"თავადვე ვთქვი, - ნახეთ, რა ამბავი ატყდება-მეთქი... მართლა არ მესმის, ხალხს ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა" - კვირის პალიტრა

"თავადვე ვთქვი, - ნახეთ, რა ამბავი ატყდება-მეთქი... მართლა არ მესმის, ხალხს ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა"

"44 წლის ასაკში ჩემი თავიც ძალიან მომწონს და ის ფაქტიც, რომ 20 წლის შვილი მყავს"

საკუთარი თავი უყვარს, თუმცა - არა ეგოისტურად, მთელი ცხოვრება თვითგანვითარებისკენ ისწრაფვის, საკუთარ დაბადების დღეზე შინიდან "იპარება", ყოფილი მეუღლის ამჟამინდელ ცოლთან მეგობრობს, რაც საზოგადოების ნაწილის გაკვირვებას იწვევს... ამ და სხვა "ქალურ-დიასახლისურ" თემებზე მოდელი კრისტი ყიფშიძე გულახდილად გვესაუბრა.

- კრისტი, ოდესმე "სასოწარკვეთილ დიასახლისად" გიგრძნიათ თავი?

- არა. თავისთავად ამ სიტყვის - "სასოწარკვეთილი" მოსმენაც კი არ მსიამოვნებს. მიმაჩნია, რომ ადამიანმა საკუთარი თავი სასოწარკვეთამდე არასოდეს არ უნდა მიიყვანო... დიასახლისობას რაც შეეხება, ვფიქრობ, ცუდი არ ვარ. სამზარეულოს დალაგება უფრო მიყვარს, ვიდრე - ოთახის. მაგალითად, როცა სადმე მივდივარ, ვარჩევ, რომელი კაბა ჩავიცვა, რამდენჯერმე ვიცვლი... როცა გეჩქარება, შეიძლება, ტანსაცმელი დაუდევრად დაყარო და ისე წახვიდე. უწესრიგოდ დაყრილი სამოსი ჭუჭყი ხომ არ არის, არა? ჩემთვის მთავარი სისუფთავეა, რომელიც პირველ რიგში, სამზარეულოდან იწყება, რადგან ამ ადგილას ვჭამთ. აქ ყველაფერი სუფთა, დაწკრიალებული, მოწესრიგებული უნდა იყოს...

- კერძების მომზადება გეხერხებათ?

- შინ მთავარი დიასახლისი დედაჩემია. ასე ვთქვათ, შეფია, მე კი - სუშეფობა მიყვარს. თუ დიდი სუფრა იგეგმება, დედას ვეხმარები კერძების მოსამზადებლად საჭირო პროდუქტების მოტანაში, მათ დაჭრა-დარეცხვაში... პირადად მე ყველაფერს არ მივირთმევ: რასაც დედა მთელი ოჯახისთვის ამზადებს, შეიძლება, იმის მირთმევა ჩემთვის არ შეიძლებოდეს, - კვების პირადი რაციონი მაქვს. თუ მშია, შემიძლია, ჩემთვის რამე მოვიმზადო - არავის არ შევაწუხებ. ისე, ჩემი რეცეპტები მაქვს, რაღაცებს ვამზადებ ხოლმე, მაგალითად - ძალიან კარგ ნამცხვარს ვაცხობ, ყველას მოსწონს. მჭადს თავად არ მივირთმევ, მაგრამ ნატალიას (ჩემს შვილს) ჩემ მიერ გამომცხვარი მჭადი მოსწონს. ამიტომ ზოგჯერ მისთვის ვაცხობ.

- ბავშვობაში და მოზარდობისას დედასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ? ამ ურთიერთობამ რა გასწავლათ, რაც შემდეგ თქვენი შვილის აღზრდისას გამოიყენეთ?

