"კინოფილმში "ნატვრის ხე" თინამ მარიტას როლი გაახმოვანა. ის მეტად რთული ამოცანის წინაშე იდგა" - ქართული კინოს "სნაიპერები" - კვირის პალიტრა

"კინოფილმში "ნატვრის ხე" თინამ მარიტას როლი გაახმოვანა. ის მეტად რთული ამოცანის წინაშე იდგა" - ქართული კინოს "სნაიპერები"

მოგითხრობთ ქალებზე, რომელთა გარეშეც ქართული კინო წარმოუდგენელია, რადგან პერსონაჟების უმრავლესობა სწორედ მათი ხმებით საუბრობს. სნაიპერები - ასე უწოდებდნენ მათ ქართული ფილმის კინოსაამქროში, რადგან სრული სიზუსტით იმეორებდნენ პერსონაჟის არტიკულაციასა და ემოციას. ესენი იყვნენ თინა მგალობლიშვილი, მერი მიქელაძე და ლეილა ძიგრაშვილი. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ქალბატონი თინაა ცოცხალი.

თინა მგალობლიშვილი

- ახალგაზრდობა... იყო... ნახეთ, რა ცუდი სიტყვაა - იყო, მაგრამ იყო... იყო ინსტიტუტი, ოქროს ხანა, ბედნიერი დრო, სიხარული, სილაღე, ყველაფერი. საოცარი ჯგუფი მქონდა თეატრალურ ინსტიტუტში: ზანდა იოსელიანი, ლია თოხაძე, ნუგზარ ჯუღელი, ცისანა კობახიძე და კახი კავსაძე.

მეორე კურსზე ვიყავი, 1956 წელს, როდესაც ტელევიზიამ დაიწყო მაუწყებლობა. წამყვანებად მხოლოდ ლამაზებს ეძებდა. არადა, მე არასდროს მივეკუთვნებოდი ლამაზთა კატეგორიას, ძალიან გამხდარი, ხუჭუჭთმიანი ვიყავი, რაც არ იყო იმხანად მოდური. ამიტომაც დამიწუნეს. თუმცა გავიდა ხანი და ვიზუალს კიდევ ბევრი სხვა მოთხოვნა დაემატა და გავიმარჯვე. მერე იყო კიდევ ერთი კონკურსი, ამჯერად, რადიოში და კიდევ წარმატება.

ჩემი მუდმივი პარტნიორი დავით სოკოლოვი იყო. წყვილში მუშაობა ყველასთან სასიამოვნო იყო, მაგრამ მე და ლევან ყავლაშვილი ვერ ვეწყობოდით, ორივეს სიცილი გვიყვარდა, დათო სოკოლოვი კი მიკროფონთან საოცრად მობილიზებული იყო. ვთქვათ, ვკითხულობთ წყვილში (რადიოს ვგულისხმობ), ის ამთავრებს ინფორმაციას, მე ვემზადები, ჩემი რიგი დგება და ამ დროს დათო მოტრიალდებოდა, ჩემს ტექსტებს სულს შეუბერავდა და გააფრენდა. წარმოიდგინეთ, იმის მაგივრად, კითხვა გამეგრძელებინა, სტუდიაში დავრბოდი და ფურცლებს ვკრეფდი...

ტელევიზიის თითქმის ყველა რედაქციასთან ვთანამშრომლობდი. ერთი გადაცემა ძალიან პოპულარული იყო - ქართული ხალხური პოეზია. მონაწილეობდნენ: ვახუშტი კოტეტიშვილი, ალექსი ჭინჭარაული, მურმან ლებანიძე, გურამ საღარაძე... ავტორი მარიკა ჩხარტიშვილი-ბაქრაძე იყო. ეს გადაცემა იყო საწყისი იმ ულამაზესი გადაცემებისა, რომლებიც შემდგომში ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილს მიჰყავდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ბატონმა არმაზ სანებლიძემ სწორედ ეს გადაცემა ნახა და გადაწყვიტა მე წამეყვანა "მოამბე". ვფიქრობ, მისი ნდობა გავამართლე. ამის დასტურია, რომ 2016 წლის 30 დეკემბერს, საზოგადოებრივ არხზე კოლეგებთან ერთად ჩემი ვარსკვლავი გაიხსნა.

