"ვაქცინაციის სავალდებულოობა განიხილება და მე ამის მომხრე ვარ" - კვირის პალიტრა

"ვაქცინაციის სავალდებულოობა განიხილება და მე ამის მომხრე ვარ"

კაცობრიობა უხილავ მტერთან ბრძოლის მეხუთე ტალღას შეუდგა. ყოველ ტალღაზე ახალი მუტაციები ჩნდება. მათ დასამარცხებლად მსოფლიო აცრებისკენ მოგვიწოდებს. საქართველოში ვაქცინაცია დუნედ მიიზლაზნება. ეპიდვითარების სიახლეებითა და შეფასებებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს:

- ეპიდვითარება კვლავ მწვავეა. ერთდროული ავადმყოფების რაოდენობით შარშან დეკემბერში რომ პიკი იყო, იმ მდგომარეობაში ვართ. თუმცა ჯერ აგვისტოს პიკისთვის არ მიგვიღწევია. 50 ათასი აქტიური შემთხვევა გვაქვს. აგვისტოში 60 ათასზე მეტი იყო.

- მალე აგვისტოს პიკსაც მივაღწევთ? - ყოველდღე 4 ათასზე მეტი შემთხვევაა, რამდენიმე დღეს 5 ათასიც იყო. ამიტომაც აუცილებელია პირბადის ტარება და აცრა. ვაქცინაციის ტემპი საგანგაშოა. არის ქვეყნები, სადაც საყოველთაო ვაქცინაცია ჩატარდა, შესაბამისად, სიკვდილიანობაც აღარ არის ისეთი, როგორიც ჩვენთან.

- საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი წუხდა, თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა მატება, კლინიკაში საწოლი აღარ დარჩებაო. - აგვისტოში მძიმე დღეები გადავიტანეთ. თუ მოსახლეობაზე გადავიანგარიშებთ, მილიონ მოსახლეზე ავადმყოფთა რაოდენობით აგვისტოში 5-ჯერ უარესი ვითარება იყო, ვიდრე ინდოეთში გაზაფხულზე. ახლა ინდოეთს მილიარდ-ნახევარზე მეტი აცრილი ჰყავს და აღარ არის საშინელი სიკვდილიანობა.

- ჩვენთან ახლა ყოველდღიურად 5000-ზე ცოტა ნაკლები ინფიცირებულია და ცოტა მეტი აცრილი. - აცრებმა, სამწუხაროდ, მოიკლო, არადა, შეგვიძლია დღეში 40-50 ათასი ადამიანი ავცრათ.

- რას უკავშირებთ ამას? ვინც ამცრელი იყო, აიცრა, დანარჩენი ანტივაქსერები არიან? - მათ ანტივაქსერებს არ დავარქმევდი. ისინი ანტივაქსერებმა დააშინეს. ჩვენ ზაფხულიდან მოყოლებული დავდივართ რეგიონებში, ახლა უფრო გააქტიურდა ჩვენი სამსახური და სიტუაცია დაახლოებით ასეთია:

თბილისში მოზრდილი მოსახლეობის ნახევარი აცრილია; ბათუმში მოზრდილი მოსახლეობის ნახევარზე მეტი აიცრა. მთლიანად აჭარაში მოზრდილი მოსახლეობის 40%-ია აცრილი. იმედია, ჩვენი სოფელ-სოფელ სიარული ვაქცინაციას გაააქტიურებს. გასულ კვირას მოვიარეთ შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, სადღაც 800-ზე მეტი კაცი აიცრა. ეს არ არის იმდენი, რამდენიც გვინდა, მაგრამ როცა ხალხს პირადად ელაპარაკები, ეს მაინც ჭრის.