- დედაჩემისა და ჩემი ურთიერთობა ძალიან განსხვავდება ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობისგან: დედას ჰგონია, რომ ისევ პატარა ვარ. ამას ყურადღებას არ ვაქცევ, არ მაღიზიანებს (იღიმის). მას თავისებური დამოკიდებულება აქვს: უნდა, იცოდეს - ვინ რა ჭამა, ვინ როგორ არის, სად წავიდა... ნატალიას თავისუფლად ვზრდი. ბევრი შეკითხვითა და კონტროლით არასდროს შემიზღუდავს; არ დამირეკავს - სად ხარ? მალე მოდი-მეთქი!.. ჯერ ერთი, მას ვენდობოდი, თან - ჩემებურად მაინც ვაკონტროლებდი. მიმაჩნია, რომ ადამიანი ასე უკეთ ვითარდება, იზრდება, მაგრამ გააჩნია, როგორი ბუნებისაა: კი, აღზრდას, გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ადამიანს ვერ შეუკვეთავ, როგორი იყოს, - მას თავისი გენეტიკური კოდი, ხასიათის თვისებები აქვს. თან, რაღაცნაირად, ჰოროსკოპის მჯერა: სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული. ამ ნიშნის დახასიათება ძალიან ემთხვევა: ცოტა არ იყოს, მერყევი ხასიათი მაქვს, რის გამოსწორებაზეც ვმუშაობ. ახლა 44 წლის ვარ და ვფიქრობ, იმის დრო აღარ არის, რომ მაგალითად, რესტორანში კერძის შეკვეთამდე დიდხანს ვიფიქრო. თავს ძალას ვატან და ვეუბნები, - რასაც პირველს დაინახავ, აიღე, კარგია და ბევრი აღარ იფიქრო-მეთქი. იდეალური არავინ არაა. პრეტენზიაც არ მაქვს, რომ იდეალური ვიყო. უბრალოდ მინდა, რომ ჩემი ხასიათის თვისებებში რაღაცები გამოვასწორო. პატარა ასაკში ამას ვერ ახერხებ ადამიანი. დღეს უკვე შემიძლია, რაღაცები გადავაკეთო...

- სიტყვა "ქალური" როგორ გესმით? როგორ ქალთან ასოცირდება?

- ბავშვობიდან რომელიმე მსახიობი, მომღერალი ინსპირაციის წყაროდ მყავდა. ვგულისხმობ, როცა ადამიანს უყურებ და მოგწონს, მისი გავლენის ქვეშ ექცევი, მაგრამ არ ჰბაძავ. როგორც გითხარით, 44 წლის ვარ. ეს რიცხვი ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, რადგან ორ 4-იანს შეიცავს. თან, 4-იანთან რაღაც ჩემი სიყვარული მაქვს... მაინტერესებდა, 44 წლის შესრულების შემდეგ როგორი ვიქნებოდი. საერთოდ, ყოველი დაბადების დღის შემდეგ რაღაცას ვგრძნობ - თითქოს ჩემში რაღაც იცვლება. რეალურად არ ვიცი, რა შეიცვალა - შეიძლება, ისევ ისეთი ბავშვურად სულელი ვარ, რაღაცების მჯერა... მაგალითად, სოფი ლორენი, რომელიც უკვე 85 წლის არის, შესანიშნავად გამოიყურება. ჩემთვის ერთ-ერთი იდეალური ქალი გახლავთ... ქალურობისთვის გარეგნობას მნიშვნელობა არა აქვს. ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან შერწყმული ქარიზმა, ხასიათი, ბუნებრიობა... თან, ნაზი უნდა იყოს, თან - იდუმალი, რომ სულ გაინტერესებდეს, "არ გყოფნიდეს"... საკუთარ თავზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მიხარია, როცა ქალურობასთან დაკავშირებულ კომპლიმენტს მეუბნებიან. "ვაიმე, რა ლამაზი ხარ!" - ეს ჩემთვის უინტერესო, ბანალური ქათინაურია. მიმაჩნია, რომ ადამიანი სწორედაც ბუნებით უნდა იყოს ლამაზი, ჰუმანური... მოკლედ, ქალურობას ბევრი თვისება ქმნის. ცხადია, ისიც უნდა იცოდე, გარეგნულად კარგად როგორ გამოიყურებოდე, რომ არ დაჭკნე: შეიძლება 20 წლის გოგონა ულამაზესი იყოს, მაგრამ ორმოცი წლის ასაკში სათანადოდ ვეღარ გამოიყურებოდეს. კარგია, როდესაც სარკეში იყურები და თითქოს ისეთივე ხარ, როგორიც წლების წინ იყავი. რა თქმა უნდა, რაღაცები იცვლება, მაგალითად - სხეულის ფორმები, მაგრამ მომწონს. საკუთარი თავი ყველამ უნდა შეიყვაროს, ოღონდ - არა ეგოისტურად. როცა საკუთარი თავი გიყვარს და პატივს სცემ, გარშემო მყოფი ხალხი ამ ენერგეტიკას გრძნობს. კი, თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, რომ განვვითარდეთ, მაგრამ როდესაც შენს თავთან ორგანულად არ ხარ ადამიანი და დისკომფორტს გრძნობ, ამას გარშემო მყოფებიც მაშინვე გრძნობენ და ხალხსაც აღარ აინტერესებ...

- ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, ასაკის მატებას მტკივნეულად განიცდიდით?

