მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილე სამხედროებს: "მინდა, კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია!" - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილე სამხედროებს: "მინდა, კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია!"

მიხეილ სააკაშვილი წერილით მიმართავს და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს იმ ყოფილ სამხედროებს, რომლებიც მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან და სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომელიც დღეს ციხეში სააკაშვილის სანახავად იმყოფებოდა.

"მინდა გაგაცნოთ ერთი წერილი, იცით, რომ ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ ასევე სამხედროები და კრიტიკულად შემაშფოთებელია რომა შამათავას ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ წერილით მიმართა და ბედნიერი ვარ, რომ ამ წერილს ვკითხულობ,იმიტომ, რომ ეს არის სიამაყით სავსე წერილი, ვაჟკაცობის, თავდადების მაგალითი მთავარსარდლის. მაჩვენებელი იმისა, როგორი უნდა იყოს მთავარსარდალი. წერლში წერია: "გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემი სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე,რომ მინიმუმ ერთი მათგანის, რომა შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომა შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა, კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლემა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მედიასთან ეკა ხერხეულიძემ წაიკითხა.

სააკაშვილის თხოვნას ხერხეულიძეც უერთდება.

"ჩემს ძვირფას რომას, მართლაც სიამაყით მინდა ვთხოვო, რომ გაითვალისწინოს მიხეილ სააკაშვილის თხოვნა და ყველა ვინც ამ აქტს შეუერთდა მართლაც დიდი ადამიანური სოლიდარობა აჩვენეს, შიმშილობა შეწყვიტონ. პირველ როგში, ეს არის სააკაშვილის კეთილი ნება, ის თვლის, რომ მისი მსხვერპლი ამ ეტაპზე საკმარისია,რასაც თვითონ აკეთებს. პირიქით, უფრო მშვიდად იქნება, როცა ისინი შეწყვეტენ შიმშილობას. მადლობას უხდის მათ თავდადებისთვის", - განაცხადა ხერხეულიძემ.