"ცხინვალში ყოველდღე რამდენიმე სხვადასხვა ასაკის პაციენტი გვიკვდება... ახალგორში ხალხი არ იცრება და კოვიდაფეთქება გარდაუვალია" - კვირის პალიტრა

"ცხინვალში ყოველდღე რამდენიმე სხვადასხვა ასაკის პაციენტი გვიკვდება... ახალგორში ხალხი არ იცრება და კოვიდაფეთქება გარდაუვალია"

როგორც ამბობენ, ახალგორის რაიონში ყოველდღე რამდენიმე ათეული ადამიანი ინფიცირდება. რაიონში სულ 1000-მდე კაცი ცხოვრობს და თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ინფიცირებული. უფრო მძიმე ვითარებაა ცხინვალში, სადაც დელტა-ვარიანტით ყოველდღე იღუპებიან. ახალგორისა და ცხინვალის საავადმყოფოებში ადგილი არ არის. მძიმე ვითარების მიუხედავად, მოსახლეობა ხალხმრავალ ღონისძიებებს არ ერიდება, ჩავარდნილია ვაქცინაციის პროგრამაც.

როგორც ოსურ მედიასთან ინტერვიუში ცხინვალის მთავარი სანიტარული ექიმი მარინა კოჩიევა ამბობს, დელტა-შტამის გავრცელების მიზეზი კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში ხალხმრავალი წვეულებები, ქორწილები და ქელეხებია. ხალხი ამბობს, რომ ეს მათი ცხოვრების ნაწილია და სახლში ვერ ჩაიკეტებიან.

"მოსახლეობა უპასუხისმგებლოდ იქცევა, ამიტომ რეგულაციების გამკაცრება გარდაუვალია. ამ დროისთვის ცხინვალის საავადმყოფოში 150-მდე მძიმე პაციენტია, 1400-მდე კი ამბულატორიულად მკურნალობს. ინფიცირებულთა უმეტესობა ბავშვია...

ყოველდღე რამდენიმე სხვადასხვა ასაკის პაციენტი გვიკვდება. ასეთი პატარა ქალაქისთვის ინფიცირების ეს მაჩვენებელი ძალზე საგანგაშოა.

არ ვიცი, რამდენად ეფექტური იქნება ლოკდაუნის გამოცხადება, მაგრამ რაღაც ნაწილს ხომ შეაკავებს?.. სხვაგვარად ვერ გადავრჩებით", - აცხადებს კოჩიევა.

როგორც ეკჰოკავკაზა.კომ-თან საუბარში ახალგორის რაიონის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ჯემალ ბედოევი ამბობს, "ვისაც ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს, შინ მკურნალობას ვუნიშნავთ, მძიმე პაციენტებს კი ვიტოვებთ.

აუცილებელია, მასობრივი ღონისძიებების აკრძალვა, ფინანსური სანქციების შემოღება და მკაცრი კონტროლი, თორემ ვითარება უმართავი გახდება".

"მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი აიცრა "სპუტნიკით"

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყაშვილის თქმით, გასულ კვირას ახალგორის რაიონის ოსებით დასახლებულ სოფელში ერთმა ოჯახმა 600-კაციანი ქორწილი გადაიხადა. რამდენიმე დღით ადრე კი იმავე სოფელში ინფიცირების 30-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ქორწილი მაინც გაიმართა.

- ეს ზღვაში წვეთია იმ დარღვევებთან შედარებით, რაც ხდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ არსებობს, პირბადე, ორი-სამი კაცის გარდა, არავის უკეთია. ხალხმრავლობა, ქორწილები, ქელეხები ჩვეულებრივი ამბავია. გამოაცხადეს, თუ არ აიცრებით, პირბადე მაინც ატარეთ ან შეკრებებისგან ცოტა ხანს თავი შეიკავეთო, მაგრამ ამ დღეებში ერთმა ახალგორელმა ოსმა 400-კაციანი ქორწილი გადაიხადა. ამას მოჰყვა მეორეც - იმას თუ არ ეხება რეგულაციები, მე რატომ მოვიკლო სიამოვნებაო და 600-კაციანი ქორწილი გამართა. ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდანაც კი ჩამოვიდა ხალხი, კარანტინი არავის გაუვლია, რადგან გავლენიანი პირები იყვნენ შეკრებილი. სუფრა ჯერ ეზოში ჰქონდათ გაშლილი, მეორე დღეს კი ყველანი ცხინვალის რესტორანში წასულან.

ცხინვალის საავადმყოფოს ექიმები წერენ, განცხადებებს, მიმართვებს ავრცელებენ, რომ საავადმყოფო ვეღარ უძლევს დატვირთვას, ადამიანური და ტექნიკური რესურსი არ ჰყოფნით, ხალხი სამსახურიდან გარბის, რადგან არაადამიანურ რეჟიმში უწევთ მუშაობა, მაგრამ არ ჭრის. მთელ რეგიონში სულ 25 000 კაცი ცხოვრობს და მათი მესამედი მაინც ინფიცირებულია. ცხინვალში ყოველდღე რამდენიმე ადამიანი კვდება. დელტა-ვარიანტი, განსაკუთრებით გავრცელებულია ბავშვებში, ახლა ჩვენკენ ძალიან აცივდა და სეზონური გრიპებიც დაიწყო. როგორც ახალგორში, ასევე ცხინვალის აფთიაქებში გრიპის მედიკამენტებს ვეღარ იყიდი, დეფიციტია, ან ძალიან ძვირი, არადა, ყოველდღიურად ოფიციალურად 80-100 ინფიცირებული ჰყავთ, არაოფიციალურად რამდენია, ადვილი წარმოსადგენია.

