"დაგეგმილი არ გვქონია ამდენი შვილის ყოლა, რაღაცნაირად ასე მოხდა... თუ არ დაგეზარება შრომა, იცხოვრებ მთაში" - კვირის პალიტრა

"დაგეგმილი არ გვქონია ამდენი შვილის ყოლა, რაღაცნაირად ასე მოხდა... თუ არ დაგეზარება შრომა, იცხოვრებ მთაში"

რა აბრკოლებთ ყველაფერზე მეტად მთაში დაბრუნების მსურველ ოჯახებს

ლალხორი - მესტიის ეს სოფელი მდებარეობს კავკასიონის სამხრეთით, მდინარეების - ხალდეჭალისა და ენგურის შესართავთან, ზღვის დონიდან 1760 მეტრზე. ბოლო, 2014 წლის აღწერით, სოფელში სულ 24 ადამიანი ცხოვრობს. დიდი ხანი არ არის, რაც იქაურებს ედუარდ ხარძიანისა და სოფო გულბანის მრავალშვილიანი ოჯახიც შეემატა. ახალგაზრდა წყვილი არც უსახლკარობას შეუშინდა, არც იქაურ მკაცრ პირობებს და 5 შვილთან ერთად დაუბრუნდა სვანეთს - მამაპაპისეულ კუთხეს. უფროსი, მარიამი, 16 წლისაა, სალომე - 14-ის, მართა - 12-ის, ანა - 10-ის, გვანცა - 6-ის. ნაბოლარა, თამარი კი სწორედ მას შემდეგ შეეძინათ, რაც ლალხორში გადაბარგდნენ, ის უკვე ერთი წლისაა. თვითონაც საკმაოდ ახალგაზრდები არიან - სოფო 36 წლისაა, ედუარდი - 39-ის. ამბობენ, რომ არც ისეთი რთული ყოფილა მთაში ცხოვრება, როგორც წარმოედგინათ და თუ შრომა არ დაგეზარება, იქ, მთაში, ჯობს... როგორც სოფო ამბობს, ამ გადაწყვეტილებით კორონასაც დააღწია თავი და ყოველდღიურ პრობლემებსაც.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"დიდი ბედნიერებაა ამდენი შვილის ყოლა, მართალია, ბევრი სანერვიულოცაა, მაგრამ უფრო მეტი სიხარულია. დაგეგმილი არ გვქონია ამდენი შვილის ყოლა, რაღაცნაირად ასე მოხდა. ჩემი მამამთილი მრავალშვილიანი ოჯახიდან არის, მამაჩემის ძმას 9 შვილი ჰყავს, მე და ჩემს მეუღლეს ორ-ორი დედმამიშვილი გვყავს..."

"თბილისში ორივე ვმუშაობდით - ჩემმა მეუღლემ ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ მშენებლობებზე მუშაობდა. მე მზარეულად ვმუშაობდი ბავშვთა გასართობ ცენტრში, მაგრამ ძალიან მიჭირდა ამდენი ბავშვის გამო. გვიანობამდე მიწევდა იქ ყოფნა, შვილებისთვის დრო აღარ მრჩებოდა. სხვადასხვა წრეზე დადიოდნენ და ვერსად ვერ დავყვებოდი. ყოველდღე შიშით ველოდებოდი შინ მათ დაბრუნებას. დამხმარე კი მყავდა, როგორც გითხარით, დედამთილ-მამამთილს ვუტოვებდი, მაგრამ მხოლოდ ეს ხომ არ არის? ჯერ მარტო ის რად ღირს, სუფთა ჰაერზე რომ იზრდებიან და ყველაფერს ნატურალურს რომ აჭმევ ბავშვებს. თუ არ დაგეზარება შრომა, იცხოვრებ მთაში. რაც ყველაზე მთავარია, შვილებთან ხარ მთელი დღე..."

"მართალია, არანაირი პირობები არ არის, არც სარეცხის მანქანა არ მაქვს, არც სველი წერტილი, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, რომ ოდესმე აღვადგენთ ჩვენსას. ძროხა გვყავს, ასევე - კურდღლებიც, ღორიც. ბოსტანიც გვაქვს, მიწას ვამუშავებთ, კარტოფილი მოგვყავს და აქ ამოსულ ვაჭრებს ვუცვლით სხვადასხვა პროდუქტში. გვინდა, რომ ფუტკარიც მოვაშენოთ, სათბურის გაკეთებასაც ვფიქრობთ, აქ ხომ სიცივეა და ბოსტნეულის ზოგი სახეობა ვერ ასწრებს მოსვლას. ვნახოთ, ყველაფერი წინ არის..."

"სულ ვფიქრობ ხოლმე, ახალგაზრდების დაბრუნებაზე რომ საუბრობენ, როგორ უნდა მოხდეს, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? სახლების უმეტესობა დანგრეულია, სად იცხოვრებენ, თავშესაფარი თუ არ ექნებათ?! ეს არის ყველაფერზე მეტად დამაბრკოლებელი რამ მათთვის, ვინც აქ დაბრუნებაზე ფიქრობს. იმედი მაქვს, ოდესმე შეივსება სოფელი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 21 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი