"ბატონმა ბიძინამ გაიგო ცუდად რომ ვარ და მომიკითხა... ძალიან დიდი გული აქვს" - კვირის პალიტრა

"ბატონმა ბიძინამ გაიგო ცუდად რომ ვარ და მომიკითხა... ძალიან დიდი გული აქვს"

რამდენიმე თვეა, ანსამბლ "ერისიონის" ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს - ჯემალ ჭკუასელს ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები შეექმნა. გადატანილი ინსულტის შემდეგ მას სიარულიც უჭირს და საუბარიც, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს და დღევანდელობაზე თავისი მოსაზრება გაგვიზიარა...

- ვხედავ ტელევიზიით ქვეყანაში რაც ხდება და გული ძალიან მტკივა... "ნაციონალური მოძრაობა" ისევ ცდილობს ხელისუფლებაში მობრუნებას, არადა, ვნახეთ, რასაც ჩადიოდნენ და ღმერთმა ნუ ქნას, ისევ დაბრუნდნენ! მიხეილ სააკაშვილი ციხეში უნდა იყოს, აბა სად?! ეგ უნდა იჯდეს ციხეში, აბა მე? - კანონის წინაშე ყველა თანაბარია, ვინც არ უნდა დააშავოს... მაგის დანაშაულს ვინ ჩამოთვლის, დილამდე მოვუნდებით! განსაკუთრებულად მახსოვს გირგვლიანის საქმე და თითქმის ზამთარში, ხალხს ცივი წყლის ჭავლი რომ მიასხა და იძახდა, მერე რა მოხდაო...

- თქვენ პირადად მისი რეჟიმი შეგეხოთ? - დიახ, მაგრამ ამაზე საუბარი აღარ მსურს, უკან მიხედვა აღარ მინდა!

- ბიძინა ივანიშვილს თქვენს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, უთქვამს კიდეც, რომ საზღვარგარეთ "ერისიონის" 15 კონცერტს დაესწრო... ამ ბოლო დროს ისაუბრეთ? - მე არ დამირეკავს და რაც უნდა მჭირდებოდეს, მეხათრება, ვერ დავურეკავ. თვითონ გაიგო ცუდად რომ ვარ და მომიკითხა... ბედნიერი კაცი ვარ, ასეთი ვინმე რომ არსებობს საქართველოში. ძალიან დიდი გული აქვს და არც არავისგან წყენას გულში არ ჩაიდებს. მე არც არასოდეს მიწყენინებია, მაგრამ სხვებს შეეშალათ...

(სპეციალურად საიტისთვის)