"ჩემი რჩეული" - კვირის პალიტრა

"ჩემი რჩეული"

თითოეული ჩვენგანის არჩევანია

მკითხველი თავად ირჩევს სასურველ ავტორს და მის რჩეულ სრულყოფილ ტომეულს ჟურნალ "გზასთან" ერთად იღებს

"ჩემს რჩეულში" თქვენ წაიკითხავთ იმას, რაც უკვე გამოცემულა ან შეიძლება პირველად გამოიცეს

"პალიტრა მედიის" წიგნის პროექტებს უკვე კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება. სხვადასხვა გამოცემასთან ერთად, ყველანაირი გემოვნების მქონე მკითხველს შეუძლია თავისთვის საინტერესო ტომეული შეარჩიოს და აქციის კვირაში - წიგნის ჟურნალთან ან გაზეთთან ერთად გამოსვლის პირველ კვირაში - განსაკუთრებულ ფასად შეიძინოს.

მაგრამ, მოგეხსენებათ, კაცს რაც მეტი აქვს წაკითხული და წიგნის თაროც რაც უფრო დამძიმებულია ლიტერატურით, მეტის წაკითხვისა და შეძენის სურვილი უჩნდება. სწორედ ამან მისცა ბიძგი ახალ პროექტს, რომელიც მასშტაბურია და კიდევ უფრო "დემოკრატიული". პროექტი ჟურნალ "გზასთან" ერთად დაიწყო. მკითხველი თავად ირჩევს სასურველ ავტორს და მის რჩეულ სრულყოფილ ტომეულს ჟურნალ "გზასთან" ერთად იღებს.

"ჩემი რჩეული" თითოეული ჩვენგანის არჩევანია. ეს არის ქართველი მწერლების რჩეული შემოქმედება, რომლის გარეშეც არათუ საკუთარი წიგნის თაროების წარმოდგენა გაგიჭირდებათ, არამედ საქართველოსაც ვერ წარმოიდგენთ, ვერ გაიაზრებთ. სწორედ ასეთი - საქართველოს სულიერი სამყაროს ფესვმაგარი ბურჯების ლექსები, პოემები, მოთხრობები, რომანები, პიესები, ესეები, სცენარები, პუბლიცისტური წერილები და პირადი მიმოწერა გამოიცემა რამდენიმე ტომად. "ჩემს რჩეულში" თქვენ წაიკითხავთ იმას, რაც უკვე გამოცემულა და შეიძლება პირველად გამოიცეს, იმას, რაც თქვენს საყვარელ ერთტომეულში არ შესულა, რადგან ასეთი დონის მწერლობა წარმოუდგენელია, ერთ ტომში დაეტიოს. მრავალტომეულის შეძენა კი შეიძლება ვერც მოასწარით ასაკის გამო, ან გეძვირათ...

ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოსული მაგარყდიანი და თანამედროვე დიზაინის მქონე "ჩემი რჩეული" ყველასათვის ხელმისაწვდომი და საინტერესოა. ვაჟა-ფშაველას ხუთტომეული უკვე მიიღო მკითხველმა, ახლა გალაკტიონის ხუთტომეული გამოდის... სულ მალე კი მიხეილ ჯავახიშვილის ხუთტომეულს მიიღებენ.

"მედიაპალიტრა" პირველი იყო, რომელმაც წიგნის პოპულარიზებისათვის გარკვეული ნაბიჯები გადადგა და ჟურნალებთან ერთად იაფად შესთავაზა წიგნები მკითხველს. ამით წიგნისკენ მოაბრუნა საზოგადოება. მიმდევარიც ბევრი გამოუჩნდა... ძალიან კარგი, რაც მეტს წავიკითხავთ, უკეთესია.

დღეს "მედიაპალიტრა" იმაზე ზრუნავს, რა აუცილებელი ლიტერატურაა საჭირო ჩვენი საკუთარი ბიბლიოთეკებისათვის, რომ ყოველ ოჯახში უნდა იდოს როგორც სულიერი საგანძური, რომელიც თაობებს აღზრდის... სწორედ ამის გამოძახილია "ჩემი რჩეულის" გამოცემა.

ცოტა ხნის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საკვირაო ქადაგებაში სწორედ წიგნიერებისა და საკუთარი ბიბლიოთეკის შექმნის თემას შეეხო: "ყველა ადამიანმა უნდა იზრუნოს პირადი, ოჯახური ბიბლიოთეკის შექმნასა და გამდიდრებაზე. გირჩევთ, რამდენიმე ოჯახმა ლიტერატურული საღამოები მოაწყოთ ხოლმე. ეს დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მოგცემთ. რაც შეიძლება მეტი წიგნი იკითხეთ. ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, მოთმინება, გული გონიერი, ცოდნა და რწმენა".