ოთარ იოსელიანი, ნიკოლოზ სანიშვილი, ვახტანგ ტაბლიაშვილი... ყველა ძველი თაობის რეჟისორებთან ვმუშაობდი. 600-მდე როლი მაქვს გახმოვანებული. მთავარ როლებზე შერჩეულ ულამაზეს მსახიობებს ვახმოვანებ. მაგალითად, ეკას "მხიარულ რომანში", დარინას - "რაჭა ჩემი სიყვარულიდან", შორენას - "დიდოსტატის მარჯვენიდან", თინას - "როცა აყვავდა ნუშში", ტატას - "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", ნელის - "ჩარირამაში"... მარიტას როლი, ვფიქრობ, ჩემი კინოსტუდიაში მუშაობის გვირგვინია. ერთი კადრია, სოფლის წყაროსთან დგას მარიტა, გახსოვთ? ბორია წიფურია ეუბნება: "აქეთ გამოიხედე, გოგო, მარადიას შვილიშვილი არა ხარ შენა?" მერე კი ღვთისმშობელსა და ნინოწმინდას ახსენებს და პირჯვარს იწერს. სოფლელები კი გაკვირვებული იმეორებენ: "გლეხის ქალი და ასე ლამაზი?.." ამ დროს კადრი ჩერდება და ყველა მიშტერებულია მარიტას. ამ კადრზე ფილმის რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ მითხრა, თინა, შეხედე, შენ ამ ანგელოზს სული უნდა შთაბეროო. მოგვიანებით ხმის რეჟისორმა თენგიზ ნანობაშვილმა მითხრა, თინა, ისე მოსწონს თენგიზს მარიტასა და გედიას შეხვედრის სცენა, სულ მეუბნებოდა, კიდევ დაატრიალე, მომასმენინეო.

ოთარ იოსელიანი მაშინდელი ხელისუფლების "ანტი" იყო. ერთ დღეს რადიოში მორიგე ვარ. დილაობით პრესის მიმოხილვა გვქონდა ხოლმე. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ტექსტები იყო - ამდენი ათასი კვერცხი, ამდენი ტონა ჩაი, გამარჯვება, გეგმის გადაჭარბება... ვბაქიბუქობდით. წავიკითხე, გამოვედი სტუდიიდან და ვხედავ, ოთარი დგას. გამიხარდა, მოვიკითხეთ ერთმანეთი და უცებ ოთარი მეუბნება: ტინა, ტი ოპიაც ბალტაეშ გლუპოსტი?! ვინც იქ ვიდექით, ლამის სიცილით დავიხოცეთ. უსაყვარლესი იყო ბატონი ოთარი, სიყალბეს ვერ იტანდა და თავის ფილმებშიც ამაზე ლაპარაკობდა. გავიხსენოთ "გიორგობისთვე", მეღვინეებზე რომ გადაიღო. ის სიყალბე, რომელშიც ისინი ტრიალებდნენ, სააშკარაოზე გამოიტანა და ამას დიდი ამბები მოჰყვა.

მახსენდება ჩემზე ნათქვამი ერთი ფრაზა. როდესაც სამხატვრო საბჭო იბარებდა ერთ მხატვრულ ფილმს, აკაკი ბაქრაძე იყო მთავარი რედაქტორი. როგორც ჩანს, მთავარი როლის შემსრულებელს კარგად ვერ წარმოუჩენია თავი და აკაკი ბაქრაძეს უთქვამს, მადლობა თინა მგალობლიშვილს მკვდრის გაცოცხლებისთვისო.

- ფილმში გადაღების სურვილი არასდროს გქონიათ? - ოთარ იოსელიანმა არაერთხელ შემომთავაზა, მაგრამ ძალიან კომპლექსიანი ვიყავი...

- როგორც წესი, მაყურებლის ყურადღებასა და სიყვარულს როლის შემსრულებელი იმსახურებს და არა მისი გამხმოვანებელი. ამის გამო გული არ დაგწყვეტიათ? - მაყურებლის ყურადღება არ მაკლდა. მე გააზრებული მქონდა, რომ გახმოვანებას ახასიათებს, რბილად რომ ვთქვათ, ერთგვარი ნაკლი - ყველა ქულა იმ მსახიობს რჩება, რომელიც როლს ასახიერებს.

