"უცებ წარმოვიდგინე, რას მიზამდნენ ის გაუბედურებული ქართველები თუ გაიგებდნენ, რომ აფხაზი ვიყავი..." - კვირის პალიტრა

"უცებ წარმოვიდგინე, რას მიზამდნენ ის გაუბედურებული ქართველები თუ გაიგებდნენ, რომ აფხაზი ვიყავი..."

ქართულ-აფხაზურმა ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან ერთად, უამრავი ოჯახის ბედნიერება შეიწირა. აფხაზეთში არაერთი შერეული წყვილი ცხოვრობდა. ჩვენი რესპონდენტი სოხუმელი აფხაზი ქალია, რომელიც ქართველ მეუღლეს მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში გამოჰყვა... თუმცა, როგორც ამბობს, მალე ინანა. დიანა 28 წელია თბილისში შვილთან ერთად ცხოვრობს და სოხუმში დროდადრო აფხაზ ნათესავებთან ჩადის.

- მამა ოჩამჩირეში ცნობილი სტომატოლოგი იყო, ზოგჯერ პაციენტებს შინაც იღებდა. ერთხელ მამას ახლობელმა ძალიან სიმპათიური ბიჭი მოიყვანა, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტია, პრაქტიკის გავლა უნდა თქვენთან და თუ გაესაუბრებითო... იმ წელს სკოლას ვამთავრებდი და მამა აპირებდა, თბილისში გამოვეშვი სასწავლებლად, რაც დიდად არ მახარებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ბიჭი თბილისში სწავლობდა და მეც მაშინვე შემეცვალა აზრი. რეზო დანახვისთანავე შემიყვარდა. თბილისში წასვლის ხათრით დღე და ღამეს ვასწორებდი და ფილოლოგიის ფაკულტეტზე (რუსული ენა და ლიტერატურის) ჩავირიცხე. როდესაც დამირეკა და მომილოცა, პირდაპირ ვუთხარი, შენი ხათრით ჩავაბარე-მეთქი.

მამა ქართულ გარემოში გაიზარდა, დედის ნათესავებს კი ქართველების მიმართ უცხოობის განცდა ჰქონდათ. ამ განწყობას დედაც იზიარებდა, მაგრამ ხედავდა, რეზო როგორ მიყვარდა და არაფერს მეუბნებოდა.

ომის დაწყებამდე დაძაბულობა ჩემს ოჯახშიც დაიწყო.

ამბობენ, იარაღს აგროვებენო, რას აკეთებს ეს ხალხი, ვინ ურევს ტვინსო, გაბრაზებული მამა ბოლთას სცემდა ოთახში. ნუ გეშინია, მამა, შეუძლებელია ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთს ესროლონ-მეთქი, ვარწმუნებდი მე.

ზაფხულში ვითარება ძალიან რომ დაიძაბა, მე უკვე შვილი მყავდა. მამამ თბილისში მეგობრებს დაურეკა, ცოტა ხნით ჩემი ქალიშვილი და შვილიშვილი შეიფარეთო. რეზოს გარეშე არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ ვპოულობდით, ის ქართველების მხარეს იბრძოდა.

თბილისში ჩამოვედით და ომიც დაიწყო. მშობლებს ყოველდღე ვურეკავდი, ვეხვეწებოდი იქაურობა დაეტოვებინათ. დედამ, მამაშენს ვერ დავტოვებო, მამამ კი სახლი რატომ უნდა დავტოვო, ქართველებიც ჩემიანები არიან და აფხაზებიცო. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩვენთან რამდენიმეჯერ მისულან "მხედრიონელები", რაღაცები გაუზიდავთ. მამა შინ არ ყოფილა. დედაც უცემიათ. თავად ამაზე არასდროს ლაპარაკობდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ბავშვი ახლობლებს დავუტოვე და აფხაზეთში ჩავედი. მამა შინ არ დამხვდა. დაჭრილებთან არის წასულიო, მითხრეს. ორი დღე ველოდეთ მე და დედა, მაგრამ არ მოვიდა. ასე მგონია, წასვლა არ უნდოდა და თავს გვარიდებდა. თბილისში დედასთან ერთად დავბრუნდი. სოხუმის დაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ მეზობლებმა დაგვირეკეს, მამაჩემი და მისი მეგობარი, აფხაზი აკირთავა, სკოლის შენობაში უპოვიათ ჩაცხრილული. ორივე თქვენი სახლის ეზოში დავკრძალეთო, გვითხრეს.

დედა ნერვიულობისგან ერთიანად გათეთრდა. სტრესისგან დიაბეტი დაემართა და ლოგინად ჩავარდა. რეზო უმუშევარი დარჩა, სტომატოლოგიური კაბინეტი, სადაც მუშაობდა, დაიხურა. შუქი, წყალი და გაზი არ გვქონდა. ზოგჯერ ბავშვს ფაფასაც ვერ ვუმზადებდი. ერთხელაც რეზომ მითხრა, ჩემი მეგობრები ვლადიკავკაზში მიდიან, საწვავი გადმოაქვთ, გავყვები და იქნებ პურის ფული გაგვიჩნდესო. დავუშალე, მაგრამ მაინც წავიდა. იქიდან მოსკოვში გადასულა. ორი კვირის შემდეგ დამირეკა, ჯერ ვერაფერს გიგზავნით, მაგრამ როგორც კი მუშაობას დავიწყებ, მოგაშველებთო. დავრჩი თბილისში, სხვის ბინაში, ლოგინად ჩავარდნილი დედისა და 9 თვის გოგონას ამარა. ბინის პატრონი ხან პურს მომიტანდა, ხან ჩაის და ხანაც შაქარს. ერთხელ მირჩია, ქუჩის ბოლოში ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებენ, იქნებ რამე შეგხვდეთო. მეც და დედასაც მხოლოდ აფხაზური პასპორტები გვქონდა, ქართულიც კარგად არ ვიცოდი, მაგრამ შინ მშიერი შვილი და ავადმყოფი დედა მყავდა და გავრისკე. შენობასთან რიგში ჩემსავით გაუბედურებული ადამიანები იდგნენ. არძინბას წყევლიდნენ. უცებ წარმოვიდგინე, რას მიზამდნენ, რომ გაეგოთ, აფხაზიაო. იმწუთას მეც მძულდა ჩემი ეროვნება, სიცოცხლე, ადამიანები.

