"რჩეულების ორეულები" - ვეძებთ დიდი მწერლების ორეულებს! - კვირის პალიტრა

"რჩეულების ორეულები" - ვეძებთ დიდი მწერლების ორეულებს!

იპოვეთ 5 განსხვავება...

გაგიკვირდებათ და, როდესაც ჩვენი მედიასახლის კრეატიულმა დირექტორმა, ქალბატონმა მარიკა დარჩიამ ის იდეა გამაცნო, რაზეც ახლა თქვენ უნდა გესაუბროთ, არც მეტი, არც ნაკლები... პენიცილინი გამახსენდა(?!)

გაგიკვირდებათ-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ  ალექსანდრე ფლემინგის მიერ კაცობრიობის გადამრჩენი პენიცილინის აღმოჩენა რა კავშირში უნდა იყოს კლდიაშვილთან, გალაკტიონთან, ან თუნდაც მიგელ დე უნამუნოსთან?

აღარ გადაგღლით - პენიცილინის აღმოჩენის ისტორიას ვგულისხმობ: როგორც ცნობილია, ფლემინგმა ლაბორატორიული სინჯარა, რომელშიც გრიპის ბაქტერიები იყო, გაურეცხავი დატოვა და დასასვენებლად გაემგზავრა. დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ სოკომ, რომელსაც შემდგომში პენიცილინის სოკო ეწოდა, მთლიანად გაანადგურა ბაქტერიები...

სხვა უამრავი დიდი თუ მცირე აღმოჩენა ახსოვს კაცობრიობას, რომლებიც ადამიანების  შეცდომებმა გამოიწვია - რენტგენის სხივებით დაწყებული, სუპერწებოთი გაგრძელებული და ქიშმიშიანი ფუნთუშებით დამთავრებული. მეც სწორედ ამიტომ გამახსენდა ეს შემთხვევითი აღმოჩენები - ჩვენი მედიასახლის ახალი აქცია-კონკურსის იდეა სწორედ უნებლიე შეცდომის შედეგად გაჩნდა.

KvirisPalitra.Geმაშ ასე: ვინც თავიდანვე ადევნებდა თვალს "მედიაპალიტრის" ნოვაციას - ჟურნალ-გაზეთებთან ერთად წიგნების გამოცემა-გაყიდვას, მას ემახსოვრება, რომ სულ პირველი პროექტის - "ქართული პროზის საგანძურის" ფარგლებში (ჟურნალ "გზასთან" ერთად) გამოსულ მე-14 ტომის ყდას დავით კლდიაშვილის ნაცვლად ესპანელი მწერლის - მიგელ დე უნამუნოს ფოტო ამშვენებდა.

ცხადია, დასანანი შეცდომა იყო, მაგრამ აი, ბატონო, - ორივე დიდი მწერლის ფოტო თქვენ წინაშეა და, მოდი და ნუ შეგეშლება...

ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ მაშინ მკითხველთან ბოდიშის მოხდაც მოგვიხდა და მსურველთათვის შეცდომიანი ეგზემპლარების ხელმეორედ დაბეჭდილ წიგნებში გადაცვლაც, მაგრამ სამაგიეროდ, იშვა იდეა: ჩვენ ვეძებთ ორეულებს!

წიგნების სერია "ჩემი რჩეულის" გამოცემა ჟურნალ "გზასთან" ერთად უკვე დაიწყო. აქ  ქართველი კლასიკოსების რჩეული ნაწარმოებების ტომეულები გამოიცემა. პროექტი ვაჟა-ფშაველას ხუთტომეულით დაიწყო, ამჟამად კი  გალაკტიონ ტაბიძის ხუთტომეული გამოდის. შემდეგ მკითხველი მიიღებს მიხეილ ჯავახიშვილის შვიდტომეულს და სხვა რჩეულთა რჩეულებს.

ამიტომ პირველ ეტაპზე ამ სამი დიდი მწერლის მსგავსი ადამიანების ფოტოებს ველოდებით.

ცხადია, ეს ჩვენი "გამოგონება" არც პენიცილინივით მნიშვნელოვანია და არც მართლა ჩვენი "გამოგონილია" - ცნობილი ადამიანების ორეულების კონკურსები ხომ მთელ მსოფლიოშია პოპულარული, მაგრამ ვფიქრობთ, ამგვარი კონკურსი საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო უნდა გამოვიდეს.

მაშ, ასე - კონკურსი დაიწყო!

ერთად ვიპოვოთ კლასიკოსების ორეულები! გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან "ჩემი რჩეულის" ტომეულებით.

ფოტოები გამოგზავნეთ მეილით მისამართზე -  oreuli@palitra.ge, ან გამოიყენეთ "სიტყვა და საქმის" და "კვირის პალიტრის" საფოსტო ყუთები.

ფოტოები განთავსდება ბლოგზე books.palitra.ge, აგრეთვე ჩვენი გაზეთის მომავალ ნომრებში. იქვე გექნებათ ყველა სურათის დათვალიერებისა და შეფასების საშუალება.

KvirisPalitra.Ge