პანკისური "არდადეგები" - კვირის პალიტრა

პანკისური "არდადეგები"

ბავშვობიდან წამოყოლილი საგზალი

ბავშვობაში საჩხერეში სტუმრობისას ილია ბაბუა ჭიგოს რომ თლიდა, ხშირად ღიღინებდა ერთ სიმღერას:

"ქისტებმა ციხე გატეხეს, ბოლი ადინეს თავზედა, გამოიყვანეს ლამაზი,ცრემლი ატყვია თვალზედა".

ქისტები ვინ არიან-მეთქი, ვკითხე ბაბუას. ჩვენი მოძმე ვაჟკაცი ხალხი. ისეთი გულადი ვიყავი, ახალგაზრდობისას ჩემზეც ხშირად უთქვამთ, ქისტივით შეუპოვარიაო. ბაბუას ნაამბობით ქისტები ჩემს წარმოდგენაში იქცნენ კეთილ გმირებად, რომლებიც არაფერს უშინდებოდნენ და გოგონას გამოსახსნელად თავს სწირავდნენ. წლები ისე გავიდა, ვერსად შევხვდი ჩემი ბავშვური წარმოდგენების გმირ ქისტებს.

წელს, იანვარში, კი ჩემმა კოლეგა ნინო ბურჭულაძემ თავისი ძმადნაფიცი მერაბ ქავთარაშვილი გამაცნო. მერაბი ქისტი და სოფელ დუისის გამგებელიაო. ეს კეპიანი ახალგაზრდა კაცი სულაც არ ჰგავდა ჩემი წარმოდგენის იარაღასხმულ ქისტს, მაგრამ მისი თავდაჭერის, სიტყვაძუნწობის, ალალი და სუფთა გამოხედვის მიღმა იგრძნობოდა სიძლიერე, რომელზეც ჯერ კიდევ ილია ბაბუა მიყვებოდა. მერაბმა მაშინვე დაგვპატიჟა პანკისში, მაგრამ მასთან სტუმრობისთვის მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოვიცალეთ.

გზას ვამბობ, თორემ რა გზაა

კვირას შუადღისას პანკისში იპნ-ის ჟურნალისტ ბექა პატურიშვილის მანქანით გავემგზავრეთ პრეზიდენტის ნაქები გომბორის გზით. თავიდან გზას არა უშავდა, მაგრამ როგორც კი გომბორის უღელტეხილს შევუდექით, ჩვენმა "ჯიპმა" სვლა შეანელა. გზა ისე იყო მინგრეულ-მონგრეული და ზოგან ჩავარდნილი, იფიქრებდით, მომხდურს დაუბომბავსო. გზა ბევრგან ჩაქცეულიყო და დავიწროებულიყო.

მანქანას დიდი სიფრთხილით უნდა ევლო, თორემ ხიფათს ვერ ავცდებოდით. რამდენიმე ადგილას   მეგზევეები გამალებით მუშაობდნენ, მაგრამ გიგი უგულავას საარჩევნო სლოგანს თუ გავიხსენებთ, მათ გასაკეთებელი მართლაც ბევრი აქვთ. ვაი-ვაგლახით  გადავიარეთ გომბორი. გომბორის გზამ კახეთში ისე მცირე დროში ვერ ჩაგვიყვანა, როგორც პრეზიდენტი გვპირდებოდა.

პანკისი - კავკასიური ზღაპარი

ქაქუცა ჩოლოყაშვილის მშობლიურ სოფელ მატანს გავცდით და პანკისის ხეობაში შევედით.

ქართულისაგან ქისტურ სოფლებს იმით გაარჩევთ, რომ ხშირად დაინახავთ ეროვნულ  სამოსში გამოწყობილ წვეროსან მამაკაცებსა და თავსაბურავიან ქალებს, თავსაფრიან პატარა გოგონებს. სოფლის გზაზე გასაოცარი გრაციოზულობით მოდიოდნენ ტანწერწეტა ქისტი გოგოები, კდემა და სიამაყე ერთდროულად შერწყმოდა მათ ნარნარ მიხრა-მოხრას. ჩვენს ცნობისმოყვარე მზერას თვალს არიდებდნენ და თავებს ხრიდნენ.

