არ დავიბერებ თავს სამშობლოსთვის
ბოლო წლებში მართლაც დაადნო სნეულებამ. ერთბაშად მოუმატა ასაკი. ნაოჭებიც უფრო ღრმა და დარდიანი გაუხდა. ისე, მარტო სენიც ვერ მოერეოდა, მაგრამ გულს ვერ უხერხებდა ვერაფერს. სტკიოდა ქვეყნის სატკივარი. ერთი სიტყვაც რომ ეთქვა, იმხელა გრძნობას ატანდა თან, სხვას ერთ თვეს რომ ეყოფოდა ემოციად.

მახსოვს, ჩემი სტუდენტობისას, ბიჭებისთვის მოდასავით იყო: ლექსებს კითხულობდნენ ქაფიანიძისებურად. თუ ლექსი სამშობლოზე იყო, ზურა ქაფიანიძის ომახიან მოძახილს იმეორებდნენ, თუ სიყვარულზე - მასავით სიყვარულად იღვრებოდნენ. გვეღიმებოდა. მას მერე წლები გავიდა.
ახლა ნამდვილად ვიცი, რა უნდოდათ იმ ბიჭებს  - ქართველობა! თავს დასტრიალებდა ქართულ ანბანს და ვის აღარ ეხვეწებოდა: ცოტა მეტი ვიფიქროთ, ბიჭოო...

"დაკარგული გვაქვს ისტორია... ამ ანბანის ამბავი დარდად მაწევს... ეს იმხელა ქართული საქმეა, რომ ვერ გავჩუმდები. არ მინდა, ბატონო, აღიარება, ყველასი იყოს ეს აღმოჩენა, ოღონდ საქართველოს 
საგანძური არ განიავდეს".

ანბანის ამბავი დარდად წაჰყვა... კიდევ საქართველოს პოლიტიკური ვარამიც წაიყოლა თან და ეროვნული სულის გაღატაკებაც.
ქალაქში, მეშვიდე სართულზე, უბრალოდ ცხოვრობდა. ფურცლებით და წიგნებით სავსე იყო ზურაბ ქაფიანიძის ოთახი. კედელზე - შუმერული და ქართული ანბანი. ფოტოები და ნახატები. ერთი აივანი კინოსტუდიის ეზოსკენ გადიოდა. აქ ალბათ არაერთხელ გასულა იმ დროის მოგონებით, მართლა რომ დუღდა ცხოვრება კონოსტუდიაში... კიდევ ჰქონდა მეორე - ვირტუალური აივანიც. ამ "აივნიდანაც" ბევრი საფიქრალით გადაუხედავს...

ზურა ქაფიანიძის ეს თვისებები რომ იცოდნენ, კიდევ უფრო უყვარდათ. თვითონ ალალად უხაროდა გახსენება: "მიხა" რომ გადავიღეთ, ყველას მოეწონა რაჭველი ბიჭუნა და მოინდომეს ჩემების გაცნობა. მამას შევუთვალე: დოდო აბაშიძე, კოტე დაუშვილი და შოთა მანაგაძე უნდა მოვიყვანო სტუმრად-მეთქი. რავარია, ამხელა ხალხი რომ წაგყვება სოფელში სტუმრად ბიჭუნას. დამხვდა მამა მაგარი პურმარილით. მე რომ აქ მიცნობდნენ - რა კარგი ბიჭი ხარო. დედაჩემი და მამაჩემი რომ გაიცნეს - ეს რა კარგი ხალხი ყოფილა, შენ ვის ჰგავხარ, ამათნაირი ვერ ხარო! მერე ბებია-ბაბუამ გადაგვიპატიჟა. ისინი რომ გაიცნეს, მერე ჩემი მშობლებიც კი აღარ მოეჩვენათ ისეთი კარგები... ისე შეუყვარდათ ჩემი სოფელი, უჩემოდაც მიდიოდნენ. უხაროდა დედას, მამას, მე... სოფელს, ქვეყანას...

KvirisPalitra.Geამ ფილმის მერე გადაწყვიტეს, კინოსტუდიაში დავეტოვებინეთ...
მაშინ თბილისში ჩაწერა არ შეიძლებოდა. დოდო აბაშიძემ თქვა, - მე ჩავიწერ ბინაშიო. კოტე დაუშვილმა - უპატრონო არავის ეგონოო და მაღარიჩი იკისრა, დოდოც დაპატიჟა და მილიციის უფროსიც. კინოსტუდიის დირექტორმა - მე მივიღებო... პირველად ჩემი სურათი რომ დავინახე ამ ვარსკვლავების გვერდით სამსახიობო განყოფილებაში, გარეთ გამოვედი, - სირცხვილია-მეთქი...
პირველად რომ სპარტაკ ბაღაშვილი დავინახე, მთელი საათი ვუყურებდი. მერე ერთად ვითამაშეთ "ცისკრის ზარებში". სპარტაკ ბაღაშვილი დღემდე ჩემი ოცნებაა. არსენას სურათები დღესაც გაკრული მაქვს კედელზე. ეგეთი ვაჟკაცები სად არიან!..