- არა. ვერ ვხვდები, რატომ ამბობენ ხოლმე - ნეტავ, ახლა 20 წლის ვიყოო! იმ დროში დაბრუნება რატომ უნდათ? რასაც მაშინ აკეთებდნენ, ახლაც გააკეთონ... მესმის, შეიძლება, ძველებური ხალისი აღარ აქვთ - ეს უკვე ადამიანზეა დამოკიდებული... შესაძლოა, საკუთარ თავში რაღაცები ამოწურო - რასაც 20 წლისა აკეთებდი, აღარ აკეთებდე. დროთა განმავლობაში ინტერესები, ფასეულობები იცვლება. საინტერესო ისაა, თუ როგორ ვითარდები. პირადად მე, საერთოდ არ მინდა, 20 წლის ასაკში დავბრუნდე. 44 წლის ასაკში ჩემი თავიც ძალიან მომწონს და ის ფაქტიც, რომ 20 წლის შვილი მყავს (იღიმის)... საკუთარ დაბადების დღეს დიდი წვეულების მოწყობა არ მიყვარს. ტრადიციად მაქვს, რომ დაბადების დღეს შინ არ ვიყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ სადღაც ვიპარები ხოლმე. შარშან, რაკი პანდემიის გამო ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილი იყო, დედასა და შვილთან ერთად წინანდალში წავედი, წელს კი ამერიკაში გავემგზავრე. ამ დღეს ყოველთვის ჩვეულებრივად ვატარებ. უბრალოდ, უცხო გარემოთი ვტკბები. თან, მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ყველაფერში მეხმარება, მათ შორის - საქმეში: სადაც უნდა წავიდე და იქ რამდენი დღეც უნდა გავატარო, საქართველოში დაბრუნებული ვგრძნობ, რომ ჩემს გონებაში განახლება ხდება, სხვაგვარად ფიქრს ვიწყებ... ჩემს ქალაქში როგორი საინტერესო ცხოვრებაც უნდა მქონდეს, თითქოს ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს, - რუტინადაა ქცეული, მოგზაურობისას კი ემოციებით ვივსები. როგორც კომპიუტერს სჭირდება "რესტარტი", მოგზაურობის დროს დაახლოებით ასეთი რაღაც მემართება... საერთოდ, სულ რაღაცის ძიებაში ვარ. მაგალითად, ბოლო დროს ძალიან გამიტაცა დოკუმენტალისტიკამ. შარშან მთელი წელი "პოსტივიზე" ვიმუშავე. მუშაობას ახლაც ვაგრძელებ - ჩემი რუბრიკა მაქვს. რუბრიკისთვის ზოგი ინტერვიუ პორტრეტივითაა. ვფიქრობ, რუბრიკა გავაფართოო და საინტერესო ადამიანებთან ინტერვიუების ციკლი გავაკეთო. კიდევ, მინდა დოკუმენტურ ფილმებში მოვსინჯო ძალა. ეს სფერო ყოველთვის მიტაცებდა, რადგან რეალობა უფრო მომწონს, ვიდრე მოგონილი ამბავი. ექსპერიმენტები მიყვარს და შემიძლია, საკუთარი თავი რეჟისორის ამპლუაშიც წარმოვიდგინო...

- კრისტი, თქვენთვის თავის მოვლა დიდ ფინანსურ სახსრებს უკავშირდება?

- არა. თავის მოვლას ძალიან გადაყოლილიც არ ვარ. ამ საკითხის მიმართ ცოტათი სხვაგვარი დამოკიდებულება მაქვს: როგორ გამოვიყურები, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ხასიათზე ვარ. ცუდ განწყობაზე მყოფი სარკეში ჩახედვისას საკუთარ თავს ვერ ვცნობ - არ მომწონს, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. კარგი ემოციებით დამუხტული უნდა ვიყო, თორემ ნეგატიური ენერგია მაშინვე ჩემს ხასიათსა და თვალებზე აისახება. ჰიგიენას რაც შეეხება, მაგალითად, პედიკიურს და მანიკიურს, თვეში ორჯერ ვიკეთებ. არც გრძელი ფრჩხილები მიყვარს და არც ფრჩხილის ლაქი. ლაქს მხოლოდ იშვიათად ვისვამ, თუ გადაღებისთვისაა საჭირო. ბუნებრივი ვარცხნილობა მაქვს: თმას ვიბან, ვიშრობ და როგორი ვარცხნილობაც დგება, ისე ვტოვებ. სალონში ვიღებავ, ოღონდ - მხოლოდ თმის ძირებს. მიმაჩნია, რომ საკმაოდ ბევრი ექსპერიმენტი ჩავიტარე: ხან თმა გადავიპარსე, ხან ქერა ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ მაინტერესებდა. მერე მივხვდი, მაინც თმის ბუნებრივი ფერით და ვარცხნილობით ვარ "მე". მხოლოდ ჩემს უსაყვარლეს სტილისტს - ლენკას ვენდობი, რომელიც თვეში ერთხელ თმას ცოტათი მაჭრის და მიღებავს... ჯანსაღად ვიკვებები: დილით პირველ რიგში წყალს ვსვამ, ფანჯარას ვხსნი და სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ. შემდეგ უკვე ჩემს საყვარელ ყავას ვსვამ, რომელიც აუცილებლად გაფილტრული უნდა იყოს. ჩემთვის კვების რაციონი თავად მოვიფიქრე: ჩემზე კარგად არავინ იცის, რომელი საკვები პროდუქტი ახდენს ჩემს ორგანიზმზე დადებით ზეგავლენას და რომელი ცუდად მხდის. დამიჯერეთ, კვების რაციონზე ბევრი რამაა დამოკიდებული... სპორტდარბაზში არ დავდივარ. ფეხით ბევრი სიარული და სახლში ცეკვა მიყვარს. ცეკვა ვარჯიშიც არის და თან, კარგ ხასიათზეც ვდგები (იღიმის)... ყოველთვის ვცდილობ, ხარისხიანი საცხები გამოვიყენო. ჩემი პროფესიის და "ინფლუენსერობის" გამო, სახის მოვლის საშუალებებს ხშირად საჩუქრად მიგზავნიან. "ვტესტავ" და თუ კარგია, მათ გამოყენებას ვაგრძელებ.

