ქართულ სოფლებს დატბორვა ემუქრება? - კვირის პალიტრა

ქართულ სოფლებს დატბორვა ემუქრება?

"საბჭოთა პერიოდში დაწუნებული პროექტები ხელისუფლებამ განაახლა"

"კაშხლის აგების შემდეგ კარ-მიდამოების ნაწილი დაიტბორება, ინფრასტრუქტურა კი განადგურდება"

"საქჰიდროინსტიტუტის" არქივი გაიყიდა, საბჭოთა დროს დაწუნებული პროექტების რეალიზებას კი ამჟამინდელი ხელისუფლება ინვესტორებს სთავაზობს", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე. რა საფრთხეს შეიცავს ეს პროექტები და ემუქრება თუ არა უძველეს ქართულ სოფლებს დატბორვა? როგორც ჩანს, ეს თემა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ინვესტორებისთვის მხოლოდ შიდა განხილვის საგანია. ამ და სხვა საკითხებზე მანანა ქოჩლაძე გვესაუბრა.

- ჟონეთის, ნამახვანისა და ტვიშის ჰესების მშენებლობის პროექტები კომუნისტურ ეპოქაში დაიწუნეს, მიზეზად არარენტაბელურობაც დასახელდა, თუმცა ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ისიც იყო, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ულამაზეს ქართულ სოფლებს დატბორვა ემუქრება. ამჟამად ამ ჰესების მშენებლობა სწორედ ამ პროექტების მიხედვით იგეგმება და არავინ აანალიზებს, რა ზეგავლენას იქონიებს ეს სოციალურ გარემოზე.

ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ დიდი კაშხლების მშენებლობას. მაგალითად, თუ ნამახვანის კაშხალი აშენდება, 8000 ოჯახი უნდა გასახლდეს, იგივე მოელის ხაიშსაც. იქ კარ-მიდამოების ნაწილი დაიტბორება, ინფრასტრუქტურა კი განადგურდება, რის გამოც  მოსახლეობა იძულებული გახდება გადასახლდეს. მექვენა და ნამახვანი დიდი სოფლებია. ნამახვანში ერთ-ერთ მოსახლეს სახლი დამწვარი აქვს და ადგილობრივი ხელისუფლება აფრთხილებს, ახალს თუ ააშენებ,  ზარალს არავინ აგინაზღაურებსო. Nნამახვანის კაშხალი სოფელ საკირეს, ზედა  და ქვედა ონჭეის და სხვა შედარებით პატარა სოფლებსაც დაფარავს.

ჟონეთის კაშხლის მშენებლობა კი მამაწმინდას დატბორავს. ტვიშის ჰიდროკასკადის მშენებლობა ზოდიშსა და ალპანას შეუქმნის საფრთხეს. ალპანას ოდნავ რომ გასცდებით, უფრო ზემოთ, დაგეგმილია კიდევ ერთი, შედარებით პატარა ჰესის მშენებლობა საბჭოთა დროს დაწუნებული ერთ-ერთი პროექტის მიხედვით.

- ამ პროექტებს თუ იცნობთ, რა ზომის ჰესებზეა ლაპარაკი?

- სამივე ჰესი მდინარე რიონის დაახლოებით 28-კილომეტრიან ზონას დაიკავებს. ერთი  ჰესის კაშხალი  სადაც  დამთავრდება, იქვე, 200-300 მეტრში, მეორის მშენებლობა  დაიწყება. თითოეულის ზომა 7 მილიონ კუბურ მეტრს არ აღემატება. მაგალითად, შაორის ტბა 13 მილიონი კუბური კვადრატული მეტრია. მიუხედავად ამისა, დაახლოებით ათასი ჰექტარი მიწა წყლით დაიფარება. გასათვალისწინებელია ამ ადგილების ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობაც. მაგალითად, ტვიშის განთქმული ვენახები დაიტბორება, ხვამლის გამოქვაბულებსაც საფრთხე ელის, თუმცა პროექტის სპონსორი ირწმუნება, ხვამლის გამოქვაბულებს დავლუქავთო.

საკითხავია, როგორ? ასე რომ, უამრავი კითხვა ჩნდება. ტვიშის  კაშხლის სიმაღლე 11 მეტრი  უნდა იყოს, რაც საკმაოდ დიდია. ნამახვანის კაშხლებმა კი პროექტის მიხედვით 7-8-ბალიან მიწისძვრას უნდა გაუძლოს. Aარადა, ეს ზონა  სეისმურია, კაშხლებს ვინღა აშენებს სეისმურ  ზონებში, მათი  სიმძლავრე 9-ბალიან მიწისძვრაზე მაინც უნდა იყოს გათვლილი. გვარწმუნებენ, ქვეყანას სეისმური საფრთხე 1000 წელი აღარ ემუქრებაო. ამას იმ მოსაზრებით ამყარებენ, რომ 9-ბალიანი მიწისძვრა  ამ ზონაში 1350 წელს მოხდა, შემდეგი -  1991 წელს (7 ბალს არ  აღემატებოდა) და მომდევნო 1000 წლის მერე იქნებაო.

