"პროგნოზი საიმედო არ არის, დავალებები გაიცა, რომ შემდგომი გადაწყვეტილებების პაკეტი მომზადდეს - შეზღუდვების დაწესების მომხრე ვარ" - კვირის პალიტრა

"პროგნოზი საიმედო არ არის, დავალებები გაიცა, რომ შემდგომი გადაწყვეტილებების პაკეტი მომზადდეს - შეზღუდვების დაწესების მომხრე ვარ"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საკოოდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაიცა დავალება, რომ გარკვეული გადაწყვეტილებების თაობაზე პაკეტი მომზადდეს.

"პროგნოზი არ არის საიმედო. დღესაც გაიცა დავალებები, რომ მომზადდეს შემდგომი გადაწყვეტილებების პაკეტი. გეთანხმებით, რომ ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება. რა იქნება ეს, ამას საკოორდინაცო საბჭო გადაწყვეტს", - განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე დაადასტურა, რომ შეზღუდვების დაწესების მომხრეა. ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება, თუმცა როდის, ეს ამ ეტაპზე უცნობია.

"დარწმუნებული იყავით, რომ ამოქმედდება, ვერ გეტყვით როდიდან. ზუსტ თარიღს მე ვერ ვადგენ. მრავალი მიდგომაა "მწვანე პასპოტთან მიმართებით",-განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებული პირების იზოლაციაში ყოფნის ვადის შემცირება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

შესაბამისი შეკითხვით "ინტერპრესნიუსმა" ამირან გამყრელიძეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ იმ კონტექსტში მიმართა, რომ ექიმები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს გადამდებად ვირუსის დაფიქსირებიდან 9 დღის შემდეგ აღარ მიიჩნევენ, იზოლაციაში ყოფნის პროტოკოლით გაწერილი ვადა კი, უფრო ხანგრძლივია.

"ჯერჯერობით საერთაშორისო რეკომენდაციები იზოლაციის ვადის შემცირებასთან დაკავშირებით არ გახლავთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა, რომელმაც 7 ოქტომბერს მისი ინფიცირების შესახებ განაცხადა, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე მივიდა. უგულავამ განაცხადა, რომ იზოლაციის დასრულების რეკომენდაცია ექიმებმა მისცეს.

გრიპზე ვაქცინაცია დაწყებულია, მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს საცხოვრებლის მიხედვით შეუძლიათ პოლიკლინიკებში გრიპზე აიცრან, - მისივე თქმით, საქართველომ გრიპის საწინააღმდეგო 200 000 ვაქცინა შეისყიდა.

სახელმწიფოს მიერ შესყიდული 200 ვაქცინა განკუთვნილია შემდეგი ჯგუფებისთვის - ორსული ქალბატონები, დიალიზზე მყოფი პირები, შაქრის დიაბეტით დაავადებული მოქალაქეები, მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, ჩ ჰეპატიტის მქონე ადამიანები, აივ ინფექციის მქონე პირები, 60 წლის ზემოთ ხანდაზმულები, პედაგოგები, ორგანოგადანერგილები, ჯანდაცვის პერსონალი, ვეტერინარები და საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელები.

ამჟამად გრიპზე 2 000-მდე პირი არის აცრილი. პირველი 43 000 დოზა უკვე შემოვიდა და კვირას შემდეგი 60 000-ს ჩამოიტანენ. დანარჩენი 100 000 დოზაც მალე გვექნება, რიცხვები დაზუსტებული გვაქვს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დეტალებზეც ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში კოვიდინფიცირების ყველა შემთხვევა დელტა შტამს წარმოადგენს.

"ამას დეტალურად ვიკვლევთ. როგორც ვიცით, დელტა შტამს აღმოაჩნდა განსაკუთრებული თავისებურებები - ახალგაზრდა ასაკის მიმართ უფრო აგრესიულია და რეინფიცირების უფრო მეტი პოტენციალი აღმოაჩნდა", - განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"