მართლაც, დღეს ყველაზე აქტუალური და აუცილებელია წიგნს დავუბრუნდეთ და ის საშინელი სიცარიელე ამოვავსოთ, რაც უნებურად, თამაშ-თამაშ, დაუფიქრებლობითა და მცონარობით გაგვიჩნდა სულებში.

მოგეხსენებათ, გონიერებასა და ცოდნას კლავს ადამიანის წიგნისადმი ინტერესის განელება. ილია მართლის სიტყვები დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ადრე: "უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია... სულ სხვაა უჭკუო უმეცარი, მერე თუ ყბედობის საღერღელიც აქვს აშლილი. უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება ქვეყნიერობაზე, და რამოდენაც ამისთანა ვაჟბატონი ჭკუაზე თხლად არის, რამოდენადაც უფრო სქელი ლიბრი აქვს გონების თვალზე გადაკრული, მით უფრო თამამია, მით უფრო კადნიერია.

მითამ რა დაუშლის! არ არის ქვეყანაზე საგანი, რომ უჭკუო უმეცარმა არ დაიჩემოს მისი ზედმიწევნით ცოდნა და თავისს უგემურ და უთავბოლო საღეჭავად არ გახადოს მსმენელთა სააბეზაროდ. რაც ენაზედ მოადგება, ჰროშავს გამარჯვებულივით დოინჯშემოყრილი და თავმოწონებული, მოგაყრით ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებს, რომელიც არც თითონ ესმის და არც მსმენელს გაეგება და ჰყოყოჩობს, აი, რაები მცოდნია და რა ბრძენი კაცი ვარო! ბალღებს, რასაკვირველია, გაბერილი, გაუგებარი ფრაზები სავსე ჰგონიათ, როგორც გაბერილი ტიკი, და უკვირთ როგორც ერთი რამ უტყუარი ნიშანი აუარებელის სიბრძნისა და მეცნიერობისა, ჭკუადამჯდარს კაცს - კი ეს სამასხარო ოინები სასაცილოდაც არა ჰყოფნის"...

ამ სიტყვების წაკითხვისას გაგიელვებს, - ნეტავ წინასწარ ხომ არ ხედავდა წმინდანად შერაცხილი ერის მამა ილია ჭავჭავაძე იმ უთავბოლო გამოსვლებსა და ბაქიბუქა მოკამათეებს, ჩვენ რომ დღენიადაგ ვისმენთ ტელეეკრანიდან... ამ ჭირის მიზეზთა მიზეზიც სულიერი სიღატაკე და უწიგნურებაა. სწორედ ამიტომ, როგორც არასდროს, ისე აქტუალურია წიგნის თაროზე გვქონდეს ვაჟა-ფშაველაცა და ილიაც, აკაკიცა და მიხეილ ჯავახიშვილიც, გალაკტიონიცა და გრიგოლ რობაქიძეც... კიდევ რამდენი სხვა. დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ მოზარდს სურვილი გაუჩნდება, ისე, უბრალოდ მაინც გადაფურცლოს... ყველაფერი დიდი ხომ უბრალოდ იწყება...

"ჩემი რჩეული" წიგნების ის სერიაა, რომელიც მართლაც ყველა ოჯახში უნდა იყოს რჩეული მომავლისათვის...

დადგა დრო, როცა არცოდნა უპატიებელ ცოდვად იქცა და დღენიადაგ ანგრევს იმას, რაც საუკუნეობით უშენებია ერს.

ვაჟა-ფშაველას სიტყვებით დავასრულებ: "უცოდნობა, ამბობს ჩვენი ხალხი, არ ცოდვააო... მაგრამ მე პირადად ეს ანდაზა არ მომწონს იმიტომ, რომ კაცს გააბრიყვებს, და თუ უცოდინრობით ერთხელ საქმე გაუკეთდა, მაშინათვე უცოდინარობას გააღმერთებს.... თუნდაც მიწყინოთ, მე ეს ანდაზა უნდა გადავაკეთო: უცოდრობა დიდი ცოდვაა, მიუტევებელი ცოდვა"...

პროექტი ”ჩემი რჩეული” Facebook-ზე