- თქვენი ყოფილი მეუღლის - გიორგი ყიფშიძის ამჟამინდელ ცოლთან, ენი გასიევასთან ერთად გადაღებულმა თქვენმა ფოტომ ინტერნეტში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგმა შეგაქოთ - ყოჩაღ, მე ამას ვერ შევძლებდიო... რას ფიქრობთ ხალხის ასეთ რეაქციაზე?

- ჩემი და გიორგის დაშორების მიზეზი ეს გოგონა რომ ყოფილიყო, ჩვენი საერთო ფოტო, ცოტა არ იყოს, მართლა უცნაური იქნებოდა, მაგრამ ჩვენი დაშორებიდან 17 წელი გავიდა. მას მერე გიორგის სხვა ცოლიც ჰყავდა, მეორე შვილიც შეეძინა... ენისთან 2 შვილი ჰყავს. სულ 4 დედმამიშვილი არიან. რამდენჯერაც გავიგე, რომ ნატალიას და ან ძმა ეყოლებოდა, ძალიან გამიხარდა. ჩემი შვილი 3 წლისაც არ იყო, როცა მე და გიორგი დავშორდით. როცა მშობლები შორდებიან, ბავშვმა ვერ უნდა იგრძნოს, რომ დედ-მამას შორის რაღაც კონფლიქტი მოხდა. თუ შენი შვილის მამასთან ერთად ცხოვრება აღარ გინდა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მტრად უნდა გყავდეს, არა? ბავშვი დედისა და მამისგანაც თანაბარ ყურადღებას უნდა გრძნობდეს. ჩემი და გიორგის მშობლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. თითქოს ყველანი უფრო გავერთიანდით, რომ ნატალიას ჩვენი ოჯახის დანგრევა არ ეგრძნო. გიორგისთან კარგ ურთიერთობას ვაგრძელებდით. დღესაც ასეა... ენი ძალიან კარგი, ნიჭიერი გოგოა. წარმოიდგინეთ, ის ფოტოგრაფია, მე - მოდელი. ბევრი საერთოც გვაქვს... ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოს რაც შეეხება, იმ დღეს ნატალიას თავისი და ესტუმრა, რომელსაც მისი მშობლებიც თან ახლდნენ, რა თქმა უნდა... სხვათა შორის, "სთორიზე" ჩვენს ფოტოს რომ ვაქვეყნებდი, თავადვე ვთქვი, - ნახეთ, რა ამბავი ატყდება-მეთქი (იცინის)... ენის ჩემი გადაღება სურდა. ამიტომ მეორე დღეს ისევ გვესტუმრა. გადაღების დროს, "ინსტაგრამის" "ლაივში" ნატალიას ჩავერთეთ: ერთ მხარეს ნატალია იყო, მეორეზე - მისი დედინაცვალი და მე (იცინის). რა თქმა უნდა. ისევ დიდი ამბავი ატყდა... მოკლედ, მართლა არ მესმის, ხალხს ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა.

- კრისტი, როგორ ფიქრობთ, საქართველოში ქალად ყოფნა რთულია?

- ეს ძალიან ინდივიდუალურია. მთავარია ქალმა თავისი ქალურობა არც ერთ სიტუაციაში არ დაკარგოს - მნიშვნელობა არ აქვს, ქალაქში იქნება, სოფელში თუ კოსმოსში გაფრინდება...

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"