"ყოველთვის მინდოდა, 7 შვილი მყოლოდა. საოცარი მასწავლებელი მყავდა, სულ აღნიშნავდა, რომ ცოტანი ვიყავით ქართველები... ვერ შევასრულე დანაპირები" - კვირის პალიტრა

"ყოველთვის მინდოდა, 7 შვილი მყოლოდა. საოცარი მასწავლებელი მყავდა, სულ აღნიშნავდა, რომ ცოტანი ვიყავით ქართველები... ვერ შევასრულე დანაპირები"

"8 კუპონზეც ზუსტად იმავენაირად ვმუშაობდი, როგორც დღეს. თუ გიყვარს შენი საქმე, სხვაგვარად წარმოუდგენელია"

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხათუნა რაზმაძე გახდა. ბოლო 4 წელია, რაც წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში მათემატიკას ასწავლის და ცდილობს, ბევრისთვის მოსაწყენი და რთული საგანი სულ სხვა ჭრილში დაანახვოს და შეაყვაროს ბავშვებს.ხათუნა 5 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებიაა. ბავშვებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის დასტურია ისიც, რომ გადაწყვიტა, მიღებული ფულადი ჯილდო ისევ ბავშვებს მოახმაროს.

- ხშირად ამბობენ, რომ მასწავლებლის პროფესია დაუფასებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. ეს ის პროექტია, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი პროფესიისა და საქმიანობის სწორად მიტანას თითოეული ადამიანის გულამდე. ეს პროექტი უკვე მეხუთედ განხორციელდა და რაც ყველაზე მთავარია, გაჩნდა მოტივაცია ახალგაზრდებში, სცადონ ბედი, დაინტერესდნენ ამ პროფესიით. სწორედ ეს არის კონკურსის მიზანიც. აქამდე ჩემი მოსწავლეებიდან მხოლოდ რამდენიმე ბავშვი თუ ამბობდა, მასწავლებელი უნდა გავხდეო, დაჯილდოების შემდეგ კი ყველამ მასწავლებლობა გადაწყვიტა. მეორე დღეს სკოლაში რომ მივედი, ჯილდოც მივიტანე. მინდოდა მეჩვენებინა მათთვის, გავუზიარე ჩემი განცდები, სიხარული და ბოლოს დავსვი კითხვა: აბა, ვინ გახდება მასწავლებელი-მეთქი? ოცივემ ხელი ასწია. მიხვდნენ, ეს არის საპასუხისმგებლო და წარმატების მომტანი პროფესია. მსგავსი კონკურსები მოტივაციაა არა მხოლოდ ახალგაზრდა კოლეგებისთვის, არამედ ჩვენთვისაც. 22 წელია, საოცარი სიყვარულით ვაკეთებ საქმეს და ალბათ ამიტომაც გამომდის კარგად, მაგრამ ახლა მეტი მოტივაცია და პასუხისმგებლობა გამიჩნდა.

- რა ასაკში დაიწყეთ მასწავლებლობა? გაიხსენეთ პირველი ემოციები.

- ალბათ გაგიკვირდებათ, რასაც გეტყვით: 18 წლისამ დავიწყე სკოლაში მუშაობა. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. წარმოიდგინეთ, 18 წლის შევედი მეთერთმეტეკლასელებთან, ჩემზე 2-3 წლით პატარებთან. ვა, ახალი მოსწავლე გადმოვიდაო?! - იკითხეს. - თქვენი მასწავლებელი ვარ-მეთქი, - ძლივს მოვახერხე თქმა. პირველად რომ "მასწავლებელი" დამიძახეს, ის ემოცია დღემდე მახსოვს, სულ სხვა განცდა იყო. რეალურად, მათთან ერთად ვისწავლე ბევრი რამ, დავაარსე "ურთიერთობის ფსიქოჰიგიენის წრე", რომელმაც ძალიან დააინტერესათ. დავმეგობრდით კიდეც, ბევრ დროს ვატარებდით ერთად, ვსაუბრობდით, ვმსჯელობდით. მივხვდი, კარგად გამომივიდა ეს საქმე. ვფიქრობ, ფსიქოლოგიის ცოდნამ გამიადვილა მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათი მისწრაფებებისა და ბუნების ამოცნობა... მერე რამდენიმე თვით დაწყებით კლასებშიც შევედი და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე საკუთარი თავი, როგორც მასწავლებელმა. კარგია უფროსკლასელებთან მუშაობა, მაგრამ იქ სულ სხვა ნაპერწკალი, საოცარი სიყვარული ტრიალებს. პატარებისგან იმხელა ენერგია მოდის, შენც დადებითად გმუხტავს. ამის გამო ხშირად ვხუმრობ, დაწყებითების მასწავლებლები არასდროს ბერდებიან-მეთქი. მაშინ გადავწყვიტე და გავიარე დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის გადამზადების 2-წლიანი პროგრამა. მალევე გადავედი კერძო სკოლაში და ისე მოხდა, 6-7 სკოლა გამოვიცვალე.

