უფრთხილდით მხუთავ CO-ს! - კვირის პალიტრა

უფრთხილდით მხუთავ CO-ს!

როგორ ავიცილოთ არასწორად დამონტაჟებული გამათბობლით გამოწვეული უბედური შემთხვევა

ზამთრის მოახლოებასთან ერთად აქტიურდება ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობების უსაფრთხოების თემაც. წელიწადი არ გადის, გაზის არასწორი მოხმარების შედეგად CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების შემთხვევები არ აღირიცხოს. ამიტომ გათბობის სეზონისთვის სათანადოდ მომზადებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი საუბარი "თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძესთან ზამთართან შეხვედრისთვის საჭირო სამუშაოებს შეეხება.

- თუ შარშან გამოყენებული წყალგამაცხელებლით ან გამათბობლით ვაპირებთ სარგებლობას, უპირველესად წყალგამაცხელებელი, გამათბობელი და ნებისმიერი დანადგარი, რასაც გაზისთვის ვიყენებთ, აუცილებლად უნდა იყოს დახურული წვის კამერით. ჩვენი აბონენტების სახლში თუ ღია წვის კამერის მქონე დანადგარია დამონტაჟებული, მაშინ ის არ უნდა იქნეს გამოყენებული. ჩვენს აბონენტებს თუ აინტერესებთ, რა მდგომარეობაშია ზამთრის სეზონის დაწყების წინ მათ სახლში გაზის ქსელი, ცხელ ხაზზე უნდა დაგვიკავშირდნენ (2 40 40 04; საავარიო - 114), მათთან მივლენ ჩვენი სპეციალისტები და შეამოწმებენ უფასოდ.

ბოლო 10-15 წლის სტატისტიკით, დახურულ სივრცეში უბედური შემთხვევების 100% გამოწვეულია თვითნებურად მიერთებული ღია წვის კამერიანი დანადგარით. ჯერ ერთი, ისინი არასწორად არის დამონტაჟებული, ხოლო მეორე, მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, ექსპლუატაციის დროს გამოყოფს ნახშირჟანგს (CO), რომელიც ადამიანისთვის მომწამვლელი და სასიკვდილოა. საკმარისია დახურულ სივრცეში CO-ს კონცენტრაცია გახდეს მხოლოდ 1%, ამ ჰაერით სუნთქვა 2-3 წუთით გამოიწვევს ადამიანის სიკვდილს. ჩვენი მითითებაა, ასეთი დანადგარების ნაცვლად შეიძინონ დახურული წვის კამერის მქონე მოწყობილობები. ამის შემდეგ მოქალაქე ვალდებულია, მოგვმართოს და ექსპლუატაციაში გაშვებამდე შეგვამოწმებინოს, სწორად არის თუ არა დამონტაჟებული. ესეც უფასოა.

- დახურული წვის კამერიანი დანადგარი ძვირი ღირს და ამიტომ ირჩევენ ღია წვის კამერიანს? - ფასში დიდი განსხვავება არ არის. უბრალოდ, არ იციან. ჩვენი ვალდებულებაა, წელიწადში ერთხელ ყველა აბონენტთან მივიდეთ და შევამოწმოთ დანადგარი.

თუ აღმოვაჩინეთ, რომ ღია წვის კამერიანი დანადგარები დახურულ სივრცეში აყენია, ქსელიდან ვჭრით.

- ხშირად უბედური შემთხვევის მიზეზი გამხდარა ჩიტების მიერ ბუდის მოწყობა გამონაბოლქვის მილში... - სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ რომ დაგვირეკონ, შეგვამოწმებინონ, რაც უფასოა, და მერე ჩართონ.