- ვაქცინაცია როგორ მიდის?

- ვინაიდან ჩემზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მესამე წელია ქართულ მხარეს გადმოსვლის უფლება არა მაქვს, სტომატოლოგთან ან სხვა აუცილებელ საქმეზე ცხინვალში დავდივარ და იქაური ვითარებაც ვიცი. მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი აიცრა "სპუტნიკით", ზოგმა ან ვაქცინის ყალბი ცნობა გააკეთა, ან არ აცრილა. რაც შეეხება ახალგორს, ხალხი არ იცრება და რაიონში კოვიდაფეთქება გარდაუვალია. სოციალურ ქსელში პრობლემებზე საუბრისას როგორც ქართულ, ასევე ოსურ მხარესაც ვნიშნავ და ჯანდაცვაში არსებულ განუკითხაობასა და კორუფციაზე ვყვები, მაგრამ წერე და იკითხეს პრინციპია, ჩვენ ვის დავკარგვივართ.

მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, თუ ვინმე გარდაიცვალა ან დააკავეს. ჩვენს რაიონში სულ რამდენიმე კაცია ვაქცინირებული. აქ ჯანდაცვა ხომ მხოლოდ კორუფციის საშუალებაა. კარანტინს არც ვლადიკავკაზელი ოსები იცავენ და არც ცხინვალელი, თავისუფლად შედი-გამოდიან. იგივე ხდება ქართულ მხარესთან საკარანტინო სივრცეშიც - ნებისმიერს შეუძლია შევიდეს და სამედიცინო პერსონალთან, მორიგე ექიმთან თუ პაციენტთან ერთად ჭამოს, დალიოს ყავა, უყუროს ტელევიზორს, ისარგებლოს საერთო ნივთებით, მერე კი სახლში წავიდეს...

ამას ემატება ის კატეგორიაც, რომელსაც არ სჯერა კორონავირუსის არსებობის.

წელს სამედიცინო და სხვა დანიშნულებით ახალგორის რაიონიდან ქართულ მხარეს სამკურნალოდ 400-მდე კაცი გადავიდა და მხოლოდ 15 აიცრა. ექიმებიც კი არ იცრებიან...

რაიონში შემოტანილი ვაქცინები ვადაგასულია, ნაწილი კი თავიდანვე ვადაგასული შემოიტანეს. ვირუსის გავრცელების პიკია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რაიონში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალიც აღარ დარჩა, ყველა გააქციეს ან თავად წავიდა.

"სამედიცინო მომსახურების მიღება ჩემი ფუნდამენტური უფლებაა და ვერავინ დამიშლის"

ანა ბიტაროვა, ახალგორის რაიონის მკვიდრი: - მე არ ვენდობი "სპუტნიკს", მაგრამ გავრისკავდი და ავიცრებოდი, თუმცა ახალგორის საავადმყოფოში ვაქცინა გაუფუჭდათ, ნაწილი კი ვადაგასული ჩამოსულა ცხინვალიდან. ახლა ვაპირებ ჩვენს ადმინისტრაციას წერილობით მივმართო - ქართული მხარის საგუშაგომდე მისვლის უფლება მომცენ, რომელიმე ვაქცინით რომ ავიცრა. სამედიცინო მომსახურების მიღება ჩემი ფუნდამენტური უფლებაა და ვერავინ დამიშლის. აქ ექიმები სამსახურში არ დადიან. წესით, ყოველდღე საავადმყოფოში უნდა იყვნენ, მაგრამ ზოგი კვირაში ერთხელ მოდის, ზოგი ორჯერ ან სულაც თვეში ერთხელ, ხელფასებს კი მაინც იღებენ. ქართული მხარე უხდის და მაღალი ხელფასებიც აქვთ. ზოგიერთი ექიმი პირდაპირ გვეუბნებოდა, სამუშაო აპარატურა არა გვაქვს და რისთვის მოვიდეთ, მაინც ცხინვალში უნდა გაგიშვათ, ბარემ პირდაპირ იქ წადითო. არც ცხინვალშია არაფერი. "კოვიდამდე" კი არა, მანამდეც საშინელი სიტუაცია იყო, ახლა მით უმეტეს...

ფეხი მოვიტეხე და ტრავმატოლოგმა, რომელიც ძლივს გამოვიჭირე, სხივური თერაპია დამინიშნა, ოღონდ ცხინვალში უნდა გაიკეთოო. რენტგენის აპარატი ხომ გვქონდა-მეთქი? მახსოვს, ახალგორის საავადმყოფოს ექოსკოპისტიც ჰყავდა და რენტგენოლოგიც. აპარატურა გაფუჭდა, გაკეთება ძვირი ჯდება და ბიუჯეტი არ გვაქვსო. თურმე ერთ დღეს რენტგენოლოგსა და ექოსკოპისტს დაკეტილ კაბინეტებში ორივე აპარატი გაფუჭებული დახვედრიათ. არავინ არაფერი იცის. აქ ხომ სათვალთვალო კამერები არ არსებობს.

- რას აპირებთ? - ერთი ექიმბაში მირჩიეს, იქნებ მან მომარჩინოს. თორემ რომ დავდივარ, საკუთარი ძვლების ხმა მესმის. ცხინვალამდე ტრანსპორტი კვირაში ორჯერ დადის. ტაქსი 20 ლარი ღირს, ანუ იქით-აქეთ გზა 40 ლარი დამიჯდება, ექიმმა კი 10-დღიანი კურსი დამინიშნა. ამდენი ფული სად მაქვს.