"ოჯახს ამ აზრს ვაჩვევდი, მერე ძალიან რომ არ გაჰკვირვებოდათ და პროტესტი არ გამოეხატათ. თავიდან ნერვიულობდნენ, მაგრამ ახლა უკვე ჩვეულებრივი ამბავია მათთვის" - კვირის პალიტრა

"ოჯახს ამ აზრს ვაჩვევდი, მერე ძალიან რომ არ გაჰკვირვებოდათ და პროტესტი არ გამოეხატათ. თავიდან ნერვიულობდნენ, მაგრამ ახლა უკვე ჩვეულებრივი ამბავია მათთვის"

"მაშინ ყველას უკვირდა მოტოციკლეტისტი ქალის დანახვა, ყველა ფოტოს მიღებდა. ახლა ისე აღარ უკვირთ, რადგან უკვე ბევრი ბაიკერი ქალია"

ია ცაბაურაშვილი ერთადერთი მოტოინსტრუქტორი ქალია. 9 წელია, რაც მოტოციკლს მართავს, ბოლო რამდენიმე წელი კი უკვე მართვასაც ასწავლის. უყვარს და სიამოვნებს ამის კეთება. იასთვის ძირითადი ტრანსპორტი მოტოციკლია, ავტომობილით მხოლოდ ზამთარში დადის, სიცივის გამო. ამბობს, რომ ტრანსპორტის ამ სახეობასთან სიფრთხილე აუცილებელია და თუ კარგად არ ხარ მომზადებული, მოტოციკლზე არც უნდა დაჯდე.

- 4 წელი გახდება, რაც ერთ-ერთ მოტოსკოლაში ვასწავლი. ინფორმატიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. სამსახური უნდა დამეწყო, როდესაც ასეთი შემოთავაზება მივიღე და ვიფიქრე, რატომაც არა, ვცდი, რა გამომივა-მეთქი. მიყვარს ეს საქმე, სასიამოვნოა ჩემთვის, იძულებით არ ვაკეთებ. დაახლოებით 20 წლის ვიყავი, მანქანის მართვა რომ ვიცოდი, მაგრამ მოტოციკლის ინტერესი სულ მქონდა. მეგობარს ჰყავდა და თავდაპირველად მან მასწავლა მართვა. სხვათა შორის, ძალიან მალე, ადვილად ავითვისე, მერე ვიყიდე და საბოლოოდ, სამსახურიც მას დავუკავშირე. მაშინ ყველას უკვირდა მოტოციკლეტისტი ქალის დანახვა, ყველა ფოტოს მიღებდა. ახლა ისე აღარ უკვირთ, რადგან უკვე ბევრი ბაიკერი ქალია.

- არასდროს შეგშინებიათ?

- უფრო ადრეც ვივლიდი მოტოციკლით, რომ არა ჩემი ოჯახის წევრები. ისინი ნერვიულობდნენ და ეშინოდათ, ამიტომაც ანგარიშს ვუწევდი. პირველი მოტოციკლი ისე ვიყიდე, მშობლებმა არც კი იცოდნენ. მეგობრის ავტოფარეხში დავაყენე ცოტა ხნით. იმ პერიოდში ხშირად ვამბობდი ოჯახში, რომ მინდოდა მოტოციკლის ყიდვა. ამ აზრს ვაჩვევდი, მერე ძალიან რომ არ გაჰკვირვებოდათ და პროტესტი არ გამოეხატათ. თავიდან ნერვიულობდნენ, მაგრამ ახლა უკვე ჩვეულებრივი ამბავია მათთვის და მოსწონთ კიდეც. უკვე მეც მყავს შვილი, 13 წლისაა და მეგობრებთან ერთად დადის მოპედით, ოღონდ ისეთ ადგილებში, სადაც მანქანები არ მოძრაობენ. ახლა ვხვდები, რატომ იყვნენ პანიკაში ჩემი მშობლები - მეც მეშინია და მირჩევნია, ავტომანქანის მართვა იცოდეს. როდესაც სწავლობ და მერეც, როდესაც მართავ, უნდა გახსოვდეს, რომ ამ ტრანსპორტთან სიფრთხილე აუცილებელია. თუ კარგად არ ხარ მომზადებული, მოტოციკლზე არც უნდა დაჯდე.

- საერთოდ, რისკიანი ხართ?

- ახლა დავფიქრდი ამაზე. იმდენად მინდოდა ბავშვობიდან მოტოციკლი მყოლოდა, შიში საერთოდ არ მახსოვდა. მით უფრო ახლა, როდესაც უკვე მაქვს შესაბამისი გამოცდილება.

- მოტოციკლის მართვა კარგად რომ ისწავლო, რამდენ ხანშია შესაძლებელი?