მიყვარდა იპოლიტე ხვიჩია. მე რომ ქუთაისში ჩავედი, ის ახალი წასული იყო თეატრიდან და ხალხი აღარ დადიოდა თეატრში... თბილისში რომ ჩამოვედი, კინოსტუდიის ეზოში შევხვდი. პირადად არ ვიცნობდი. კარს ავეკარი, გზა დავუთმე. გამოვიდა და მომიბრუნდა: შენზე კარგი ამბები მოდის ქუთაისიდან, ყოჩაღ, მაგრამ მარტო კინოს ნუ შერჩები, აუცილებლად თეატრში მიდიო. როცა მეტყვი, მაშინ გაგყვები რუსთაველის თეატრშიო... მერე გავშინაურდით, ერთად დავდიოდით, ვქეიფობდით... ერთ დღეს დავინახე კინოსტუდიაში, გავშალე ხელები და დავუძახე: - შენ გენაცვალე, იპო! მოდი, ჩაგეხუტო-მეთქი. დააძრო ფინური დანა და - არ მომეკაროო და გამომეკიდა. რას დამეწეოდა. ორი წრე დავარტყი და: - გაჩერდი, შე ვირო, დავიღალეო. რატომ მომდევ-მეთქი, - ვკითხე. თურმე წინადღეს მოვფერებივარ და მაგრად მომსვლია სიმთვრალეში, გვერდი სტკიოდა...

მამა რომ გავხდი, იმას როგორ გავიხსენებ? ჯერ დაბადებული არ იყო ჩემი ვაჟი, რომ უკვე ბერდიას ვეძახდი, ვადღეგრძელებდი ხოლმე... ვიტყოდი, ახლა სამი თვისაა ჩემი ბერდია, ახლა ხუთისა... ახირებული ვიყავი. ჩემი მეგობრები ამაზე ერთ ამბავში იყვნენ, რა იცი, რომ ბიჭიაო?... თენგიზ აბულაძე იღებდა "ვედრებას" ორჯონიკიძეში. იმ დღეს ზვიადაურის დაკვლა გადავიღეთ. შალვა ჩირიკაშვილმა მახარა, - ბერდია დაიბადაო. თენგიზმა - ზვიადი დავარქვათო, მაგრამ რა ხანია სახელი დარქმეული მქონდა - ბერდია.  ახლა სამი შვილი მყავს"...

თვითონ  კინოვარსკვლავი, მართალია, უვარსკვლავოდ წავიდა, მაგრამ უფრო საკუთარი მრწამსის გამო და არა იმიტომ, რომ არ ეკუთვნოდა. ისე, ყოველგვარ ვარსკვლავობას თავისი "ბიჭუნობა" ერჩივნა. ასე ეძახდა დედა, ასე ეძახდნენ დები ბოლომდე. და თვითონაც ბიჭუნა იყო, საქართველოს ბიჭუნა: "ბიჭუნა ვარ ისევ... განსაკუთრებით რაჭველებისთვის - ზურიკუნა და ბიჭუნა ვარ, აბა, რა!..

დედა ტკბილია. ერთხელ დამაწერინეს წინაპრებზე რაღაც. დავწერე: მამაჩემი ხეობაში ვაჟკაცობით განთქმული, მშრომელი, ბაბუა - სინდისით და ნამუსით სავსე, ბებია - ფელამუშში ამოვლებული ყურძნის მტევანივით ტკბილი და გემრიელი და თინა ხიდეშელი - დედა. დედაჩემს ეწყინა, ჩემზე რატომ არაფერს წერო. ვუთხარი: ნახე, რა წერია: დედა! სხვებზე რაც დავწერე, ამ ერთ სიტყვაში ყველაფერი არის ნათქვამი და კიდევ მეტიც... დედა რომ აღარ გყავს, მიმწუხრია უკვე მერე...

მოვიდა მოხუცებულობა. შინ, დაბლა მარანი მაქვს. ვაყენებდი ტონა-ნახევარ ღვინოს. ახლა ვეღარ ვაყენებ - არ შეიძლება შენთვის ტონა-ნახევარი ღვინის გადასხმა-გადმოსხმაო. ურჩი კაცი დავმორჩილდი მიმწუხრსა და სიბერეს... მარა სამშობლოს ამბავში არც ვემორჩილები და არც დავემორჩილები არაფერს. სანამ ისე არ იქნება, როგორც მე მინდა ვნახო სამშობლო, მანამ არ დავიბერებ თავს სამშობლოსთვის".


თან გაიყოლა ტკივილი საქართველოზე

დაიბადა 1937 წლის 1-ელ აპრილს. 1961 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1961-64 წლებში მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად. 1964 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი იყო. საქართველოს სახალხო არტისტი (1979), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).

1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
2011 წლის 4 ივლისს 74 წლისა აღესრულა.

70 წლის იუბილეზე თენგიზ არჩვაძესთან და გია ჯაფარიძესთან ერთად იმღერა: "თხას უთხრეს, მგელი მამკვდარა,/ თხამ გაიცინა, გადიქცა, /თხაო, შენ რა გეცინება,/ განა სამგლეთი დაიქცა"...
თხების გასაცინებლად არ დაუტოვებია საქმე...

malxaz
13 ივლისი 2011 08:10
მაგარი ადამიანი მოგვიკვდა!ღმერთო გაანათლე მისი სული!მიდიან ერის სიწმინდის დამცველები!ვინ მიხედავს ერს?
badri
11 ივლისი 2011 23:52
დიდებული ქარტველი და მარტლაც სახალხო პიროვნება.მიდის ის ტაობა რომელასაც სული და გული ტკიოდა სამსობლოსატვის.გულსატკენია რომ გვაკლდებიან,იკნებ ბერდიამ სეავსოს ის ცარიელი ადგილი რაც რცება ზურას მერე.გაანატლოს უპალმა.
მირიანი
11 ივლისი 2011 11:41
ღმერთო გაუნათლე! ასეთი ხალხი თითქმის აღარ დარჩა საქართველოში. ძალიან დამწყდა გული....

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები