გზად ყარაბაღისკენ - კვირის პალიტრა

გზად ყარაბაღისკენ

(გაგრძელება, დასაწყისი იხ. #27)

როგორც კი ერევანს გასცდებით და დაბლობიდან მთა არარატს დაინახავთ, მიხვდებით, თუ რატომ გახდა ეს არც ისე მაღალი მწვერვალი სომეხი ერისთვის იდენტობისა და ეროვნული ღირსების განმსაზღვრელი. საქართველოს მესიანური იდეა იმაზე გადიოდა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ბაგრატიონები დავითიან-სოლომონიანნი არიან, სომხური ნაციონალური ნარატივის დასაწყისი კი სწორედ არარატია - მთა, რომელზეც ბევრის მტკიცებით, ნოეს კიდობანი წარღვნის შემდეგ შეჩერდა და აქედან დაიწყო კაცობრიობის ახალი ისტორია. ამიტომაც არ მიკვირს, რომ ერევანში შეძენილ რუკაზე უკანა მხარეს  XIX  საუკუნეში შესრულებული ნახატი ამშვენებს, რომელზეც მსოფლიო ცივილიზაციის აკვნად სომხეთი, კერძოდ კი, არარატია მოხსენიებული.

ნუნე სარქსიანი, "ინტერნიუს-სომხეთის" აღმასრულებელი დირექტორი მიყვება: "ბევრს სჯერა, რომ სწორედ ამ დაბლობზე, არარატის მთის კალთებზე გააშენა ნოემ ვაზი, შემდეგ კი... მისი დათრობისა და სემიტურ-ქამიტურ-იაფეტური მოდგმების გაჩენის ბიბლიური ვერსია ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ... ყოველდღე სხვანაირია, ამოუცნობი... გახსოვს ალბათ, სწორედ არარატს უკავშირდება ასეთი ლეგენდაც: რუსეთის ერთ-ერთი იმპერატორი ჩამოსულა, 10 დღის განმავლობაში მთა ღრუბლებით ყოფილა გარშემორტყმული, თითქოს შეგნებულად, რომ არ დაენახა მონარქს და აი, მისი ამალა თითქმის რომ გასცდა მიდამოს, ზუსტად მაშინ გაფანტულან ღრუბლები და არარატი გამოჩენილა. "იმპერატორო, მთა გაიხსნა, არ ნახავთო?", - უკითხავთ იმპერატორისთვის, - "თუ ათი დღის განმავლობაში ჩემთვის თვალის გასწორება არ მოისურვა, ახლა არც მე მინდა ვუყურო მას", - უპასუხია შორეულ სტუმარს..."

სომხეთში უყვართ ისტორიები, წარსულის დიდებული თუ ნაკლებად მომხიბვლელი ამბების მოყოლა... მოტიტვლებულ კლდეებს შორის გამავალ გზაზე, იმ ადგილთან საკმაოდ ახლოს, სადაც თავის დროზე თევზსაშენებისთვის ხელოვნური წყალსაცავები გაუკეთებიათ, ერთი დაბლობი ადგილია. გასული საუკუნის 80-იან წლებში ერთ დანიელს დასიზმრებია, რომ გარდაცვლილი დედა გამოეცხადა და უთხრა, წადი და ერევანთან ახლოს ასეთი და ასეთი ქალაქი გააშენეო. ზღაპარი გგონიათ? სულაც არა. ეს კაცი პერესტროიკამდელ”სომხეთში მართლაც ჩამოსულა, დალაპარაკებია იმდროინდელ პარტიულ ნომენკლატურას, მშენებლობისა და დაგეგმვის სპეციალისტებს. განუჩინებიათ კიდეც, რომ სწორედ იმ სიზმრისეულ ტერიტორიაზე აეგოთ ქალაქი ევროპოლისი: ულტრათანამედროვე ტიპის დასახლება უნივერსიტეტით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებით, ლაბორატორიებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სხვ. გარკვეული თანხაც მოუძიებიათ, თუმცა ბერლინის კედლის დანგრევამ ამ  პროექტს ჩაილურის წყალი დაალევინა.