- დაახლოებით 10 გაკვეთილში ისწავლი ისე, რომ დამოუკიდებლად გახვიდე ქუჩაში და იარო, ოღონდ, დიდი სისწრაფით - არა. ზოგს მეტი გაკვეთილიც სჭირდება. ერთია, როდესაც მართავ და მეორეა, როდესაც სხვას ასწავლი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მართვის მოწმობის აღება იმას არ ნიშნავს, რომ უპრობლემოდ შეგიძლია ქალაქის ქუჩებში იმოძრაო, მით უმეტეს, ასეთ საცობებში. ბევრი მართვის მოწმობის აღების შემდეგაც აგრძელებს სწავლას, ოღონდ უკვე სხვა პრინციპით და როდესაც ჩავთვლით, რომ მზად არიან, ტექნიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, მხოლოდ მაშინ ვურჩევთ, გავიდნენ ქალაქის ქუჩებში.

- უფრო ხშირად ვინ ინტერესდება, რა ასაკის ადამიანები და გოგონები ჭარბობენ თუ ბიჭები?

- ძირითადად, 20-დან 35 წლამდე ასაკის არიან მსურველები, უმეტესობა ბიჭია, მაგრამ არიან გოგონებიც, ბოლო წლებში უფრო გაიზარდა მათი რაოდენობა. ბიჭები ადვილად ითვისებენ, გოგონებს შედარებით უჭირთ, მოტოციკლის დამორჩილებას ხომ ფიზიკური ძალაც სჭირდება, მაგრამ სწავლობენ. მთავარი მონდომებაა. წონასწორობის დაცვაც უნდა შეგეძლოს. ვინც ველოსიპედს ან სკუტერს ატარებდა, ისინი იოლად უღებენ ალღოს. ბიჭები თუ 5 გაკვეთილში სწავლობენ, გოგონებს ამისთვის შეიძლება 10 გაკვეთილიც დასჭირდეთ, თუმცა, ესეც ინდივიდუალურია. თავიდან ბევრს უხერხულობის მომენტი ჰქონდა, უკვირდა, გოგომ უნდა მასწავლოსო? მერე ყველამ იცოდა, რომ სადაც მოდიოდნენ სასწავლებლად, იქ ინსტრუქტორი გოგო იყო.

- ყოფილა შემთხვევა, რომ ვერ უსწავლიათ?

- არა, ყველა სწავლობს, თუ მოინდომებს. უბრალოდ, მომხდარა ისე, რომ უწვალიათ და მერე თავი დაუნებებიათ, ნებისყოფის ამბავია. არ მახსოვს, გამოცდა ვერ ჩაებარებინოს ჩემს მოსწავლეს. მათ ყველაფერს ვუხსნი, შესაძლო საფრთხეებსაც განვიხილავთ ერთად და ვეუბნები, როგორ მოიქცნენ ამ დროს. თავდაპირველად დაბალძრავიან მოტოციკლზე ვსვამთ, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით და პატარა მონაკვეთზე ვუშვებთ, მერე - უფრო დიდზე და ასე შემდეგ.

- თუ ძალიან გეშინია, მაინც შესაძლებელია, სურვილი აისრულო და მართვის მოწმობა აიღო?

- კი, რა თქმა უნდა. თავიდან ყველას ეშინია. პირველ რიგში, სწორედ შიში უნდა გადალახო. ეს შეიძლება მოხდეს მეორე ან მეხუთე გაკვეთილზე, ვისთვის როგორ. ჯობს, გქონდეს ეს შიში, უფრო დაკვირვებით რომ იყო. ვისაც არ ეშინია, ისინი ძალიან რისკავენ. ეს ხდება უბედური შემთხვევის მიზეზიც. სისწრაფე ყველას მოსწონს, ამიტომაც 24 წლამდე ასაკის პირებს არ აქვთ უფლება, დიდი კუბატურის მქონე მოტოციკლი მართონ, მაგრამ 24 წლის შესრულებას არ ელოდებიან და მაინც ყიდულობენ.

- თვითონ არასდროს მოხვედრილხართ საავარიო სიტუაციაში?

- საბედნიეროდ, არასდროს დავმტვრეულვარ. ქალაქში გადატვირთული მოძრაობაა, ბევრი უყურადღებოდ დადის. ისე გადმოგიჭრიან გზას, ვეღარ ასწრებ თავის დაცვას, თან რატომღაც, ტრანსპორტად არ აღიქვამენ მოტოციკლს. ყოველთვის მომზადებული ვარ, რომ წინ მიმავალმა მანქანამ შეიძლება რაღაც სასწაული ჩაიდინოს და თავს ვიზღვევ. გამოცდილება გაძლევს საშუალებას, თავიდან აირიდო საავარიო სიტუაციები. კარგია, თუ არ ვიჩქარებთ და სიცოცხლეს გავუფრთხილდებით.

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"