- ვინ იქნება პროექტის შემსრულებელი?

- სპონსორია "ნუროლ ჰოლდინგი", სამშენებლო კომპანია, რომელიც შსს-ს შენობასა და სასტუმრო "შერატონს" აშენებს ბათუმში. მას ჰესი არასოდეს აუშენებია. ჩვენ ვერც ერთხელ ვერ მოვახერხეთ ამ კომპანიის თანამშრომლებთან გასაუბრება ზემოხსენებულ თემაზე, მაგრამ მოლაპარაკებას ვმართავთ ენერგეტიკის სამინისტროსთან, რომელმაც "ნუროლ ჰოლდინგსა" და კორეულ კომპანია "კეპკოსთან" ამ  პროექტების რეალიზაციაზე მემორანდუმი გააფორმა.  "კეპკომ", ჰიდრომშენებელმა კომპანიამ, გაურკვეველი მიზეზის გამო "ნუროლ ჰოლდინგთან" ერთად შექმნილი კონსორციუმი დატოვა. როგორც ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, კომპანიას ასეთი პოლიტიკა აქვს. ვფიქრობ, "კეპკომ" შეისწავლა ნამახვანის ადგილმდებარეობა და, ალბათ, გაუჩნდა ლოგიკური კითხვა, სეისმურად არამდგრად ადგილზე რატომ უნდა ააშენოს კაშხალი. ეს ჩემი მოსაზრებაა, ენერგეტიკის სამინისტრო კი ახსნა-განმარტებას არ იძლევა.

ქვეყანაში არ მიმდინარეობს ისეთი მასშტაბის სამეცნიერო მუშაობა, რომლის წყალობითაც ძველი ტექნიკური გადაწყვეტილებები ახლით შეიცვლება. ეს დაკავშირებულია დიდ ხარჯსა და საინჟინრო-ტექნიკურ პოტენციალთან. დასანანია, რომ ქვეყანაში საინჟინრო პოტენციალი ძალიან დაბალია, ვინც გამოცდილი და ჭკვიანია, საზღვარგარეთ  მუშაობს, დარჩენილი არიან ღვაწლმოსილი მეცნიერები, მაგრამ ბოლო ოცი წელია თითქმის არ უმუშავიათ პრაქტიკულად. ამიტომაც არც ახალი პროექტები იქმნება. ამიტომაც მთავრობას აქვს მხოლოდ ერთი ვარიანტი, ინვესტორს შესთავაზოს ძველი და  დაწუნებული პროექტები.

გარდა ამისა, მდინარეთა რეჟიმები ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა. დაიწყო მყინვარების დნობა, მოიმატა ნალექიანობამ, რაც წყალუხვობას იწვევს. ასე რომ, ძველ პარამეტრებზე დაყრდნობით ახალი მშენებლობა გაუმართლებელია. ამასთან, ამგვარ დიდ მშენებლობებს ყოველთვის ახლავს კორუფცია. მაგალითად, საბჭოთა დროს ენგურჰესის მშენებლობისას მასობრივად იპარავდნენ საშენ მასალებს, ქვიშასა და ბეტონს. ამიტომაც იყო, რომ ათ წელიწადში ენგურჰესი დანგრევის პირას მივიდა და მსოფლიო ბანკის თანხებით, ფაქტობრივად, თავიდან ააშენეს. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი - რატომ არის სახელმწიფო დაინტერესებული ამ პროექტებით? საქართველო  ხომ ამით დიდ მოგებას ვერ მიიღებს.

- რას გულისხმობთ, გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტირება არ იქნება?

- ელექტროენერგიას ინვესტორი გაყიდის და მოგებასაც ის მიიღებს. თუ საქართველოს ზედმეტი ელექტროენერგია დასჭირდა, ინვესტორი ვალდებულია, ვიდრე გამომუშავებულ ელექტროენერგიას ექსპორტზე გაიტანს, ის ქვეყანას მიჰყიდოს. სახელმწიფოს სხვა სარგებელი არ ექნება. ჰესის მოგებისა და ქონების გადასახადი ბიუჯეტის შევსებაში დიდ როლს ვერ შეასრულებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ინვესტორისთვის იქნება მომგებიანი.

გაუგებარია, მიზერული სარგებლის ნახვის მიზნით სახელმწიფო რატომ ქმნის  ახალ პრობლემებს? რაც მთავარია, ინვესტორს უფასოდ წყლით სარგებლობის უფლება ეძლევა.

ცივილიზებულ  ქვეყანაში გონივრულად უდგებიან ამგვარ საკითხებს. იქ უზენაესი პრინციპია საზოგადოებრივი კეთილდღეობის დაცვა, რაც მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად წარმოუდგენელია.