ვიღაც კაცი ამოწმებდა საბუთებს და ჰუმანიტარულ დახმარებასაც ის გასცემდა. შეშინებულმა მივაწოდე საბუთები, დახედა თუ არა, შეცბუნებულმა ამომხედა, შემდეგ იმ გრაფას, სადაც ეროვნება ეწერა, ხელი დააფარა და ისე გადააწოდა გვერდით მჯდომს ხელის მოსაწერად. პროდუქტებთან ერთად საპონი და პლედიც იყო. ყველაფერს სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის.

მეზობლებმა ჩემი პროფესია რომ გაიგეს, შვილები მომიყვანეს მოსამზადებლად, შემდეგ სხვებთანაც გამიწიეს რეკომენდაცია. მე და ჩემი მოსწავლეები თაგვის სოროსავით სამზარეულოში ვისხედით ნავთქურასთან და ვმეცადინეობდით. ზოგი ფულს იხდიდა, ზოგს პროდუქტი ან ნავთი მოჰქონდა.

- მეუღლე აღარ გამოჩენილა? - რამდენიმე თვის შემდეგ 500 რუბლი გამოგვიგზავნა და მორიდებით მთხოვა, აქაურ რუს ებრაელთან ფიქციურად უნდა მოვაწერო ხელი, ცხოვრებისა და მუშაობის უფლება რომ მომცენ და წინააღმდეგი ხომ არ იქნებიო?.. ეს ადამიანი სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ მთელი არსებით მიყვარდა, მისთვის დაუფიქრებლად გავწირავდი თავს, მაგრამ პრობლემებისგან ისეთი გატეხილი ვიყავი, რომ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი როგორმე ავადმყოფი დედა და ჩემი პატარა გოგონა გამომეკვება. გავაწერე ხელი და ფაქსით საბუთი გავუგზავნე.

- მას შემდეგ აფხაზეთში აღარ ყოფილხართ? - დედა ცოცხალი მყავს. ჩემი გოგონა დაოჯახდა და პატარა შვილიც ჰყავს. წლების განმავლობაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და რამდენიმეჯერ მომიწია აფხაზეთში ჩასვლამ. ჩემი სახლი დაუშლიათ და მის ადგილას ახალი აუშენებიათ. ოჩამჩირე გავერანებული დამხვდა, ახლობელმა აფხაზებმა, აქ ხომ უმეტესობა ქართველი ცხოვრობდა, რომ წავიდნენ, აქაურობა დაცარიელდა და გარეული ცხოველები შემოგვეჩვიაო. კი არ წავიდნენ, გაყარეთ-მეთქი. მათაც ჰქონდათ სათქმელი, ქართველებმა ფეხმძიმე გოგონა მოგვიკლეს, ვიღაცის სახლი დაწვესო... მამაჩემზე ვკითხე: ყველას ერთნაირად მკურნალობდა, ეროვნების განურჩევლად, რატომ ესროლეს-მეთქი. ჩვენებმა არა, "ბაგრამიანის" ბატალიონის ბიჭებმა ჩაცხრილესო. მამას იარაღიანი ხალხი რომ დაუნახავს, ქართველები ჰგონებია და დაუძახია, ჩვენ ვართ, ბიჭებო, არ გვესროლოთო, რაზეც მთელი ჯერი მიუშვეს თურმე.

"ახალ პატრონებს" ჩემი სახლის სარდაფში ბევრი რამისთვის ვერ მიუგნიათ და რაღაცები, მათ შორის, ძველი ჭურჭელი, მამას სამედიცინო იარაღები და დედას პატარა სარკე წამოვიღე. ბუხრის ქვედა ნაწილში ჩაშენებულ უჯრაში იყო. დედამ ნივთები რომ ნახა, ჩაიხუტა, ჩემი სახლის სუნი აქვსო. ერთ-ერთ ჩასვლაზე მამა და მისი მეგობარი ჩვენს საგვარეულო სასაფლაოზე გადავასვენეთ. უმძიმესი სანახავია ქართველთა საფლავები, - აქ დრო თითქოს გაჩერებულია, დაბზარულ თუ დამტვრეულ საფლავის ქვებს სარეველა ფარავს.

რაც შეეხება რეგიონის ცხოვრებას, სოხუმში, გაგრასა და ბიჭვინთაში რამდენიმე ქუჩა გარემონტებულია, მაგრამ დანარჩენი აფხაზეთი თითქმის ისეთია, როგორიც დავტოვეთ - ნაომარი, გადაცხრილული, დანგრეული. ახლა ზამთარი მოდის და მოსახლეობა წინასწარ შეაგუეს იმას, რომ დღე-ღამის განმავლობაში 6-8 საათი დენი არ ექნებათ. ვერ მოვითმინე და ვუთხარი, ასე იყო 90-იან წლებში, აქედან რომ გაგვყარეთ-მეთქი...

ჩემი აფხაზეთი მტკივა, მაგრამ ყველაზე მძიმე ის არის, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია.