი. საერთოდ, ბევრი მეამაყება - ცოცხლებიც, გარდაცვლილებიც (ყველა სფეროში).

- უცებ დამისახელეთ ერთი ქართველი, მოქმედი, ღირსეული პოლიტიკოსი...

- გახარია! მთელი პანდემიის პერიოდში, ლამის "მამას" ვეძახდით (იცინის). უცბად ეგ გამახსენდა...

- რატომ მიგაჩნიათ ღირსეულად?

- პოლიტიკაზე საუბარი არ მიყვარს, რადგან დიდად ჩახედული არ ვარ და არც მინდა, რომ ვიყო. მსურს, ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობდე, სადაც პოლიტიკოსი პოლიტიკოსობს, მსახიობი - მსახიობობს, მომღერალი - მომღერლობს... ამიტომ ასეთ თემებზე კომენტარების გაკეთება დიდად არ მიყვარს ხოლმე. უბრალოდ, ეტყობა, დიდხანს მესმოდა, რომ გახარია ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო და პირველად ეს მომივიდა თავში. ალბათ, მას ბევრი დადებითი თვისებაც აქვს და უარყოფითიც, ბევრი კარგიც გაუკეთებია და ცუდიც...

- თქვენს შესაძლებლობებზე ოდესმე მცდარი წარმოდგენა შეგქმნიათ?

- ცოტათი მშიშარა ვარ, გადაწყვეტილებებს რთულად ვიღებ. საკუთარ თავთან ეს კითხვა სულ მაქვს - შევძლებ? მიუხედავად ამისა, ჩემს თავს შემოვუძახებ ხოლმე - კი, შეძლებ, რადგან თუ ვიღაცას გამოსდის, შენც გამოგივა-მეთქი, მაგრამ პანიკური შეტევა მქონია - ვაიმე, შევძლებ კი? ნამდვილად გამომივა-მეთქი?

- საუკეთესო ვარიანტში, თქვენი შვილები რომელი პროფესიის წარმომადგენლები გინდათ, რომ იყვნენ?

- რავი, ალბათ, ოჯახს ერთი ექიმი არ აწყენდა (იცინის). ეს ისეთი რამაა, რომ თავად უნდა გადაწყვიტონ - პროფესიის არჩევა მხოლოდ მათ ეხებათ, თორემ ისე, შინ ერთი ექიმი რომ გყავს, უფრო მშვიდად ხარ ადამიანი...

- ამ ეტაპზე, ცხოვრებაში თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- იმას, რომ ხალხის დიდი სიყვარული, გულთბილი დამოკიდებულება მოვიპოვე. ესაა ჩემი მთავარი მიღწევა.

- ბოლოს რა გაჩუქეს?

- ამ პანდემიის დროს საერთოდ, ვინ რაღას გჩუქნის ადამიანს (იცინის)?!. საკუთარ თავს გავუკეთე საჩუქარი - სარეცხი მანქანა განვადებით შევიძინე...

- დღის რომელი მონაკვეთი გიყვართ ყველაზე მეტად?

- დილა, თუმცა ჩემი მეუღლე სულ ამის გამო დამცინის - ეგ დილა არ არისო. ჩემთვის კარგი დილა 11-ის ნახევარია, როცა თავად მეღვიძება და ბედნიერიც ვარ. მიყვარს, რომ ნახევარი საათი მაქვს ყავის დასალევად და გამოსაფხიზლებლად. დილაობით ცუდ ხასიათზე არასდროს ვარ. მომწონს, რომ ყველაფერი იწყება... დილა მაბედნიერებს. ბოლო პერიოდში, ვცდილობ, ადრე ავდგე, რადგან ჩემი უმცროსი შვილი პირველ კლასში შევიდა...

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?

- სიყვარული. საერთოდ, ცხოვრებაში ძირითადი მამოძრავებელი ძალა სიყვარული (ყველაფრის მიმართ: ბუნების, ოჯახის, ქვეყნის...) მგონია. თუ სიყვარულით არ მოძრაობ, სავარაუდოდ, შენი ნაბიჯებიც მცდარია. როცა გიყვარს, ლაღად თავაწეული მიდიხარ (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"