დუისში რომ ჩავედით, მერაბ ქავთარაშვილმა დაგვირეკა, ჩემს სახლთან გამოიარეთ, მამაჩემი დილიდან კართან ზის და გელოდებათ, ნახეთ, თორემ თვალები დააწყდაო. ძია უსუფმა დიდხანს ლოცა და ეფერა შვილის დობილს, ჩვენც გულში ჩაგვიკრა. ხეობაში მალე ღამდება და უნდა ვიჩქაროთო, - გვითხრა მასპინძლის ძმამ ზურამ. ბაწარას ხეობაში მიმავალ გზაზე ხალვათად რომ გვემგზავრა, მე და ნინო მის მანქანაში გადავსხედით. ზურამ ქართული სიმღერები ჩართო.

ქისტური სიმღერები არა მაქვს, ქართულს ვუსმენთო. ერთ ქისტურ სოფელზე გავლისას გზაზე ერთი ახალგაზრდა დავინახეთ, "ჯიპს" რეცხავდა. ჩაცმულობასა და იერზე ეტყობოდა, რომ იქაური არ უნდა ყოფილიყო. ამერიკელია, რამდენიმე წელია აქ  ცხოვრობსო, - გვითხრა ზურამ. უცნაურია, საქართველოდან ქართველები გარბიან, ამერიკელები კი აქ ცხოვრებას არჩევენ. რა მაფიქრებინებდა, რომ პანკისის ხეობაში ამერიკელს წავაწყდებოდი.

სოფლებს გავცდით და ცოტა ხანში ჩემ თვალწინ ისეთი სილამაზე გადაიშალა, მანქანის მინას მივეკარი. ტყეებით დაბურული მთების ზემოთ, ჩვენგან არცთუ ისე შორს, თოვლიანი კლდეები მოჩანდა. ბუნების მშვენებამ ყველა დაგვამუნჯა. თვალებით ვნთქავდით ენით აუწერელ სილამაზეს.

უცებ გზა უზარმაზარმა ლოდმა ჩაგვიხერგა. გზის ზემოთ ტრაქტორი გუგუნებდა. ეტყობა, კლდეს არღვევდა და ლოდიც იქიდან დაგორდა.  იქვე ქისტ მუშებს მოვკარით თვალი, დასასვენებლად ჩამომსხდარიყვნენ. ჩვენს დანახვაზე წამსვე წამოიჭრნენ და გზა გაგვისუფთავეს. ზურამ გვითხრა, ახალი ჰესი შენდება "ხადორი-2" და გზას აფართოებენ. პირველი ჰესი ჩინელებმა ააშენეს და აქვე დასახლდნენო და მშვენიერი, სატელიტური ანტენებით აღჭურვილი სამსართულიანი სახლი დაგვანახა, რომელსაც დაცვა ჰყავდა.

"ასეთი რამ ბაწარას ხეობაში ჯერ არ ყოფილა"

როგორც იქნა, მასპინძლებამდე მივაღწიეთ. მდინარე სამყურას ნაპირზე (რომელიც რამდენიმე ასეულ მეტრში ალაზანს უერთდება) გაეშალათ სუფრა. დილიდან ისე გელოდით, არც კი წაგვიხემსებიაო, გვითხრა მერაბმა და სუფრისკენ გაგვიძღვა. უხვი სუფრა მინდვრის ყვავილების ორი თაიგულით დაემშვენებინათ. ვიცოდი, ყვავილები გაგიხარდებოდათ და ტყეში დავკრიფეო, გვითხრა ხეობაში განთქმულმა თამადამ გურამ ხანგოშვილმა და ბიჭებს გასძახა, აბა, ჯიხვის მწვადები მოიტანეთო.