საერთოდ, ცვლილებებზე, სიახლეებზე ორიენტირებული ადამიანი ვარ. დიდხანს არ შემიძლია ერთ ადგილას გაჩერება. მიყვარს ახლის აღმოჩენა, სწავლა, ახალი ადამიანების გაცნობა. ამასობაში სხვადასხვა კუთხით გამოვცადე ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევები. ერთხანს მეხუთეკლასელებს ქართულს ვასწავლიდი, ქართულის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს თანაავტორი და ამ საგანში სხვა ბევრი აქტივობის ავტორი ვარ. ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ მათემატიკაში არ იყო იმდენი აქტივობა, რამდენიც ქართულში. ამიტომაც ბოლო 3 წელია, მათემატიკას მეტ დროს ვუთმობ. მინდა, სხვა კუთხით დაინახონ ეს საგანი, რომ მათემატიკა გახდეს ფერადი, საინტერესო და საყვარელი. ამისთვის ვიყენებ ინტეგრირებულ აქტივობებს, პროექტით, თამაშით ვასწავლი და ვუხსნი. ისე "შემოესწავლებათ" ხოლმე რაღაც-რაღაცები, თვითონაც ვერ ხვდებიან. სწორედ ეს არის დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგია, ბავშვებს მოტივაცია ისე უნდა აუმაღლო, რომ დავალებები ძალდატანების გარეშე შეასრულონ. ხალისიანად ვსწავლობთ საგანს, რომელიც ბევრისთვის შეიძლება რთული და მოსაბეზრებელი იყოს. დღეს დავამზადეთ მათემატიკური წიგნი სახელწოდებით "განძით სავსე სკივრი". ერთ გაკვეთილზე თამაშ-თამაშით 42 მაგალითი ისე ამოხსნეს, არც კი დაღლილან. რა საგანსაც უნდა ასწავლიდე, მთავარია, ბავშვებს გამოუმუშაო შემოქმედებითი უნარი, ასწავლო ერთმანეთის პატივისცემა, სხვისი აზრის მოსმენა. გარდა ამისა, სწავლება უნდა იყოს პრობლემებზე ორიენტირებული. სულ ვამბობ, რომ სწავლა უნდა ამზადებდეს ცხოვრებისთვის. ყველას უნდა ჩაუნერგო სწავლის სიყვარული. ამას თუ შევძლებ, ბევრ რამეს მივაღწევ.

- კიდევ როგორი უნდა იყოს კარგი პედაგოგი და რა არის ის, რითაც გამოგარჩევენ თქვენი მოსწავლეები?

- პირველ რიგში, თავისი საქმე უნდა უყვარდეს. გარდა ამისა, უნდა იყოს მრავალმხრივ განვითარებული და შემოქმედებითი, სწავლაზე ორიენტირებული. გიორგი ჭაუჭიძეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის კონკურსის გამარჯვებულს, აქვს ჯგუფი - "ვისწავლოთ, რათა ვასწავლოთ". ძალიან მომწონს ასეთი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წიგნისა და აქტივობის ავტორი ვარ, არ ვწყვეტ ძიებას. ალბათ ეს არის ჩემი გამორჩეულობაც, ვიყო მათი მეგობარი და თანატოლი, მაგრამ ყოველდღე ვიზრდებოდე მათთან ერთად და მათთვის.

- ესე იგი, ბავშვებისგანაც ბევრ რამეს სწავლობთ?

- რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან ვსწავლობთ. ზოგჯერ ისეთი რამ უთქვამთ, მე არც მომაფიქრდებოდა. ყველა განსაკუთრებულია თავისებურად, ყველას ინდივიდუალური მიდგომა და აღმოჩენა სჭირდება.

- ისეთ პერიოდში დაიწყეთ მასწავლებლობა, როდესაც ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე გიხდებოდათ მუშაობა. ეს მოტივაციას არ გიკარგავდათ?

- თავდაპირველად ხელფასი 8 კუპონი მქონდა. ახლა რომ მახსენდება, მეცინება. როდესაც შემცვლელი პედაგოგის სტატუსი მომცეს, 40 გამიხდა და საათები რომ დამემატა - 120. წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში რომ გადავედი, იქ გაცილებით მეტი ანაზღაურება იყო - 300 კუპონი და მახსოვს, რა მდიდარი მეგონა თავი (იცინის). რა თქმა უნდა, მასწავლებლისთვის კარგი მოტივაციაა შრომის ანაზღაურება, რადგან ჩვენ უკან ოჯახი დგას, მაგრამ გადამწყვეტი არ არის. 8 კუპონზეც ზუსტად იმავენაირად ვმუშაობდი, როგორც დღეს. თუ გიყვარს შენი საქმე, სხვაგვარად წარმოუდგენელია.

- მინდა გკითხოთ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზეც - არის თუ არა ის მასწავლებლისთვის კარიერული წინსვლის საშუალება და თუ ასეა, რატომ იწვევს პედაგოგთა ნაწილის უკმაყოფილებას?

- კერძო სკოლაში შრომის ანაზღაურება ინდივიდუალურია და არ არის დამოკიდებული სტატუსზე. წამყვან პედაგოგებს საკმაოდ კარგი ანაზღაურება აქვთ და ეს ნამდვილად არის სტიმული იმისთვის, ვისაც სურს გააკეთოს მაქსიმუმი და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება, თუმცა, შეიძლება არათანაბარ პირობებში აყენებს პედაგოგებს, მაგრამ კიდევ გავიმეორებ - თუ სახელმწიფო გაძლევს წინსვლის შესაძლებლობას, რატომ არ უნდა გამოიყენო? სხვათა შორის, ამ ბოლოს დროს კერძო სკოლებიდან არაერთი მასწავლებელი გადავიდა საჯაროში.

- თქვენი აზრით, განათლების სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?

- ბავშვი, მშობელი და მასწავლებელი თანაბრად არ არიან ჩართული სასკოლო განათლებაში. არადა, თანაბრად მნიშვნელოვანია მათი როლი. მიხარია, როდესაც მშობლები მწერენ ხოლმე, - ხათუნა მასწავლებელო, როდის გამოგვიგზავნით დავალებებს, მოუთმენლად ველოდებითო.

- რამდენად პრობლემური იქნება დისტანციური სწავლების შედეგები?

- ამაზე ნამდვილად მოგვიწევს დაფიქრება. დისტანციური სწავლება იყო დიდი გამოწვევა ყველასთვის. პირველკლასელების სახელები არ ვიცოდი - ძნელია გახსოვდეს 80-მდე მოსწავლის სახელი. ბავშვები ხომ ერთმანეთს ვერ ცნობდნენ, სოციალიზაცია საერთოდ არ იყო, რაც დიდ სირთულეს ქმნიდა. ძალიან მოინდომეს პედაგოგებმა და მაქსიმუმი შეძლეს. გაკვეთილის კლასში ჩატარებას ვერაფერი შეედრება, მაგრამ თუ სწორ ხერხს მიაგენი, მგონია, რომ შედეგს მიაღწევ. ჩემი აზრით, გამკლავება შევძელით.

- მრავალშვილიანი დედა ხართ, 47 წლისას უკვე 4 შვილიშვილიც გყავთ. ალბათ რთული იყო ერთდროულად ამხელა ოჯახის გაძღოლა და თან მუშაობა, არა?

- მიუხედავად იმისა, რომ ყველა კურსზე ფეხმძიმედ ვიყავი, სწავლას მაინც ვახერხებდი. ჩემი მეუღლის მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდი სწავლას. ერთი ბიჭი და 4 გოგო მყავს. უფროსი, ვაჟი 30 წლისაა და 3 შვილი ჰყავს. მეც ნაადრევად გავთხოვდი, 16 წლის ვიყავი და ჩემმა შვილმაც 19 წლისამ მოიყვანა ცოლი. გოგონაც ადრე გათხოვდა. მეხუთე შვილი, 15 წლის ბარბარე შშმ პირია, სმენასთან დაკავშირებული პრობლემით, წლების წინ იმპლანტაცია გაუკეთდა. ბევრი რამ მასწავლა ამ ამბავმა, უფრო სხვანაირად დავინახე სამყარო, თითოეული მოსწავლე. ბარბარეს გამო ვისწავლე ჟესტური ენა. მან დამანახვა, რომ სამყარო სხვა სიკეთის მატარებელია, ასეთი ბავშვები მზის სხივებივით ნათელი ადამიანები არიან. ყველა მათგანს აქვს სწავლის უფლება, მათთვის მნიშვნელოვანია განვითარება, რა თქმა უნდა - შესაძლებლობიდან გამომდინარე. ბარბარე ჩემი წინსვლისა და წარმატების მთავარი მოტივატორია. ამიტომაც დავიწყე ახალი ბრძოლა ბარბარესა და მისი მეგობრებისთვის. მინდა გავხსნა დღის ცენტრი, რომელიც მოემსახურება იმ ბავშვებს, რომლებსაც რაიმე სახის იმპლანტი აქვთ სხეულში და ეს ცენტრი ორიენტირებული იქნება მათ განვითარებასა და წინსვლაზე. ჩავატარე გამოკითხვა, ვის რა აინტერესებდა და უმეტესობამ მითხრა, რომ ფოტოგრაფიის შესწავლა სურთ. ასევე შეეძლებათ კულინარიის, ხეზე კვეთის შესწავლა, ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს უფასო. ჩემი იდეის განსახორციელებლად ბევრგან მისვლა მომიწევს. ის თანხა, რომელიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა უნდა გადმომცეს საჩუქრად, სწორედ ამ კარგ საქმეს მოხმარდება; მცირეა, მაგრამ საწყის ეტაპზე დამეხმარება. ჩემი გოგონა 7 იანვარს არის დაბადებული და ძალიან მინდა, იმ დღისთვის ყველაფერი მოვასწრო. დიდი შემართებითა და იმედით ვარ, ეს საქმე აუცილებლად უნდა გავაკეთო. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის კონკურსის ყველა სპონსორსა და მხარდამჭერს!

- თქვენი შვილებიდან რომელიმე თუ იყო თქვენი მოსწავლე?

- მეოთხე შვილი პირველ კლასში რომ შემოდიოდა, მაშინ მიწევდა იმ კლასის აყვანა. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, უარი არ მეთქვა. სულ ვაფრთხილებდი, სკოლაში "დედა" არ დამიძახო, "მასწავლებელოთი" მომმართე-მეთქი. ვიდრე შეეჩვეოდა, ეშლებოდა და "დედა მასწ-ს" მეძახდა. ამ დროს უფრო გავიზარდე პროფესიულად, რადგან მინდოდა, განსაკუთრებულად საინტერესო და სახალისო ყოფილიყო გაკვეთილი.

- ყველაზე დიდი ბედნიერება რა არის თქვენთვის?

- ყოველთვის მინდოდა, 7 შვილი მყოლოდა. საოცარი მასწავლებელი მყავდა, ელენე სურგულაძე, პატრიოტი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი. ის იყო მასწავლებელი, იმ დროისთვის წარმოუდგენლად შემოქმედი, რომელმაც შემაყვარა ეს პროფესია. სულ აღნიშნავდა, რომ ცოტანი ვიყავით ქართველები. რომ გავიზრდები, გპირდებით, 7 შვილი მეყოლება-მეთქი, ერთხელ ვუთხარი. ვერ შევასრულე დანაპირები, მაგრამ 5 ხომ მაინც მყავს. მრავალშვილიანობა ძალიან საპასუხისმგებლო და საამაყოა. ბევრი შვილი შეიძლება ბევრი ტკივილია, მაგრამ დიდი სიხარულიცაა. ბედნიერი ვარ, როდესაც ყველა ერთად მოვიყრით ხოლმე თავს.

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"