"კონსილიუმს ადვოკატები, მე მგონი, არ დაესწრებიან" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი? - კვირის პალიტრა

"კონსილიუმს ადვოკატები, მე მგონი, არ დაესწრებიან" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი?

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექიმთა კონსილიუმს, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის, ადვოკატები სავარაუდოდ არ დაესწრებიან. ამის შესახებ ყიფშიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლამდე განუცხადა.

"კონსილიუმს ადვოკატები, მე მგონი, არ დაესწრებიან. მარტო ექიმები იქნებიან და რამდენადაც ვიცი, უკვე დაიწყო კონსილიუმი,", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

როგორც მან აღნიშნა კონსილიუმზე სააკაშვილის მხოლოდ საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი არ გადაწყდება.

"ჯერ გადაწყდება რა მდგომარეობაშია, უნდა შევჯერდეთ. დღეს იქნება ანალიზების, კვლევების შეფასება და ასევე შეიძლება ზოგიერთმა ექიმმა გასინჯოს", - განაცხადა ყიფშიძემ.

კითხვაზე, როგორია სააკაშვილის პირადი ექიმის პოზიცია, უნდა გადაიყვანონ თუ არა ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში, ექიმი პასუხობს, რომ დღეს ჯერ არ უნახავს პაციენტი და ამაზე ვერაფერს იტყვის.

"ვერ გეტყვით. ანალიზებს გუშინ გავეცანი და გუშინ გითხარით ყველაფერი", - განაცხადა ყიფშიძემ.