ხეობაში განთქმული თამადა თამადობას შეუდგა და სუფთა რქაწითელით შესვა  საქართველოს მიწა-წყლის სადღეგრძელო: ღმერთმა ინება, რომ ამ ულამაზეს მიწაზე დღეს ჩვენ გვეცხოვრა.

აქედან რომ გამაგდონ, პოლიტიკურ თავშესაფარს მოვითხოვ და არ წავალო. გაოცება რომ შემატყო, ალექსი ქავთარაშვილმა დანანებით ჩაილაპარაკა: აქაურებს რატომღაც ეჭვით გვიყურებენ. ყველა სტუმარი, მათ შორის - ჟურნალისტებიც, გვაქებენ, მაგრამ აქედან წასულები ერთ კარგ სიტყვას არ ძრავენ ჩვენზე. თუ კარგები ვართ, თქვან, ხელს რა უშლითო.

სუფრა ქართული წესით და რიგით, სადღეგრძელოებით გაგრძელდა. გურამ ხანგოშვილმა პაპა-ბებიების სადღეგრძელო რომ შესვა, თვალები აუწყლიანდა. ხშირად ლოგინში ჩამიწვენდნენ ხოლმე. მათი სუნი დღესაც მომყვება. ბებოს გადამალულ ჩურჩხელაზე ტკბილი ამქვეყნად არაფერიაო.

თანდათან საუბრის ხასიათზე მოვედით. ვიღაცამ ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ახსენა. მერაბ ქავთარაშვილმა უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა: მაგან ჩეჩენ ხალხს უღალატა და რუსებს შეეკრა. გროზნოში სახლი მაქვს, მაგრამ იქ არასოდეს წავალ საცხოვრებლადო. ამ თემაზე საინტერესო კამათი გაიმართა. გურამ ხანგოშვილის აზრით, კადიროვი კარგად არ მოიქცა, მაგრამ მისი პოლიტიკის წყალობით ჩეჩენი ხალხი განადგურებას გადაურჩა. ზურა ბაღაკაშვილმა კი - შეიძლება კადიროვი მოღალატეა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი გროზნოდან და ქალაქი თავიდან შენდება. არ ვიცი, კარგია თუ არა, მაგრამ ამ პოლიტიკამ ჩეჩენი ერი ამოწყვეტას გადაარჩინაო.

რატომღაც თამადა ჩემი მშობლიური კუთხით დაინტერესდა. რომ ვუთხარი, საჩხერიდან ვარ-მეთქი, აკაკი წერეთლისა და ბიძინა ივანიშვილის სამშობლოდან ყოფილხარო და მოულოდნელად ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელო შესვა. მთელმა სუფრამ ხალისით აიტაცა. ფეხზე წამოუდგნენ ჩემი კუთხის შვილს და ინატრეს, ნეტავ თითო ბიძინა ივანიშვილი ყველა კუთხეს ჰყავდეს, საქართველოს ეშველებოდაო.

ალექსი ქავთარაშვილმა თავისი პირველი სიყვარული - საჩხერელი (კორბოულელი) გოგო გაიხსენა. 15 წლის ვიყავი, ნელი რომ გავიცანი. გურიაში იყო ჩამოსული სტუმრად. ძალიან შემიყვარდა, მაგრამ ნელი ისე  დაბრუნდა თავის სოფელში, სიყვარულის გამხელა ვერ მოვასწარი. წლების შემდეგ საჩხერეში გადავწყვიტე მასთან ჩასვლა, მაგრამ მითხრეს, გათხოვდაო. მას მერე აღარ მინახავს, მაგრამ მის ამბავს დღემდე ვკითხულობ. ახლა გავიგე, რომ ძალიან ცუდად ყოფილაო და ალექსიმ ისე ამოიოხრა, თითქოს გული ამოატანა. გაოცებული ვუყურებდი დევივით კაცს, რომელსაც პირველი (40 წლის წინანდელი) სიყვარულის გახსენებისას ისევ 15 წლის მოზარდივით უციმციმებდა თვალები.

