"იმ თავყრილობის გამო, რომელიც რუსთაველის გამზირზე იყო, კორონავირუსით ინფიცირებულების უფრო მეტი მატება იქნება" - კვირის პალიტრა

"იმ თავყრილობის გამო, რომელიც რუსთაველის გამზირზე იყო, კორონავირუსით ინფიცირებულების უფრო მეტი მატება იქნება"

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი დევი ტაბიძე მიიჩნევს, რომ გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები უნდა დაწესდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ არის.

როგორც ტაბიძემ მედიაჰოლდინგ "კვირის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მკვეთრად უნდა განისაზღვროს ის სპეციალობები და სამუშაო ადგილები, სადაც აუცრელი ადამიანები არ დაიშვებიან. დევი ტაბიძის განცხადებით, ეს კატეგორიული მოთხოვნა უნდა იყოს.

"დღევანდელი ეპიდსიტუაცია კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ სიმძიმეზე, რომელიც დღეისთვის არსებობს. რამდენიც არ უნდა სირაქლემას პოზა დავიკავოთ და თავი ჩავრგოთ, ციფრები მაინც თავისას ამბობს. რეალურად, ასეთი მატება წინა წლის გარდა, ნამდვილად არ გვქონდა. ამ პერიოდში ეს ციფრები კიდევ ერთხელ არის იმის დასტური,რომ ალბათ, გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები უნდა დაწესდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც აცრილები არ არიან. ეს არის ჩემი, ერთი ექსპერტის მოსაზრება. ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად აქვთ საზოგადოებასთან და ბევრ ხალხთან კონტაქტი, აუცილებლად უნდა იყვნენ აცრილი. ეს ეხება საჯარო სამსახურებს, სკოლებს, ბაღებს, რა თქმა უნდა, მედიცინის მუშაკებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეხება და ძალიან მჭიდრო კონტაქტი აქვს საზოგადოებასთან",-განაცხადა ტაბიძემ.

მისი შეფასებით, დღეს ვაქცინაციის პროცესი არ მიმდინარეობს იმ სქემით, რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა და ვაქცინაციის გეგმა დადო.

"ეს ყველაფერი აცდენილია გეგმას, რაც სასურველ შედეგს არ გამოიღებს. თუ აქამდე დღეში 20-25 ათასი აცრა იყო საჭირო იმისთვის, რომ წლის ბოლომდე 65-70% აცრილი ყოფილიყო, ახლა ჩვენი საექსპერტო გათვლებით, მინიმუმ 35-40 ათასი ადამიანი უნდა იყოს აცრილი. გეთანხმებით, რომ ძალიან მაღალი ციფრია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. თუ ეს ყველაფერი არ შესრულდა, ჩვენ ამ მდგომარეობიდან ელემენტარულად ვერ გამოვალთ. ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებული კანონია, რომ თანაბარი ჩართულობა უნდა არსებობდეს სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებას შორის",-განაცხადა ტაბიძემ.

მანვე განმარტა, რომ თუ მოსახლეობა არ აიცრება და აუცილებელ რეკომენდაციებს არ დაიცავს, ქვეყანა შეიძლება

ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს და კორონავირუსით გამოწვეული ვითარება კიდევ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს.

"გადავივსებით, აუცილებლად იქნება ჯანდაცვის კოლაფსი. გაიჭედება ყველაფერი. ახლა რეგიონების ხარჯზე უფრო მეტი მატება იქნება იმ თავყრილობის გამო, რომელიც რუსთაველის გამზირზე იყო, რადგან იქ ძირითადი მასა რეგიონებიდან იყო და ის რეგიონები აუცილებლად ერთმანეთს "ბედნიერ საჩუქარს" დაურიგებენ, მერე წამოვა ეს ყველაფერი და ქალაქს დააწვება", -განაცხადა ტაბიძემ.