ეს ისტორიაც ნუნესგან მოვისმინე, რომელმაც პარალელურად სომხურ ეთნოჯაზსაც მაზიარა. ჯგუფმა თიმე  ღეპორტ-მა "შინი" გამახსენა. საგზაო ინტერმეცო კი ნინო ქათამაძის "იებით" და მისივე იმპროვიზებული "სულიკოთი" დასრულდა. აქ კი ორივემ ლამის ერთხმად ვთქვით, რომ შორეულის გარდა, ახლო წარსული - საბჭოთა კავშირი გვაერთიანებდა.

გზად ზვრებია, მოვლილი, ჩამწკრივებულ-ჩარიგებული. ხილიც ბლომადაა, ჟურნალისტების ჯგუფში განსაკუთრებული მოწონებით თუთა სარგებლობს. ნაყოფის სიმცირე არც ბალის ბაღებშია - შედეგი კი ის არის, რომ ერევნის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში სწორედ ადგილობრი წარმოების ხილის წვენები იყიდება. კვების მრეწველობის ეს სეგმენტი სულ უფრო მეტად ვითარდება, რაც ხარისხზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებს - შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელს დახლებზე იშვიათად ნახავთ.

ხილის დახლებთან რამდენიმეწუთიანი შეჩერების შემდეგ, ჯერი ღვინის ქარხანა "არენიზე" მიდგა. 1994 წელს დაარსებული ქარხანა მხოლოდ  ადგილობრივ ნედლეულზე მუშაობს და სომხეთის ბაზრის გარკვეული ნაწილი უკავია. საკუთარი ვენახების გარდა, ყურძენს ადგილობრივი გლეხებისგანაც იღებს...

KvirisPalitra.Geნორავანკი...  XIII საუკუნის სამონასტრო კომპლექსი მდინარე არპას ხეობაში, ქალაქ ეხეღნაძორთან ახლოს. ლანდშაფტი - კლდეები და ტაძრის პერანგი ისე ერწყმის ერთმანეთს, გეგონება, ორივე ერთი ოსტატის გამოთლილიაო.

"აქ საღამოს, მზის ჩასვლისას უნდა მოხვდე, ისეთი მეწამული ფერი აქვს გარემოს და ეკლესიას, რომ გეგონება, ცეცხლი უკიდიაო", - ნუნეს არ ვშორდები, ვიცი, რომ ყოველთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მეტყვის. სიძველის კვალი აქ ყველაფერს ამჩნევია. ნორავანკი 2005 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და შესაბამისად, აჰპატისა და სანაინის მონასტრების, წმინდა რიფსიმესა და გაიანეს ტაძრების, გეგარდის მონასტრის შემდეგ ამ სიაში შეყვანილი მეოთხე სომხური არქიტექტურული ძეგლი გახლავთ.

მონასტრის ეზოში მუზეუმიც არის აშენებული. ძველ ხელნაწერებთან, საეკლესიო ნივთებთან და სხვა ექსპონატთან ერთად ძალიან საინტერესო თვალსაჩინოებაა გაკეთებული: მინის ქვეშ ყველა იმ მცენარის ნაყოფი და ფოთოლია ჩამწკრივებული, რომელთა შეჯერებითაც ხარშავენ მირონს. როგორც გვითხრეს, მირონს სომხეთში 7 წელიწადში ერთხელ ხარშავენ. ნორავანკი მომლოცველებისა და ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია: იმ დღესაც ათეულობით ტურისტი იყო, მათი უმეტესობა საფრანგეთში მცხოვრები სომხები იყვნენ...

ნორავანკი მოვლილი არქიტექტურული ძეგლია, რასაც ვერ ვიტყვით ძველ საგანმანათლებლო და რელიგიურ ცენტრ ტათევზე. ერთ დროს ეს მონასტერი 680 სოფლიდან იღებდა გადასახადს, ახლა კი ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მხოლოდ იმ ორი სასულიერო პირის ანაბარადაა დარჩენილი, ჩვენი მისვლის დროს მწუხრის ლოცვებს რომ კითხულობდნენ. სახელწოდება - ტათევი ძველსომხურს უკავშირდება და ნიშნავს "მომეცი ფრთები". შეიძლება ითქვას, რომ ეს ის ადგილია, საიდანაც გაფრენა ნამდვილად მოგინდება. აქ ისევ ლეგენდების დრო დადგა - ნუნე გვიყვება, რომ კომპლექსის აშენების შემდეგ მთავარი ხუროთმოძღვარი სახურავიდან ხრამში გადამხტარა, შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდებოდეს სახელწოდება ტათევიც.

მთის სიმაღლეზე აშენებულ კომპლექსში ერთ დროს მძლავრი სულიერი ცხოვრება დუღდა -  ამას კელიები, დიდი სატრაპეზო, მარანი მოწმობს. არ ვიცი, მტერი იქ როგორ ახერხებდა ასვლას, მაგრამ დღეს უკვე უახლოესი დასახლებული პუნქტიდან ტაძრამდე ასასვლელად სულ რაღაც 12 წუთი დაგჭირდებათ - როგორც გვითხრეს, მსოფლიოში უგრძესი საბაგირო გზის გაყვანა სომხურ დიასპორას მილიონ დოლარზე მეტი და ორი წელი დაუჯდა. სხედხართ კომფორტულ კაბინაში და დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლიდან ათვალიერებთ ულამაზეს ბუნებას. თუ სიმაღლის არ გეშინიათ, მაშინ თან იქონიეთ 2.500 დრამა (დაახლოებით 8 ლარი) და დაუვიწყარი ექსტრიმიც გარანტირებული გაქვთ.

KvirisPalitra.Geტათევის შემდეგ ეშმაკის ხიდს გავდივართ - მას მართლაც, ასე ჰქვია. თუ რატომ, ჩვენმა მეორე მასპინძელმა ჰარუთუნ მანსურიანმა გვიპასუხა:

"მდინარე, რომელზეც არის ხიდი გადებული, რაღაც მონაკვეთზე მიწის ქვეშ იკარგება და შემდეგ ისევ ჩნდება. ბუნება შესანიშნავია, თუმცა ხიდზე საგანგებოდ მიდგმულ საფეხურებზე ცელოფანის პარკებსა და საჭმლის ნარჩენებს შორის ფეხის ცეცებით გვიწევს ჩასვლა. ფინელი ჟურნალისტისგან რეპლიკა არ იგვიანებს:

"ეს კავკასიელები უძველეს კულტურას ყოფით კულტურასაც თუ შეუთავსებთ, თქვენზე უკეთესად არავინ იცხოვრებსო"...

კიდევ საათ-ნახევარი და უკვე ლაჩინის დერეფანს ვუახლოვდებით, რომლის იქითაც მთიანი ყარაბაღი იწყება. ამ რეგიონის სომხური სახელი არცახია, თურქულად კი ყარაბაღი - "შავ ბაღს" ნიშნავს.

სტეფანაკერტიც გამოჩნდა. აზერბაიჯანულად ამ ქალაქს ხანქენდი ჰქვია. 1923 წლამდე სოფელი იყო, სტეფანე შაუმიანის პატივსაცემად კი სტეფანაკერტი დაარქვეს, ყარაბაღელები მას დედაქალაქად მოიხსენიებენ. იმ დე ფაქტო სახელმწიფოს დედაქალაქად, რომლის დამოუკიდებლობას სომხეთიც კი არ აღიარებს.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

მალხაზ ჭკადუა, ინტერპრესნიუსი