"გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ძველი თბილისი ყველაზე მოწესრიგებული იყოს" - კვირის პალიტრა

"გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ძველი თბილისი ყველაზე მოწესრიგებული იყოს"

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის დღევანდელ სხდომაზე რეაბილიტირებულ გუდიაშვილის მოედანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა მომდევნო 4 წლის განმავლობაში ასეთი პროექტები განახორციელონ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისში 30-მდე შენობა-ნაგებობას უტარდება რეაბილიტაცია და მათგან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

"თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ისტორიული უბნების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. გუშინ დავასრულეთ ძალიან მაგარი პროექტი - გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ძალიან მახარებს. საზოგადოებამ იხილა, როგორი ლამაზია არსებული სივრცე, რაც მოწესრიგდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობა-ნაგებობებს. ამ პროექტის ფარგლებში 30-მდე შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია.

30 ძეგლიდან 22 გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა რეაბილიტაციის პროცესში.

უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩვენს ქალაქს, ჩვენი სამუშაოების შედეგად შევძინეთ მიზიდულობის კიდევ ერთი ცენტრი. ადგილი, სადაც არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ტურისტები ძალიან ისიამოვნებენ. მთავარია ამ მოედნის სწორად განვითარება და სწორად დატვირთვა იმისთვის, რომ ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ადგილი იყოს. ამ დამოკიდებულებას ვაგრძელებთ თბილისის მიმართ. ეს არის ჩვენი მიდგომა თბილისელების მიმართ. გვინდა ასეთი მოწესრიგებული ქუჩები, განახლებული ძველი თბილისი. რა თქმა უნდა, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ასეთი პროექტები განვახორციელოთ. ორბელიანის მოედანი, რომელიც დავასრულეთ ულამაზესი გამოვიდა. დღეს გუდიაშვილის მოედანი გავხსენით და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ძველი თბილისი ყველაზე მოწესრიგებული იყოს. ეს არის ის საგანძური, ის არტეფაქტები, რაც ჩვენს შვილებს განახლებული და მოწესრიგებული უნდა გადავცეთ.

ეკონომიკური თვალსაზრისითაც იქ მცხოვრები ადამიანებისთვისაც დაახლოებით 200-მდე ოჯახს ყველანაირად გარემონტებული ბინები დაუბრუნდება. თუ მათი საცხოვრებელი სახლები წლების წინ დანგრეული იყო და ღირებულება პირობითად 100 დოლარი იყო, დღეს 5-ჯერ, 6-ჯერ მეტია არსებული შენობა-ნაგებობების ფასი. ირგვლივ უამრავი ოჯახი ცხოვრობს, ვინც ელოდება ანალოგიურ სამუშაოებს. ყველგან მივალთ, ყველას დავეხმარებით",- განაცხადა კახა კალაძემ.