ბედი იყო თუ ჩემი მონაცემები, კარგად გამომდიოდა მუშაობა. დღეს ამ ყველაფრის ხილვა ძალიან მასევდიანებს. ყველაფერს თავისი დრო აქვს, აღარაფერი მეოცნებება. მხოლოდ ის მახარებს, ჩემი ხმა რომ დარჩება.

ლეილა ძიგრაშვილი

- ლეილა ძიგრაშვილს რამდენიმე ათეული ფილმი აქვს გახმოვანებული. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ელდარ შენგელაიას "შერეკილებში" მარგალიტა, რომელსაც არიადნა შენგელაია ასახიერებს. ქალბატონმა ლეილამ, შეიძლება ითქვას, სული ჩაუდგა ამ პერსონაჟს. "ახლავე დაბრუნდი ციხეში, შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონსაც დაიჭერენ" - ლეილა ძიგრაშვილის ნათქვამი ეს სიტყვები ფრთიან ფრაზად დამკვიდრდა და დღემდე პოპულარულია.

ქალბატონი ლეილა თვლიდა, რომ მისი გახმოვანებული როლებიდან ყველაზე რთული "ფატიმა" იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს: "განსაკუთრებით რთული იყო ფატიმას გახმოვანება. მისი ჭკუიდან შეშლის სცენა ურთულესი გახლდათ. იმ სცენის დახურულ ოთახში ჩაწერა არ შეიძლებოდა, რადგან ფატიმა მთაზე დარბის და ღრიალებს. აუცილებლად უნდა ყოფილიყო ღამე და რაღაცნაირად, სივრცის შთაბეჭდილება შეგვექმნა. ძველ კინოსტუდიაში ყველა კარი გააღეს და კარიდან კარში დავრბოდი, თან ხომ უნდა მეყურებინა ეკრანზე რა ხდებოდა?! მოკლედ, ძალიან ვიწვალე. "

ქალბატონ ლეილას გახმოვანებული აქვს აგრეთვე "წარსულ ზაფხულში" მედეა ჯაფარიძის პერსონაჟი, სოფიკო ჭიაურელის პერსონაჟი "ჩვენს ეზოში", "პირველ მერცხალში"გულჩინა დადიანის პერსონაჟი, "დათა თუთაშხიაში" მუშნის დედა, "დიმიტრი თავდადებულში" ლიანა ასათიანი; "დიდ მწვანე ველში" ლია კაპანაძის პერსონაჟი, "გარიგებაში", ნანული სარაჯიშვილის პერსონაჟი, და მრავალი სხვა. ახმოვანებდა რუსულ და ინდურ ფილმებსაც.

მერი მიქელაძე

ნინო ზაუტაშვილი: - "დარიკო" და "მაია წყნეთელი" ყველაზე კარგად მახსოვს დედას გახმოვანებული პერსონაჟებიდან. დღესაც ხშირად ვუყურებ ორივე ფილმს და სულ ვაკვირდები პროფესიული თვალით. ეს არის, ალბათ, პროფესიონალიზმის უმაღლესი პილოტაჟი: არტიკულაცია, გამოთქმა, განწყობა, მეტყველება, ყველაფერი უნდა დამთხვეოდა პერსონაჟის მოძრაობას. ანუ გამხმოვანებელიც თამაშობს როლს, ოღონდ ხმით. სრულიად უნდა წაჰყოლოდი თან ემოციას. ყველა გამოთქმა, ბგერა, მსახიობის თამაშის აბსოლუტურად იდენტური უნდა ყოფილიყო. ეს საინტერესო და ძალიან შრომატევადი პროცესი იყო. გარდა ქართულისა, დედა უცხოურ ფილმებსაც ახმოვანებდა.

