"აქ ყვე­ლა­ფე­რი გა­ჭუ­ჭყი­ა­ნე­ბუ­ლია - მიწა, წყა­ლი და ჰა­ე­რი..." - რა ხდება საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ნაგავსაყრელზე გონიოში - რას წერს Deutsche Welle? - კვირის პალიტრა

"აქ ყვე­ლა­ფე­რი გა­ჭუ­ჭყი­ა­ნე­ბუ­ლია - მიწა, წყა­ლი და ჰა­ე­რი..." - რა ხდება საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ნაგავსაყრელზე გონიოში - რას წერს Deutsche Welle?

გერმანულმა რადიომ "დოიჩე ველემ" (Deutsche Welle) გამოაქვეყნა რეპორტაჟი, სათაურით: "ტოქსიკური ნარჩენები: როგორ "ცხოვრობს" და მუშაობს საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ნაგავსაყრელი" (ავტორები - ინგრიდ გერსამა, ნატალია ბერტრამი და ნათია შავაძე), რომელშიც აჭარაში, ბათუმთან ახლოს მდებარე გონიოს ნაგავსაყრელის შესახებ არის ლაპარაკი.

"ძროხები ძველ პლასტიკურ პაკეტებს ღეჭავენ, იცოხნებიან, თოლიები კი ნაგვის ყოველი მანქანის მოსვლას სიხარულის ჭყივილით ეგებებიან. ავტომანქანა სანაგვეზე დიდ ტომრებს ცლის, რომლებშიც საჭმლის ნარჩენები, მინის ნამსხვრევები და ათასობით სხვა საგანია მოთავსებული. ნაგავსაყრელზე ნარჩენებს ღიად წვავენ, ჰაერში საშინელი სუნი ტრიალებს: "შეხედეთ ამ ყველაფერს. აი, რას ვუკეთებთ ჩვენს მშობლიურ დედამიწას", - ამბობს გოჩა დუმბაძე, რომელიც საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების მთების წინ დგას.

გოჩა დუმბაძე

გონიო ბათუმიდან - შავი ზღვის "ლას-ვეგასიდან" - დაახლოებით ათი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. აქ ნაგავს თითქმის მთელი აჭარიდან ეზიდებიან. ნაგავსაყრელი 1965 წლიდან არსებობს, საბჭოთა ოკუპაციის დროიდან. იმ დროს ძალიან პატარა იყო, მაგრამ დღეისათვის მისი ფართობი 300 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. ამჟამად ნაგვის მთების სიმაღლე ზღვის დონიდან 15-20 მეტრს აღწევს.

გოჩა დუმბაძე 34 წლისაა, იგი ნაგავსაყრელის ახლოს ცხოვრობს. მან ნარჩენებისგან სახლიც კი ააშენა. აქვე ცხოვრობს კიდევ ოცამდე ოჯახი, რომლებიც ნარჩენების მეშვეობით თავს ინახავენ. მათგან ზოგმა კაზინოში ფული წააგო და გაღატაკდა, ზოგი აფხაზეთიდანაა გამოქცეული... "ეს ეკოლოგიური კატასტროფაა", - ამბობს გოჩა და ხელს ყვითელი ფერის ტბისკენ იშვერს, რომელიც, მისი თქმით, ნაგვის ნარჩენებით არის მოწამლული და ამბობს: "ბავშვები ავად ხდებიან, როცა ტბის ნაპირს უახლოვდებიან".

საქართველოში ყოველწლიურად თითქმის მილიონი ტონა ნაგავი გროვდება. ამჟამად ქვეყანაში ნაგვის უტილიზება 33 ოფიციალურ და 1000-ზე მეტ არაოფიციალურ ნაგავსაყრელზე ხდება. გონიოს ნაგავსაყრელი ერთ-ერთი მათგანია, რომელზეც გასულ წელს 84 ათასი ტონა ნაგავი მიიტანეს ბათუმიდან და აჭარის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან, მაგრამ, როგორც მსოფლიო ბანკის მონაცემებიდან ჩანს, გონიოს ნაგავსაყრელი ევროკავშირის ჰიგიენის სტანდარტებს არ პასუხობს. აშკარაა, რომ გონიოში საქართველოსთვის ყველაზე საშიში ნაგავსაყრელი მდებარეობს.

აქ ყველაფერი გაჭუჭყიანებულია - მიწა, წყალი და ჰაერი... ნაგვის რაოდენობა სულ უფრო მატულობს, ახლომახლო სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოშენება შეუძლებელია. აქაურები მხოლოდ ნაგვის გადარჩევით სულდგმულობენ: აგროვებენ ფერად ლითონს, პლასტიკურ ჭურჭელს. მათ ხშირად მიუღიათ დაზიანება ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებისაგან. გააგრძელეთ კითხვა