- ყველაზე ხშირად რა შეცდომას აწყდებით შემოწმებისას? - საკვამურს, საიდანაც ნამწვი გამოდის, სადარბაზოს კიბის უჯრედში გამოყოფენ ხოლმე. ხშირად მეზობლები გვატყობინებენ, რომ სადარბაზოში გაზის მძაფრი სუნია და ჩვენ მეყსეულად გავდივართ შესამოწმებლად. საავარიო ჯგუფს არაერთი დაკეტილი ბინა აღმოუჩენია, საიდანაც გაზი ჟონავდა, ან ღია დარჩენიათ და შედეგად კორპუსი აფეთქებას გადაგვირჩენია. ასეთ ბინებში საპატრულოსთან ერთად შევდივართ, ხდება მოსახლეობის ევაკუაცია და გაზის გადაკეტვა. ასეთი შემთხვევები ხშირია, მით უმეტეს, ზამთრის თვეებში, რადგან ფანჯრები დაკეტილია და გაზი გროვდება.

- ყველაზე ხშირად რა თვითნებობას აწყდებით? - დანადგარების კუსტარულად დამონტაჟებას - ანუ როცა გაურკვეველი წარმოშობის არასერტიფიცირებულ სპეციალისტებს ანდობენ დანადგარების მონტაჟს. ჩვენ არ გვატყობინებენ და შემოწმების გარეშე რთავენ. უამრავი შემთხვევა ყოფილა, როდესაც არასწორად დამონტაჟებას უბედური შემთხვევა გამოუწვევია და შსს-ს ვერც კი უპოვია დამნაშავე... დანადგარი პროექტის მიხედვით მონტაჟდება, მერე ჩვენ ვამოწმებთ და თუ უსაფრთხოა, მხოლოდ ამის შემდეგ ვაძლევთ მობინადრეს სარგებლობის უფლებას.

წელიწადში ერთხელ ვატარებთ გეგმიურ შემოწმებას. არასწორად დამონტაჟებულ დანადგარებს ვჭრით და აბონენტსაც ვუხსნით, რომ ის სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ აბონენტების დაახლოებით 40% კვლავ თვითნებურად აერთებს მოწყობილობას - ანუ ყურად არ იღებს ჩვენს მითითებას და მათი სახლების ხელმეორედ შემოწმებისას იმავე ვითარებას ვაწყდებით.

- რაიმე სანქციები არსებობს ასეთი აბონენტებისთვის? - როცა ახალ დანადგარს დააყენებს, აბონენტი ვალდებულია ჰქონდეს პროექტი და აუცილებლად უნდა შეგვატყობინოს. ჩვენი შემოწმებისა და ჩაჭრის შემდეგ კი ვალდებულია, მოაწესრიგოს. განმეორებითი დარღვევის დროს საერთოდ ვუჭრით გაზს მანამ, სანამ ყველაფერს არ მოაწესრიგებს. ფულადი ჯარიმა არ არის დაწესებული.

- ბევრად ადვილი არ იქნებოდა ღია წვის კამერიანი დანადგარების გაყიდვიდან ამოღება? - ღია წვის კამერიანი გამათბობელი თავისუფლად შეგიძლიათ აივანზე დაამონტაჟოთ.

- CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალებების სტატისტიკა როგორია? - 2019 წელს გარდაიცვალა 26 კაცი, 2020 წელს - 12, ხოლო 2021 წელს - 10. უბედური შემთხვევები უფრო მეტად ნოემბრიდან მარტამდე ხდება, როდესაც ფანჯრები დაკეტილია და ბინები არ ნიავდება. მნიშვნელოვანია, რომ 20 უბედური შემთხვევიდან 18 ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში მოხდა! ჩემი თხოვნა იქნება, როდესაც მოქალაქე ბინას ქირაობს ან გირაობს, გაზის სისტემა გადაგვამოწმებინოს. 2019 წელს ისანში ერთ ბინაში 6 გარდაცვლილი ვიპოვეთ, მშენებლობაზე მუშაობდნენ და ნაქირავებ ფართობში ცხოვრობდნენ.

- პანდემიის პერიოდში აბონენტების მონიტორინგი როგორ ხდება? - თუ მობინადრე იზოლაციაშია, მის ბინაში არ შევდივართ. თანამშრომლების 100%, ვინც უშუალოდ კონტაქტშია მოსახლეობასთან, ორჯერადად არის აცრილი. ისინი აღჭურვილი არიან პირბადეებით, ხელთათმანებით, ბახილებითა და სადეზინფექციო საშუალებებით.