საკრებულოს წევრი ჯარაფ ხანგოშვილი "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველი გამოდგა. მითხრა, თქვენი გაზეთი გამოსვლიდან ექვს თვეში ისე შემიყვარდა, დღემდე ყველა ნომერს ვყიდულობო.

დაბინდდა, როდესაც "ხადორი-2"-ის მშენებლობის მენეჯერმა ჯამბულათ ქავთარაშვილმა მდინარე სამყურას წყალზე მოხარშული ყავა შემოგვთავაზა. გვეგონა, ქალაქელებს გვეხუმრებოდა. ყავა კი გვინდოდა, მაგრამ კოცონი უკვე ჩამქრალიყო... თქვენ თუ გინდათ, ყავაც იქნება, ჩაიც და სინათლეცო. სადღაც დარეკა და რამდენიმე წუთში უზარმაზარი ტრაქტორი მოგვადგა გუგუნით. მძღოლმა გენერატორი გადმოიღო, პარკით კი რაღაც ისეთი მიაწოდა ჩვენს მასპინძლებს, რომ სიხარულის შეძახილი აღმოხდათ. სუფრაზე მალე გაჩნდა ქისტური სამზარეულოს დელიკატესები: მხალი, გალანა და  ცხვრის კალტი. ცოტა ხანში სადენიც გაიჭიმა და სუფრის თავზე ნათურა გაჩახჩახდა.

ქისტმა მასპინძლებმა მდინარის წყლით მოდუღებული ყავა და ჩაიც მოგვართვეს. მრავლისმნახველი პანკისელი თამადა გახარებული შლიდა ხელებს, ასეთი რამ ამ ხეობას არ ახსოვს, ბაწარა აქამდე არასოდეს განათებულა. რას არ მოიფიქრებს კაცი სტუმრების პატივსაცემადო. ღამის KvirisPalitra.Geათ საათზე სუფრა სიმღერითა და ცეკვით დასრულდა. 8 წლის ქერიმ ბაღაკაშვილმა ლეკური გვიცეკვა. პატარა ქისტი ურთულეს ილეთებს ისე მარჯვედ ასრულებდა, ჩვენც აგვიყოლია. მალე ჩეჩნურ-ქართული ცეკვის დუეტი გაიმართა.

ღამის გასათევად დუისში, მერაბ ქავთარაშვილის ოჯახში  მივედით. მერაბის მეუღლე მარინა გუმაშვილი ქმარზე 22 წლით უმცროსია. ერთი შვილი ჰყავთ - მარიამი. მართალია, მარინა გარეთ თავსაბურავით დადის, მაგრამ თანამედროვედ იცვამს და ცხოვრობს. გათხოვებამდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა. სოფლური ცხოვრება დიდად არ მოსწონს, მაგრამ ქმრის რიდი და ოჯახის ერთგულება როგორც ყველა პანკისელი ქალისთვის, მისთვისაც უმთავრესია. გამიხარდა, როდესაც წიგნების კარადაში ჩვენი მედიასახლის გამოცემული წიგნები დავინახე.

შთაბეჭდილებებით სავსეებსა და დაღლილებს მკვდრებივით გვეძინა, სანამ გამთენიისას მუეძინის ხმამ არ გაგვაღვიძა. ხმა დუისის მეჩეთიდან მოდიოდა. უცებ თითქოს საპასუხო ლოცვაც გაისმა ჩვენთან ძალიან ახლოს. უკვე თენდებოდა. გული გვწყდებოდა, რომ პანკისური ზღაპარი დასასრულს უახლოვდებოდა. იმდენად სავსე ვიყავი პანკისური შთაბეჭდილებებით, რომ ვიცოდი, აუცილებლად დავწერდი წერილს და ვიცი კიდევ ერთი რამ - პანკისში ისევ ჩავალ.