- მოსახლეობასთან შეხვედრისას ყველაზე სასაცილო მითი რა იყო? - ის, რომ ორგანიზმში რაღაც ცილა შეგვყავს და 1-2 წელიწადში ყველა აცრილი მოკვდება. ვეკითხებით, საქართველოში უკვე მილიონზე მეტი კაცი აიცრა და როგორ ფიქრობთ, შეიძლება წელიწადში მილიონზე მეტი დავიხოცოთ? ისეთი აბსურდული არგუმენტები აქვთ... მათი შიშიც გასაგებია, როდესაც ეუბნებიან, რომ შეიძლება მოკვდეს, თავს იკავებენ აცრისგან. არადა, ყველამ იცის "კოვიდით" რამდენი კაცი დაიღუპა მათ სოფელში, მეგობრებში, ნათესავებში და არა მარტო ხანში შესულები, ახალგაზრდებიც. ჩიპებზე ისევ ლაპარაკობენ, თუმცა უკვე ნაკლებად. საბედნიეროდ, როცა არგუმენტებით ელაპარაკები, ჭრის.

- როდის ველოდებით მეხუთე ტალღის პიკს? - უნდა დავაკვირდეთ 1-2 კვირის დინამიკას. ისე ჩანს, რომ დელტა-ვარიანტში 2-თვიანი ციკლი ჩამოყალიბდა.

- გამოდის, ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება პიკი? - პროგნოზულად ეგრე ჩანს. შემდეგი კვირის მონაცემებსაც რომ ვნახავთ, უფრო კარგად გამოჩნდება.

- დელტას ახალ ვარიანტზე შეშფოთებით ლაპარაკობენ ბრიტანეთში, რუსეთში... - გაბუქებულია... ჯერ ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ 15%-ით მეტი გადამდებლობა აქვს, ვიდრე ჩვენთვის ნაცნობ დელტას. წითელა ყველაზე გადამდებად ითვლება ინფექციურ დაავადებებში, შემდეგ - ჩუტყვავილა. დელტა თავისი გადამდებლობით დაახლოებით ჩუტყვავილასა და წითელას შორის დგას. დელტას ახალი ვარიანტი უკვე წითელას გაუტოლდა. წითელა ჰაერით ვრცელდება, ხოლო "კოვიდი" მეტწილად წვეთით, თუმცა შეიძლება ჰაერითაც გადავიდეს. განსხვავება ის არის, რომ წვეთი დიდი ხნით არ რჩება ჰაერში, მალე ეცემა ზედაპირზე. ამიტომ უფრო მეტად გადამდებია ჰაერით, ანუ ჰაერში დიდხანს რჩება.

- დაახლოებით რამდენ ხანს?

- წითელას ვარიანტში, მაგალითად, თუ ოთახში არიან არაიმუნური ადამიანები და ვინმე წითელიანი შემოიხედავს, ყველა ავად გახდება. წუთებზეც შეიძლება იყოს საუბარი. დადასტურებულია, რომ შეიძლება ლიფტში შეხვიდე და შენამდე ვიღაც "კორონიანი" იყოს ნამყოფი და შენც დაგემართოს. პირბადე, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად იცავს, მით უმეტეს, თუ პირბადე უკეთია ინფიცირებულს, თუ მარტო ჯანმრთელს უკეთია და გადამდებს არა, მაშინ დაცვა იკლებს. ამიტომ არის აუცილებელი, რომ პირბადე ყველას ეკეთოს, ყველამ ხომ არ იცის, რომ ავად არის - ზოგი უსიმპტომოა, მაგრამ გადამდები.

- ახალი დელტა-ვარიანტის მიმდინარეობაზე რა არის ცნობილი? - მიმდინარეობა ისეთივე აქვს, როგორიც ჩვეულებრივ დელტას, მაგრამ გადამდებლობა უფრო მაღალია. რაც უფრო სწრაფად ვრცელდება, მით მეტი ადამიანი ხდება ერთდროულად ავად და შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა იზრდება.

- ჯანმოს ინფორმაციით, კორონა დაახლოებით წელიწადზე მეტხანს გაგრძელდება... - ვარაუდობდნენ, რომ 2022 წელს დასრულდებოდა, მაგრამ 1 წელი მიემატა.

- რის საფუძველზე ივარაუდეს? - მსოფლიოში აცრების. არის ქვეყნები, სადაც თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნილია. დანიაში ან პორტუგალიაში მოსახლეობის 85%-ზე მეტი აიცრა. არის ქვეყნები, სადაც მოსახლეობის ნახევარი ანუ 60% აცრილია. იქ შემთხვევები შემცირდა. მთავარია, სიკვდილიანობაა მაქსიმალურად შემცირებული.

- ლიტვაში ღამით კომენდანტის საათი შემოიღეს და მაღაზიები დაკეტეს - დღეში 1000 შემთხვევა იყო და ეს საგანგაშოდ ჩათვალეს... - ფაქტია, ჰოსპიტალური სექტორი საქართველოში იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა ქვეყნისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, გამოგვადგა.

- ბუსტერებზე რას მეტყვით? - უკვე გამოქვეყნდა მინისტრის ბრძანება - აცრა დასჭირდებათ ხანში შესულებს და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და არის საშიშროება "კოვიდის" მსვლელობის დროს გართულების. თუ იმუნიტეტის პრობლემებია, ასეთი პირებისთვის რეკომენდებულია ბუსტერი მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ.

- ვაქცინაციის სავალდებულოობა თუ განიხილება?

- განიხილება... მე მომხრე ვარ.

- 4000 შემთხვევა სტაბილურად არის, მეტი თუ არა. დაიხურა 219 სკოლა და 99 საბავშვო ბაღი. კიდევ რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს? - შეზღუდვები საჭირო გახდება, თუ ჯანდაცვის სისტემა ძალიან გადაიტვირთა. ამ ეტაპზე ჩემი კოლეგები უმკლავდებიან. გახსოვთ, ალბათ, ზაფხულში საჭირო გახდა საველე ჰოსპიტლები. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას და შეზღუდვები საჭირო აღარ იქნება. ავადმყოფთა რაოდენობაც რომ გაიზარდოს, მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდებათ. ამიტომ - წადით აცრებზე. თავის დაზღვევის ერთადერთი გზა გადის აცრებსა და პირბადეებზე.

- იყო საუბარი ყალბი პისიარ-ტესტების აღმოჩენა-გამოყენებაზე... - ვიღაცები დააკავა კიდეც პოლიციამ.

- როგორ გავარჩიოთ გრიპი "კოვიდისგან"? - გარჩევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზით. დღეში საშუალოდ 50 000 კვლევა ტარდება.

ისეთი მულტიდაზიანება, როგორიც "კოვიდს" აქვს, სხვა რესპირატორულ ვირუსებს არ ახასიათებს. ყველაზე ძლიერი რესპირატორული ვირუსი ყოველთვის გრიპი იყო, მაგრამ ახლა "კოვიდის" შემთხვევაში გაცილებით მაღალია როგორც ლეტალობის მაჩვენებელი, ასევე მისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა მულტიორგანული დაზიანება. ერთმანეთთან შეუდარებელია, იმდენად ძლიერი დაზიანებებია.

- შეიძლება გრიპი და "კოვიდი" ერთად დაგემართოს? - ნელ-ნელა გრიპის სეზონი იწყება. ამიტომ რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია დაწყებულია, რომელიც უფასოა. უნდა ვიცოდეთ, რომ "კოვიდის" ახალ-ახალი ვარიანტი სულ წარმოიშვება. ეს ბუნებრივი პროცესია.

- გამოდის, ვაქცინაციის გარდა, სხვა გზა არ არსებობს, რომ "კოვიდს" წინააღმდეგობა გავუწიოთ, თორემ დამარცხებაზე ჯერ ადრეა საუბარი. - დამარცხებაზე ლაპარაკი, ჯერ ადრეა, მაგრამ რაც შეიძლება მეტი ადამიანი რომ გადარჩეს, ამის გზა ვაქცინაციაა და, პირბადე.

- პარალელურად მსოფლიოში იკვლევენ ახალ ვაქცინებს, მედიკამენტებს... ჩანს იმედი? - ვნახოთ, ველოდებით... იმედია, წლის ბოლოსთვის ახალი ანტივირუსული პრეპარატებიც გამოჩნდება. ვაქცინებზე მუშაობაც, რა თქმა უნდა, გრძელდება. ჯერ კვლევების შედეგები უნდა გამოქვეყნდეს.

- ლოკდაუნის საშიშროება თუ არის? - არა, არ ვფიქრობ, რომ საჭირო გახდება. ვიმეორებ, მთავარია ვაქცინაცია.