"იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის მე-19 დღეა, ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ მდგომარეობა გართულდეს" - რას აცხადებს ნინო ლომჯარია? - კვირის პალიტრა

"იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის მე-19 დღეა, ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ მდგომარეობა გართულდეს" - რას აცხადებს ნინო ლომჯარია?

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციას დათანხმდება, მდგომარეობის გართულების შემთხვევაში მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიოს.

ამასთან, როგორც ნინო ლომჯარიამ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილს ანალიზები ყოველდღიურად ჩაუტარდება.

"ზოგადად, ექიმების შეფასებით, ამ წუთის მდგომარეობით ანალიზების და სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის მე-19 დღეა, ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ მდგომარეობა გართულდეს. ამიტომ ისინი პრევენციის მიზნით, რეკომენდაციას უწევენ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას. თუმცა ამ ეტაპზე სააკაშვილს თანხმობა გაცემული არ აქვს, ამიტომ ვმსჯელობთ იმაზე, რომ სანამ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, ადგილზე იყოს მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი, რომ მას სამედიცინო დახმარება გაეწიოს, თუკი მდგომარეობა გართულდება",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარია განმარტავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ პაციენტს სამედიცინო დახმარება მისი ნებართვის გარეშე გაეწიოს.

„თუ პატიმარი უარს აცხადებს, სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა მანამ, სანამ ის საღ გონებაზეა და საკუთარი ნების დაფიქსირება შეუძლია. თუმცა, თუ ვითარება იმდენად გართულდა, რომ პაციენტი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს, ამ შემთხვევაში ექიმები ვალდებულები არიან, მას სამედიცინო დახმარება გაუწიონ, მაგრამ თუ პაციენტი სამედიცინო დახმარებაზე გათვითცნობიერებულად ამბობს უარს, ამ ვითარებაში მას სამედიცინო დახმარება ვერ გაეწევა. თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის თანხმობა იქნება, რათა გართულებები დაზღვეული იყოს",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მე-19 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით კონსილიუმია შეკრებილი. სწორედ კონსილიუმის რეკომენდაციების თაობაზე ექიმებმა იუსტიციის სამინისტროში გამართეს შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრები - მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე დაესწრნენ.

"ინტერპრესნიუსი"