"ეპიდვითარება სერიოზულია - ნოემბერი და ალბათ, დეკემბერიც შედარებით რთული იქნება" - კვირის პალიტრა

"ეპიდვითარება სერიოზულია - ნოემბერი და ალბათ, დეკემბერიც შედარებით რთული იქნება"

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის შეფასებით, საქართველოში ამჟამად არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებო და ძალიან სერიოზულია.

როგორც მან მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მაღალი ალბათობით, ნოემბერი და ალბათ, დეკემბერიც შედარებით რთული იქნება, რადგან გრიპის შემთხვევების აღმავლობაა მოსალოდნელი.

"ეპიდვითარება ნამდვილად საყურადღებო და ძალიან სერიოზულია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აღმავლობა შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად შეინიშნებოდეს ნოემბრის შუა რიცხვებისკენ. რაც შეეხება ვაქცინაციის მოცვას, რა თქმა უნდა, დაბალია, თუ სხვა ქვეყნის მაჩვენებლებს შევადარებთ. როგორც წესი, თავიდან უფრო მეტი ადამიანი იცრება იმიტომ, რომ მოტივირებული ადამიანები, ვინც ვაქცინას ელოდებიან, ის ხალხი თავიდან სწრაფად იცრება, მერე უფრო რთულია ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა",-განაცხადა ბუწაშვილმა.

მისი თქმით, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება იმ ადამიანების აცრაზე დაყოლიებას, რომელიც ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგია. გარდა ამისა, მისი თქმით, დღეს სერიოზული პრობლემაა ის, რომ დაწესებული რეგულაციები სათანადოდ არ სრულდება.

"ყოველთვის ვეწინააღმდეგები განსაკუთრებულად მძიმე შეზღუდვებს იმიტომ, რომ ძალიან მძიმედ აისახება ეს ჩვენს მოსახლეობაზე, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ არსებული შეზღუდვების აღსრულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რაც არ ხდება. ამ აღმავლობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ფაქტობრივად აღარ ხდება იზოლაციის წესების სწორი დაცვა. კონტაქტების იზოლაცია ხშირ შემთხვევაში არ ხდება, თვით კოვიდ ინფიცირებულებიც კი თავისუფლად გადაადგილდებიან. არსებული რეგულაციები თუ სწორად დავიცავით და აღსრულებაზე ვიმუშავეთ, ესეც სრულიად საკმარისია, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს არსებული შეზღუდვები ნორმალურად არ სრულდება, განსაკუთრებით ეს ეხებათ კონტაქტში მყოფ პირებს, რომლებიც სრულიად თავისუფლად გადაადგილდებიან და გარშემო მყოფებს აინფიცირებენ",-განაცხადა ბუწაშვილმა.