- ქალბატონ მერის გმირი, ლიდერი ქალების გახმოვანება განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა. - კი, ალბათ, იმიტომ რომ ცხოვრებაში ასეთი იყო, მებრძოლი, ემოციური და ხმაც ხელს უწყობდა. ძალიან საინტერესო ხმა ჰქონდა - ასეთი ტიპის ხმა დღეს არც ტელევიზიაში და არც სცენაზე არ მეგულება - ხავერდოვანი და დიდი დიაპაზონის.

- თქვენ მსახიობის პროფესია აირჩიეთ და რადიოსა და ტელევიზიაში მუშაობის მრავალწლიან სტაჟი გაქვთ, თქვენც ახმოვანებდით. როგორ აფასებდა დედა თქვენს მუშაობას? - ძალიან კრიტიკული იყო. მუდმივად მაკონტროლებდა და შენიშვნებს მაძლევდა, საიდანაც ზოგს ვითვალისწინებდი, ზოგს - არა. როცა მე სატელევიზიო კარიერა დავიწყე, უკვე სხვა დრო იყო, სხვა მოთხოვნები, ისეთი დავარცხნილი წამყვანი და დიქტორი ვერასოდეს ვიქნებოდი, როგორიც, ვთქვათ, დედა და მისი თაობა იყვნენ. სხვათა შორის, შემდეგში ისიც დამეთანხმა, რომ ახალი დრო მოვიდა და ახალი მოთხოვნები მოიტანა, თუმცა მეტყველებაზე სულ ჰქონდა გართულება: ხმის ტემბრს, გამოთქმას, აქცენტების სწორად დასმას დიდ ყურადღებას აქცევდა და მეც ვეთანხმებოდი.

რამდენიმე როლი მეც გამიხმოვანებია. ყოველთვის სპორტული ინტერესი მქონდა, რამდენად ზუსტად შევძლებდი ფრაზის არტიკულაციაში ჩასმას. ახლა სულ სხვანაირად ხდება გახმოვანება. წერ ტექსტს, შემდეგ ტექსტი იჭრება და ჩასვამენ გამოსახულებაზე. ადრე უყურებდი მსახიობს და მისი პირის მოძრაობის პარალელურად ზუსტად უნდა ჩაგესვა ტექსტი. სხვათა შორის, ამიტომაც პროფესიონალ გამხმოვანებლებს სნაიპერებს ეძახდნენ.

- კიდევ რომელ სნაიპერებს იცნობდით?

- ძალიან მაგარი იყო ედიშერ მაღალაშვილი, იაშა ტრიპოლსკი, რეზო თავართქილაძე. ბატონი რეზო ჩემი მამამთილი იყო. შეიძლება ითქვას, 2 სნაიპერი მყავდა ოჯახში. არაჩვეულებრივ გამხმოვანებლებად ითვლებოდნენ ლეილა ძიგრაშვილი და თინა მგალობლიშვილი.

მძიმეა მოსმენა დედას გახმოვანებული პერსონაჟებისა, როცა დედა აღარ არის, მეორე მხრივ კი სასიხარულოა, რომ ისტორიამ შემოინახა. ათას მოგონებას აღძრავს. უსმენენ მას ჩემი შვილები, შვილიშვილები და ბედნიერი ვარ.

თინა მგალობლიშვილმა მარიტა გაახმოვანა

ძველისძველმა, შავ-თეთრმა ფირმა შემოგვინახა თენგიზ აბულაძის შეფასებები, სადაც დიდი რეჟისორი თინა მგალობლიშვილის შესახებ საუბრობს:

"კინოფილმში "ნატვრის ხე" თინამ მარიტას როლი გაახმოვანა. ის მეტად რთული ამოცანის წინაშე იდგა. მთავარი როლის შემსრულებელი ლიკა ქავჟარაძე 16 წლის გახლავთ. მას წკრიალა, ზარივით მაღალი ხმა აქვს, თინა მგალობლიშვილს კი დაბალი, გულისხმიერი. ფაქტურით ხმები არ უდგებოდა ერთმანეთს. არა მარტო ფაქტურით, ასაკობრივადაც. თინას დასაძლევი იყო 2 ურთულესი ბარიერი - ასაკი და ტემბრი. მან ეს ბარიერები ისე ბრწყინვალედ დასძლია, რომ ჩვენს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა".