"აგეშენებიათ თქვენც რამე, დადგებოდით იმის წინ და გადაგიღებდითო - მიაძახა სამთავრობო პოლიტიკოსს გაგულისებულმა ოპერატორმა" - კვირის პალიტრა

"აგეშენებიათ თქვენც რამე, დადგებოდით იმის წინ და გადაგიღებდითო - მიაძახა სამთავრობო პოლიტიკოსს გაგულისებულმა ოპერატორმა"

ამ დაძაბულ დროში, როცა ადამიანს კარგი ამბის გაგონება ენატრება, იუმორი უებარი წამალივითაა. ეს, ყველაზე კარგად, საქართველოს უძველეს, კოლორიტულ ქალაქში - ქუთაისში იციან. ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ჩვენს მკითხველს ქუთათურების "მაკვარანცხ" იუმორზე უყვება:

- ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ეს ქალაქი იუმორის საბადოა. ქუთათურებს იმდენად სხარტი და გამორჩეული იუმორი აქვთ, რომ ამ თემაზე უსასრულოდ შემიძლია გესაუბროთ. არ იფიქროთ, რომ ჩემს ქალაქში უმიზეზოდ იცინიან და მხიარულობენ - აქაც იგივე პრობლემები აქვთ, აქაც ისეთივე დაძაბული ფონია, როგორიც მთელ ქვეყანაში, მაგრამ ქუთათურებმა ერთი რამ დაამუღამეს: შეხედონ თავიანთ გაჭირვებას იუმორით, იცინონ თავიანთ პრობლემებზე და სხვებიც გააცინონ. მე ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც ყველა ხუმრობდა, მაგრამ არავინ არავის ამცირებდა. შეიძლება მეზობელს მეზობლისთვის მწარე სიმართლეც ეთქვა, მაგრამ ამას მსუბუქად, იუმორით აკეთებდა.

- ალბათ ბევრი რამ გახსენდებათ თქვენი ქალაქის ცხოვრებიდან...

- ქუთაისლების იუმორი, უმეტესად, სპონტანურია, ეს არის სხარტი პასუხი ვიღაცის ნათქვამზე, რომელიც მერე მთელ ქალაქში ვრცელდება და ადამიანები ანეკდოტებად ჰყვებიან. ასეთ ამბავს გავიხსენებ: ერთ ძირძველ, კარგ ქუთაისელთან სტუმრები ჩამოვიდნენ. ამ კაცს მეტისმეტად გაცრეცილი, დახეული შარვალი ეცვა. სტუმრებმა მორიდებით უთხრეს - უკაცრავად, ბიძია, მაგრამ შარვალი გაქვთ გამოხეულიო. მან შეცბუნება არ შეიმჩნია, სტუმრებს მოუტრიალდა და უთხრა:

- ბიძია, თქვენ საიდან ხართ ჩამოსული და რატომო?

- თბილისიდან ვართ, ქუთაისის დასათვალიერებლად ჩამოვედითო.

- მერე შვილო, აგერ ბაგრატზე ადით, გელათი ნახეთ, თეთრ ხიდზე გეისერინეთ, რაღა ჩემს შარვალს აკვირდებით და ათვალიერებთო...

- თქვენ როგორ დაახასიათებდით ქუთათურების იუმორს?

- ამბობენ, რომ ქუთაისური იუმორი ეს - ებრაული იუმორია. რატომ? - ამ პატარა ქალაქში 30 ათასამდე ებრაელი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, მე ვერ მოვესწარი, ისრაელში წავიდნენ, მაგრამ ჩემს ბავშვობაში გამიგია, რომ სულ სხვა კოლორიტს ქმნიდნენ და სასწაული, "მაკვარანცხი" ხუმრობა იცოდნენ. რაღაცნაირად, გული მწყდება, რომ ისინი ამ ქალაქში აღარ ცხოვრობენ. ხშირად ვფიქრობ, რომ ებრაელებმა ამდენ გაჭირვებას და განსაცდელს იუმორის წყალობით გაუძლეს ისევე, როგორც ჩვენ - ქართველებმა. ეს ორი ერი ამითაც ჰგავს ერთმანეთს.

უკვე ვთქვი, რომ ქუთაისელები თავიანთ თავზე უფრო მეტს ხუმრობენ, ვიდრე სხვაზე. მეც, როდესაც სატელევიზიო შოუში მიმიწვევენ, სულ ვცდილობ, პირველ რიგში ჩემს თავზე ვიხუმრო: ბევრჯერ მიხუმრია ჩემს გრძელ ცხვირზე, თავგადასავლებზე, ახლა უკვე ჩემს წონაზეც დავიწყე ოხუნჯობა, რადგან ბოლო ხანებში წონა ძალიან გამექცა. მომატებული წონის გამო, ამასწინათ ერთი კურიოზი შემემთხვა: ქუჩაში შემხვდა ქალბატონი, რომელსაც ხელში გრძელი ქოლგა ეჭირა და მაკვირდებოდა. ამ ქალმა უცბად მომაძახა:

- ვაიი, მოგკლავ დათოია, რაფერ გასუქებულხარ და შეცვლილხარო...

რადგან "დათოიათი" მომმართა, ვიფიქრე - ალბათ, შორეული ნათესავია, რომელსაც ვერ ვიხსენებ-მეთქი. სხვა რა უნდა მექნა? - გავჩერდი და გავუღიმე. ამ ღიმილზე უფრო აპილპილდა და კიდევ მომაძახა: რას ჰგავხარ ახლა შენ, მოგწონს შენი თავიო?! მერე დამემუქრა - იცოდე, უნდა მოგკლაო! თანაც, ამ ქოლგას აქეთ-იქით იქნევს და ცხვირწინ მიტრიალებს. ვიფიქრე - მართლა რამე არ მომწიოს ამ შეჩვენებულმა-მეთქი და რომ აღარ გაჩუმდა, ძლივს ამოვილუღლუღე:

- ბოდიში, მაგრამ ვერ გცნობთ-მეთქი.

- რას მიცნობ, პირველად მხედავო - მომაძახა. სამაგიეროდ, მე გიცნობ კარგად და რასაც შენზე ვფიქრობდი, ის გითხარიო!

მოკლედ, ისე "ლამაზად" და "კულტურულად" გამომლანძღა, თვალიც არ დაუხამხამებია.

ამასწინათ, ბრენდული სუნამოების მაღაზიაში შევედი და ვუთხარი: ძალიან მინდა მეუღლეს სიურპრიზი მოვუწყო და როგორ საჩუქარს მირჩევთ-მეთქი?

გამყიდველმა ჯერ ზრდილობიანად გამიღიმა და მითხრა: ყველაზე კარგი სიურპრიზი ის იქნება, წონაში თუ დაიკლებო.

მოკლედ, მომატებული წონის გამო ჩემი ქუთათურები ხშირად მეხუმრებიან და კიდეც მკიცხავენ.

- თქვენს ნაცნობებს შორის თუ არის ვინმე, რომელსაც იუმორის განსაკუთრებული ნიჭი აქვს და გიფიქრიათ, რომ ის ქუთაისის კოლორიტია? - ამ ქალაქში იმდენი ჩუმი "კოლორიტი" დადის, უმეტესობას ისეთი კვიმატი ენა აქვს, რომ გაოცდებით. ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით: ე.წ. მარშუტკაში ადის ნაჯაფი, ხელებდაკოჟრილი გლეხი კაცი და თოხის ატანას ცდილობს.

- აპაპაპაა, მაგ თოხს აქანა ვერ შემოგატანიებო - დაუცაცხანა მძღოლმა.

- რა იყო, შე კაცო, იაკობ გოგებაშვილმა "დედა ენაში" შეიტანა თოხი და შენი "მარშუტკა" რა გახდა ამნაირიო? - მძღოლზე უარესად შეიცხადა გლეხმა.

ჩემს ნაცნობებს შორის ყველაზე ანაკვიმატი გიორგი ჯანელიძის და - თამუნა ჯანელიძეა. მოგეხსენებათ, გიორგის "კაცების შოუ" მიჰყავს. თამუნას სულ ვეხუმრები: რომ ამბობენ, შექსპირის პოემებს სინამდვილეში მისი და წერდა, თქვენც ასე ხომ არ ხართ - გიორგის შენ ხომ არ უწერ ამ ხუმრობებს-მეთქი... სხვათა შორის, ფანტასტიკური იუმორი აქვს გაგა ავალიანს, რომელსაც მეტსახელად "სახეს" ეძახიან. თამამად ვიტყოდი, რომ ასეთი ხალხი მართლაც არის ჩვენი ქალაქის კოლორიტიც და სახეც.

- ალბათ, ქუთაისში პოლიტიკოსებზეც ბევრს ხუმრობენ.

- რა თქმა უნდა. სულ ცინცხალ ამბავს მოგიყვებით: ჟურნალისტებს ერთ-ერთი სამთავრობო პოლიტიკოსის ჩაწერა სურდათ და ლამაზ ფონს ეძებდნენ, რომ კარგი სიუჟეტი გამოსვლოდათ. ბაგრატის ტაძრის ფონზე გადაგიღებთო, შესთავაზეს ოპერატორმა და ჟურნალისტებმა.

- არა, ბაგრატი მიშას დროსაა აღდგენილი და ფონად არ გამომადგებაო.

- მაშინ გელათის ფონზე გადავიღოთო.

- არა, არც ეგ იდეა მომწონსო.

- კი ბატონო, მაშინ კოლხური შადრევნის ფონზე გადაგიღებთო.

- არა, მაგიც იმ დროსაა აშენებულიო.

- აბა, აგეშენებიათ თქვენც რამე, დადგებოდით იმის წინ და გადაგიღებდითო - მიაძახა გაგულისებულმა ოპერატორმა.

ბოლოს კი, გეტყვით, რომ ამ ქალაქში თითქმის ყველა ხუმრობს - ოხუნჯობენ ქალაქის მერიაში, ტრანსპორტში, მაღაზიებში, ეზოებში და რაც მთავარია, ეს ხუმრობა ყოველთვის კეთილი და ლაღია. სილაღე საოცარი თვისებაა, რომელიც ქუთათურებს ჭარბად აქვთ მომადლებული და სწორედ ამ თვისების წყალობით ერევიან ყოველგვარ ჭირსა და განსაცდელს.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)